გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2018
საქმის ნომერი
210310517002019259
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310517002019259

საქმე №3/109-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29.11.2018 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: გო-------- მთ------ე;

წარმომადგენელი – და---- მე-----–---–ი;

მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის კახეთის რეგიონული ოფისი;

წარმომადგენელი – ზუ---- ბა------–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალი ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ცნობა, ახალი ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

11. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივნისის N2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, (დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის კახეთის რეგიონული ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N8------------12 (04.08.2017), საჯარო რეესტრის 21.08.2017 წლის N8----------- გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N8------------15 (05.09.2017) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბრის N442289 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის კახეთის რეგიონული ოფისს დაევალოს 2016 წლის 28 ივლისს წარდგენილ განცხადებაზე მიიღოს გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

მოსარჩელის წარმომადგენლის და---- მე-----–---–ის განმარტებით, მოსარჩელემ 2016 წლის 28 ივლისს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა. 2016 წლის 02 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება N8------------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. 2016 წლის 03 აგვისტოს მოსარჩელის მხრიდან წარდგენილ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წერილი, რომლითაც აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 08 აგვისტოს წარდგენილი დოკუმენტების შემდეგ მიიღო N8------------05 გადაწვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. ვინაიდან, საჯარო რეესტრმა ისევ არ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, მოსარჩელემ წარადგინა დამატებითი განცხადება 2017 წლის 11 აპრილს, რის შემდეგაც არ განხორციელდა უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა. 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა N8------------03 გადაწყვეტილების იდენტური საფუძვლების არსებობის თაობაზე, კერძოდ კვლავ წარსადგენი იყო უფლებამოსილი ორგანოს - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული ინფორმაცია მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ. 2017 წლის 26 აპრილს დაინტერესებულმა პირმა კვლავ წარადგინა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N0------ (02.08.2016) მომართვის ასლი, რომლითაც აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი. განცხადების წარდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება N8------------09 რომლითაც დაიწყო დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება და ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი - მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8------------10 (22.06.2017) გადაწყვეტილება. 2017 წლის 25 მაისს გო-------- მთ------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი და 2017 წლის 27 ივნისს მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და კახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება. 2017 წლის 4 აგვისტოს კახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა სააგენტოში დაცული ინფორმაცია. მოსარჩელის მხრიდან საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ იქნა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სადაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა მითითებული მიწის დანიშნულებაში „ არასასოფლო-სამეურნეო “ . საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართალია გააუქმა ყველა უკანონო აქტი მაგრამ მოითხოვა სხვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა , რომელი შესაბამისობაში მოვა საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებთან, რაც არის უკანონო და მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი საკუთრების უფლების მოწმობა იძლევა სრულ საფუძველს, რომ დარეგისტრირდეს განცხადებაში მითითებული ქონება საკუთრების უფლებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის კახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მხარის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია მითითებულია, როგორც „ სასოფლო-სამეურნეო “ (სახნავი), შეუსაბამოა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ ინფორმაციასთან (საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდის მევენახეობის მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი აღრიცხული იყო როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ნაწილი სპეც. მიწები, ნაწილი-საზოგადოებრივი ნაგებობები, ნაწილი წარმოადგენდა აგურის ქარხნის მიწებით დაკავებულ ტერიტორიას, ხოლო ნაწილი სახნავის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს). ამასთან, რეგისტრაციის სამსახურის მიერ მოთხოვნილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული ინფორმაცია მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ თავისთავად არ წარმოადგენს რეგისტრაციისათვის სათანადო დოკუმენტს, მითუმეტეს რომ კომისიისთვის წარდგენილ დოკუმენტებში დაკონკრეტებული იყო და მათი შინაარსიდან ზუსტად ირკვეოდა მიწის ნაკვეთის დანიშნულება და ნაკვეთის კატეგორია. მოპასუხის განმარტებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის 19.04.17 წლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა დაადგინა დაინტერესებული პირის წარდგენილი დოკუმენტის შეუსაბამობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ მონაცემებთან და სწორად მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები, ვინაიდან სააგენტოს მიერ განხორციელდა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის სრული დაცვით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1 ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 26 ივლისის N24 სხდომის ოქმის თანახმად, დაკმაყოფილდა გო-------- მთ------ის განცხადება თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი კატეგორიის - 59393 მ2 მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული (მშენებარე) საცხოვრებელი სახლის – 320 მ2, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. მოსარჩელე გო-------- მთ------ის მიერ გადახდილ იქნა 4 946.20 ლარი, როგორც სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთის საფასური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის 2016 წლის 26 ივლისის N2- ოქმი

- გადახდის ქვითარი, საგადასახადო დავალება N1

- 2016 წლის 02 აგვისტოს N0------ წერილი

 

3.2. 2016 წლის 28 ივლისს გო-------- მთ------ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულ ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი №81.13.01.1--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების N3-- მოწმობა (28.07.2016 წ.), მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვის ნახაზი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 8----------- სარეგისტრაციო განცხადება

 

3.3 2016 წლის 02 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება N8------------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული ინფორმაცია მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ.

 

2016 წლის 03 აგვისტოს გო-------- მთ------ის მიერ წარდგენილ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიის 2016 წლის 02 აგვისტოს N0------ მიმართვის ასლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიის 2016 წლის 02 აგვისტოს N0------ მიმართვის ასლი

- 2017 წლის 11 აპრილს პირადი განცხადება

 

3.4. 2017 წლის 19 აპრილის N8------------07 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარმოსადგენი იყო უფლებამოსილი ორგანოს - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან დოკუმენტი მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ. 2017 წლის 26 აპრილს დაინტერესებულმა პირმა წარადგინა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N0------ (02.08.2016) მიმართვის ასლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8------------07 გადაწყვეტილება

- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიის 2016 წლის 02 აგვისტოს N0------ მიმართვის ასლი

 

3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 22 ივნისის N8------------10 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლის მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N8------------10 (22.06.2017) გადაწყვეტილება

 

3.6. 2017 წლის 25 მაისს გო-------- მთ------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა N2-4170/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც არ დაეთანხმა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 02 მაისის N8------------09 გადაწყვეტილებას და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2017 წლის 29 მაისის N191196 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 25 მაისის №2-4170 საჩივარი

-2017 წლის 02 მაისის N8------------09 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ

- 2017 წლის 29 მაისის N191196 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ

 

3.7. 2017 წლის 27 ივნისის N2----- გადაწყვეტილებით გო-------- მთ------ის N2-4170/17 (25.05.2017) ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის N8------------07 (19.04.2017), N8------------09 (02.05.2017) და N8------------10 (22.06.2017) გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილებით კახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება წინამდებარე გადაწყვეტილების 3.12 და 3.13. პუნქტების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 27 ივნისის N2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

 

3.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აგვისტოს N8------------12 გადაწყვეტილებით განმცხადებელ გო-------- მთ------ეს დაევალა წარმოედგინა კორექტირებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სააგენტოში დაცული ინფორმაცია. ვინაიდან, მოპასუხის შეხედულებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 05 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------15 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 04 აგვისტოს N8------------12 გადაწყვეტილება

- 2017 წლის 05 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8------------15 გადაწყვეტილება

 

3.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბრის N442289 გადაწყვეტილებით გო-------- მთ------ეს უარი ეთქვა N521494/17 (25.09.2017) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 23 ოქტომბრის N442289 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა, სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გო-------- მთ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

„ საჯარო რეესტრის შესახებ “ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “ კ “ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

6.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

6.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ” ა ” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

6.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრობითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებელის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

6.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

იმავე საკანონმდებლო ნორმის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნეს, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

6.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას ”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს ”.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში უნდა შეაფასოს აღნიშნული აქტების შესაბამისობა მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან.

 

6.7. „ საჯარო რეესტრის შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

„ საჯარო რეესტრის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „ კ “ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „ საჯარო რეესტრის შესახებ “ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

6.8 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საკუთრება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლება, ზესახელმწიფოებრივი უფლებაა და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას სახელმწიფოს მხრიდან.

 

,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების N3-- მოწმობა (28.07.2016 წ.), მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვის ნახაზი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული საკუთრების უფლების საფუძველზე გო-------- მთ------ეს საკუთრებაში გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი კატეგორიის - 59393 მ2 მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული (მშენებარე) საცხოვრებელი სახლის – 320 მ2. საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი საკუთრების უფლების მოწმობა, აზომვის ნახაზი და საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა საკმარის საფუძველს, რომ რეგისტრაციაში გატარებულიყო განცხადებაში მითითებული ქონება საკუთრების უფლებით და არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის და შეწყვეტის საფუძვლები. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხე მხარე მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გადაცემული ნაკვეთის დოკუმენტაციაში დანიშნულებად მითითებული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი კატეგორია, თუმცა სააგენტოში არსებული საგარეჯოს რაიონის გიორგიწმინდის მევენახეობის მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის დოკუმენტებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი აღრიცხული იყო როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ნაწილი კი სახნავის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებად. სასამართლო უთითებს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-15 მუხლის 31 პუნქტის თანახმად, თუ ამ წესების მე-11 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის დაკონკრეტებული ან მათი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია კომისია დამატებით წარმოდგენელი ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და კატეგორიის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების N3-- მოწმობით გო-------- მთ------ეს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი კატეგორია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციას ახდენს ერთი (საჯარო რეესტრის სამსახური), ხოლო თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას - მეორე ადმინისტრაციული ორგანო (შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის კომისია).

 

ორი ადმინისტრაციული ორგანოს განსხვავებული მიდგომა სადავო საკითხისადმი კი მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საგარეჯოს მერიასთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისია სახელმწიფო ორგანოებია და მათ მონაცემებში არსებული შეუთავსებლობები მათვე უნდა გაასწორონ და ამ შეუთავსებლობაზე მოსარჩელეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით ორჯერ მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, თუმცა მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებისა საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განხორციელდა. მოსარჩელე გო-------- მთ------ე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, სახელმწიფომ აღნიშნული უძრავი ქონება მას გადასცა საკუთრებაში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ და შესაბამისად რეგისტრაციაზე უარის თქმა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მის საკუთრების უფლებას.

 

მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქმეს თან ერთვის მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯის გაღების დოკუმენტაცია, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი, თუმცა იგი არ შუამდგომლობა ხარჯის ანაზღაურების შესახებ; შესაბამისად, მოპასუხეზე ხარჯის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება ვერ მოხდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 2-3-2-4-ე, 2-8-2-9-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გო-------- მთ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივნისის N2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ, გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, (დაევალოს კახეთის რეგიონული ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება წინამდებარე გადაწყვეტილების 3.12. 3.13 პუნქტების გათვალისწინებით).

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N8------------12 (04.08.2017), საჯარო რეესტრის 21.08.2017 წლის N8----------- გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N8------------15 (05.09.2017) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბრის N442289 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის კახეთის რეგიონული ოფისს) გამოსცეს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიერ 2016 წლის 28 ივლისს წარდგენილ განცხადებაზე უძრავ ქონების, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა, გო-------- მთ------ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

5. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე გო-------- მთ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ.რობაქიძის ქუჩა № 7), სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქუჩა №15), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე