განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
330100115974224
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

სტაჟიორ-პროკურორ _ რ---- ხ--------ის

ბრალდებულ _ შ------ ა-------ის

ადვოკატ - ს------- ჯ--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ შ------ შ--–--ს ძე ა-------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–-- ქ--------–-------–-------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------–---–-----------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ 2015 წლის 25 მაისის დადგენილების მიხედვით, შ------ ა-------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვისას, 2018 წლის 22 ოქტომბერს, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა რ---- ხ--------ემ ზემდგომი პროკურორის ლ---- ბ----–---–ის თანხმობით, არსებული ბრალდება შეცვალა უფრო მსუბუქი ბრალდებით და წარმოადგინა ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება (22.10.2018), რომლის მიხედვით შ------ ა-------ის ქმედება ნაცვლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა დაკვალიფიცირდა 177-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–-----------------ს განკარგულებით შ------ ა-------ი შეწყალებულ იქნა და მოეხსნა ნასამართლობა.

ახალი დადგენილების მიხედვით, შ------ ა-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 6 მაისს, ქ. თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებული ბ-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე №--- ავტობუსში მგზავრობისას შ------ ა-------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ე-–--- ვ----–---ის ხელჩანთაში არსებულ საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო თანხა - 15,40 ლარის (თხუთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ოდენობით.

ე.ი. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ------ ა-------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ------ ა-------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა შ------ ა-------ის მიერ ქურდობის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ შ------ ა-------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შ------ ა-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, მოწმეების დაკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ------ ა-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ შ------ ა-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ შ------ ა-------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენა მისივე განმარტებით, განაპირობა მატერიალურმა სიდუხჭირემ. იგი დანაშაულის ჩადენის დროისათვის აღარ ითვლებოდა ნასამართლევად (შეწყალებულია პრეზიდენტის 2----–-–-----------------ს განკარგულებით და მოხსნილი აქვს ნასამართლობა), ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დაზარალებულის კუთვნილი ნივთები, რომლებიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელს და მიყენებული ზიანი ამ სახით ანაზღაურებული იქნება, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით შ------ ა-------ს პასუხისმგებლობის რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება. რაც შეეხება სხვა სასჯელებს (ჯარიმა, შინაპატიმრობა), იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა (მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველია) და ფიზიკური შრომით მიღებული შემოსავლით ირჩენს თავს, სასამართლოს მისთვის ჯარიმის დაკისრება ანდა შინაპატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

აღსანიშნავია, რომ შ------ ა-------ს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს ბოლო - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–--------------ის განაჩენის გამოტანამდე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დანაშაული ჩადენილია ბოლო (2----–-–--------------ის) განაჩენის გამოტანამდე - მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილები და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–--------------ის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ახლად დანიშნული სასჯელი.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–--------------ის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს, ბრალდებული იმყოფებოდა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20---–-–----------ს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს ქვეშ, რომლის პირობებიც მან დაარღვია და ჩაიდინა ახალი დანაშაული (რაც დადასტურებულია 2----–-–--------------ის განაჩენით), რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად (ახალი დანაშაულის ჩადენით დარღვეულია გირაოს გამოყენების პირობა და კანონი), გირაოს თანხა უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ------ ა-------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ------ ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–--------------ის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ახლად დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, შ------ ა-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

3. მსჯავრდებულ შ------ ა-------ს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–--------------ის განაჩენის მიღების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან - 2015 წლის 25 მაისის ჩათვლით.

4. მსჯავრდებულ შ------ ა-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. შ------ ა-------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

5. შ------ ა-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ე-–--- ვ----–---ის საფულე, თანხა და პირადობის მოწმობა (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ე-–--- ვ----–---ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. გაუქმდეს შ------ ა-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20---–-–----------ს განჩინებით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი