გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2018
საქმის ნომერი
330210018002343237
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7204-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - შპს "ჯ----"

წარმომადგენელი - დ-----------–-–---–ი

 

მოპასუხე -შპს "ე--------–----------ა"

წარმომადგენელი - ა-----–---------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ე------–----------ას“ მოსარჩელე შპს ,,ჯ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 34 333.5 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს ,,ე------–----------ას“ მოსარჩელე შპს ,,ჯ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს ,,ჯ----“-ს და შპს ,,ე------–----------ას“ შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ჯ----“-ს მიერ საკუთარი მასალით და მუშახელით პერიოდულად ხდებოდა მოპასუხისთვის მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება და აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება და აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა პროდუქციის (მათ შორის ავეჯის) მიწოდება. მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა გაწეული სამუშაოს და მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება, მიუხედავად მოსარჩელის არაერთი წერილობითი და ზეპირი მოთხოვნისა, არ შეუსრულებია და სარჩელის შეტანის ეტაპზე მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 34 333.5 ლარს.

დავალიანების გადახდევინების მიზნით, შპს ,,ჯ----“-მ ისარგებლა სააღსრულებო მოქმედების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოებითაც, თუმცა მოპასუხის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უსაფუძვლოდ წარდგენილ იქნა პროტესტი, რის გამოც შპს ,,ჯ----“-ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის გამოც, ბუნებრივია, შპს ,,ჯ----“-ის მხრიდან დამატებით გაღებულ იქნა 100 ლარი, რაც დარჩა ბიუჯეტში გადახდილად და მოსარჩელეს არ დაუბრუნდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ე------–----------ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული საქმიანი ურთიერთობის გამოყენებით, მოსარჩელე მხარე თვეების განმავლობაში ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით, კერძოდ, სარჩელში ხსენებულ საქონელსა და მომსახურებას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე და რომ არა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა, რომლითაც მოსარჩელემ ისარგებლა ბოროტად, მოპასუხე მხარე არ განახორციელებდა აღნიშნული საქონლისა და მომსახურების შეძენას ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ ფასად. სწორედ ეს, ზედმეტად მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს რეალური დავის საგანს, რომლის თაობაზეც მხარეებს ჰქონდათ არაერთი მცდელობა, რომ მიეღწიათ გარკვეული შეთანხმებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა არც ერთი გონივრული შემოთავაზება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა აღნიშნულ საკითხზე მორიგებას.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წელს, დროის სხვადასხვა პერიოდებში, მოსარჩელე შპს ,,ჯ-----“მ მოპასუხე შპს ,,ე------–----------ას“ გაუწია მომსახურება და მიაწოდა შემდეგი საქონელი: სავარძელი ,,მერკური“, 1 ერთეული, ფასი 99 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, 30 ერთეული, ფასი 967.5 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 18 ერთეული, ფასი 738 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, 100 ერთეული, ფასი 3225 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 6 ერთეული, ფასი 246 ლარი; სკვერის ურნა, 3 ერთეული, ფასი 450 ლარი; სავარძელი ,,ჩატ“ ბადე, 40 ცალი, ფასი 3960 ლარი; სავარძელი ,,ბრისტოული“, ქრომირებული, 1 ცალი, ფასი 430 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 2 ცალი, ფასი 82 ლარი; საოფისე სავარძელი ,,აერო HB ბადე“, საზურგე/ნაცრისფერი, 7 ცალი, ფასი 1330 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 52 ცალი, ფასი 2132 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 58 ცალი, ფასი 2378 ლარი; საოფისე სკამი იზო, ტყავის შემცვლელი, 74 ცალი, ფასი 3034 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 75 ცალი, ფასი 3075 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 87 ცალი, ფასი 3567 ლარი; სავარძელი ,,ჩატ“ ბადე, 10 ცალი, ფასი 990 ლარი; სავარძელი ,,მერკური“, 63 ცალი, ფასი 5670 ლარი; სავარძელი ,,კომფორტ“ ნიუ, 26 ცალი, საქონლის ფასი 2340 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 28-43);

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 44-59);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, აპლიკანტ შპს ,,ჯ----“-ს უარი უთხრა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 63);

- საგადახდო დავალება #0 (ს.ფ. 62);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,ე------–----------ას“ შპს ,,ჯ----“-ს მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 34 333.5 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული საქმიანი ურთიერთობის გამოყენებით, მოსარჩელე მხარე თვეების განმავლობაში ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით, კერძოდ, სარჩელში ხსენებულ საქონელსა და მომსახურებას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე და რომ არა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა, რომლითაც მოსარჩელემ ისარგებლა ბოროტად, მოპასუხე მხარე არ განახორციელებდა აღნიშნული საქონლისა და მომსახურების შეძენას ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ ფასად.

სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო თუნდაც მიეთითებინა თუ რა ოდენობით იყო გაზრდილი მისი მიხედულებით საქონლის ფასი და სადავო არ გამხდარა თავად ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხე მხარის შეუსრულებელი ფულადი ვალდბულების მოცულობა შეადგენს 34 333.5 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 28-43);

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 44-59);

- 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 63);

- საგადახდო დავალება #0 (ს.ფ. 62);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 477-ე და 629-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2017 წელს, დროის სხვადასხვა პერიოდებში, მოსარჩელე შპს ,,ჯ-----“მ მოპასუხე შპს ,,ე------–----------ას“ გაუწია მომსახურება და მიაწოდა შემდეგი საქონელი: სავარძელი ,,მერკური“, 1 ერთეული, ფასი 99 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, 30 ერთეული, ფასი 967.5 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 18 ერთეული, ფასი 738 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, 100 ერთეული, ფასი 3225 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 6 ერთეული, ფასი 246 ლარი; სკვერის ურნა, 3 ერთეული, ფასი 450 ლარი; სავარძელი ,,ჩატ“ ბადე, 40 ცალი, ფასი 3960 ლარი; სავარძელი ,,ბრისტოული“, ქრომირებული, 1 ცალი, ფასი 430 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 2 ცალი, ფასი 82 ლარი; საოფისე სავარძელი ,,აერო HB ბადე“, საზურგე/ნაცრისფერი, 7 ცალი, ფასი 1330 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 52 ცალი, ფასი 2132 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 58 ცალი, ფასი 2378 ლარი; საოფისე სკამი იზო, ტყავის შემცვლელი, 74 ცალი, ფასი 3034 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 75 ცალი, ფასი 3075 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 87 ცალი, ფასი 3567 ლარი; სავარძელი ,,ჩატ“ ბადე, 10 ცალი, ფასი 990 ლარი; სავარძელი ,,მერკური“, 63 ცალი, ფასი 5670 ლარი; სავარძელი ,,კომფორტ“ ნიუ, 26 ცალი, საქონლის ფასი 2340 ლარი.

შპს ,,ე------–----------ას“ მიერ შპს ,,ჯ----“-ს მიმართ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 34 333.5 ლარი.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ე------–----------ას“ მიერ შპს ,,ჯ----“-ს მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ფულადი ვალდებულება შესრულებული არ აქვს.

შესაბამისად, შპს ,,ჯ----“-ს სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რაც წარმოადგენს მოპასუხე მხარის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში პროტესტის წარგდენის გამო აღნიშნული მომსახურებისათვის გაწერული ხარჯის - 100 ლარის დანაკარგს.

 

მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული განიხილება როგორც ზიანი, რომელიც დაკავშირებულია მოპასუხის მოქმედებასთან - მის მიერ პროტესტის წარდგენასთან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი პროტესტი და მიმდინარე დავაში გამოთქმული შედავება ფულადი ვალდებულების მოცულობის და მისი შესრულების ვალდებულების თაობაზე გაზიარებული არ იქნა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხისათვის 100 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ითხოვს მის მიერ განსახილველ სარჩელზე გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრებას, რის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 16.04.2018 წლის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და საგადახდო დავალება #0, იურიდიული მომსახურების საფასურის - 1423 ლარის გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-სა, 1377.34 ლარის და მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1033 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს "ჯ----"-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს "ე--------–----------ას" მოსარჩელე შპს "ჯ----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 34 333.5 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს "ე--------–----------ას" მოსარჩელე შპს "ჯ----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ გაღებული გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე შპს "ე--------–----------ას" მოსარჩელე შპს "ჯ----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების საფასურის 1377.34 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხე შპს "ე--------–----------ას" მოსარჩელე შპს "ჯ----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1033 ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე