გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8028-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს ,,ა------ შ--------------ია“
წარმომადგენელი - თ--------------–---–ი
მოპასუხე - სს ,,ს----------------------- პ-----ი“
წარმომადგენელი - და------–-----ძე, ზუ----------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს ს----------------------- ,,პ-----ს“ მოსარჩელე შპს ,,ა------ შ--------------იის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 163 268.045 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე სს ს----------------------- ,,პ-----ს“ მოსარჩელე შპს ,,ა------ შ--------------იის“ სასარგებლოდ დაეკისროს, მიუღებელი შემოსავლის სახით მეორადი ტურბოგენერატორის შეძენისთვის და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაღებული ხარჯის 163 113.3 ლარის წლიური 5%-ის გადახდა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ,,ა------ შ--------------იას“ და სს ,,ს----------------------- საქართველოს“ შორის 2015 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა ქონების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა დამზღვევის საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ქონების დაზღვევა, რაც გაწერილია წინამდებარე სარჩელის დანართ #1-ში. სადაზღვევო პოლისის შესაბამისად, მოსარჩელემ სრულად გადაიხადა სადაზღვევო პრემია - 33560.00 ლარი. დაზღვეული ქონება ასევე მოიცავდა დამზღვევის საკუთრებაში არსებულ ტურბოგენერატორს, რომლის სადაზღვევო ღირებულება განისაზღვრა 247 729.01 ლარით. აღნიშნული ტურბოგენერატორი 2016 წლის 03 სექტემბერს მოსარჩელის დამოუკიდებელი მიზეზებით გამოვიდა მწყობრიდან, მოკლე ჩართვამ გამოიწვია აალება, ხანძარი და აღნიშნულის შედეგად გენერატორმა შეწყვიტა ფუნქციონირება.
05.09.2016 წელს მოსარჩელემ მიმართა მზღვეველს, აცნობა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ და მოითხოვა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ზარალის დარეგულირების ღონისძიებების გატარება და შესაბამისად ზიანის ანაზღაურება. 12/09/2016 წელს მოსარჩელემ დამატებით განუმარტა მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები და კვლავ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელემ გენერატორის მწყობრიდან გამოსვლისთანავე მიმართა შპს ,,ტურ 525“-ს გენერატორის შეკეთების მიზნით, რომელმაც 2016 წლის 12 სექტემბერს წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც გენერატორის პირვანდელ (დაზიანებამდე არსებული) მდგომარეობამდე აღდგენის ღირებულებად განისაზღვრა 17186.10 ლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ ტურბოგენერატორი არის ერთადერთი წყარო მოსარჩელისთვის ელექტროენერგიის მისაღებად, ხოლო ელ. ენერგიის გარეშე ვერ იმუშავებდა ა------ შ--------------ა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მზღვეველი უარს აცხადებდა დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შეკეთება უფრო ძვირი უჯდებოდა, მოსარჩელე იძულებული გახდა, შეეძინა მეორადი ტურბოგენერატორი.
2016 წლის 11 ნოემბერს, მოპასუხემ წერილით აცნობა მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სადაც უარის თქმის მიზეზად დააფიქსირა შემდეგი: გენერატორის დაზიანება მოხდა მოკლე ჩართვით და არა ამ მოკლე ჩართვით გამოწვეული ცეცხლით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს გამონაკლისს ,,ხელშეკრულების“ ქონების დაზღვევის პირობების 4.1 პუნქტის მე-8 აბზაცით გათვალისწინებულ გამონაკლისს. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, თუმცა მოპასუხემ კვლავ უარი განაცხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს ,,ს----------------------- პ-----მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სახეზეა სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, რომელიც გათვალისწინებულია ქონების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობების 8.3 და 9.3.6. პუნქტით და რომლის მიხედვითაც, მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას ანაზღაურებაზე. თუ დამზღვევი რაიმე სახით ეცდება გააყალბოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სადაზღვევო შემთხვევა ჯდება დაზღვევის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევების ჩამონათვალში. შესაბამისად, ამ საფუძვლითაც, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 22/10/2015 წელს, სს ,,ს----------------------- საქართველოს“ და შპს ,,ა------ შ--------------იას“ შორის დაიდო დაზღვევის ხელშკერულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მზღვეველის თანხმობა, დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის პირველი შენატანის გადახდისა და სადაზღვევო პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ, გაეწია დამზღვევისთვის სადაზღვევო მომსახურება. ხელშეკრულება დაიდო 22/10/2016 წლამდე ვადით.
ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, დაზღვევას ექვემდებარება მოძრავი და უძრავი სახის ქონება: შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, დანადგარები და სხვა ტექნიკური საშუალებები, ინვენტარი, მზა პროდუქცია, საქონელი, ნედლეული, მასალები და სხვა სახის ქონება, გარდა წინამდებარე ხელშეკრულება/პირობების პარაგრაფ 2-ში ჩამოთვლილი ქონებისა.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება და მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ დაექვემდებარება ზარალი გამოწვეული ნებისმიერი სახის მოწყობილობის, ან დანადგარის ელექტრული დაზიანებით, უშუალოდ, ან არაპირდაპირ გამოწვეული მოკლე ჩართვით, ან დენის ცვალებადობით. ეს გამონაკლისი არ ეხება ამგვარი შემთხვევების შედეგად გამოწვეულ აალებასა და ხანძარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქონების დაზღვევის პოლისი (ტომი I, ს.ფ. 18);
- დაზღვევის ხელშეკრულება #167/1 (ტომი I, ს.ფ. 19-22);
- ქონების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები (ტომი I, ს.ფ. 23-32);
- საგადახდო დავალება #15 (ს.ფ. 33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 03 სექტემბერს, შუადღის 13:15 საათზე, საწარმოო პროცესის დროს შპს ,,ა------ შ--------------იის“ კუთვნილი გენერატორი გამოვიდა მწყობრიდან და შეწყვიტა ფუნქციონირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები (ტომი I, ს.ფ. 34-36);
- ტურბოგენერატორის შეკეთების ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 37-39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 05 სექტემბერს შპს ,,ა------ შ---------------მ“ წერილობით მიმართ მოპასუხე მხარეს სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
წერილში მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ 2016 წლის 03 სექტემბერს, შუადღის 13:15 საათზე, საწარმოო პროცესის დროს საწარმოო კორპუსში მომუშავე ტურბინაზე დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლე ჩართვის შედეგად გენერატორი გამოვიდა მწყობრიდან და შეწყვიტა ფუნქციონირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები (ტომიII, ს.ფ. 37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2016 წლის 12 სექტემბერს შპს ,,ა------ შ---------------მ“ დამატებით წერილობით მიმართ მოპასუხე მხარეს სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
წერილში მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ტურბინის გენერატორის მწყობრიდან გამოსვლა სავარაუდოდ გამოწვეულია მოკლ ჩართვის შედეგად, რამაც გამოიწვია აალება და ხანძარი გენერატორში და საბოლოოდ მისი დაწვა, რაც გამორიცხავს სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლის შემთხვევას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები (ტომიII, ს.ფ. 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოსარჩელე შპს ,,ა------ შ--------------იამ“ წერილობით მიმართა სს ,,ს----------------------- ს-----------------------ს“, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც სადაზღვევო კომპანიისგან მიიღო წერილობითი უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ა------ შ--------------იის“ წერილები (ტომი I, ს.ფ. 34-36);
- სს ,,ს----------------------- სტანდარტ დაზღვევის“ წერილები (წერილები (ტომი I, ს.ფ. 82-85; 99-100);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არსებული მდგომარეობით სახელწოდების ცვლილების შემდგომ სს ,,ს----------------------- საქართველო“ წარმოდგენს სს ,,ს----------------------- პ-----ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 105; ტომი II, ს.ფ.181-182);
3.2.2. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვისა და გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს ,,ა------ შ--------------იის“ კუთვნილი, სს ,,ს----------------------- პ-----ში“ დაზღვეული ტურბოგენერატორის დაზიანება განაპირობა მოკლე ჩართვამ.
სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ მოცემული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას იხელმძღვანელა საქმეზე წარმოდგენილი, ექსპერტის დასკვნებით, კერძოდ, 2016 წლის 10 ნოემბრის საექსპერტო დასკვნაში მითითებულია, რომ გენერატორის დაზიანება არ მომხდარა ღია ცეცხლით, არამედ გენერატორის დაზიანება მოხდა სარდაფში ძაბვის ტრანსფორმატორის შემყვანებზე ერთი ფაზის მიწასთან მოკლედ შერთვის შედეგად, რომელიც შემდგომში გადაიზარდა რთულ მრავალფაზე მოკლედ შერთვაში, რამაც გამოიწვია ძაბვის ტრანსფორმატორის მკვებავი ალუმინის სალტეების დადნობა, ამავდროულად მრავალფაზა მოკლედ შერთვა გადავიდა სტატორის გრაგნილზე, რომელმაც გამოიწვია სტატორის გრაგნილისა და ფოლადის რთული დაზიანება და აალება (საიზოლაციო მასალის აალებით) გენერატორის შიგნით. ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01/02/2017 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ სტატორის გრაგნილებში წარმოქმნილი მოკლე ჩართვის ელექტრო რკალის შედეგად, გამოყოფილი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით (1500-4000 °C) მოხდა გრაგნილების დამცავი იზოლაციის მყისიერი აალება და ხანძარი გავრცელდა სტატორის წინა მხრიდან, გრაგნილების მთელ პერიმეტრზე (სიგრძეზე) ობიექტის ბოლო ნაწილამდე. მართალია, ამავე დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს, რომ შპს ,,ა------ შ--------------იის“ კუთვნილ T2-2,5-2 ტიპის ტურბოგენერატორის დაზიანება, ტექნიკური თვალსაზრისით არ ჩაითვლება სტანდარტულ გამონაკლისად, #167/1 დაზღვევის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მე-8 აბზაცის შესაბამისად, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევის შესაბამისობა დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო ნორმებთან მიმართებაში, უნდა დადგინდეს, როგორც საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების და ამავე საქმეზე მოწვეული სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირების - ექსპერტების ზეპირი ჩვენებების საფუძველზე.
როგორც ექსპერტთა წერილობით დასკვნებში არის მითითებული და რაზეც ექსპერტები სასამართლო სხდომაზეც მიუთითებენ, რამაც დააზიანა მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი ტურბოგენერატორი, განაპირობა, მოკლე ჩართვამ, რის შედეგადაც წარმოიქმნა რკალი, რომელიც გახდა ცეცხლის გაჩენის მაპროვოცირებელი პირობა. წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე დაკითხული ექსპერტების მირ ცალსახად იქან განმარტებული (რაც ასევე მითითებული მათ დასკვნაში), რომ დაზიანება გამოწვეული მოკლე ჩართვით და თავად მოკლე ჩარტის შედეგად წარმოქმნილმა მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია კონკრეტული დეტალის ლღობა (ალუმინის სალტეების დადნობა თუ (საიზოლაციო მასალის აალებით). აღნიშნული პროცესი მიმდინარეობდა მოწყობილობის შიგნით და თავად მისი ფუნქციონირების შეწყვეტა მოკლე ჩართვამ გამოიწვია და არა კონკრეტული დეტალების დაზიანებამ. საგულისხმოა რომ ექსპერტთა განმარტებით აღნიშნული წამიერი პროცესია და თავად ტემპერატურის მატება მოკლე ჩართვისას იწვევს კონკრეტული მასალის აალებას, თუმცა იგი შედეგია სწორედ მოკლე ჩართვის და ცალკე აღნიშნული დეტალების აალება არ წარმოადგენს მოწყობილობის დაზიანება/განადგურების საფუძველს. შესაბამისად საქმეზე ცალსახად დასტურდება, რომ მოკლე ჩართვის შედეგად დანადგარში წარმოიქმნება ისეთი მაღალი დონის სიმხურვალე, რაც უდავოდ განაპირობებდა ამ დანადგარის დაზიანებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 10 ნოემბრის საექსპერტო დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 73-81);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01/02/2017 წლის ექსპერტის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 87-98);
- ექსპერტების ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 799-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2015 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება ქონების დაზღვევის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად უნდა განისაზღვროს სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო საზღაურის გამოანგარიშების წესი, სადაზღვევო შენატანის (პრემიის) გადახდის წესი და პირობები. აღნიშნულ პირობებზე შეთანხმების გარეშე დაზღვევის ხელშეკრულება არ დაიდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ხელშეკრულების პირობები’’ იყოფა: 1) პირობებად, რომლებიც წინასწარ არის ჩამოყალიბებული, გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის და რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. აღნიშნულ პირობებს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ეწოდება და 2) პირობებად, რომლებიც მხარეთა მიერ დეტალურად არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიად განიხილება, რამდენადაც ის შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. თავის მხრივ, 799 პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების განხილვა მოთხოვნის უფლების შემცველი ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით უნდა დაიწყოს. კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უმთავრესი წინაპირობებია დამზღვევის მიმართ დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის. სადაზღვევო დავებში ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების დადგენისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა. ზოგადი პრინციპის თანახმად, მხედველობაში მიიღება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი (Causa proxima) და მიზეზთა მიზეზების დაუსრულებელი ძიება უმართებულოდ მიიჩნევა.
799.1-ე მუხლი ასევე მიუთითებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესახებ. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი მხარეებს უფლებას ანიჭებს, თავისუფლად განსაზღვრონ დაზღვევის ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმარტებისას, უმნიშვნელოვანესია სადაზღვევო დაფარვისა და გამონაკლისი პირობების გათვალისწინება. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში მხართა შორის დავის საგანს წარმოდგენს ხელშეკრულების და მისი შემადგენელი ქონების დაზღვევის ხელშეკრულების პირობების ტექსტში არსებული სამართლებრივი დანაწესის განმარტება. კერძოდ 2016 წლის 03 სექტემბერს მომხდარი შემთხვევა წარმოდგენს თუ არა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაზღვეულ რისკს ან/და წარმოდგენს საგამონაკლისო შემთხვევას.
უპირველეს ყოვლისა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის განსხვავებული სახით ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა შორის არსებული შეთანხმების განმარტება. მოსარჩელე მხარის მითითებით ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, ხანძრის შედეგად დანადგარის დაზიანება უნდა იქნეს ანაზღაურებული, ვინაიდან აღნიშნული შემთხვევა არ ჯდება საგამონაკლისო დანაწესში.
სასამართლომ წარმოდგენილ შემთხვევაში უნდა დაადგინოს გონივრული განსჯის პირობებში მხარეთა არსებული შეთანხმება, მათ მიერ გამოვლენილი ნება და არა მარტო მისი პირდაპირი სიტყვითი მნიშვნელობა და ჩანაწერი ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის - ქონების დაზღვევის ხელშეკრულების პირობებში არსებული საგამონაკლისო დანაწესით დადგენილია - ,, სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება და მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ დაექვემდებარება ზარალი გამოწვეული ნებისმიერი სახის მოწყობილობის, ან დანადგარის ელექტრული დაზიანებით, უშუალოდ, ან არაპირდაპირ გამოწვეული მოკლე ჩართვით, ან დენის ცვალებადობით. ეს გამონაკლისი არ ეხება ამგვარი შემთხვევების შედეგად გამოწვეულ აალებასა და ხანძარს.“ სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ბოლო წინადადების გამონაკლისი მოიაზრებს ზიანს, რომელიც დადგა მოკლე ჩართვის შედეგად გაჩენილი ცეცხლის მიერ სხვა ქონებების განადგურებით. თუმცა ცალსახაა, რომ მოკლე ჩართვის შედეგად დანადგარში წარმოიქმნება ისეთი მაღალი დონის სიმხურვალე, რაც უდავოდ განაპირობებდა ამ დანადგარის დაზიანებას . წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაზღვეული მოწყობილობის დაზიანება გამოწვეული მის შიგნით მოკლე ჩართვის შედეგად, რამაც თავის მხრივ არსებული სიმხურვალის გათვალისწინებით კონკრეტული დეტალების აალება, დნობა გამოიწვია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო შემთხვევა წარმოადენს დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო ნორმებით გათვალისწინებულ გამონაკლისს და წარმოადგენს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების საფუძველს.
აქვე, სასამართლო მიუთითებს დამატებით მიუთითებს, რომ გაზიარებული ვრ იქნა მოპასუხე მხარის მითითება, სადაზღვევო ხელშეკრულების 9.3.6, 6.8 და 8.3 პუნქტების დარღვევა, რაც თავის მხრივ ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობად არის განხილული. აღნიშნული სახელშეკრულებო პუნქტები გათვალისწინებული შემთხვევა შეეხება სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე არსებული ინფორმაციის გაყალბების, შეცვლის და ახალი გენერატორის შეძენის შეუთანხმებლობას. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ გაგზავნილი წერილები მიუთითებს მოკლე ჩართვის არსებობის ფაქტს, ხოლო თავად ის გარემოება თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი დანადგარის მწყობრიდან გამოყვანის სწორედ კონკრეტული სპეციალური ცოდნისა და თუნდაც მთელი არსებული დავის ფაქტობრივი საფუძველია, შესაბამისად, მხოლოდ წერილობითი ინფორმაცია და მისი ფორმულირება ვერ გახდება ხელშეკრულების მითითებული ნორმების დარღვევის სამართლებრივი საფუძველი. ასევე, სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად მიუთითებს, რომ ვინაიდან საგამონაკლისო დათქმის არსებობა გამორიცხავს წარმოდგენილ შემთხვევაში ანაზღაურების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ნორმების დარღვევის ან/და დაურღვევლობის ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასება დამატებით აღარ ხდება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება. ვინაიდან, აღნიშნულ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს ,,ა------ შ--------------იის“ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მის მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი, ტურბოგენერატორის შეძენისთვის და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაღებული ხარჯის, ჯამში 163 113.3 ლარის წლიური 5%-ის გადახდა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან, სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს, მეორე მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხე მხარისთვის დაკისრების თაობაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ა------ შ--------------ია“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე