განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
190100118002467529
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/387-18;

(№012300418009)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 ნოემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ხატია გოგრიჭიანი,ბრალდებული:

 

გ--–-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. რუსთავი, მ----------------------------------;

 

ადვოკატი: ანნა კეკენაძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

გ--–-----------–---–ი ბოლო ოთხი წელია ეჭვიანობის გამო სისტემატურად ლანძღავდა, აგინებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლეს მ-------------–---–ს, რომელიც აღნიშნულის გამო განიცდიდა ტანჯვას. გ--–-----------–---–ის უსაფუძვლო ეჭვიანობა გახდა მისი და მ-------------–---–ის დაშორების მიზეზი, თუმცა დაშორების მიუხედავად მან არ შეწყვიტა მეუღლეზე ეჭვიანობა, იგი მ-------------–---–ს მიიჩნევდა საკუთრებად, რომელსაც არ ჰქონდა უფლება თავისუფლად, მეუღლის კონტროლის გარეშე, წარემართა პირადი ცხოვრება. სწორედ აღნიშნული მიზეზით 2018 წლის 30 აპრილს დაახლოებით 19:45 საათზე, ქ.რუსთავში, მ------------- კორპუსის N---–ი მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ--–-----------–---–ი მ-------------–---–ს უმოწმებდა მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციას და როდესაც მ-------------–---–მა მოსთხოვა მობილურის დაბრუნება, გ--–-----------–---–მა მას არასრულწლოვანი შვილების 6 წლის ნიკოლოზ და 3 წლის ანამ----ა დათუნაშვილების თანდასწრებით მარჯვენა ლოყაში გაარტყა ხელი, რა დროსაც მ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გ--–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმ----სობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა გ--–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დაზარალებულმა მ-------------–---–მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლე) გ--–-----------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე ლ--–-----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს დაზარალებულის მეზობლად, შემთხვევის დღეს მეექვსე სართულზე თავისი საცხოვრებელი ბინის კარიდან გამოვიდა და ჩადიოდა მესამე სართულზე, დაინახა, რომ კიბეზე გარბოდა ბრალდებული და უკან მისდევდა მ----, ეს უკანასკნელი ეხვეწებოდა რაღაცაზე მომეციო და სთხოვა ბავშვებისთის მიეხედა. მ---- გელას პირველ სართულამდე ჩაყვა და უკან ამოვიდა. ტელეფონი გამოართვა და დარეკა 112-ში. როგორც მ----მ უთხრა, გელამ ტელეფონი წაართვა და გაამწარა, ამის გამო დარეკა პოლიციაში. მისი თანდასწრებით გელას არაფერი უთქვამს. არც გელა და არც მ---- არ არიან კონფლიქტურები. მ---- გარეგნულად ნორმალურად გამოიყურებოდა, ცოტა აღელვებული იყო, არც დაზიანებები შეუმჩნევია. თავიდან მას ეგონა, რომ სადარბაზოში ხმაური ბავშვების გამო იყო.

 

მოწმე ბ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დადგენილების საფუძველზე პირადად შეამოწმა დაზარალებული მ-------------–---–ი და მის მიერ გაცემულ იქნა შესაბამისი დასკვნა, რომლის მიხედვით, მ-------------–---–ს ობიექტური შემოწმებით აღენიშებოდა სისხლნაჟღენთი სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმთელობის მოუშლელად. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ მ-------------–---–ი უჩიოდა ტკივილს სახის მარჯვენა არეში. სისხლნაჟღენთის ხანდაზმულობა განისაზღვრება დღეებით და მისი მორფოლოგიის მეშვეობით ხდება ხანდაზმულობის დადგენა. მ-------------–---–ს ჰქონდა ერთი სისხლნაჟღენთი, რომელიც მიყენებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნით. მკვრივი ბლაგვი საგანი შესაძლოა იყოს ფეხი, მუშტი, ქვა და ა.შ. სისხლნაჟღენთი არის სისხლჩაქცევა კანქვეშა რბილ ქსოვილებში, რომელიც შემდეგ სილურჯეში გადადის. რაც უფრო წითელია მით უფრო ახალია. დაზიანების არსებობა დამოკიდებულია ორგანიზმზე, ზოგს დარტყმითაც არ უვითარდება სისხლნაჟღენთები, ზოგს კი თითის დაწოლითაც უვითარდება.

 

ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ შემდეგი მოწმეები შ-------–-----ე, კ---------------ე და ა----------–--ე.

 

მოწმე კ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში, პატრულ-ინსპექტორად, 2018 წლის 30 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ.რუსთავში მ---------–----- კორპუსში, სადაც ადგილი უნდა ჰქონოდა ოჯახურ ძალადობას. ადგილზე მისულებს დახვდათ მ-------------–---–ი, რომელიც იყო ძალიან აღელვებული, უჭირდა აზრების დალაგება, რამდენიმე წუთის შემდეგ ცალკე ოთახში გაესაუბრნენ, მან განაცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში დაარტყა ხელი. სიწითლე მნიშვნელოვნად თვალში საცემი არ ყოფილა, მ----მ ასევე განაცხადა, რომ მეუღლემ ტელეფონიც წაართვა და მეგობრების რჩევის საფუძველზე უკან დაუბრუნა.

 

მოწმე ა----------–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, მისი განმარტებით, 2018 წლის 30 აპრილს სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, მოცემულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, შეტყობინების თანახმად, დაზარალებული უთითებდა, რომ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მ--------, მეუღლემ გ--–-----------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები, ასევე გ--–-----------–---–მა გასტაცა მობილური ტელეფონი. მან დაკითხა დაზარალებული და არასრულწლოვანი მოწმე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7). სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.

 

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით.

ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმ----სობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს „ბევრ“ მტკიცებულებას, თუმცა ამ სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა უდავოდ გულისხმობს ერთზე მეტს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმ----სიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.

 

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის მტკიცებულებათა საკმ----სობაზე და ირიბი ჩვენებების მნიშვნელობაზე ასევე ნამსჯელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27). სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).

 

მითითებული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმ----სია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 ).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას - პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის გარკვევას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.

 

სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია რამდენჯერმე, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. შეურაცხყოფა გულისხმობს დამცირებასაც, მაგრამ შეურაცხყოფისას დამცირება უფრო უწესო ფორმითაა გამოხატული. დამცირების დროს კი ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა, ასევე დამამცირებლად ითვლება პირის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ცემა, მსუბუქად სილის გაწვნა, სხვაგვარი ძალადობა, რასაც ფიზიკური ტკივილი არ გამოუწვევია, მაგრამ ჩადენილია მისი დამცირების მიზნით. შანტაჟი არის ადამიანის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს რამე მოქმედება იმის შიშით, რომ მას ან მისი ოჯახის წევრებს მიადგებათ ზიანი სახელის გამტეხი ან სხვა საზიანო ცნობების გახმაურებით. შანტაჟი არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თითოეულ გამოკვლეულ მტკიცებულებასთან მიმართებით იმსჯელებს თუ რა ფაქტობრივი გარემოების დადგენას ემსახურება და დანაშაულის რომელ ნიშანთან არის ის კავშირში:

 

ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევისას, საჯაროდ გამოაქვეყნა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რომ მ-------------–---–ის განმარტებით, მეუღლემ გ--–-----------–---–მა სახლში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე წაართვა ტელეფონი, აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. შეტყობინება და მასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ბარათები არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც სსსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად, გამომძიებელს და პროკურორს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა ან უარყოფა, მით უფრო შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მასში მითითებულ გარემოებებს ადგილი, ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე.

 

მოწმეების ა----------–--ის, შ-------–-----ის, კ---------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მათ საქმეზე ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დაზარალებულის განმარტებით შეიტყვეს, რომ მეუღლემ გ--–-----------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ გაარტყა ხელი სახეში, ასევე წაართვა მობილური ტელეფონი. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, მოწმის სახით სასამართლოში იკითხება პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა ან ინახავდა დოკუმენტს სასამართლოში წარდგენამდე და დოკუმენტი მხარის მოთხოვნით საქმეზე მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში მოწმდება დოკუმენტის ავთენტურობა, თუმცა 78-ე მუხლით მოწმეთა დაკითხვა და მათი მხრიდან იმ გარემოებების დადგენა, რომელიც სცილდება დოკუმენტის ფარგლებს ან ანაცვლებს იმ დოკუმენტს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, ვერ ჩაითვლება ფაქტის დამდგენ მტკიცებულებად. სსსკ-ს 76-ე მუხლის პირველი ნაწილით ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მითითებული ნორმების ანალიზით, ა----------–--ის ჩვენება არ არის ირიბი ჩვენება კლასიკური გაგებით. ა----------–--ე არის პირი, რომელმაც ჩაატარა დაზარალებულის გამოკითხვა და მისი ჩვენება უნდა შეფასდეს 78-ე მუხლის ფარგლებში, დასტურდება თუ არა იმ დოკუმენტის ავთენტურობა, რომელიც მან შექმნა. დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის შემდეგ (ანუ მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს, რომ საპროცესო მოქმედება ჩატარდა უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით), სასამართლოს წინაშე დგას საკითხი შეაფასოს რა გარემოებების დადგენას ემსახურება მითითებული დოკუმენტი და რამდენად უტყუარია მასში გადმოცემული გარემოებები. შესაბამისად, მხოლოდ დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა/დადასტურება არ ქმნის მასში გადმოცემული ინფორმაციის უტყუარობის საფუძველს, თუ იგი არ არის გამყარებული და არ ქმნის ერთობლიობას ინფორმაციის წყაროს შემოწმებით, მისი იდენტიფიცირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ინფორმაციის წყაროს ვინაიდან წარმოადგენს მ-------------–---–ი, მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების უტყუარობა ვერ დადგინდება, სასამართლოში მიცემული ჩვენების გარეშე.

 

კ---------------ე არის მოწმე, რომელიც მივიდა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღების შედეგად და იგი უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია, მისი ჩვენება სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი შეიცავს სისხლის სამართალწარმოებაში ირიბი ჩვენების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების აკრძალვის პრეზუმფციას. ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა მაშინაც გამართლებულია, თუ იგი დაცვის სასარგებლოდ მიიჩნევა. ზოგადად, კლასიკური გაგებით ირიბ ჩვენებასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზუსტად იმავე წესებს იყენებს, რაც გამოუცხადებელი მოწმის (დეპონირებული) ჩვენების გამოყენებას ეხება. ცალკე რაიმე გამონაკლისი ამ წესიდან არ არსებობს. კლასიკური გაგებით, „ირიბ ჩვენებას“ სასამართლო იმ კონტექსტში ახსენებს, რაც საჭიროა გამოუცხადებელი მოწმის ჩვენების შესამოწმებლად. ჭაჭაშვილის საქმეზე დიდმა პალატამ განაცხადა, რომ გამოუცხადებელი მოწმის ჩვენების საპირწონედ დაცვის უფლების ერთ-ერთ დამაბალანსებელ ფაქტორად შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ მოწმის ხელმისაწვდომობა, რომელიც ადასტურებს შეუმოწმებელი მოწმის ჩვენებას. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა, მოიცავდეს სასამართლო სხდომაზე იმ პირთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომელთაც დაუსწრებელმა მოწმემ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ მათი გამოჩენისთანავე აცნობა. ამავე საქმეში გამოუცხადებელი მოწმეების ჩვენებებზე მსჯავრდების დამყარება, რაც წარმოადგენდა გადამწყვეტ მტკიცებულებათა ერთობლიობას და, რომელიც დამაბალანსებელ ფაქტორებში იმ 2 მოწმის ჩვენებასაც მოიაზრებდა, რომლებსაც გამოუცხადებელმა მოწმეებმა უამბეს მომხდარის შესახებ და, რომელთა დაკითხვის შესაძლებლობა დაცვას ჰქონდა, პალატისგან განსხვავებით, დიდმა პალატამ არ მიიჩნია საკმ----ს საპირწონე მიზეზად სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეალიზაციისთვის და დაადგინა მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევა.

 

მოწმე ლ--–-----------ის ჩვენებით ირკვევა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ტელეფონი წაართვა, ხოლო ეს უკანასკნელი გაეკიდა მას ტელეფონის წასართმევად. საგულისხმოა ასევე მისი განმარტება, რომ მ----სთვის სახეზე დაზიანება არ შეუმჩნევია და თავიდან ეგონა, რომ ბავშვები ხმაურობდნენ. მოცემულ შემთხვევაში მისი ჩვენება არ არის თანხვედრილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან იმ კუთხით, რომ ლ--–-----------ე არის პირი, რომელიც პირველი შეხვდა დაზარალებულს კონფლიქტის დასრულებისთანავე და სიტუაციის აღქმით, მ-------------–---–ის განწყობით მას უფრო უნდა გასჩენოდა რწმენა, რომ გელამ ტელეფონში არსებული შეტყობინებების წაკითხვის ინტერესით და მის საფუძველზე წარმოქმნილი უთანხმოების გამო ცემა კიდეც მ-------------–---–ი. ლ--–-----------ე საქმეზე ნეიტრალური პირია, მისი დაკითხვისას არ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იგი გ--–-----------–---–ის სასარგებლოდ იყო განწყობილი, განსხვავებით იმ პირებისა, რომლებმაც საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, ასეთ შემთხვევებში მოწმეები ყოველთვის იცავენ მათთვის სასარგებლო პოზიციას. ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებები ფაქტობრივად არის ირიბი ჩვენებები. მოწმეების ირიბი ჩვენებები არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს, რომლის შეფასებისას რთულია დადგინდეს რამდენად სანდო ან სარწმუნოა თუნდაც მ-------------–---–ის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე - ტელეფონის შემოწმებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს გ--–-----------–---–მა მას ხელიც გაარტყა სახეში თუ მხოლოდ წაართვა ტელეფონი და გაიქცა სახლიდან.

 

რაც შეეხება 2018 წლის 24 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტის ჩვენებას, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მ-------------–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი სახის მიდამოში, თუმცა დასკვნით არ დგინდება თუ რა ვითარებაში მიიღო და ვინ მიაყენა ისინი.

 

დაზარალებულ მ-------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა სასამართლოს მიერ გამოკვლეული, ასევე პრეიდუციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ--–-----------–---–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

გ--–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ--–-----------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ--–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

გ--–-----------–---–ს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე