გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002002745
საქმე №2/1006-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - შ----------------------------------–----------------------
წარმომადგენელი - ც-------–-----
მოპასუხეები - ნ------------------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
პ---------------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
ნ-----–------------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - თ----------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - ნ-------- და პ---------------–-–---–ებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 18 ივლისის №4330817 ხელშეკრულების საფუძველზე 12650 ლარის გადახდა, საიდანაც 10000 ლარი არის სესხის ძირითადი ნაწილი, 2650 ლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი.
1.2. 2016 წლის 18 ივლისის სესხისა და თავდებობის №4330817 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების, 12650 ლარის, ანაზღაურების მიზნით მოსარჩელე შ----------------------------------–-----------------------ის სასარგებლოდ სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირული ნ-------- ჯ-------––---–ის, პ---------------–-–---–ის და ნ-----–------------–-–---–ის თანასაკუთრებაში რიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი უძრავი ქონება, მდებარე: გორი, სოფელი ვარიანი, ს/კ: 66.43.05.068.
მოსარჩელის პოზიცია
2016 წლის 18 ივლისს მოსარჩელესა და ნ------------------–-–---–ს შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის №4330817 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ------------------–-–---–ს 12 თვის ვადით გადაეცა 10 000 ლარი.
აღნიშნული ხელშეკრულებით მოპასუხე პ---------------–-–---–მა, როგორც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად კრედიტორის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15250 ლარით.
2016 წლის 18 ივლისს შ----------------------------------–-----------------------სა და მოპასუხეებს შoრის გაფორმდა იპოთეკის №90 გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმდაც, ნ------------------–-–---–ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონი, სოფელი ვარიანი, ს/კ: 66.43.05.068.
მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელს არ გადაუხდია არც სესხის ძირი და არც სარგებელი, რის გამოც მოპასუხე მხარის დავალიანება შეადგენს 12 650 ლარს, საიდანაც 10 000 ლარი არის სეხის ძირი თანხა, ხოლო 2650 ლარი - სარგებელი. ამასთან, მოსარჩელის თანამშრომელი არაერთგზის დაუკავშირდა მოპასუხეებს და ზეპირი ფორმით აცნობა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და მოსთხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მართალია ხელშეკრულებებზე მათი ხელმოწერაა, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ნ------------------–-–---–ს არ გადასცემია და შესაბამისად არც მისი დაბრუნების ვალდებულება გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უდავო გარემოებები საქმის განხილვისას არ გამოვლენილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2016 წლის 18 ივლისს შ-----------------------------------–-----------------------სა და მოპასუხეებს: პ---------------–-–---–სა და ნ------------------–-–---–ს შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის №4330817 ხელშეკრულება ნ------------------–-–---–ზე სესხის, 10 000 ლარის, 12 თვის ვადით გაცემის შესახებ. სესხი იყო სარგებლიანი და პროცენტის ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.07.2016 წლის №4330817 გრაფიკული სესხის და თავდებობის ხელშეკრულება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (31.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)
4.2. მოპასუხე ნ------------------–-–---–თან 2018 წლის 18 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და ნ------------------–-–---–ს, პ---------------–-–---–სა და ნ-----–------------–-–---–ს შორის, 2018 წლის 18 ივლისს, გაფორმდა იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: გორი, სოფელი ვარიანი, ს/კ: №66.43.05.068.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 18 ივლისის იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (31.10.2018 წლის სხდომის ოქმი)
4.3. მოსარჩელეს მსესხებლისათვის, ნ------------------–-–---–ისათვის სესხის ხელშეკრულებით არ შეუსრულებია, კერძოდ, ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, 10 000 ლარი, არ გადაუცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (31.10.2018 წლის სხდომის ოქმი)
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102.1 მუხლებში, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს მის მიერ სარჩელში მითითებულ სასარჩელო მოთხოვნა თუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყაროს, ასევე თითოეულმა მხარემ შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს გარემოებანი რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. შესაბამისდ, იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კრედიტორმა მსესხებელს გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ეკისრება მოსარჩელე მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაცემის ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად მიუთითა მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებაში და მტკიცებულებად წარმოადგინა მოწმის ჩვენება. მოპასუხე მხარემ სადავოდ გადახდა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და მიუთითა, რომ კრედიტორს (მოსარჩელეს) მისთვის ზემოაღნიშნულ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია და ფული არ გადაუცია, შესაბამისად, მას თანხის დაბრუნების ვალდებულება არ აქვს შესასრულებელი. მოპასუხის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შედავებას მოსარჩელემ საკუთარი ახსნა-განმარტებით დაუპირისპირა ზეპირი განმარტება რომ თანხა აუცილებლად გადაეცემოდა მსესხებელს იურიდიული პირის სალაროდან, თუმცა მან მათი სალროდან თანხის გასვლის დამადასტურებელი ქვითარი ვერ წარმოადგინა იმ მიზეზით, რომ ქვითარი ვერ იქნა მოძებული. გარდა აღნიშნული გარემოებისა, მან მტკიცებულების სახით წარმოადგინა მოწმის ჩვენება, კერძოდ, თ------------------–---–ის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ იგი სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას მუშაობდა შპს „კრედიტსერვისი+“-ის№44 სერვისცენტრში საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე და ხელშეკრულებაც მისი ხელმოწერილია და მიუთითა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ მსესხებელზე გადაეცა სესხის თანხა. ეს სესხი მაშინვე გაპრობლემდა და პერიოდულად მას უკავშირდებოდა მესენჯერით თავდები პ---------------–-–---–ი, რომელიც საზღვარგარეთ იყო და ითხოვდა ხელახალ გრაფიკს, რომელზეც შეთანხმდნენ, თუმცა ისიც ვერ გადაიხადა. რაც შეეხება თანხის მიღებას, მისი განმარტებით, თანხას უშუალოდ მსესხებლის გარდა ვერავინ წაიღებდა სალაროდან და თავადაც შეესწრო სალაროდან ფულის გაცემას. ამასთან, თანხის გაცემა ფიქსირდება პროგრამულადაც და გაიცემა სალაროს გასავლის ორდერი.
მოსარჩელე მხარემ გარდა ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებისა, სხვა მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნა, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს თავი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს განიხილა რა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ შპს „მ-----------------------------–---------------------”-ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, 623-625-ე, 891-ე, მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე, 105-ე 134-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
მოსარჩელემ მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება და მოპასუხე მხარის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
7.5. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სადავო გახადა კრედიტორის მხრიდან მსესხებელზე თანხის გადაცემის ფაქტი, რომლის დადასტურების ვალდებულებაც მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა. შესაბამისად, იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელსაც მოსარჩელე აყენებს სესხის (ძირი თანხა, სარგებელი) დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე და 625.1 /მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი/ მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებადი იქნებოდა შემდეგი წინაპირობების ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით განხორციელების შემთხვევაში: თუ მოსარჩელე დამაჯერებლად დაასაბუთებდა 2016 წლის 18 ივლისს მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულების დადებას, რაც გულისხმობს არა მარტო მხარეთა ორმხრივი ნების არსებობას, არამედ მოსარჩელის მიერ თანხის მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემის დამტკიცებას; თუ მხარეები შეთანხმდებოდნენ სესხისათვის პროცენტზე.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, რადგანაც ამ უკანასკნელს მოპასუხისათვის საკუთრებაში არ გადაუცია შეთანხმების საგანი - ფულადი თანხა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლოს საკასაციო პალატა ერთერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ანუ ის დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ.სუსგ, საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12.2015; №აs-398-371-2017, 06.06.2017). შესაბამისად, მარტოოდენ, სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.
ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, გამსესხებლის ვალდებულება შემოფარგლება სესხის სახით თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, რომელშიც პოზიტიური მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით. ბუნებრივია კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის რეალურად დადებისა და მისი ოდენობის ფაქტი, მსესხებლისათვის კი არანაირი საჭიროება არ არსებობს ფლობდეს და წარმოადგინოს ამგვარი დოკუმენტი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს (მაგ: სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ კრედიტორის მხრიდან მსესხებლისათვის თანხის გადაცემის დასადასტურებლად წარმადგინა ხელშეკრულება, რომელსაც მხარეები აწერენ ხელს, მოწმის, ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, რომ თანხა მისი თანდასწრებით გაიცა სალაროდან და მისივე განმარტებით, სალაროდან გასავლის ორდერს ხელს უნდა აწერდეს, როგორც მოლარე, ისე მსესხებელი, ანუ თანხის მიმღები, ასევე დირექტორის ხელმოწერილი ამონაწერი სალაროდან, რომლის მიხედვითაც მსესესხებელი არის ნ------------------–-–---–ი და სალაროდან გასულია 10 000 ლარი, თუმცა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული 10 000 თანხა უშუალოდ ნ------------------–-–---–მა მიიღო, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაიკარგა.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს /სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი/; (შდრ. სუსგ №ას-279-264-17, 21.04.17 „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული).
7.7. სასამართლო აფასებს რა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოსარჩელე იურიდიული პირის დირექტორის ხელმოწერილ 2017 წლის 22 ივნისის ამონაწერს სალაროდან, რომელსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს წერილობითი მტკიცებულებისათვის კანონით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 134.1 მუხლი), რადგანაც ის არ შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ და ვერ გამოდგება სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციული მნიშვნელობის დოკუმენტს, მოცემულ დოკუმენტში მითითებული მონაცემები მიღებულია მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ვინაიდან მას არ გააჩნია მეორე მხარის დასტური (ხელმოწერა) ფულის მიღების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ ობიექტურ მტკიცებულებად ვერ განიხილავს.
7.8. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, მოწმის ჩვენება, რომელსაც ეყრდნობა მოსარჩელე არ არის იმ სახის მტკიცებულება, რომლითაც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენაა შესაძლებელი (სსსკ-ის 102.3). ამრიგად, რადგანაც მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები წერილობითი მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა მოპასუხისათვის ფულადი თანხის საკუთრებაში გადაცემა, მოწმეთა ჩვენებების შეფასება სამართლებრივად მნიშვნელოვანი ვერ იქნება, რადგანაც სადავო გარემოების დამტკიცება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებებით დაუშვებელია (სსკ-ის 624-ე მუხლი).
7.9. ასეთი პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტებს: სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებას, იპოთეკის ხელშეკრულებას თუ მხარეთა შორის მიღწეულს მორიგების აქტს (რომელიც არ წარმოადგენს მტკიცებულებას და არის საპროცესო დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს, ვერ აკმაყოფილებს სსკ 341-ე მუხლის მოთხოვნას სავალდებულო ფორმის დაცვის შესახებ), ასევე მოწმის სახით დაკითხული თ------------------–---–ის მიერ შედგენილი გაფრთხილების ხელწერილს, რომლის შედგენის თარიღიც გაურკვეველია, ასევე ბუნდოვანებას ქმნის ძირითად ხელშეკრულებასა და აღნიშნულ გაფრთხილების ხელწერილზე დასმული შტამპების სხვადასხვაობა, ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის დამადასტურებელი მტკიცებულების ღირებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ მათზე დაყრდნობით ვერ დაასკვნის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნამდვილობას, ვინაიდან მითითებული წერილობითი დოკუმენტები ვერც ცალკე აღებული და ვერც ერთობლივად, ვერ ადასტურებს ხელშეკრულების დადების ფაქტს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა რა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის ფაქტი, შესაბამისად, სარჩელი არ არის დასაბუთებული და საფუძვლიანი.
7.10. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას თავდებისათვის თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებად, რაც იმას გულისხმობს, რომ თავდებმა ძირითადი მსესხებლის მიმართ არსებული ვადებულება უნდა შეასრულოს და არა საკუთარი ვალდებულება, განსახილველ შემთხვევაში კი სესხის ხელშეკრულების არარსებობის გამო მსესხებელს არ ეკისრება თანხის გადახდა, შესაბამისად, თავდების მიმართ მოთხოვნაც უსაფუძვლოა.
7.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1 მუხლით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ეს არის კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, შესაბამისად იპოთეკა მოთხოვნის გარეშე დამოუკიდებლად არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იმ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული, რომელის არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და მას უარი ეთქვა სესხის ძირის და სარგებლის დაკისრებაზე, ამდენად არც იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონების რეალიზაციაზე შეიძლება მოსარჩელეს ჰქონდეს მოთხოვნის უფლება, რის გამოც მას ასევე უარი უნდა ეთქვას იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული საპროცესო ხარჯი მოპასუხეს გადასახდელად არ დაეკისრება და სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. შპს ”მ-----------------------------–---------------------”-ის სარჩელი მოპასუხეების: ნ------------------–-–---–ის, პ---------------–-–---–ის და ნ-----–------------–-–---–ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 380 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი