გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26997-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ს----------–-----------–--------–---------------–---------------------ის
სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----------------
მოპასუხე - შპს,,მ------------“
წარმომადგენელი - ნ--------–------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,მ------------“-ს მოსარჩელე ს----------–-----------–--------–---------------–---------------------ის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 23 117.02 ლარის გადახდა, საიდანაც საიჯარო ქირაა 17 846.93 ლარი, ხოლო 5 270.09 ლარი პირგასამტეხლო.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შპს ,,მ------------“-ს შორის 2015 წლის 09 ივნისს გაფორმდა #1 იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, უ-----ის ქ. #52-ში მდებარე შენობა-ნაგებობის, კერძოდ, მეორე ფლიგელის პირველ სართულებზე არსებული ფართიდან 46 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გადაცემა შესაბამისი ინვენტარით - კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განისაზღვრა იჯარის ქირა, რომელიც ყოველთვიურად შეადგენდა 1115.33 ლარს, შესაბამისად, წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 13383.96 ლარით. მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდა უნდა განეხორციელებინა ყოველთვიურად არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საიჯარო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კი უნდა წარედგინა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%. ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა მოეხდინა მისთვის ცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მოპასუხე შპს ,,მ------------“-მა 2015 წლის 03 ივნისს და 09 ივნისს გადაიხადა 1115.33 ლარი ხელშეკრულების გაფორმებამდე ბეს სახით. მოპასუხე შპს ,,მ--------------“ საიჯარო ქირას იხდიდა ვადაგადაცილებით, რაც დასტურდება ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით. შპს ,,მ------------“-ის დირექტორს გია ბაიდაშვილს 2016 წლის 16 თებერვალს ეცნობა, რომ 15 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება საიჯარო ქირის 1116.32 ლარის ოდენობით, ხოლო 273.25 ლარი პირგასამტეხლო. მოპასუხემ 2016 წლის 17 მარტს გადაიხადა პირგასამტეხლო 273.25 ლარის ოდენობით, 1115.00 ლარი კი გადაიხადა 2016 წლის 16 აპრილს. მოპასუხეს 2016 წლის 17 მაისის წერილით ეცნობა, რომ მას გადასახდელი ქონდა სამინისტროს სასარგებლოდ საიჯარო ქირის სახით 3 347.64 ლარი და პირგასამტეხლო 252.07 ლარი, ამასთანავე ეთხოვა, რომ წარმოედგინა ქირის და პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სამინისტროში, თუმცა შპს ,,მ------------“-ს აღნიშნულზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
შპს ,,მ------------“ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 2017 წლის 09 ივნისამდე განაგრძობდა ფუნქციონირებას, თუმცა არ აქვს გადახდილი საიჯარო ქირა. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 13383.96 ლარს, შპს ,,მ------------“-ს ორი წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა 26 767.92 ლარი. მოპასუხის მიერ გადახდილია 8 920.99 ლარი. შესაბამისად, შპს ,,მ------------“-ს ძირი თანხის დავალიანება შეადგენს 17 846.93 ლარს და პირგასამტეხლო 5270.09 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ------------“-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ მოპასუხის შეცდომაში შეყვანით, რის საფუძველზეც, მოპასუხემ ვერ შეძლო იჯარით აღებულ ფართში შესაბამისი საქმიანობის განხორციელება. მოპასუხე მხარის მითითებით, თავად მოსარჩელეს არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, რამდენად საჭირო იყო სამინისტროს შენობაში სასადილოს არსებობა და აღნიშნულის გამო მოპასუხე მხარე აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა, მოპასუხე შპს ,,მ------------“-ის მიერ მოსარჩელისთვის იჯარის ქირის გადაუხდელობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიანიდან თავდ მოსარჩელე მხარის ქმედებებმა გამოიწვია საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაგროვება, მოპასუხე მხარე ვერ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული დავალიანების გადახდაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 09 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შპს ,,მ------------“-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. თბილისში, უ-----ის #52-ში მდებარე შენობა-ნაგებობის, კერძოდ, მეორე ფლიგელის პირველ სართულებზე არსებული ფართიდან (ს/კ 0---------------) 46 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი შესაბამისი ინვენტარით (დახლი 1 ცალი, მაგიდა 1 ცალი, 2 ცალი სკამი), კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1115.33 ლარს. 2.2 პუნქტის თანახმად, წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 13 383.96 ლარს.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოიჯარე პასუხს აგებდა წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 5.2 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ს ოდენობით.
ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობა ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებდა 2 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 09 ივნისის იჯარის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 17-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ მოპასუხე შპს ,,მ------------“-მა, 2015 წლის 09 ივნისის იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, 2015 წლის 09 ივნისის საგადახდო დავალების თანახმად, გადაიხადა საიჯარო ქირა 409.34 ლარის ოდენობით, 2015 წლის 03 ივნისის საგადახდო დავალებით, 705.99 ლარი,2015 წლის 15 ივლისის საგადახდო დავალებით 1115.33 ლარი, 2015 წლის 26 აგვისტოს საგადახდო დავალებით 1115.33 ლარი, 2015 წლის 19 ოქტომბრის საგადახდო დავალებით 1115 ლარი, 2015 წლის 25 დეკემბრის საგადახდო დავალებით 1115 ლარი, 2016 წლის 04 თებერვლის საგადახდო დავალებებით 2230 ლარი, 2016 წლის 16 აპრილის საგადახდო დავალებით 1115 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები, შემოსავლის ორდერები (ტომი II, ს.ფ. 23-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საიჯარო ურთიერთობის და საიჯარო ფარში საქმიანობის შეწყვეტა (გამოთავისუფლება) მოხდა 2017 წლის მაისის თვიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
წარმოდგენილ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარის მითითებით საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლომდე მოპასუხე მხარე საქმიანობდა საიჯარო ფართში, თუმცა არ ახდენდა საიჯარო ქირისა გადახდას. მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად სწორედ აღნიშნულის მითითება მოხდა. სარჩელის ავტორის განმარტებით, ვადის ბოლომდე საქმიანობის გამო მხარე ვალდებულია მოახდინოს საიჯარო ქირის ანაზღაურება. აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებით, როგორც კი ვერ შეძლეს ქირის გადახდა, საქმიანობა შეწყვიტეს და ფართითა აღარ უსარგებლიათ.
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის და ფართის დატოვების თაობაზე მითითებული სადავო გარემოების დადგენისასა, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 03 მაისის შპს ,,მ------------“-ის დირექტორის განცხადებით, რომლის შინაარსის შესაბამისად ცალსახად დასტურდება საქმიანობის ,,ზარალზე“ არსებობის ფაქტი, რის გამოც სწორედ მითითებული თარიღიდან საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს კომპანია. მეტიც, მოწმის სახით გამოკითხულმა მარეხი გუმბერიძემ დაადასტურა, რომ კომპანიამ არაერთხელ მიმართა ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ ვინაიდან იღებდნენ უარს, აგრძელებდნენ საქმიანობას. მოწმის მიერ საქმიანობის შეჩერების და განახლების თაობაზეც გაკეთდა მითითება, თუმცა საქმიანობის სრულად შეჩერების გაცილებით ადრეული თარიღი დაფიქსირდა. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლოო ხელმძღვანელობს აღნიშნული განცხადებით, რომლითაც როგორც უკვე მიეთითა ცალსახა ნება იქნა გამოხატული ხელშეკრულების შეწყვეტაზე და საქმიანობის შეჩერებაზე, რომელიც არსებულ მომენტამდე კომპანიისათვის იყო ცალსახად წამგებიანი და ასევე, თავად მოსარჩელე მხარისათვის (რომელმაც წარმოადგინა მითითებული განცხადება) მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოხატული ცალმხრივი ნება ნათელი და არგუმენტირებული იყო. ამ უკანასკნელი გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო რა მხარის დავალიანება, პერიოდული თხოვნები ურთიერთშეთანხმებაზე, ნათელი გახდა მხარის სურვილი. საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული განცხადების საპასუხო შედავება მხარისათვის და მეტიც, არც სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარეს არ განუცხადებია რომ მისთვის მიუღებელი იყო მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენა. შესაბამისად, წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მხარეთა ნების არსებობის პირობებში ხელშეკრულების შეწყვეტისა და საიჯარო ფართის გამოთავისუფლების თაობაზე ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 09 ივნისის იჯარის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 17-22);
- 03.05.2017 წლის განცხადება (ტომი I, ს.ფ. 169);
- მოწმის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების მხრიდან საიჯარო ურთიერთობის დამყარებამდე არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით (მათ შორის თანამშრომელთა რაოდენობა, სემინარების ჩატარების პერიოდულობა).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის და კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით თანახმად, სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენებას კონკრეტული არასწორი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსარჩელე მხარე მისივე ახსნა-განმარტებისა და მოწმის სახით გამოკითხული თანამშრომლის ჩვენებით დაუპირისპირდა. ასევე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარისათვის შესაძლებელი იყო აღნიშნული ინფორმაციის წერილობითი ფორმით გამოთხოვის შესაძლებლობა, რაც განახორციელა კიდეც მოგვიანებით. შესაბამისად, მხოლოდ მითითება აღნიშნული არასწორი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რომლიც კონკრეტული სარწმუნო მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
3.2.3. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტის შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ს----------–-----------–--------–---------------–---------------------ის სამინისტროს მიმართ მოპასუხის გადასახდელი საიჯარო ქირის თანხა შეადგენს 16731.60 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის და კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით თანახმად, სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.
განსახილველ შემთხვევაში, იჯარის გადახდილი თანხის, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის და მისი შეწყვეტის თარიღის მხედველობაში მიღებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გადაუხდელი იჯარის თანხის ჯამური ოდენობა შეადგენს 2017 წლის მაისის თვემდე 16731.60 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 09 ივნისის იჯარის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 17-22);
- 03.05.2017 წლის განცხადება (ტომი I, ს.ფ. 169);
- მოწმის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
- საგადახდო დავალებები, შემოსავლის ორდერები (ტომი II, ს.ფ. 23-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ს----------–-----------–--------–---------------–---------------------ის სამინისტროს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 581-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 09 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შპს ,,მ------------“-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. თბილისში, უ-----ის #52-ში მდებარე შენობა-ნაგებობის, კერძოდ, მეორე ფლიგელის პირველ სართულებზე არსებული ფართიდან (ს/კ 0---------------) 46 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი შესაბამისი ინვენტარით (დახლი 1 ცალი, მაგიდა 1 ცალი, 2 ცალი სკამი), კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1115.33 ლარს. 2.2 პუნქტის თანახმად, წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 13 383.96 ლარს.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოიჯარე პასუხს აგებდა წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 5.2 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ს ოდენობით. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობა ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებდა 2 წლის ვადით.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე შპს ,,მ------------“-ის მიერ დაირღვა იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება იჯარის ქირის გადახდის თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ს----------–-----------–--------–---------------–---------------------ის სამინისტროს მიმართ მოპასუხეს შესასრულებელი აქვს ფულადი ვალდებულება, საიჯარო ქირის სახით 16731.60 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,მ------------“-ს უნდა დაეკისროს საიჯარო ქირის დავალიანების 16731.60 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
აქვე, სასმართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში მხედველობაში ვერ იქნება მიღებული მოპასუხე მხარის პოზიცია თავად მოსარჩელე მხარის მიერ არასათანადო მიდგომის გამო პასუხისმგებლობის გათავისუფლებასთან მიმართებით. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში რაიმე სახის კვლევა, ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, ბაზრის შესწავლა სცდება სამინისტროს კომპეტენციას და იგი ვერ მოახდენდა მსგავსი საკითხის ორგანიზებას. სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას სამომავლო უფლება-მოვალეობების შეთანხმების პირობებში აღნიშნული ბიზნეს ანალიზი, მომგებიანობის პერსპექტივები უნდა შეფასებულიყო თავად მოპასუხე მხარის მხრიდან. სასამართლო განხილვისას მითითება გაკეთდა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის რეორგანიზაციაზე და თანამშრომლების მხრიდან სასადილოს მომსახურების არასაჭიროებაზე, რაც მოპასუხე მხარის მითითებით უნდა შეესწავლა თავად სამინისტროს. სასამართლო ამახვილებს ყურადღებას, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში არასწორი ინფორმაციის მიწოდება (თანამშრომელთა რაოდენობა, სემინარების მოწყობის პერიოდულობა) საქმეზე სარწმუნოდ ვერ იქნა დადასტურებული (იხ. გადაწყვეტილების 3.2.2 პუქნტი).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულა - მოპასუხეს გაუწია მომსახურება. რაც შეეხება მოპასუხეს, მას სრულად არ აქვს გადახდილი მიღებული მომსახურების ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხე მხარის ფინანსურ მდგომარეობას და მოცემულ შემთხვევაში თვლის, რომ პირგასამტეხლოს თანხა 5270.09 ლარი მოთხოვნილია არაგონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან ს----------–-----------–--------–---------------–---------------------ის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომელიც კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, მოპასუხე შპს ,,მ------------“-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, 516.95 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ს----------–-----------–--------–---------------–---------------------ის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ,,მ------------“-ს ს----------–-----------–--------–---------------–---------------------ის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის სახით 16731.60 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე ს----------–-----------–--------–---------------–---------------------ის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ქირის სახით 1115.33 ლარის და პირგასამტეხლოს სახით - 4770.09 ლარის მოპასუხე შპს,,მ------------“-სათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე შპს ,,მ------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 516.95 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე