გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.10.2018
საქმის ნომერი
330210118002322519
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/5953-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - ე-----ი ს----–---–ი

წარმომადგენელი - ს-----------------ა, შ--–-----–--ე

მოპასუხე - თ----- გ---–-----ი

წარმომადგენელი - ზ----------------–--ე

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცვლილება შევიდეს 18.01.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელში და დავალიანების ძირი თანხის ოდენობა განისაზღვროს 9 700 აშშ დოლარით.

 

1.2. გაუქმდეს 18.01.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი დარიცხული საპროცენტო სარგებლის და საურავების ნაწილში.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 22 სექტემბერს, ე----- ს----–---–ს და თ----- გ---–-----ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ----- გ---–-----მა ე----- ს----–---–ს ასესხა 5000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ე-----ი ს----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------ის ქუჩა #5, სართული 6, ბინა 617.

2016 წლის 21 ნოემბერს, ზემოაღნიშნულ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, თ----- გ---–-----მა ე----- ს----–---–ს დამატებით ასესხა 5000 აშშ დოლარი.

მხარის მითითებით, მძიმე სოციალური ფონის გამო, მოსარჩელემ ვეღარ შეძლო ვალდებულების შესრულება და იპოთეკართან დაიწყო მოლაპარაკების წარმოება ახალი უპროცენტო სესხის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, თუმცა მოპასუხემ მოითხოვა კვლავ პროცენტების დაფარვა და უარი განაცხადა ახალი უპროცენტო ხელშეკრულების დადებაზე.

 

2018 წლის 16 იანვარს, ნოტარიუსმა თა---–----------–---–მა, გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განისაზღვრა მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, დავალიანების ძირი თანხის 10 000 აშშ დოლარის, ასევე დარჩენილი საპროცენტო სარგებლის და საურავის, გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდის თაობაზე.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხები საჭიროებს კორექტირებას, ვინაიდან მას ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებული აქვს. კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 9 700 აშშ დოლარის სახით, ხოლო დაკისრებული პროცენტი უნდა იქნეს გაუქმებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ----- გ---–-----მა სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, საპროცენტო სარგებლის და საურავის გაუქმების ნაწილში ცნო. მოპასუხე მხარის მითითებით, ის ეთანხმება სააღსრულებო ფურცელში მხოლოდ ძირითადი თანხის - 10 000 აშშ დოლარის მითითებას. რაც შეეხება დავალიანების ძირი თანხის ოდენობას, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეს ამ ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ აქვს შესრულებული, რაც ასევე არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 22 სექტემბერს, ე----- ს----–---–ს და თ----- გ---–-----ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ----- გ---–-----მა ე----- ს----–---–ს ასესხა 5000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ე-----ი ს----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------ის ქუჩა #5, სართული 6, ბინა 617, საკადასტრო კოდი #0----------------------.

 

სესხი გაიცა ერთი წლის ვადით, 2017 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, თვეში 3%-იანი სარგებლის დარიცხვით და გადახდით.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა საურავი შესაბამისად გადასახდელი თანხის 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის და იპოთეკარი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.09.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-21);

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 21.11.2016 წელს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა 22.09.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, იპოთეკარმა მსესხებელს დამატებით ასესხა 5000 აშშ დოლარი, ხოლო 22.09.2016 წლის ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.11.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 22-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 18 იანვარს, ნოტარიუსმა თა---–----------–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოვალე ე-----ი ს----–---–ს კრედიტორ თ----- გ---–-----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი. ასევე კრედიტორ თ----- გ---–-----ის მოთხოვნის თანახმად, დარჩენილი საპროცენტო სარგებელი და საურავი გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-18.01.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 27-28);

- 29.01.2018 წლის კერძო აღმასრულებლის წინადადება (ს.ფ. 29-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ე-----ი ს----–---–ის ვალდებულება დავალიანების ძირი თანხის ნაწილში, კრედიტორ თ----- გ---–-----ის მიმართ შეადგენს 10 000 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა -განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მას დავალიანების ძირი თანხის ნაწილში, ვალდებულება ნაწილობრივ, 300 აშშ დოლარის ოდენობით შესრულებული აქვს. აღნიშნულ გარემოებას მოპასუხე სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ დავალიანების ძირი თანხის ნაწილში, მოვალეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს.

 

სასამართლო მტკიცების ტვირთის გონივრული განაწილების და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის საფუძველზე მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ე-----ი ს----–---–ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, მისი, როგორც მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, მის მიერ დავალიანების ძირი თანხის ნაწილში, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტს. თვით სადავო ხელწერილი კი არ შეიცავს მონაცემებს, რომელიც შესაძლებელს გახდიდა შესრულებული ვალდებულების უფრო მეტ კონკრეტიზაციას და განსაზღვრას თუ რეალურად რა ვალდებულება შეასრულა მოსარჩელემ. მეტიც, წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება სწორედ საპროცენტო სარგებლის შესრულების ვალდებულება და სესხის ძირითადი თანხის გადახდის - 300 აშშ დოლარის თაობაზე რაიმე სახის მითითება არ არის.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელ გარემოებათა დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილის ასლი (ს.ფ. 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე და 624-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, 2016 წლის 22 სექტემბერს, ე----- ს----–---–ს და თ----- გ---–-----ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ----- გ---–-----მა ე----- ს----–---–ს ასესხა 5000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ე-----ი ს----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------ის ქუჩა #5, სართული 6, ბინა 617, საკადასტრო კოდი #0----------------------. სესხი გაიცა ერთი წლის ვადით, 2017 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, თვეში 3%-იანი სარგებლის დარიცხვით და გადახდით. 21.11.2016 წელს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა 22.09.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, იპოთეკარმა მსესხებელს დამატებით ასესხა 5000 აშშ დოლარი, ხოლო 22.09.2016 წლის ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელი.

2018 წლის 18 იანვარს, ნოტარიუსმა თა---–----------–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოვალე ე-----ი ს----–---–ს კრედიტორ თ----- გ---–-----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი. ასევე კრედიტორ თ----- გ---–-----ის მოთხოვნის თანახმად, დარჩენილი საპროცენტო სარგებელი და საურავი გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელის პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცვლილების შეტანა, დავალიანების ძირი თანხის განსაზღვრა 10 000 აშშ დოლარის ნაცვლად, 9 700 აშშ დოლარით. ვინაიდან, მოსარჩელე მხარემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი გარემოების, მის მიერ დავალიანების 300 აშშ დოლარის ნაწილში შესრულების ფაქტი, რაც სადავოდ გახადა მოპასუხემ მხარემ, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე ე-----ი ს----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ, საპროცენტო სარგებლის და საურავის გაუქმების ნაწილში სრულად ცნო. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მოსარჩელს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 184 ლარის ნაწილის 161.80 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს თა---–----------–---–ის მიერ 2018 წლის 18 იანვარს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

11. მოსარჩელე ე-----ი ს----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 18 იანვრის ნოტარიუს თა---–----------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1-------- და მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი.

 

3. 2018 წლის 18 იანვრის ნოტარიუს თა---–----------–---–ის მიერ გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

4. ე-----ი ს----–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 23/02/2018 წლის №0 საგადახდო დავალებით სს "თიბისი ბანკის" მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 184 ლარის ნაწილი - 161.80 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე