გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3/5064-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ი-------–---–---
მოპასუხე - ი/მ ნ--------–-------
დავის საგანი - თანხის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ი/მ ნ--------–-------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სიგნალიზაციის მონტაჟის საფასურის - 91,74 ლარის, დაცვის მომსახურების დავალიანების - 723,35 ლარის და პირგასამტეხლოს - 116.48 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, ი--------------–--ეს (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის 2016 წლის 28 სექტემბერს გაფორმებულ იქნა N1----- ხელშეკრულება ,,დამკვეთის“ ობიექტზე (მდებარე საქართველო, ქ. თბილისი, გლ-----------–------------------–----------------------------) დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო - საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის მიხედვით ,,შემსრულებელი“ ვალდებულები იყო ,,დამკვეთის’’ ობიექტზე შეესრულებინა დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-გასამართი სამუშაოების ჩატარება საკუთარი ინვენტარითა და სამუშაო ძალებით, რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულდა ჯეროვნად, ხოლო სამუშაოს შესრულების შემდგომ 3.2.2. პუნქტის საფუძველზე 2016 წლის 03 ოქტომბერს გაფორმდა დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი იმის თაობაზე, რომ ობიექტზე განხორციელდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია საერთო ღირებულებით 91.74 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად სამუშაო შესრულდა ჯეროვნად და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. ,,დამკვეთი“ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული სამუშაოს თანხა, თუმცა მის მიერ არ იქნა აღნიშნული ვალდებულება შესრულებული.
ი------------–------ის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა - დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის 1.1 და 1.3 პუნქტების თანახმად სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში ,,დაცვა“) ვალდებული იყო უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის დაცვა ცენტრალიზებულ პუნქტზე ჩაბარებისა და ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ. ამასთან ხელშეკრულების 1.2, 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად ,,დამკვეთი“ ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 132 ლარი. ,,დაცვამ“’ ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, თუმცა ,,დამკვეთის“’ მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება სულ 73,35 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 6.6 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 20 ნოემბრიდან შეწყვეტილ იქნა დაცვის მომსახურება. მოპასუხე დავალიანების არსებობის შესახებ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, მიუხედავად ამისა , მის მიერ არ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება.
ვინაიდან ,,დამკვეთის’’ მიერ დაცვის მომსახურების საფასური საერთო ჯამში 723.35 ლარი არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 2016 წლის 28 სექტემბრის N1----- დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.7 პუნქტის საფუძველზე ი/მ ნ--------–-------ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით, სულ 116,48 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ნ--------–-------ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს სიგნალიზაციის მონტაჟის საფასური 91.74 ლარი, დაცვის მომსახურების საფასური - 723,35 ლარი და პირგასამტეხლო - 116,48 ლარი, საერთო ჯამში - 931,57 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი/მ ნ--------–-------ს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 28 სექტემბერს, ი/მ ნ--------–-------სა (შემდგომში ,,დამკვეთად„’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის ქ. თბილისი, ც-----------------------------ის სიგნალიზაციის ღილაკის მეშვეობით დაცვაში აყვანა. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 132,00 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით
2016 წლის 28 სექტემბერს ი/მ ნ--------–-------სა (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად’’ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტზე ქ. თბილისი, ც---------------------------- სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 91,74 (ოთხმოცდათერთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარს.
2016 წლის 03 ოქტომბერის, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ი/მ ნ--------–-------ს შორის გაფორმდა დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება - ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდა, რომ ,,დამკვეთის“ ობიექტზე დამონტაჟდა AES Intellinet-ის სისტემის 8 ზონიანი რადიოგადამცემი (კოდი 8986) – 1 ცალი; საკონტროლო პანელი (კლავიატურა) (კოდი 6273) – 1 კომპლექტი; მოძრაობის დეტექტორი (კოდი 4237) – 5 ცალი; რადიო მიმღებ - გადამცემის მოწყობილობა (კოდი 7440) – 1 ცალი; მსხვრევის დეტექტორი (კოდი 4284) – 1 ცალი.
აქტში მითითებულია, რომ სისტემის მონტაჟი-ინსტალაცია შესრულებულია ჯეროვნად, რაზედაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულება N1----- (ს.ფ. 18-21);
- 2016 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულება N1----- (ს.ფ. 14-15);
- 2016 წლის 03 ოქტომბრის დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 17);
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 04 ოქტომბრის N2------ ბრძანების თანახმად, 2016 წლის 04 ოქტომბრიდან დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო ქ. თბილისში, ც------------------------ში მდებარე ი------------–------ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილებას დაევალა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზაში შეყვანა, რიგითი ნომრით N001-6676. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს N125 განყოფილების უფროსს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 04 ოქტომბრის N2------ ბრძანება (ს.ფ. 22);
3.3. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის, N2------ წერილით დგინდება, რომ ი/მ ნ--------–------- გაფრთხილებულ იქნა, რომ მას 2016 წლის 28 სექტემბრის N1----- ხელშეკრულების თანახმად, გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების დავალიანება და მის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში 2017 წლის 20 ნოემბრიდან ცალმხრივად შეწყდებოდა ხელშეკრულება.
აღნიშნული წერილი ი------------–------ის წარმომადგენელს ხ--------------–იას ჩაბარდა 20.11.2017წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის, N757304 წერილი (ს.ფ. 25)
3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის N2------ ბრძანებით, შეწყვეტილ იქნა ი------------–------ის ობიექტის (ქ. თბილისი, ც-----------------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. ამავე ბრძანებით დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125-ის განყოფილებას დაევალა, რომ უზრუნველეყო ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან №001-6676 რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა და აღნიშნული რადიოგადამცემის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის N2------ ბრძანება (ს.ფ. 3-9).
3.5. ი/მ ნ--------–-------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, 2016 წლის 28 სექტემბრის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება, დაცვის ყოველთვიური მომსახურების - 723,35 (შვიდას ოცდასამი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი, ხოლო პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 116,48 (ას თექვსმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარი.
2018 წლის 11 მაისის ცნობის თანახმად, ი/მ ნ--------–-------ს 2018 წლის 11 მაისის მდგომარეობით საქართველოს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 91,74 (ოთხმოცდათერთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 11 დეკემბრის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28);
- 2018 წლის 11 მაისის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 26);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.
რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული 2016 წლის 28 სექტემბრის N1----- ხელშეკრულებისა (მონტაჟისა) და 2016 წლის 28 სექტემბრის N1----- ხელშეკრულების პირობები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟის ღირებულება 91,74 ლარი და დაცვის მომსახურების ღირებულება 2017 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, სულ 723,35 ლარი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე ი/მ ნ--------–-------ს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 723,35 ლარის ოდენობით და ასევე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟის ღირებულების გადახდა 91,74 ლარის ოდენობით.
6.3. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზეც საფუძვლიანია, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული N1----- ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მომსახურეობის ყოველთვიური ღირებულების ანაზღაურების შესახებ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რაც დებიტორული დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, შეადგენს 116,48 ლარს საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ი/მ ნ--------–-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების დავალიანების გადახდა 723,35 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს გადახდა 116,48 ლარის ოდენობით, ხოლო დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟის ღირებულების გადახდა 91,74 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს - ი/მ ნ--------–-------ს, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - ი/მ ნ--------–-------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვითი სიგნალიზაციის მონტაჟის ღირებულების - 91,74 (ოთხმოცდათერთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა;
3. მოპასუხე - ი/მ ნ--------–-------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების - 723,35 (შვიდას ოცდასამი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა;
4. მოპასუხე - ი/მ ნ--------–-------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 116,48 (ორასოცდაათი ლარი და ორმოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა.
5. მოპასუხეს - ი/მ ნ--------–-------ს, მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი