გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3731-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - მ------------–-ა
წარმომადგენლები - დ-------------- და ი-----–-----------
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება და ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს მ------------–-ას სასარგებლოდ 2 845,19 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) და 875,80 ლარის გადახდა.
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მ------------–-ასთან დადებული 2007 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მ------------–-ასათვის საცხოვრებელი ბინის (არაუმეტეს 40 კვ.მ) საკუთრებაში გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე - მ------------–-ას სარგებლობაში არ გადასცემია აღნიშნული საცხოვრებელი ფართი, როგორც საკუთრებაში გადაცემის წინაპირობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ იყო ვალდებული შეესრულებინა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მის წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 26 დეკემბრის №M---------------- წერილის თანახმად, მ------------–-ას, 2017 წლის 14 დეკემბრის №1------ განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №1------, გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის 2017 წლის 19 დეკემბრის №1------ წერილები და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 5 დეკემბრის №1------ ცნობა. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ განმცხადებლის თხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 26 დეკემბრის №M---------------- წერილი (ს.ფ. 31);
3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №M---------------- წერილით დგინდება, რომ მ------------–-ას მიმართ, 1998-2003 წლებში ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება შეადგენს (ხელფასი და კვების კომპენსაცია) 2 845,19 დოლარს (ექვივალენტი ლარში), მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაციას - 1 032,47 დოლარს (ექვივალენტი ლარში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №M---------------- წერილი (ს.ფ. 33-34).
3.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 5 დეკემბრის №M---------------- და 2018 წლის 20 ივლისის №M---------------- ცნობებით დგინდება, რომ მ------------–-ას მიმართ, 2008 წლის ოქტომბრის თვეში მიუღებელი 20 დღის დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს (წოდ. თან. წელთა ნამ. დან. დან. კვება.) 875,80 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 656,85 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაციას - 56,25 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 5 დეკემბრის №M---------------- ცნობა (ს.ფ. 35);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2018 წლის 20 ივლისის №M---------------- ცნობა (ს.ფ. 55);
3.4. მოსარჩელე - მ------------–-ასა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 26 ივნისს, 5 წლის ვადით დაიდო „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.
აღნიშნული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.
მოსარჩელე - მ------------–-ამ მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე და დადგენილი პირობების შესაბამისად გაიარა სამხედრო სამსახური, ხოლო მას, იმავე ხელშეკრულების შესაბამისად საცხოვრებელი ბინა არ გადასცემია.
მოსარჩელე - მ------------–-ამ, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნით, სასამართლოს მომართა 2018 წლის 18 ივნისს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი (ს.ფ. 17-28);
- სარჩელი (ს.ფ. 2-16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება”.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გამომდინარეობს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა - საცხოვრებელი ბინის გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან. ასევე, მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე და მოითხოვს, რომ: მოპასუხეს დაევალოს მის სასარგებლოდ 1998-2003 და 2008 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების - 2 845,19 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) და 875,80 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 26 დეკემბრის №M---------------- წერილის თანახმად, მ------------–-ას, მისი 2017 წლის 14 დეკემბრის №1------ წერილის პასუხად გაეგზავნა ინფორმაცია სახელფასო დავალიანების შესახებ.
ამდენად, მართალია მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა 2017 წლის 14 დეკემბერს, ხოლო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
6.2. სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.
მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მუშაკის შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეებს, როგორც მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებთ შესაძლებლობას მოითხოვონ სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო - ხელფასი.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ, სადავო პერიოდში ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.
ანალოგიურად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომლის შესაბამისად, სამინისტროს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფამდე. როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით - საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
რაც შეეხება 2008 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების და კვების კომპენსაციის ანაზღაურებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რადგან მათზე არ არის საუბარი ზემოთ მითითებულ მუხლში, რის გამოც მათზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით, აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №M---------------- წერილის მიხედვით, მ------------–-ას მიმართ, 1998-2003 წლებში ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება შეადგენს (ხელფასი და კვების კომპენსაცია) 2 845,19 დოლარს (ექვივალენტი ლარში), მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია - 1 032,47 დოლარს (ექვივალენტი ლარში), ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 5 დეკემბრის №M---------------- და 2018 წლის 20 ივლისის №M---------------- ცნობების მიხედვით, მ------------–-ას მიმართ, 2008 წლის ოქტომბრის თვეში მიუღებელი 20 დღის დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს (წოდ. თან. წელთა ნამ. დან. დან. კვება.) 875,80 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 656,85 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია - 56,25 ლარს.
6.4 საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების” თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილი იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე - მ------------–-ასა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 26 ივნისს, 5 წლის ვადით დაიდო „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება (კონტრაქტი) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თნახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის და 317-ე მუხლის თანახმად - ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ------------–--სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, ანუ 5 წლის განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად.
ამდენად, მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს კანონმდებლობით და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, რის გამოც მას უფლება წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება მოეთხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან.
როგორც ზემოთ აღინიშნა, თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის ბინით დაკმაყოფილებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხოლო საკუთრებაში გადაცემას კონტრაქტის სრული ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების შესრულება დაყო ორ ეტაპად - პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით, ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში და 2007 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება მას არ შეუსრულებია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით სასამართლოს განმარტავს, რომ სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტის პირობებში, მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა მოიაზრებს ნაკისრი ვალდებულების ორივე ნაწილის შესრულებას, გამომდინარე იქიდან, რომ პირის საკუთრების უფლება გულისხმობს არამარტო ნივთზე აბსოლუტური სანივთო უფლების წარმოშობას, არამედ პირის მიერ ნივთის (საცხოვრებელი ბინის) ფაქტობრივად დაუფლებას, ნივთით (ბინით) მართლზომიერად სარგებლობას. შესაბამისად მოპასუხეს, თანაბარი ძალისა და მნიშვნელობის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ყველა ელემენტის შეუსრულებლობისთვის და ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მ------------–-ა არ უზრუნველყო საცხოვრებელი ბინით, გავლენას ვერ მოახდენს საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე, რადგან კანონი არ ითვალისწინებს მოვალის მიერ ერთი ვალდებულების დარღვევის გამო ამავე მოვალის მიერ ნაკისრი სხვა, თანმდევი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა ვალდებულება, მოსარჩელე - მ------------–-ასათვის არაუმეტეს 40 კვ.მ-ის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც მას არ შეუსრულებია.
6.5. ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - მ------------–-ას სასარგებლოდ 1998, 1999, 2000, 2001, 2002 და 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების (წოდ,თან,დან,) ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს - 1 812,72 დოლარს (ექვივალენტი ლარში). ასევე, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს მხარეთა შორის, 2007 წლის 26 ივნისს დადებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულება, კერძოდ მოსარჩელე - მ------------–-ასათვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემა.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელის მოთხოვნა - 2008 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და კვების კომპენსაციის ნაწილში წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 2008 წლის სახელფასო დავალიანება და 1998, 1999, 2000, 2001, 2002 და 2003 წლების კვების კომპენსაცია (ხელფასის თანხისგან განსხვავებით) არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მითითებული მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის სახელფასო დავალიენების და კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 (ასოცი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 24-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს მ------------–-ას სასარგებლოდ, 1998-2003 წლების ხელფასის - 1 812,72 დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით ანაზღაურება;
3. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მ------------–-ასათვის საცხოვრებელი ბინის (არაუმეტეს 40კვ.მ) გადაცემა საკუთრებაში;
4. დანარჩენ ნაწილში მ------------–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. მოსარჩელე - მ------------–-ას უკან დაუბრუნდეს ი-----–----------ის მიერ, 2018 წლის 18 ივნისს, სს ,,თ----------ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 (ასოცი) ლარი, საგადასახადო დ----–------, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი