გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
330210017001842553
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7092-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08.11.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელეები: ლ---ა ჩ------ა, ნ---- ჭ--------ია

წარმომადგენელი: რ---- მ---------–ი

მოპასუხე: ი----ე მ----------ი

დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს ი----ე მ----------ს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ საჯაროდ გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობა, რომ 2016 წლის 02 ნ--------ს მის მიერ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ გვერდზე ნ---- ჭ--------იასა და ლ---ა ჩ------ას მიმართ გავრცელებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი შემდეგი ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება:

 

ა. ”ე.წ. დიზაინერებმა ახალი მასალა არ მანახეს და მეორადი რომ დამიგეს. მაშინ მათი ვინაობა არ გავასაჯაროვე”;

 

ბ. ,,დღეს, მინდა გაცნობოთ მათი ახალი ,,შედევრი“ პირადად ისინი N--- C-------a და L--- C-------a და მათი კომპანია N- S-----. V----!!!”;

 

გ. ,,p.s. კინაღამ დამავიწყდა ამათი პროექტების ,,ისპალნიტელის“ ვინაობის გასაჯაროება: G--- C-------a და მათი კომპანია ,,გ----------“ -------------”;

 

ე. ,,2 თვე უფასოდ ვაცხოვრე და ბოლოს უბრალოდ საკეტი რომ გამოვცვალე კარები უროთი და ლომით აი ასე გახსნეს“;

 

ვ. ,,საჩივარი დაწერილი მაქვს და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე“;

 

ზ. ,,მაგათთვის ეგ ყოველდღიური საქმიანობაა სამსახურივით, ოღონდ ეგეც ვერ გამოსდით კარგად“;

 

თ. ,,ამათ მივაქირავე გ--------ს ბინა და რომ მივხვდი მატყუებდნენ, დამიცალეთ-თქო ბინა 6 თვეა ვეხვეწები“;

 

ი. ,,ასე გამიტეხეს კარიც და საკეტიც. ამის მერე კიდევ მიადგნენ კარს და ეჩალიჩებოდნენ“;

 

კ. ,,ამის მერე კიდევ დამემუქრნენ კარის გატეხვით“;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს სადარბაზოში განათავსოს ცნობა იმის შესახებ, რომ 2016 წლის 5 ნ--------ს მოსარცელეთა მიმართ გავრცელებული შემდეგი ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს და ცილისწამებაა:

 

ა)"2016 წლის ივნისიდან უსედეგოდ ვთხოვ ბინის დაცლას. 2016 წლის 1 ნ--------სმათ ჩემს მიერ გამოცვლილი საკეტი გატეხეს და თვითნებურად შევიდნენ ჩემს ბინაში";

 

ბ)"მიუხედავად იმისა, რომ მათზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, კოდევ ჰქონდათ მცდელობა გაეტეხათ ჩემი სახლის კარი";

 

გ)"2 ნ--------ს კი ტელეფონით დამემუქრნენ კარის გატეხვით".

 

თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნების შემცირება და კორექტირება განხორციელდა საქმის მოსამზადებელ სხდომაზე (2018 წლის 08 ნოემბრის სხდომის ოქმი). მოსარჩელემ მოხსნა გასავრცელებელი საწინააღმდეგო ინფორმაციის ე.წ. ,,დ“ ეპიზოდი (მეორად იატაკში (და არამარტო!!!) პირველად თანხას ითხოვდნენ თორემ ბინას არ დავცლითო). დანარჩენი მოთხოვნება დარჩა უცვლელი;

 

სარჩელის საფუძვლები

 

ი----ე მ----------ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით კი შეილახა მოსარჩელეების საქმიანი რეპუტაცია და პატივი და ღირსება. შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციების გამოყენებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა იმავე საშუალებითა და მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ფორმულირებით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნობს;

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

მოპასუხის განმარტებით, მის მიერ სადავო პოსტში აღნიშნული ფაქტები არის სიმართლე, რაც დასტურდება მტკიცებულებებითა და მოწმეების ჩვენებით;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი----ე მ----------მა მის ფეისბუქ გვერდზე 2017 წლის 02 ნ--------ს დადო შემდეგი ,,პოსტი“: ,,ჩემი დახვრეტილი იატაკის ამბავი ალბათ ყველას გახსოვთ - ე.წ. დიზაინერებმა ახალი მასალა რომ მანახეს და მეორადი რომ დამიგეს მაშინ მათი ვინაობა არ გავასაჯაროვე. დღეს მინდა გაცნობოთ მათი ახალი ,,შედევრი“. პირადად ისინი ; ისინი N--- C-------a და L--- C-------a და მათი კომპანია N- S-----. V----!!!”

 

p.s. კინაღამ დამავიწყდა ამათი პროექტების ,,ისპალნიტელის“ ვინაობის გასაჯაროება: G--- C-------a და მათი კომპანია ,,გ----------“ -------------”;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელ ,,facebook”-ზე გამოქვეყნებული ,,პოსტი“ ს.ფ. 27;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.2. ი----ე მ----------მა ფეისბუქ გვერდზე 2017 წლის 03 ნ--------ს გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება: ,,ვინც არ იცით ჩემი ყოფილი დიზაინერები ასევე ჩემი ბინის ყოფილი დამქირავებლებიც არიან მეორად იატაკში (და არამარტო!!!) პირველადის თანხას ითხოვდნენ თორემ ბინას არ დავცლითო. ბევრი ვაფრთხილე, 2 თვე უფასოდ ვაცხოვრე და ბოლოს უბრალოდ საკეტი რომ გამოვცვალე კარები უროთი და ლომით აი ასე გახსნეს საჩივარი დაწერილი მაქვს და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე”;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელ ,,facebook”-ზე გამოქვეყნებული ,,პოსტი“ ს.ფ. 29;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.3. ი----ე მ----------მა ფეისბუქ გვერდზე ასევე გააკეთა შემდეგი შინაარსის კომენტარი: ,,ამათ მივაქირავე გ--------ს ბინა და რომ მივხვდი მატყუებდნენ, დაიცალეთ-თქო ბინა 6 თვეა ვეხვეწები. ბოლოს საკეტი გამოვცვალე და ასე გამიტეხეს კარიც და საკეტიც... ვიჩივლე და კიდეც გამოვცვალე - ამის მერე კიდევ მიადგნენ კარს და ეჩალიჩებოდნენ. კიდევ ვიჩივლე - ამის მერე კიდევ დამემუქრნენ კარის გატეხვით. კიდევ ვიჩივლე - ...ახლა ველოდებით რა მოყვება”;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელ ,,facebook”-ზე გაკეთებული კომენტარი ს.ფ. 33;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.4. შპს ,,ნ------------ს“ დირექტორია ლ---ა ჩ------ა. ხოლო შპს ,,გ----------ს“ დირექტორია გ------- ჩ------ა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 35-38;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.5. მოსარჩელეების წარმომადგენელმა 2016 წლის 19 დეკემბერს მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს და მოითხოვა შეეფარდოს ადმინისტრაციული ჯარიმა ი----ე მ----------ს, ნ---- ჭ--------იასა და ლ---ა ჩ------ას მათი კომპანიების N- S----- და G------ შესახებ პერსონალურ მონაცემთა და ამ მონაცემთა შესახებ ცრუ და არასწორი ინფორმაციების გასაჯაროების, ანუ პერსონალურ მონაცემთა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე დამუშავების გამო. ასევე მიიღოს და განახორციელოს ყველა სხვა ქმედითი ღონისძიება მოპასუხის მიმართ, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მოსარჩელეების და მათი კომპანიების პერსონალური მონაცემები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განცხადება, ს.ფ 40-44;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.6. ი----ე მ----------მა 201- წლის 04 დეკემბერს, ელექტრონული წერილი გაუგზავნა ლ---ა ჩ------ას, სადაც მოპასუხე აცხადებს, რომ ქირის ფასია 450 დოლარის ექვივალენტი ლარში, კონტრაქტი ფორმდება 12 თვით. წერილის თანახმად, ი----ე მ----------ის საბოლოო ვალი მოსარჩელეების მიმართ არის 32 948 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ელექტრონული წერილი, ს.ფ 103;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

3.1.7. 2016 წლის 10 მაისს და 2016 წლის 1- ოქტომბერს ი----ა მ----------მა განცხადებით მიმართა ლ---ა ჩ------ას და ნ---- ჭ--------იას, რითაც მოითხოვდა ქ.თბილისში, გ--------ს შ-------ი N--ში მდებარე ბინის დაცლას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განცხადებები, ს.ფ. 10-; 108;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.8. 2016 წლის 1 ნ--------ს საპატრულო პოლიცია გამოიძახეს ი----ე მ----------მა და ლ---ა ჩ------ამ რეაგირების ოქმების თანახმად, კონფლიქტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მოპასუხემ გამოცვალა საერთო სარგებლობის შესასვლელი კარის საკეტი, რომელიც მდგმურმა გატეხა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- რეაგირების ოქმები, ს.ფ. 117-120;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.9. 2016 წლის 02 ნ--------ს ი----ე მ----------მა კვლავ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რეაგირების ოქმის თანახმად, მოსარჩელეებს არ გადაუხდიათ ორი თვის ქირა, რისთვისაც მან გამოცვალა საკეტი, თუმცა დამქირავებლებმა დააზიანეს საკეტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- რეაგირების ოქმი, ს.ფ. 121-122;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 03 ი--–---ს დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, გ--------ს შ-------ი N-, მე-7 სართ, N---ში (ს---------- 0----------------------) მდებარე საცხოვრებელ ბინაში შესრულებული სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 201- წლის II კვარტლის სამშენებლო რესურსების ფასების გათვალისწინებით, სათანადო ნორმატიული დარიცხვებით განისაზღვრება 10080.81 ლარით. ამავე ბინაში შესრულებული სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო-სახარჯთაღრიცხვო ღრებულება 201- წლის II კვარტლის სამშენებლო რესურსების ფასების გათვალისწინებით, სათანადო ნორმატიული დარიცხვებით განისაზღვრება 1914,51 ლარით. იატაკებზე გამოყენებული ხის მასალა წარმოადგენს წიწვოვანი ჯიშის ხის მასალას, რომელიც დღეის მდგომერეოზით არის უხარისხო, კერძოდ: იატაკებზე მოწყობილი ბის მასალა არის მეორადი გამოყენების რომელსაც მრავლად აღენიშნება გამჭოლი ნახვრეტები. რაც შეეხება ღირებულებას, ვინაიდან აღნიშნული ხის იატაკები მოწყობილია მეორადი გამოყენების ხის მასალით, მისი ღირებულების დადგენა ექსპერტიზისათვის შეუძლებელია. რაც შეეხება ქ. თბილისში, გ--------ს შ-------ი N-, მე-7 სართ, ბN---ში (ს---------- 0----------------------) მდებარე საცხოვრებელ ბინაში მოწყობილ თაბაშირ-მუყაოს ჭერს (ლითონის საწოლის მიმდებარედ) აღნიშნული თაბაშირ-მუყაო მოწყობილია ლითონის საწოლის დეტალების დასაფარად. არა სიმყარისთვის არამედ ვიზუალური სილამაზისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 193-203;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.11. ი----ე მ----------ის საკუთრებაშია ქ.თბილისში, გ--------ს შ-------ი N--ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონებები: 1. საიდენტიფიკაციო კოდი: 0--1-.0-.0--.0--.0--016; 2. 0--------------------26; 3. 0----------------------; 0--------------------27;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 213-216;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

მთავარი სადავო გარემოებაა დადგინდეს, შეელახა თუ არა მოსარჩელეებს სადავო გამონათქვამებით პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

 

მოსარჩელეების განცხადებით, მოპასუხის მიერ ცრუ და არასწორი ინფორმაციების გასაჯაროებას მოჰყვა ხალხის არაერთი კომენტარისა და სტატუსის საჯაროდ გამოქვეყნება ,,ფეისბუქში“, რაც, თავის მხრივ ლახავს როგორც მოსარჩელეების, ისე მათი კომპანიების - N- S----- (ს/ნ 4--------) და G------ (ს/ნ 4--------) საქმიან რეპუტაციას და იმიჯს.

 

მოპასუხის განმარტებით კი, მისი შეფასებები გამოიწვია ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარისხის გამო უკმაყოფილებამ, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ენ ეს სტუდიოს მომსახურება საბაზრო ფასებზე 3-4-ჯერ მეტია, რემონტის დასრულების შემდეგ ორივე ბინაში აღმოჩნდა უამრავი ხარვეზი: თაროებში გაკეთებული იყო დიდი უფუნქციო ნახვრეტები; გარდერობის დიზაინის დახაზულთან კავშირის შესახებ მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგაა მისახვედრი; ოთახის გამყოფი მასიური ხის ნაცვლად, თხელი ფიცრებისგან გაკეთდა; იატაკი ნალურსმალი და დახვრეტილია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც მხარეებიც ადასტურებენ, მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ლ---ა ჩ------ას და ნ---- ჭ--------იას უნდა ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები ი----ე მ----------ის საკუთრებაში არსებულ ორ ბინაში, რის საფასურადაც მოსარჩელეები იცხოვრებდნენ ერთ-ერთ ბინაში იქამდე, ვიდრე გადასახდელი ქირით ამოიწურებოდა ჩატარებული სამუშაოების ღირებულება. სადავო არაა, რომ თავდაპირველად შესასრულებელი სამუშაო შეფასდა 32 948 ლარით, ხოლო ბინის ქირა განისაზღვრა თვეში 450 დოლარით (კურსი: 1 დოლარი - 2.3102 ლარი). ამ პირობებს ეთანხმებოდნენ მოსარჩელეებიც და მოპასუხეც. მხარეებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ი----ე მ----------მა შეამოწმა ჩატარებული სარემონტო საშუალებები და მიიჩნია, რომ ამ სამუშაოების ღირებულება არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ფასს. შესრულებული იყო უხარისხოდ და დაბალი ხარისხის მასალით. ამ ფაქტის შემდეგ მოპასუხემ არაერთხელ მიმართა მოსარჩელეებს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გათავისუფლება იმ მოტივით, რომ შესრულებული სამუშაოების რეალური ღირებულების ექვივალენტი ქირის ვადა უკვე ამოწურული იყო, თუმცა მოსარჩელეები ამის მიუხედავად კვლავ აგრძელებდნენ ბინით სარგებლობას.

 

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებენ მათ, როგორც ცილისწამებას. სასამართლომ კი უნდა დაადგინოს, გავრცელებული ცნობები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა ,,აზრის“ შეფასებითი მსჯელობის ნაწილს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: ,,აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამებაა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;

 

პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელეების შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი.

 

სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.

 

იმ მიზეზით, რომ არ ჰქონდათ დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოსარჩელეებმა მოახდინეს თავდაპირველი მოთხოვნის შემცირება და გაიხმეს მოთხოვნა, რომლითაც ისინი ითხოვდნენ: უარყოს მოპასუხემ მის მიერ გავრცელებული შემდეგი ცნობა: ,,მეორად იატაკში (და არა მარტო!!!) პირველად თანხას ითხოვდნენ თორემ ბინას არ დავცლითო“.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, მას გააჩნდა იმის წინაპირობა, რომ საჯაროდ გამოეხატა შთაბეჭდილება, რომელიც ჩამოუყალიბდა მოსარჩელეების მიმართ. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ლ---ა ჩ------ამ და ნ---- ჭ--------იამ დაასრულეს შეკვეთილი სამუშაო და ი----ე მ----------მა შეძლო შეეფასებინა დასრულებული რემონტი, აღმოაჩინა, რომ შესრულებული ხარისხი არ იყო შეპირებული, მაღალი ხარისხის, შესაბამისად, არც შეპირებული გასამრჯელო იყო ჩატარებული სამუშაოს პროპორციული. აღნიშნულის დასტურად, მოპასუხემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. მოპასუხემ მოახდინა შესრულებული სამუშაოს კალკულაცია და დაადგინა, რომ შეთანხმებული ერთი წლის ნაცვლად, მოსარჩელეებს უნდა ესარგებლათ ბინით მხოლოდ ორი თვით. ამდენად, ი----ე მ----------ს ამ მტკიცებულებათა ერთობლიობამ შეუქმნა განცდა, რომ მოსარჩელეები ხელყოფდნენ მის საკუთრების უფლებას და უფლების მინიჭების გარეშე სარგებლობდნენ უძრავი ქონებით. მოპასუხის მიზანი და დამოკიდებულება მოსარჩელეების მიმართ დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შ------------–-–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს ი----ე მ----------ის დავალებით დაურეკა ლ---ა ჩ------ას და მოსთხოვა ბინის გათავისუფლება, იმ მიზეზით, რომ ქირავნობის ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა 31 ოქტომბერს. ლ---ამ უარი უთხრა. 1 ნ--------ს კი მეზობელმა შეატყობინა სატელეფონო საუბრით, რომ მოპასუხის სახლის საკეტს ტეხდნენ, ადგილზე მისულებს კი დახვდათ ლ---ა ჩ------ა და საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციამ ლ---ა ჩ------ას მოსთხოვა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლითაც მას ექნებოდა უფლება ესარგებლა უძრავი ქონებით, რაც მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.

 

რაც შეეხება სადავო გამონათქვამს, რომლითაც მოპასუხემ გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია: ,,საჩივარი დაწერილი მაქვს და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე“. მოსარჩელეებმა წარმოადგინეს ცნობა პირის მსჯავრდების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ლ---ა ჩ------ას და ნ---- ჭ--------იას მიმართ დანაშაულისათვის მსჯავრდების შესახებ ინფორმაცია აღრიცხული არ არის, თუმცა როგორც სასამართლომ დაადგინა, აქ სახეზეა არა ცილისწამება, არამედ ტერმინების აღრევა, რაც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მოპასუხის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ, მოსარჩელეები იყვნენ დაბარებული გამოკითხვაზე, რის გამოც ი----ე მ----------მა ჩათვალა, რომ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე.

 

ამდენად, მითითებული გამონათქვამები მიეკუთვნებიან ,,აზრის“ შეფასებითი მსჯელობის სფეროს, რაც დაცვის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, მოპასუხეს მოსარჩელეების მიმართ არ გაუვრცელებია ცილისწამება; ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის უმეტესობა წარმოადგენს აზრს (შეფასებით მსჯელობას, თვალსაზრისს), რომლის ფორმირებას ხელი შეუწყო გარკვეულმა ფაქტებმა. შესაბამისად, სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი;

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (CASE LAW): CASTELS VS. SPAIN; HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; LINGEN- VS AUSTRIA; AUTRONIC AG VS SWITZERLAND; STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM; GORELISHVILI VS GEORGIA; JERSILD VS DENMARK; OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM; SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM; MALONE VS THE UNITED KONGDOM; WINGROWE VS THE UNITED KONGDOM; CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA; KYPRIANOU VS CYPRUS; PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK; RADIO FRANCE VS FRANCE; SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM; HRICO VS SLOVAKIA; BARFORD VS DANMARK; FRESSOZ AND ROIRE VS FRANCE; BERGEN- TIDENDE AND OTHERS VS NORVAY; MCVICAR VS THE UNITED KINGDOM; ALVES COSTA VS PORTUGAL; OTTO PREMINGER IN-TITUT VS AUSTRIA; BLADET TROMSO AND STEN-AAS VS NORWAY; DICHAND AND OTHERS VS AUSTRIA; JANOWSKI VS POLAND; BUSUIOC VS MOLDOVA; MULLER AND OTHER VS SWITZERLAND; WHITE VS SWEDEN; THOMA VS LUXEMBURG;

 

აშშ-ს სასამართლო პრაქტიკა: TEXAS VS JOHN-ON; GERTZ VS ROBERT WELCH; NEW YORK TIMES VS SULLIVAN; FCC VS LEAGUE OF WOMEN VOTERS.

 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია „მედიაში პოლიტიკური დებატების თავისუფლების შესახებ“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლები;

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-5, მე-14 მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას;

 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.

 

სასამართლო ძალიან მოკლედ აღწერს გამოხატვის თავისუფლების ისტორიული განვითარების პერიპეტიებს:

 

ბეჭდვის გამოგონებამდე, გამოხატვის თავისუფლების ისტორია ევროპაში მჭიდროდ უკავშირდებოდა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების ისტორიას. აბსოლუტური მონარქიების დროს ევროპაში ეს თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდა და გამონაკლისი იყო მხოლოდ ინგლისი. საფრანგეთში, ე.წ. ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ პირველად დადგინდა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ამ საერთაშორისო ხასიათის მქონე სამართლის წყაროს მე-19 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას გააჩნდეს საკუთარი აზრი ჩარევის გარეშე, აგრეთვე, თავისუფლებას, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი მედიის საშუალებით და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი ასევე შეიცავს აზრის, ინფორმაციის, იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების უსაზღვრო თავისუფლებას და მხოლო ვიწროდ განსაზღვრულ და კონკრეტულ პირობებში მიიჩნევს დასაშვებად ამ თითქმის უკიდეგანო თავისუფლების შეზღუდვას (სხვათა უფლებების დასაცავად და სხვა).

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებს, რომლებითაც, საერთაშორისო სამართლის წყაროების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, აღიარებულია აზრის, სინდისის, სიტყვის, აღმსარებლობისა და რწმენის, ასევე მათი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია მათში ჩარევა, თუ მათი განხორციელება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ამ თავისუფლებათა შეზღუდვა კი, დასაშვებია მხოლოდ კანონით (მუხლი 24) და მხოლოდ ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად და სხვა (იხ. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

 

გარკვეულწილად, კონსტიტუციის აღნიშნული რეგულაციები და მასში მოცემული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალი, ნასულდგმულებია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფორმულირებით. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს განსახილველი სამართალურთიერთობის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანეს ნორმას და სწორედ მას დაუთმობს სასამართლო ყველაზე დიდ ყურადღებას (შესაბამის პრეცედენტულ სამართალთან ერთად) და მიაკუთვნებს უმნიშვნელოვანეს როლს ასეთი ღირებულებათა კონფლიქტის გადაწყვეტის ჭრილში.

 

საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს და თანაც ეროვნული კანონმდებლობის ზემდგომი სამართლის წყაროა (საქართველოს კონსტიტუციის გარდა), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული საერთაშორისო სამართლის წყაროს მიერ არის დადგენილი ევროპაში გამოხატვის თავისუფლების (FREEDOM OF EXPRESSION) არსისა და ფარგლების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი - მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც:

 

1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების, კონვენციის სხვა მუხლების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (ე.წ. CASE LAW). სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, აღქმულ უნდა იქნეს სამართლის პირდაპირ წყაროდ, თანაც ისეთ წყაროდ, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას სამართლის წყაროთა იერარქიაში. აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებანი და გადაწყვეტილებანი ხსნიან და განმარტავენ კონვენციის ტექსტს, ისინი, სავალდებულო პრეცედენტებია და ამდენად, მოახდენენ თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფონი (მათ შორის საქართველოც) კონვენციის რატიფიცირებას, სახელმწიფოს ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა, ევროპის სასამართლოს სამართალი უნდა აღიაროს სავალდებულოდ შესასრულებლად.

 

კონვენცია, ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ“ და „შეზღუდვად“ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს. თუმცა, როგორც ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული მიდგომებიდან გამომდინარეობს, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თეზები უნდა განიმარტოს ძალიან ვიწროდ. საქმეში - OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM, სასამართლომ განმარტა, რომ „გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება რიგ გამონაკლისებს, რომლებიც განმარტებული უნდა იყოს ვიწროდ. ამა თუ იმ „შეზღუდვის აუცილებლობა სარწმუნოდ უნდა იყოს დადგენილი“. მთავარი კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც ევროპის სასამართლომ შეიმუშავა, მდგომარეობს იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, და ის წარმოადგენს დემოკრატიის საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების წინაპირობას. აღნიშნული ფუძემდებლური დეფინიცია სასამართლომ ყველაზე უფრო სრულყოფილად გადმოსცა საქმეში -HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; მასში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა გამოხატვის თავისუფლების ორმაგი დატვირთვა და მისი დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობა (აღნიშნული განჩინება ევროპის სასამართლოს ყველაზე უფრო ციტირებად განჩინებას წარმოადგენს). ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა - ლუციუს ვილდჰაბერმა მას „ზარის რეკვასავით ხშირად განმეორებადი დეკლარაცია“ უწოდა (იხ. „გამოხატვის თავისუფლება“; ევა გოცირიძე; თბილისი 2008წ.).

 

სწორედ ჰენდისაიდის საქმეში გამოიყენა ევროპის სასამართლომ ცნობილი ფრაზა - “offend, shock or disturb”; აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“. ევროპის სასამართლო, საზოგადოდ შემწყნარებელია ისეთი იდეებისა და ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ზიანს აყენებენ იმ პირთა უფლებებს, რეპუტაციას ვისკენაც არის ისინი მიმართული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული პრესა და ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული ცნება - „საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსია“ (განსახილველ დავაშიც ხომ ამ ორი უმნიშვნელოვანესი აქტორის მონაწილეობა გვაქვს სახეზე). თუმცა, ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით, კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში „ჩარევა“ სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფორმულა - offend, shock, disturb, გაგებული უნდა იქნას არა ისე, რომ შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია თუ იდეა ყოველთვის და აბსოლუტურად დაცულია, არამედ ისე, რომ ასეთი ინფორმაციაც და იდეაც, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული.

 

იმისათვის, რომ შეზღუდვა, ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია რომ ასეთი შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული - ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით. ანუ, გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტის მაღალი დაცვისათვის, აუცილებელია გარკვეული შემუშავებული რეგულაციები სახელმწიფოს მიერ, რომელიც პირს ნათლად დაანახებს რა წესითაა გათვალისწინებული ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი თავისუფლების შეზღუდვა. საქმეში - SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა, ვერ ჩაითვლებოდა გამართლებულად, თუ ის კანონზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმის საფუძველზე განხორციელდა. ნათელი და განჭვრეტადი კანონის თაობაზე რეგულაციას ასევე შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი საქმეებია CASE OF MALONE VS THE UNITED KONGDOM და CASE OF WINGROWE VS THE UNITED KONGDOM და სხვა.

 

ასევე, იმისათვის, რომ შეზღუდვა გამართლებულად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია რომ ეს „კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში; ესენია: სახელმწიფო უშიშროება, დანაშაულის თავიდან აცილება, სასამართლოს ავტორიტეტი, სხვათა რეპუტაცია, სხვა უფლებები და ა.შ.

 

თუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდა შესაბამისი კანონის გარეშე, ასევე ეს ჩარევა არ ემსახურება ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს, სასამართლო თავისთავად ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (ისე რომ აღარც გადადის ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე).

 

რაც მთავარია, ამ ორი ასე ვთქვათ - წინარე ეტაპების გადალახვის შემთხვევაში (სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, რომ უმრავლესობა საქმეებისა გადალახავს ხოლმე ამ ორ მოცემულობას), ევროპული სასამართლო უკვე მსჯელობს თუ რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში (necessary in the democratic society). აღნიშნული, ასევე გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ევროპის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, სწორედ ამა თუ იმ ჩარევის შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ - „აუცილებლობასთან“ იქცევა ხოლმე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის განმაპირობებელ ძირითად ასპექტად. მოპასუხე სახელმწიფოები - ხელშემკვრელი მხარეები, სწორედ მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებაში განხორციელებული ჩარევის დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობას ვერ ასაბუთებენ იმ შემთხვევებიდან უმრავლესობაში, რომლებშიც სტრასბურგი ადგენს მე-10 მუხლის დარღვევას. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა შემთხვევებში, ევროპის სასამართლოს მიერ არ არის ხოლმე შეწყნარებული სახელმწიფოთა მითითებანი შეზღუდვის აუცილებლობასთან (დემოკრატიულ საზოგადოებაში) მიმართებაში.

 

თავის მხრივ, შეფასება - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, მოიცავს ორ კომპონენტს: უფლებაში ჩარევის „აუცილებობისა“ და ჩარევის „თანაზომიერების“ შეფასებას.

 

სასამართლო, განსახილველ საქმეში თავს შეიკავებს ზემოაღნიშნული მე-2 კომპონენტის - „ჩარევის თანაზომიერების“ კრიტერიუმის ზოგად განხილვასა და ამ კონკრეტულ სამართალურთობასთან მიმართებაში შეფასებაზე, რამეთუ ამ საქმეში მოთხოვნილია მხოლოდ დიფამაციური განცხადების საჯაროდ უარყოფა და არ არის მოთხოვნილი ამა თუ იმ ოდენობის მატერიალური ანაზღაურება. ევროპის სასამართლო, ჩარევის თანაზომიერების საკითხის უარყოფით გადაწყვეტას, როგორც წესი გამოხატვის თავისუფლებისათვის შეუსაბამოდ მაღალი სანქციით, ან სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყების არაპროპორციული ხასიათით ხსნის; მაგ: საქმეში CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო მოხელეთა დიფამაციას, ევროპულმა სასამართლომ აღიარა უფლებაში ჩარევის აუცილებლობა და მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება, თუმცა ასევე მიიჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება და გამოყენებული სანქციები (თავისუფლების აღკვეთა და სხვა), ნამდვილად არ იყო პროპორციული და შესაძლოა მათ ექონიათ „მსუსხავი ეფექტი“ პრესის თავისუფლებაზე. აღნიშნული გამო, სტრასბურგმა მე-10 მუხლის დარღვევა სცნო (მსგავსი მიდგომებია გამოყენებული საქმეებში - KYPRIANOU VS CYPRUS, PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK, RADIO FRANCE VS FRANCE და სხვა).

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ფორმულიდან - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ყურადღებას გაამახვილებს სწორედ პირველ კომპონენტზე: უფლებაში ჩარევის „აუცილებობა“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმის სათანადოდ შეფასება წყვეტს ხოლმე ევროპის სასამართლოში, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართებულობის საკითხს და ასევე ეს ცნება იქნება განმაპირობებელი წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე მსჯელობისას.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თავისთავად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად უნდა განიხილებოდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ამა თუ იმ გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფის დავალება, როგორც ამას ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული მიდგომის საფუძვლიანობას ადასტურებს თუნდაც ევროპის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება საქმეში - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ სამეფოში გამართული „დიფამაციური პროცესი და მისი შედეგები“ (იგულისხმება სასამართლო სამართალწარმოება და ამის შედეგად განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს მიერ), წარმოადგენდა მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რისთვისაც სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო. შესაბამისად, ნათელია, რომ სანამ სასამართლო ასეთი ფორმით „ჩაერევა“ და „შეზღუდავს“ გამოხატვის თავისუფლებას (განსახილველ შემთხვევაში - მედიის გამოხატვის თავისუფლებას), მან უნდა შეაფასოს და გაიაროს ის ტესტი, რომლითაც აფასებს ევროპის სასამართლო სწორედ ჩარევისა და შეზღუდვის აუცილებლობას.

 

მოცემულ საქმეში, შესაძლო დიფამაციური - ცილისმწამებური განცხადების წინააღმდეგს სარჩელი შემოტანილია ფიზიკური პირების მიერ და მოთხოვნილია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა; ანუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარჩელის ასეთი ფორმულირების დაკმაყოფილებით, სასამართლო თავისთავად განახორციელებდა „ჩარევას“ გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, გადმოვიტანოთ ჩარევის დასაბუთებულობის ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებზეც ზემოთ ვიმსჯელეთ და მივყვეთ თანმიმდევრობით:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს, უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული - მე-18 მუხლი, ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები ითვალისწინებენ ამა თუ იმ სუბიექტის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სასამართლო სამართალწარმოების გზით. შესაბამისად, კონვენციის მე-10 მუხლის ასე ვთქვათ „ფორმულის“ (რომელიც გათვალიწინებულია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით) პირველი ელემენტი - „ ჩარევა გათვალისწინებულია კანონით“, სახეზე გვაქვს და ეს სადავო არ არის.

 

სასამართლო ასევე თვლის, რომ ამ „ფორმულის“ მე-2 ელემენტი - „ჩარევა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს“, ასევე გვაქვს სახეზე. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით რეგლამენტირებული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს სწორედ საქმიანი რეპუტაციის შელახვა წარმოადგენს და განსახილველი სარჩელიც სწორედ ამ საკითხის ირგვლივ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს ორი ასე ვთქვათ „პირველადი კრიტერიუმები“, როგორც ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ უმრავლესობა საქმეებში, აქაც გადალახულია.

 

აქვე სასამართლო, ისევ აღნიშნავს, რომ ის თავს შეიკავებს - „ჩარევის თანაზომიერების“ კრიტერიუმის ზოგად განხილვასა და ამ კონკრეტულ სამართალურთობასთან მიმართებაში შეფასებაზე, რამეთუ ამ საქმეში მოთხოვნილია მხოლოდ დიფამაციური განცხადების საჯაროდ უარყოფა და არ არის მოთხოვნილი ამა თუ იმ ოდენობის მატერიალური ანაზღაურება (იხ. შესაბამისი მსჯელობა წინამდებარე გადაწყვეტილების 21-ე გვერდზე).

 

განსახილველი სარჩელის უარყოფითად გადაწყვეტის უმთავრეს წინაპირობას, სასამართლოს აზრით სწორედ „ჩარევის აუცილებლობის“ არარსებობა წარმოადგენს.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს ,,აზრისა“ და ,,ფაქტის“ სფეროს და აზრს. შესაბამისად, უნდა გაირკვეს სადავო სტატუსების და კომენტარების შინაარსის სიმართლესთან შეუსაბამობა. მოსარჩელეები მათი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნევს შემდეგ გამონათქვამებს: ა. ”ე.წ. დიზაინერებმა ახალი მასალა არ მანახეს და მეორადი რომ დამიგეს. მაშინ მათი ვინაობა არ გავასაჯაროვე”; ბ. ,,დღეს, მინდა გაცნობოთ მათი ახალი ,,შედევრი“ პირადად ისინი N--- C-------a და L--- C-------a და მათი კომპანია N- S-----. V----!!!”; გ. ,,p.s. კინაღამ დამავიწყდა ამათი პროექტების ,,ისპალნიტელის“ ვინაობის გასაჯაროება: G--- C-------a და მათი კომპანია ,,გ----------“ -------------”;

დ. ,,2 თვე უფასოდ ვაცხოვრე და ბოლოს უბრალოდ საკეტი რომ გამოვცვალე კარები უროთი და ლომით აი ასე გახსნეს“; ე. ,,საჩივარი დაწერილი მაქვს და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე“; ვ. ,,მაგათთვის ეგ ყოველდღიური საქმიანობაა სამსახურივით, ოღონდ ეგეც ვერ გამოსდით კარგად“; ზ. ,,ამათ მივაქირავე გ--------ს ბინა და რომ მივხვდი მატყუებდნენ, დამიცალეთ-თქო ბინა 6 თვეა ვეხვეწები“; თ. ,,ასე გამიტეხეს კარიც და საკეტიც. ამის მერე კიდევ მიადგნენ კარს და ეჩალიჩებოდნენ“; ი. ,,ამის მერე კიდევ დამემუქრნენ კარის გატეხვით“;

 

იმის გასარკვევად მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე: ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა: „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებლია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ №ას-1304-1242-2014, 27 მაისი, 201- წელი; სუსგ №ას-103-98-2014, 28 ივლისი, 2016 წელი,სუსგ Nას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.);

 

ზემოთ მითითებული მსჯელობა ეხმიანება და სრულ შესაბამისობაშია ე.წ. ,,case law”- თან. ევროსასამართლომ არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში განმარტა თუ რას მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აზრის გამოხატვის თავისუფლების მასშტაბები და როგორია თავისუფლების ამ სფეროში ჩარევის ობიექტურად და გონივრულად დასაშვები და გამართლებადი ფარგლები. ევროსასამართლომ თავისი პრინციპული პოზიცია ასახა არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, რომელშიც განმარტა, რომ უდიდესი სიფრთხილით უნდა შეფასდეს „ფაქტები“ და „მოსაზრება“/ „მსჯელობა“. თავის მხრივ, „ფაქტების“ არსებობა დასაშვებად მიიჩნევდა მათ დადასტურებას, მაშინ როდესაც „მოსაზრების“/„შეხედულების“ დადასტურება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამდენად, იგი განეკუთვნება შეხედულებათა თავისუფლების სფეროს და დაცულია კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით (LINGENCE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 08 ივლისი, 1986 წელი,განაცხადის N981-/82; OBERSCHLICK v. AUSTRIA, სტრასბურგი, 01 ივლისი, 1997 წელი, განაცხადის N 20834/92).

 

პრეცედენტული სამართალი მტკიცებას დაქვემდებარებულ ფაქტად საერთოდ არ მიიჩნევს სადავო გამონათქვამების იმ სფეროს, რომელიც „აზრის“/„შეფასებითი მსჯელობის“ კატეგორიაში ექცევა. თუმცა საგულისხმოა, რომ აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია. ლინგენსის საქმეშიც გაესვა ხაზი ფაქტისა და ღირებული მოსაზრებების გამიჯვნის სიფრთხილეს და აღინიშნა, რომ „ფაქტის არსებობის დემონსტრირება შეიძლება, ხოლო ღირებული მოსაზრებების დამტკიცება არ ხერხდება“ (იხ., LINGENCE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 08 ივლისი, 1986 წელი, განაცხადის N981-/82, პარ:46) შესაბამისად, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი კომპონენტებს მოიცავს, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული ისინი. როგორც ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითებაა, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 0--10.2014 წ.).

 

სადავო შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მოხსნეს ის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. მეორედი იატაკის თემას (პირველი მოთხოვნის "დ" ქვეპუნქტი). შესაბამისად, ასევე გაურკვეველია რაღატომ წარმოადგენს მოსარცელის ინტერესს "ა" ქვეპუნქტით დაყენებული მოთხოვნა, რომელიც იგივე თემას ეხება ("ე.წ. დიზაინერებმა ახალი მასალა რომ მანახეს და მეორადი რომ დამიგეს. მაშინ მათი ვინაობა არ გავასაჯაროვე"). მოთხოვნის "ბ" და "გ" ქვეპუნქტები ასევე გამომდინარეობს ამ მეორადი იატაკის თემიდან და ამავე დროს, "გ" ქვეპუნქტი, საერთოდ არ ეხება მოსარჩელეებს.

 

"დ" ქვეპუნქტი როგორც უკვე აღვნიშნეთ სასარჩელო მოთხოვნას საერთოდ აღარ წარმოადგენს.

 

"ე" ქვეპუნქტი ეხება საკეტის გატეხვის თემას, რომელიც დასტურდება მოსარჩელის მიერ. მან დაადასტურა, რომ ნამდვილად გატეხა საკეტი გარკვეული რკინის ხელსაწყოთი. შესაბამისად, ამ განცხადებას მნიშვნელოვანწილად აქვს ფაქტობრივი საფუძველი და ის გარემოება, რომ "ყრო და ლომი" არ ყოფილა გამოყენებული მოსარჩელის მიერ, მოთხოვნის სამართლებრივ შეფასებას ვერ შეცვლის.

 

"ვ" ქვეპუნქტი, რომელიც სისხლის სამართლის გამოძიებაზე გაკეთებული გამონათქვამია, ასევე არა დაცლილი ფაქტობრივი საფუძვლისაგან. უდავოა, რომ ორივე მხრე დაბარებული იყო გამოკითხვაზე პოლიციაში.

 

მოთხოვნის დანარჩენი პუნქტები, ზემოთ აღნიშნული გარემოებების შეფასებებია ფაქტობრივად და ასევე პერსპექტივას მოკლებულებია.

 

შესაბამისად, სახეზე გვაქვს საბოლოოდ ასეთი მოცემულობა:

 

მხარეებს შორის წარმოშობილია ყოფითი კონფლიქტი; მოპასუხის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული და ცილისმწამებლურად მიჩნეული ინფორმაციის ნაწილზე, თვითონ მოსარჩელემ შეწყვიტა სამართლებრივი ბრძოლა, ნაწილი მათგანი, რომელიც შესაძლოა მიიჩნიო ფაქტად, ეყრდნობა გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ არის მოპასუხის მოგონილი. ნაწილი კი, ამ ფატობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხის უარყოფით შთაბეჭდილებებს ასახავს მოსარჩელეთა (და არამარტო მოსარჩელეთა) შესახებ.

 

შესაბამისად, სარჩელში წარმოდგენილი არგუმნტაცია ვერ მიიჩნევა საკმარისად იმისათვის, რომ გამოხატვის თავისუფლების მაღალი ღირებულებითი მნიშვნელობა გადასწონოს და მოსარჩელეთა რეპუტაციის დამცავი ბალანსი დასვას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ლ---ა ჩ------ას და ნ---- ჭ--------იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი