გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30910-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ი--- ჩ-------ე
მოპასუხე - შპს „მ------ი“
წარმომადგენელი - ლ-----ა თ-------–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს ნოტარიუს ო----- ცისკარაშვილის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------).
სარჩელში განმარტებულია, რომ 2016 წლის 30 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ი--- ჩ-------ემ ისესხა მოსარჩელისაგან 640 ლარი, 540 დღე, სარგებლის განაკვეთი 6%. ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება 1%-ი ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის ო----- ც-------–---–ის მიერ 2017 წლის 02 ნოემბერს გაცემული აღსრულების ქვემდებარე აქტი ნომერი 1--------. აღნიშნული აქტისა და კრედიტორის განცხადებით ი--- ჩ-------ეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 2085,67 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი ითხოვს სააღსრულო ფურცლის ნაწლობრივ გაუქმებას, კერძოდ, ძირი თანხა არ არის სადავო, მოსარჩელე სადავოდ ხდის პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობას (იხ, 2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:14:15).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს 500 ლარით განსაზღვრის ნაწილში (იხ, 2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:09:20).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 30 ივნისს შპს „მ------სა“ (გამსესხებელი) და ი--- ჩ-------ეს (მესხებელს) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუსის ო----- ც-------–---–ის მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1-------), რომლის მიხედვით, მსესხებელმა ისესხა 640,00 ლარი, 540 დღით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 6%-ის დარიცხვით (2.3 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3)
2016 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).
3.1.2. სესხისა ხელშეკრულების 2.9 პუნქტით განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის, ძირითადი თანხისა და სარგებლის 1%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2016 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).
3.1.3. სესხის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2016 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).
3.1.4. 2016 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 02 ნოემბერს ნოტარიუს ო----- ც-------–---–ის მიერ გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება სესხის ძირითადი თანხით - 503,40 ლარით, პროცენტით - 313,17 ლარით და პირგასამტეხლოთი - 1130,58 ლარით, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით - 138,52 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 02 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 24-27).
3.1.5. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის ძირითადი თანხის სახით დავალიანების 503,40 ლარის ოდენობით არსებობის ფაქტს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:14:15).
3.1.6. სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ ი--- ჩ-------ეს 2016 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მ------ის“ სასარგებლოდ გადახდილი აქვს 225,4 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხის გადახდების ამონაწერი (ს.ფ. 91).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე უნდა ეთქვას უარი, თუმცა, პირგასამტეხლოსა და საპროცენტო სარგებლის შემცირების ნაწილში სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექსის მე-10, 54-ე, 325-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ შპს „მ------სა“ და ი--- ჩ-------ეს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა 640,00 ლარი. სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 6%-ით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ი--- ჩ-------ეს მსესხებლის ვალდებულებები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.
დადგენილია, რომ 2017 წლის 02 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცლი, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა - 503,40 ლარით, პროცენტით - 313,17 ლარით და პირგასამტეხლოთი - 1130,58 ლარით, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით - 138,52 ლარით.
მოსარჩელე აღიარებს სესხის ძირითადი დავალიანების 503,40 ლარის ოდენობით კრედიტორის წინაშე არსებობას, სადავოდ ხდის პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობას, მიუთითებს რა რომ შესაბამისი განაკვეთები შეუსაბამოდ მაღალია.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „მ------ი“ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა, რომლის მიერ განისაზღვრა სესხის სარგებელი ყოველთვიური 6%, რაც წლიური 72 პროცენტია.
მართალია, ი--- ჩ-------ე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ გამსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობები იმთავითვე განესაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს არ გაუთვალისწინებია. გამსესხებელმა უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი (წლიური 72 %) დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში.
სასამართლო საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა, რაც ცხადჰყოფს, რომ სარგებლის მიმღები, შპს ,,მ------ი“ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რამდენადაც მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები, რითაც მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ამგვარი ვითარების შეფასების კრიტერიუმად საქართველოს უზენაესი სასამართლო იყენებს კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანის მიერ ვითარების გონივრულად განსჯას, რის შემდეგაც სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას, ყველა კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა (იხ, სუსგ, ას-663-629-2015, 2015 წლის 28 ივლისი).
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების პუნქტი, რომლითაც გამსესხებელმა სესხით სარგებლობისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, რამდენადაც გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილების გარეშეც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს „მ------სა“ და ი--- ჩ-------ეს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული №1-------- საკრედიტო შეთანხმების 2.3 პუნქტი; სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გონივრულობის ფარგლებში, საპროცენტო სარგებლის ოდენობა №1-------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს თვეში 2%-ით (წლიური 24%).
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ №1-------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვრა თვეში 2%-ით (წლიური 24%, რაც შეადგენს წლიურად 153,6 ლარს, ხოლო დღიურად 0,42 ლარს), ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილია 225,4 ლარი და სესხის ხელშეკრულება დაიდო 540 დღით, ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი 225,4 ლარით დაიფარა მთლიან პერიოდზე გადასახდელი საპროცენტო სარგებელი (540x0.42=226.8) მხოლოდ 1,4 ლარის ნაკლებობით.
შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება და აღსასრულებელ ვალდებულებებში საპროცენტო სარგებლის თანხა უნდა განისაზღვროს - 1,4 ლარით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი პირგასამტეხლოს 630,58 ლარით შემცირების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოთხოვნის 630,58 ლარის ნაწილში ცნობა სარჩელის შესაბამის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს შემცირებისა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 500,00 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი სესხის ძირითად თანხასთან 503,40 ლართან მიმართებით, პირგასამტეხლოს ოდენობა თითქმის უტოლდება სესხის ძირითად დავალიანებას. სწორედ ამიტომ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებით და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 50,00 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 75 ლარი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარისა და სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის 25 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი--- ჩ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ო----- ც-------–---–ის მიერ 2017 წლის 2 ნოემბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოცულობის ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პროცენტის ნაწილში განისაზღვროს - 1,4 ლარით, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში - 50 ლარით.
3. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 0---------წ. საგადახდო დავალება #- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან - 75 ლარი.
4. მოპასუხე შპს ,,მ------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარისა და სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის 25 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე