გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
330210017002174818
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/31601-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - მ------ თ--------ე

წარმომადგენელი - მ------------–----ა

მოპასუხე - შპს ,,კ------------------ი“

წარმომადგენელი - ლ----------------–---–ი

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს ნოტარიუს ო----- ც-------–---–ის მიერ 03/10/2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 1102.99 ლარი, პროცენტი 516.40 ლარი და პირგასამტეხლო 130 ლარი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 13 ოქტომბერს, მ------ თ--------ეს და შპს ,,კ------------------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის სახით, 1 წლის ვადით გაიცა სესხის თანხა 1500 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული სესხის სარგებლის პროცენტის ოდენობა, ყოველთვიური შენატანის ოდენობა და სესხის და სარგებლის პროცენტის დაფარვის რიგითობა.

 

მოსარჩელე ხუთი თვის განმავლობაში ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. მას ნასესხები თანხიდან ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით დაფარული აქვს 900 ლარი, კერძოდ, პირველი ოთხი თვის განმავლობაში ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული 209.48 ლარი, ხოლო მეხუთე თვეს 62 ლარი, რომლიდანაც ხელშეკრულების მიხედვით იქვითებოდა, როგორც პროცენტის წილი, ასევე ძირი თანხის წილი.

 

2017 წლის მარტიდან ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსარჩელემ ვეღარ შეძლო ხელშეკრულების გრაფიკით დადგენილი პერიოდულობით ვალდებულების შესრულება. 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მოსარჩელეს ეცნობა, რომ დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება მოპასუხის მიერ წარდგენილი ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სატელეფონო საუბრის დროს, მოპასუხის წარმომადგენელმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ მის მიერ გადახდილი 900 ლარის შემდეგ, კიდევ ეკისრებოდა დაახლოებით 3200 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენდა 1149 ლარს, საპროცენტო სარგებელი 716 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 1308 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,კ------------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს 569.8 ლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელის მიერ სესხის დასაფარად სულ შემოტანილია ჯამში 908.7 ლარი, 2016 წლის 13 ოქტომბრიდან 2017 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლის 22 თებერვლის მერე მოსარჩელის მიერ სესხის დასაფარად არანაირი ქმედება არ განხორციელებულა. მოპასუხის მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს აღებულ იქნა სააღსრულებო ფურცელი და მიქცეულ იქნა იგი იძულებით აღსასრულებლად, სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხების მიხედვით.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს სესხის აღებიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მხოლოდ რამდენიმე გადახდა აქვს განხორციელებული, რომლებითაც დაიფარა იმ დროისთვის არსებული პირგასამტეხლო, პროცენტისა და ძირი თანხის ნაწილი. იმის გამო, რომ 2017 წლის 22 თებერვლის მერე მოსარჩელის მხრიდან არანაირი გადახდა არ განხორციელებულა კრედიტორმა საკუთარი დარღვეული უფლებების დასაცავად 2017 წლის 03 ოქტომბერს (დაახლოებით 7 თვის შემდეგ) აიღო სააღსრულებო ფურცელი და მიაქცია იძულებით აღსასრულებლად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 13 ოქტომბერს, შპს ,,კ------------------ს“ და მ------ თ--------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს ,,კ------------------მა“ მ------ თ--------ეზე გასცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებლის 9%-ს დარიცხვით.

 

ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა ყოველთვიურად, ანუიტეტის სახით (იფარებოდა ძირი და პროცენტი), ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადადაცილებისთვის, ვადაგადაცილებული თანხის (ძირის და სარგებლის) 1%-ს ოდენობით.

 

ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება ჰქონდა გადახდევინება მიექცია მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.10.2016 წლის #16------0 სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-21);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 03.10.2017 წელს, კრედიტორ შპს ,,კ------------------ის“ მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა ო----- ც-------–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მსესხებელ მ------ თ--------ის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: სესხის ძირითადი თანხა 1149.28 ლარი, პროცენტი 716.08 ლარი, პირგასამტეხლო 1308 ლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 138.52 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.10.2017 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული ნოტარიუსმა ო----- ც-------–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი N1-------- ფარგლებში ამოღებული თანხის მოცულობა შეადგეს 944.61 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.06.2018 წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 131);

- სესხის გადახდების ამონაწერი (ს.ფ. 132);

- სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრი (ს.ფ. 133);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს, გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების კორექტირება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სესხის ძირითად თანხას 1149.28 ლარს და პროცენტს 716.08 ლარს, მიზანშეუწონელია, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის 900 ლარის ჩათვლა პროცენტსა და ძირ თანხაში არ შეესაბამება მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში კრედიტორისთვის გადახდილი 900 ლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის ანგარიშში, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების ოდენობა უნდა იქნეს შემცირებული, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის სახით უნდა მიეთითოს 1102.99 ლარი, საპროცენტო სარგებლის სახით 516.40 ლარი. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა ათჯერ უნდა შემცირდეს და მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 130 ლარი.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელეს სესხის აღებიდან 2017 წლის 22 თებერვლის ჩათვლით სულ განხორციელებული აქვს ოთხი გადახდა: კერძოდ, 2016 წლის ნოემბრის თვეში 214.9 ლარი, დეკემბრის თვეში 233 ლარი, იანვარში 210 ლარი და თებერვალში 250 ლარი. აღნიშნული ოთხი გადახდის მიხედვით 2017 წლის თებერვლის ჩათვლით დაფარული იქნა მოსარჩელის მიერ იმ პერიოდისათვის არსებული პირგასამტეხლო, შემდგომ ამისა პროცენტისა და ძირი თანხის ნაწილი. იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა ხელშეკრულება და მას აღარ შემოუტანია კრედიტორის ანგარიშზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2017 წლის 03 ოქტომბერს აღებულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც გათვალისწინებული იქნა ის თანხები, რაც იმ დროისთვის არსებობდა ვალდებულების სახით.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული დავალიანების ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის შემცირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ცალსახად დაადასტურებდნენ, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული დავალიანების ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის უმართებულობას. მხარის მირ ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც თავის მხრივ სესხის ძირითადი თანხის შემცირებას მოახდენდა, არ განხორციელებულა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რაც არსებული საპროცენტო სარგებლის ნარჩენი ძირზე დარიცხვის პირობებში გადახდის გრაფიკისაგან განსხვავებულ ციფრობრივ მონაცემებს იძლევა. სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის პრეტენზია მიმართულია ვალდებულების ციფრობრივი გამოთვლის უზუსტობაზე (სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში) და სხვა კუთხით მხარის შედავება არ განხორციელებულა. ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს თანხას, მის შემცირებას მოსარჩელე მხარე მის არაგონივრულ ოდენობაზე მითითებით ითხოვს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული ფულადი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ნაწილში შესაბამისობაშია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების და მოვალის მიერ გადაუხდელი ფულადი ვალდებულების მოცულობასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.10.2016 წლის #16------0 სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-21);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22);

- 03.10.2017 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-25);

- 28.06.2018 წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 131);

- სესხის გადახდების ამონაწერი (ს.ფ. 132);

- სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრი (ს.ფ. 133);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-420-ე, 623-ე და 624-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, 2016 წლის 13 ოქტომბერს, შპს ,,კ------------------ს“ და მ------ თ--------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს ,,კ------------------მა“ მ------ თ--------ეზე გასცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებლის 9%-ს დარიცხვით. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა ყოველთვიურად, ანუიტეტის სახით (იფარებოდა ძირი და პროცენტი), ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადადაცილებისთვის, ვადაგადაცილებული თანხის (ძირის და სარგებლის) 1%-ს ოდენობით. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება ჰქონდა გადახდევინება მიექცია მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე.

 

03.10.2017 წელს, კრედიტორ შპს ,,კ------------------ის“ მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა სოსო ც-------–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მსესხებელ მ------ თ--------ის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: სესხის ძირითადი თანხა 1149.28 ლარი, პროცენტი 716.08 ლარი, პირგასამტეხლო 1308 ლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 138.52 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ პირობებს, რომელიც შეთავაზებული იქნა კრედიტორის მიერ და მიიღო შეთანხმებული სესხის თანხა სრული მოცულობით. ვინაიდან, მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 3174.27 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1149.28 ლარი დარიცხული სარგებელი 716.08 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1308 ლარი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არ არის გონივრული ოდენობის. შესაბამისად, უნდა შემცირდეს და მოსარჩელე მ------ თ--------ეს შპს ,,კ------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 130 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მ------ თ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, და ამასთან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის 569.8 ლარის ნაწილში ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 59.99 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 64.13 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც შეჩერდა 2017 წლის 3 ოქტომბრის #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე A 17-----4 სააღსრულებო წარმოება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა მ------ თ--------ის სახელფასო ანგარიშზე #A 17-----4 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში არსებული სამართლებრივი შეზღუდვის მოხსნა და შესაბამისად, მ------ თ--------ეს მიეცეს სახელფასო ანგარიშით სრულად სარგებლობის/ფულადი სახსრების გამოყენების უფლება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------ თ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ნაწილობრივ გაუქმდეს 2017 წლის 03 ოქტომბრის ნოტარიუს ო----- ც-------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1-------- და მე-7 პუნქტით გასაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირი თანხა 1149.28 ლარი, საპროცენტო სარგებელი 716.08 ლარი, პირგასამტეხლო 130 ლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის საზღაური 138.52 ლარი.

 

3. 2017 წლის 03 ოქტომბრის N1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

4. შპს "კ------------------ს" მ------ თ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 64.13 ლარის ანაზღაურება.

 

5. მ------ თ--------ეს დაუბრუნდეს მ------------–----ას მიერ 25.20.2017 წლის №0 საგადახდო დავალებით სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და 01.12.2017 წლის №0 საგადახდო დავალებით სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი - 9.99 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე