გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
010210117002061436
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210117002061436

№2/3280-2017წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

 

მოსარჩელე - შპს „სო--------------------ი“

წარმომადგენელი- მა----ა ხაჩიძე

მოპასუხე- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სა-----–---------–--–-------ა“

წარმომადგენელი - და------ნ ნა--–--ე

დავის საგანი - ხელშეკრულების შესრულება, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ააიპ „სა-----–---------–--–-------ას“ დაეკისროს შპს „სო--------------------ის“ სასარგებლოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება 9701.6 ლარის ოდენობით;

 

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღურება მიუღებელი შემოსავლის სახით, დავალიანების თანხის 1%-ის, კერძოდ, 97.01 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, ვალდებულების დარღვევის მომენტიდან- 2017 წლის აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე წარმოადგენს ბუნებრივი გაზის მომხმარებელს, რომელსაც 2013 წლიდან განაწილების ლიცენზიანტისაგან მიეწოდება ბუნებრივი გაზი, უწყვეტად. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი საბილინგო ბაზის მიხედვით დადგენილია, რომ მოპასუხე მოხმარებული გაზის საფასურს იხდიდა და დღემდე იხდის პერიოდული დაგვიანებით და არასრულად. აღნიშნულის გამო მასზე ირიცხება მოხმარებული გაზის გადაუხდელობის გამო დავალიანება 9701.6 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს შესყიდული ბუნებრივი გაზის ღირებულება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეს ვალდებულება დროულად რომ შეესრულებინა, მოსარჩელეს საშუალება ექნებოდა კუთვნილი თანხა განეთავსებინა საკრედიტო დაწესებულებაში და მიეღო სარგებელი წლიური 12 %-ის ოდენობით, რაც ყოველთვიური 1%-ის ტოლია, რაც მოპასუხეზე რიცხული დავალიანებიდან გამომდინარე, შეადგენს 97.01 ლარს. ამდენად, იგი მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად, ვალდებულების დარღვევის მომენტიდან - 2017 წლის აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის შემწყვეტი და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი. მისი განმარტებით შენობა, რომელშიც განთავსებულია მომხმარებელი, მას გადმოეცა 2013 წლის 15 მაისს აჭარის მთავრობის ბრძანებით და ყოველთვიურად კეთილსინდისიერად იხდიდა მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებას. მოპასუხე მიიჩნევს, რომ დარიცხული ვალდებულება არაბუნებრივად მაღალია და განმარტავს, რომ აღნიშნული დავალიანება ერიცხებოდა შენობის წინა მოსარგებლე აბონენტს და მოსარჩელემ ავტომატურად დაარიცხა მას შენობის გადაცემის შემდეგ. ამასთან, მოპასუხის მოსაზრებით, წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ააიპ „სა-----–---------–--–-------ა“ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის მომხმარებელს, რომელსაც განაწილების ლიცენზიანტისაგან მიეწოდება ბუნებრივი გაზი. მოპასუხე აბონენტთა ელექტრონულ ბაზაში (საბილინგო ბაზაში) ირიცხება აბონენტის ნომრად N3103393665(505282).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

-ხელშეკრულება (ს.ფ. 188-189)

 

3.1.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 15 მაისის N92 ბრძანების შესაბამისად, ა(ა)იპ „სა-----–---------–--–-------ას“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, 10 წლის ვადით, უზუფრუქტის ფორმით გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე 2457.5 კვმ შენობა-ნაგებობა, მასზე დამაგრებული 5176 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 22.21.04.033).

 

ამავე ბრძანებით, ასოციაცია ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველეყო: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არანაკლებ 45 პირზე რეაბილიტაციის დღის ცენტრის ამოქმედება, შესაბამისი მიზნობრივი უზრუნველყოფის პროგრამით; ბ) „მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში, არანაკლებ 20 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მოწყობა; გ) „ბავშვთა ფსიქომატური რეაბილიტაციის კომპონენტის“ პროექტის განხორციელება; შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში შენობა-ნაგებობის მთლიანი რეაბილიტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბრძანება 2013 წლის 15 მაისის ბრძანების N92 (ს.ფ. 29-33)

3.2.3. შპს „სო--------------------ი აჭარა“ 2014 წლის 1 ნოემბერს შეერწყა შპს „სო--------------------ს“ და შესაბამისი რეორგანიზაციის შედეგად მისი უფლებამონაცვლეა შპს „სო--------------------ი“, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი , რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. გამონაკლის წარმოადგენს, ზოგიერთი სპეციფიკის სამოქალაქო დავა (მაგ. საოჯახო), სადაც სასამართლოს დისკრეცია მოიცავს შესაძლებლობას თავად დაადგინოს გამოსაკვლევ გარემოებათა წრე და მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

 

მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

 

3.2.2. მოპასუხე სადავოდ ხდის დარიცხული ბუნებრივი გაზის ღირებულებას და განმარტავს, რომ დავალიანება მას არ ეკუთვნის, არამედ ერიცხებოდა იმ შენობის ყოფილ მფლობელს, რომელიც 2013 წლის 15 მაისამდე სარგებლობდა შენობით.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს N79 წერილით მოპასუხემ მიმართა „სო--------------------ი აჭარის“ დისტრიბუციისა და ანალიზის სამსახურის უფროსს და 2013 წლის 4 ივლისის N07/401-373 წერილის პასუხად აცნობა, რომ ააიპ „სა-----–---------–--–-------ას“ ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის შენობა გადაეცა 2013 წლის მაისში. მაშინ აბონენტ N101505282-918-ზე უკვე არსებობდა დავალიანება 9743.2 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოშობილი იყო ყოფილი მფლობელის „ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო სააგენტოს“ ფუნქციონირების დროს და პრეტენზიები აღნიშნულ სააგენტოსთან გაერკვია. ამასთან, მოპასუხემ აცნობა „სო--------------------ი აჭარის“ შესაბამის სამსახურს, რომ ასოციაცია არ აღიარებდა აღნიშნულ დავალიანებას“.

2013 წლის 21 აგვისტოს იგივე შინაარსის წერილით მოპასუხემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს აცნობა, რომ ასოციაციას გადაეცა ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის შენობა, რომელსაც გააჩნია „სოკარ გაზის“ დავალიანება 9700 ლარი და შპს „ბათუმის წყალის“ დავალიანება 4400 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2013 წლის 8 აგვისტოს N79 წერილი (ს.ფ 187)

-2013 წლის 8 აგვისტოს N80 წერილი (ს.ფ.186)

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე 2457.5 კვმ შენობა-ნაგებობაში (ს/კ 22.21.04.033) ფუნქციონირება დაიწყო 2013 წლის 15 მაისიდან. 2013 წლის 4 ივლისის N07/401-373 წერილით მოპასუხემ მიიღო შეტყობინება მოსარჩელისაგან, რომ მისი დავალიანება იმ მომენტისავის შეადგენდა 9743.2 ლარს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული დავალიანება სწორედ „სა-----–---------–--–-------ას“ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებაა. მოსარჩელის განმარტების და მის მიერვე წარმოდგენილი საბილინგო მონაცემთა ბაზის ამონაწერის თანახმად პირველი დარიცხვა „ასოციაცია თანაზე“ განხორციელდა 2013 წლის ივნისში, მაისის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არ წარმადგენს სამეწარმეო სუბიექტს და კომერციულ ორგანიზაციას. მისი საქმიანობის მიზანი არ არის მოგების მიღება, არ ახორციელებს რთულ სამრეწველო საწარმოო პროცესებს და წარმოადგენს ბუნებრივი გაზის მომხმარებელს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. შესაბამისად, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილი თანხა სწორედ მოპასუხის მიერ დახარჯული ბუნებრივი გაზის ღირებულებაა და გამორიცხავს ერთი თვის მანძილზე, წელიწადის თბილ სეზონში, ამ რაოდენობით ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაძლებლობას.

 

3.2.3. მოპასუხე უთითებს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელე არ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის დენა შეწყდა მოპასუხის მიერ მიმდინარე დავალიანებაზე მეტი თანხის გადახდით ანუ ვალდებულების აღიარებით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამ პოზიციას და უთითებს მოპასუხის მიერ 2013 წლის 8 აგვისტოს წერილზე, რომლითაც მოპასუხემ აცნობა „სო--------------------ი აჭარის“ შესაბამის სამსახურს, რომ ასოციაცია არ აღიარებდა დარიცხულ დავალიანებას. სასამართლო უთითებს, რომ სხვა პოზიცია მოპასუხეს არ დაუფიქსირებია. მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ წინსწრებით გადახდით აღიარა უფლებამოსილი პირის წინაშე 2013 წელს დარიცხული დავალიანება, სასამართლო შეაფასებს სამართლებრივად

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე არსებული უდავო და დადგენილად მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მე-8, 115-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 316-ე, 319-ე, 477-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად შპს „სო--------------------ი“, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების საფუძველზე, ააიპ „სა-----–---------–--–-------ას“, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი გაზის მომხმარებელს, აწოდებს ბუნებრივ გაზს. დავის საგანს წარმოადგენს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დარიცხვის მართლზომიერება. გამყიდველი განმარტავს, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია 2013 წლის მაისში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. მყიდველი განმარტავს, რომ იგი აბონენტად დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც 2013 წლის 15 მაისს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით მიიღო შენობა და ბუნებრივია ვერ მოიხმარდა იმ რაოდენობით ბუნებრივ აირს. ამდენად, იგი გამორიცხავს დავალიანების არსებობას და ამასთან, მოთხოვნას მიიჩნევს ხანდაზმულად.

6.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილი დავალიანების თანხა წარმოადგენს „ასოციაცია თანას“ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებას და აღნიშნულთან მიმართებაში უთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო სამართალურთიერთობის მთავარი ღერძია მასში მონაწილე პირთა კეთილსინდისიერება. დაუშვებელია მეორე მხარის სუსტი სამართლებრივი ცნობიერების ან არათანაბარი სახელშეკრულებო შებოჭვის გამოყენებით საკუთარი სამოქალაქო უფლებების არამართლზომიერად განხორციელება, რაც ასევე განმტკიცებულია ამავე კოდექსის 115-ე მუხლით: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. გულისხმიერების ელემენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობებში, როცა ხელშეკრულება იდება დომინირებულ მხარესა და ე.წ. სუსტ მხარეს შორის და ხელშეკრულების დადება განპირობებულია განსაკუთრებული, ერთი მხარისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებებით. მართლზომიერება გარკვეული „თვითშებოჭვის“ მექანიზმია ასეთი მხარისათვის. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ძლიერი სუბიექტის ქმედებამ არ დაარღვიოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილი საჯარო წესრიგი ან ზნეობის ნორმები ან ამავე კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთნდობის საზღვრები.

სასამართლო მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს და მისი საქმიანობის სფერო შემოიფარგლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობით. მოპასუხეს გადაეცა შენობა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ. ფართი არ გამოიყენება ისეთი საქმიანობისათვის, რომელმაც შესაძლებელია დიდი ენერგოდანახარჯები გამოიწვიოს, რასაც შეეძლო გამოეწვია მოთხოვილი თანხის დარიცხვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამყიდველს არ მიუწოდებია მყიდველისათვის სადავო ღირებულების ადეკვატური ბუნებრივი გაზი და თანხის მოპასუხეზე დარიცხვა მოხდა არაკანონიერად.

6.3. მოპასუხე განმარტავს, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან მოპასუხეზე აღნიშნული დავალიანების დარიცხვა განხორციელდა 2013 წლის მაისში, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილი იქნა 2017 წლის აგვისტოში. მოსარჩელის მოსაზრებით მოპასუხემ ორჯერ 2015 წლის 6 მაისს და 20 ივნისს გადაიხადა იმაზე მეტი ვიდრე მიმდინარე გადასახადი, შესაბამისად მან შესრულების განხორციელებით შეწყვიტა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა ესაა მხარის შესაძლებლობა სასამართლოს გზით აღიდგინოს დარეული უფლება ან ინტერესი. ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. აღნიშნული შესაძლებლობა განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლში, რომლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ანუ თუ პირმა იცის ან ობიექტურად უნდა ცოდნოდა, რომ მის უფლებას არღვევენ ან ეცილებიან, ამავე დროის მონაკვეთში პირს შეუძლია დაიცვას თავი სამართლებრივად.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ ობიექტურად იცოდა არსებული დავალიანების შესახებ, ე.ი. მას წარმოეშვა სასარჩელო წარმოების გზით საკუთარი უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობა 2-13 წლის ივნისიდან (იხ. ბილინგის მონაცემები).

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩელი სასამართლოში წარედგინა არაუგვიანეს 2-16 წლის ივნისისა, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია. შესაბამისად, მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

6.4. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა მოპასუხის მიერ შესრულებით და უთითებს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მუხლის შინაარსი გულისხმობს შემთხვევას, როცა ვალდებული პირი გაცნობიერებულად ახორციელებს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას ავანსის, პროცენტის გადახდით ან გარანტიის მიცემით. ასეთ დროს ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, რადგან ივარაუდება, რომ ვალდებულმა პირმა აღიარა ვალდებულების არსებობა. ამასთან, ასეთი აღიარება უნდა იკვეთებოდეს, სწორედ, სადავო ვალდებულებასთან მიმართებაში. ასეთი შესრულება კონკრეტული ხანდაზმულ დავალიანებასთან მიმართებაში მკაფიოდ და გასაგებად უნდა დგინდებოდეს. გადახდის შინაარსში უნდა იკვეთებოდეს, რომ მოვალემ იცოდა ან ზუსტად უნდა ცოდნოდა, რომ ასრულებდა კონკრეტულ ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ მიმდინარე ვალდებულების ზედმეტობით გადახდით, მხარემ 2-13 წლის ივნისში დარიცხული ვალდებულება აღიარა. სასამართლო ვერ დაეთანხმება აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს N79 წერილით მოპასუხე მხარემ კატეგორიულად დააფიქსირა, რომ არ ეთანხმებოდა წარმოდგენილ დავალიანებას და შემდგომშიც პოზიცია არ შეუცვლია. ამასთან, საბილინგო მონაცემთა ამონაწერიდან დგინდება, რომ მითითებული პერიოდისათვის (2015 წლის 6 მაისი და 20 ივნისი) მოპასუხე იხდიდა მხოლოდ მიმდინარე პერიოდის გადასახადს და არა 2013 წლის ივნისში დარიცხულს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და შპს „სო--------------------ს“ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების დაკისრების ნაწილში უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

6.5. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ქონებრივი ზიანი არ მიუღია, შესაბამისად უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილშიც.

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 395.85 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N183 17.08.2017წ.). რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199 1 -ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-17 წლის 24 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ააიპ „სა-----–---------–--–-------ას“ აეკრძალა ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზ. N309-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 20.42.01.020) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

მითითებული საპროცესო ნორმის საფუძველზე აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „სო--------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქმეზე 2017 წლის 24 აგვისტოს მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც „სა-----–---------–--–-------ას“ აეკრძალა ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზ. N309-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 20.42.01.020) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე