გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6060-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.11.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: ოქ---------ა ლ------ო
წარმომადგენელი: კონსტანტინე გე-–-–---–ი
მოპასუხე: ირ--- პ-------–-ო
დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს ირ--- პ-------–-ოს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქით“ საჯაროდ გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობა, რომ ოქ---------ა ლ------ოს მიმართ გავრცელებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი შემდეგი ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება:
ა. ”ვე---------–----ი ც------ი აღმოჩნდა პატარა ბნელი მაღაზია”;
ბ. ,,იქ საგებზე მოჩანდა გაურკვეველი თეთრი ფერის გროვები - ან ძაღლებმა მოისაქმეს ან გული აერიათ”;
გ. ,,მისმა პასუხმა შოკში ჩაგვაგდო”;
დ. ,,ვიტრ---ში მჯდომ ძაღლებს, რომლებიც წარმოგვიდგინეს მწარმოებლად, ძალიან დამწუხრებულად გამოიყურებოდნენ, იყვნენ დაუბანელები, დაუვარცხნელები, ის თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი ძალზედ შორი იდგა სანაშენო მწარმოებლის გარეგნობისგან“;
ე. ,,მან არცთუისე მონდომებით გვაჩვენა გრ-------ს კაბინეტი - პაწაწინა ბნელი ოთახი, მეტრი მეტრზე, მაგიდის მაგივრად რაღაც ფიცარი, ერთი სიტყვით - საშინელება“;
ვ. ,,როდესაც ვნახეთ ლეკვის ფოტოსურათი და ვკითხეთ თუ რატომ დაამახინჯა ასე ძაღლი, მარ---მ თვალთმაქცური გაკვირვება გამოხატა დაიწყო ყველანაირად ყველაფრის უარყოფა“;
ზ. ,,იმედი გვაქვს, რომ მარ--- ლ------ოსგან ძაღლების პოტენციური მყიდველები დაფიქრდებიან და არ შეუწყობენ ხელს ამ ქალბატონის უნამუსო ბიზნესს და თვითონაც თავიდან აიცილებენ იმედგაცრუებას“;
თ. ,,ლეკვი ნაყიდი იყო ადამიანისგან, რომელიც აცხადებს, რომ არის ვ----რ---რი, გ--------ი - მარ--- ლ------ოსგან“;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანი ანაზღურება 15000 ლარის ოდენობით;
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელეს თბილისში, კ----–--ის ქ.N---ში გახსნილი აქვს სალონი-მაღაზია, რომლითაც ვ----რ---რულ სერვისს და შესაბამის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. მოსარჩელეს აქვს შესაბამისი გამოცდილება და შესაბამისად, მომხმარებელი იღებს კვალიფიციურ მომსახურებას პროფესიონალისგან. მოპასუხე არის მოსარჩელის კონკურენტი და ასევე აქვს სალონი არ---–---–-ს N---ში. ირ--- პ-------–-ომ სოციალურ ქსელ ,,facebook”-ის მეშვეობით, მოსარჩელეს საჯაროდ გაუვრცელა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია, კერძოდ, დამამცირებელი ტონით რუსულ ენაზე ისაუბრა მოსარჩელის შესახებ და მისი სერვისი მოიხსენია უხარისხოდ და მიუღებლად. ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით კი შეილახა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია და პატივი და ღირსება. შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციების გამოყენებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა იმავე საშუალებითა და მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ფორმულირებით;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნობს;
შესაგებლის საფუძვლები:
მოპასუხის განმარტებით, მის მიერ სადავო პოსტში აღნიშნული ფაქტები არის სიმართლე, რაც დასტურდება მტკიცებულებებით;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 10 მაისს მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხის სახელი და გვარი და თავდაპირველად, სარჩელში მითითებული ირ--- გ--------ი შეცვალა ირ--- პ-------–-ოთი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შუამდგომლობა ს.ფ. 82;
- მოსარჩლის ახსნა-განმარტება;
3.1.2. ირ--- პ-------–-ომ მის ფეისბუქ გვერდზე (მომხმარებლის სახლი: ირ--- გ--------ი) 2018 წლის 25 იანვარს დადო შემდეგი ,,პოსტი“: ,,დღეს „მასტერგრუმ“–ში ჩაწერეს შპიცის ლეკვი, მაგრამ როდესაც ის ამოიყვანეს გადასატანი კალათიდან, ჩვენ თავზარი დაგვეცა. ხუთთვიანი ლეკვი იყო გაპარსული მანქანით და მისი ბეწვი საშინელ მდგომარეობაში იყო, პატრონმა მოგვიყვა ისტორია, რომელმაც შეგვაშფოთა სულის სიღრმემდე. ლეკვი ნაყიდი იყო ადამიანისგან, რომელიც აცხადებს, რომ არის ვ----რ---რი, გ--------ი, ძაღლების რამდენიმე ჯიშის ერთად მომშენებელი - მარ--- ლ------ოსგან, მისამართზე: კ----–--ის ქუჩა N--, სადაც მდებარეობს, ჩვენთვის უკვე ნაცნობი მარ---ს ზოომაღაზია და ვ----რ---რული კაბინეტი. ერთი სიტყვით, მან თვითონ გაპარსა ლეკვი და უთხრა პატრონს, რომ „ასეა საჭირო" და საერთოდ, შპიცები უნდა დაივარცხნოს თვეში ერთხელ, რაც ძალზედ უცნაურად ჟღერს. პატრონი იყო შოკში და მოვიდა ჩვენთან რჩევის მისაღებად, თუ რა ექნა ახლა. ჩვენ დავბანეთ, დავვარცხნეთ ლეკვი და იმედი გვაქვს, რომ მას ყველაფერი კარგად ექნება. შპიცების პატივცემულო პატრონებო, არ მისცეთ არავის საშუალება გაპარსონ თქვენი საყვარელი არსებები“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელ ,,facebook”-ზე გამოქვეყნებული ,,პოსტი“ ს.ფ. 38; 40;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.3. 2018 წლის 26 იანვარს კი მოპასუხემ იმავე ფეისბუქ გვერდზე დადო პოსტი: ,,სასიამოვნო დღეს გისურვებთ ყველას, ჩვენო მკითხველებო. გთავაზობთ მარ--- ლ------ოსგან ნაყიდი შპიცის ლეკვის შესახებ გუშინდდელი პოსტის გაგრძელებას. ჩვენ ამას ასე ვერ დავტოვებდით, დილიდან გავემგზავრეთ ე.წ. „ვ----რ---რულ ც------ში“, რომელიც მდებარეობს მისართზე: კ----–--ის ქუჩა N--. დიდხანს ძებნა არ დაგვჭირდა, ჩვენ უცებ დავინახეთ ფირნიშზე გამოსახული სურათი სავიზიტო ბარათიდან. „ვ----რ---რული ც------ი“ აღმოჩნდა პატარა ბნელი მაღაზია, რომელიც გავსებული იყო სხვადასხვა საქონლით. ვიტრ---ზე იდგა ორი გალია, რომელშიც მოთავსებული იყო ძაღლები - ორი შპიცი და იორკი. თვითონ დაწესებულების მეპატრონე დაგხვდა დახლთან. ჩვენ ინტერესით ვიყურებოდით გალიაში, იქ, საგებზე მოჩანდა გაურკვეველი თეთრი ფერის გროვები - ან ძაღლებმა მოისაქმეს, ან გული აერიათ. ასეთი ინტერესის შემჩნევისას მეპატრონემ სწრაფად, თითქოს და შემთხვევით, დაახვია და მოაშორა გალიიდან ეს საფენი. თვითონ მარ--- გარეგნულად აღმოჩნდა ძალზედ თავდაჯერებული. გასაუბრების დაწყების მიზნით შევეკითხეთ, რომ გვსურს ლეკვის შეძენა. ჩვენ დავინტერესდით ფასებით და ლეკვების ხარისხით, მისმა პასუხმა შოკში ჩაგვაგდო - საშუალო ხარისხის ყველაზე იაფი ლეკვი – 800 დოლარიდან, და ზოგადად, რაც უფრო ღია ფერის არის ძაღლი, მით უფრო ძვირია. თეთრი შპიცი შეფასებულ იქნა 2000 დოლარად! ამასთან იგი გვარწმუნებდა, რომ ლეკვი იქნება შოუ–კლასის, მისი მწარმოებლებისგან. ვიტრ---ში მჯდომ ძაღლებს, რომლებიც წარმოგვიდგინეს მწარმოებლებად, ძალზედ დამწუხრებულად გამოიყურებოდნენ, იყვნენ დაუბანელები, დაუვარცხნელები, ის, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, ძალზედ შორს იდგა სანაშენო მწარმოებლების გარეგნობისგან, შპიცებს ჰქონდან გაიშვიათებული ბამბისებრი ბეწვი.. კითხვაზე, თუ როგორ ვნახოთ შემოთავაზებული ლეკვები, მარ---მ გვიპასუხა, რომ ხვალ საღამოს, 18:00–დან 20:საათამდე ის მოიყვანს ლეკვებს ამ მაღაზიაში, იმიტომ, რომ უნდა მოვიდნენ მყიდველებიც. ჩვენ აქვე დავინტერესდით, ჭრის იგი ძაღლებს ბეწვს თუ არა და ვთხოვეთ ეჩვენებინა, თუ როგორ აკეთებს ამას. მან არც თუ ისე მონდომებით გვაჩვენა „გრ-------ს კაბინეტი“ - პაწაწინა ბნელი ოთახი, მეტრი მეტრზე, მაგიდის მაგივრად - რაღაც ფიცარი, ერთი სიტყვით - საშინელება... ყველაზე გამოცდილი გ--------იც კი ვერ მოახერხებდა ასეთ პირობებში ცხოველისთვის ბეწვის შეჭრას! როდესაც ვანახეთ ლეკვის ფოტოსურათი და ვკითხეთ, თუ რატომ დაამახინჯა ასე ძაღლი, მარ---მ თვალთმაქცურად გაკვირვება გამოხატა, დაიწყო ყველანაირად ყველაფრის უარყოფა და ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ საერთოდ პირველად ხედავდა ამ ლეკვს! გაჩერდა ის მხოლოდ მაშინ, როდესაც დავიწყეთ რეკვა ლეკვის პატრონებთან.. — აი ასე .. ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, განსაკუთრებით მკითხველებო, რომლებიც აპირებთ ძაღლის აყვანას. დაჟინებით გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იმას, თუ ვისგან და რა პირობებში ყიდულობთ ლეკვებს! გასაგებია, რომ ასეთ პატარა ოთახში ჯიშიანი და ჯანმრთელი ცხოველის ყიდვას ვერ მოახერხებთ, ვიტრ---ში მჯდომი ძაღლები – ცოცხალი ანტირეკლამაა, ისინი საერთოდ არ გვანან ლამაზ ძაღლებს ინტერნეტში არსებული ფოტოსურათებთან შედარებით. ასევე არასოდეს მოგერიდოთ იმის თნოვნა, რომ გაჩვენონ, თუ რით ჭრიან ბეწვს და აბანავებენ თქვენს ლეკვს. გთხოვთ ამ ინფორმაციის მაქსიმალურ რეპოსტს ცხოველების მოყვარულთა ყველა ჯგუფში. იმედი გვაქვს, რომ მარ--- ლ------ოსგან (მისამართი: კ----–--ის ქუჩა N--) ძაღლების პოტენციური მყიდველები დაფიქრდებიან და არ შეუწყობენ ხელს ამ ქალბატონის უნამუსო ბიზნესს და თვითონაც თავიდან აიცილებენ იმედგაცრუებას”;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელ ,,facebook”-ზე გამოქვეყნებული ,,პოსტი“ ს.ფ. 37; 39;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სასამართლო, წინამდებარე საქმეში მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესე გაამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მთავარი სადავო გარემოებაა დადგინდეს, შეელახა თუ არა მოსარჩელეებს სადავო გამონათქვამებით პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ასევე, რეალურად ქონდა თუ არა ადგილი იმ გარემოებებს, რაც განმარტებულია სადავო განცხადებებით, ან იყო თუ არა საამისოდ საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები;
მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის მიერ ცრუ და არასწორი ინფორმაციების გასაჯაროებას მოჰყვა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვა.
მოპასუხის განმარტებით კი, მისი შეფასებები იყო აღწერა იმისა, რაც პირადად იხილა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სალონ-მაღაზიაში.
მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებს მათ, როგორც ცილისწამებას. სასამართლომ კი უნდა დაადგინოს, გავრცელებული ცნობები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა ,,აზრის“ შეფასებითი მსჯელობის ნაწილს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: ,,აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამებაა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელეების შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი.
სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.
მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის თანახმად, ვინაიდან ირ--- პ-------–-ომ მიუთითა ის ფაქტები, რამაც გამოიწვია სადავო შეფასებების გაკეთება, მოსარჩელეს - სწორედ მტკიცების ტვირთის სპეციფიკური განაწილების საფუძველზე, უნდა წარმოედგინა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებელი მტკიცებულებები. თუმცა ოქ---------ა ლ------ომ ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი და საპირისპიროდ ვერაფერი წარმოადგინა. საქმეში საერთოდ არაფერია წარმოდგენილი, რომელიც გაკეთებული განცხადებების არამართებულობას დაადასტურებდა (არც წერილობითი მტკიცებულებანი, არც მოწმეთა ჩვენება და სხვა).
სასამართლო ნაწილობრივ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას და მიუთიტებს, რომ სადავო განცხადებათა ნაწილი წარმოადგენს მოპასუხის მიერ დანახული სურათის აღქმის გადმოცემას, რაც თავის მხრივ ამ გამონათქვამებისათვის "აზრის" და არა "ფაქტის გადმოცემის" კვალიფიკაციის მინიჭებას იწვევს (მით უმეტეს. რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი სადავო შემთხვევაში, გამოხატვისათვის სწორედ აზრის მინიჭების პრეზუმფციისაკენ იხრება).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი და ვერაფერი წარმოადგინა, რაც სადავო განცხადებების შინაარსს უარყოფდა, შესაბამისად, სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი;
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (CASE LAW): CASTELS VS. SPAIN; HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; LINGENS VS AUSTRIA; AUTRONIC AG VS SWITZERLAND; STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM; GORELISHVILI VS GEORGIA; JERSILD VS DENMARK; OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM; SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM; MALONE VS THE UNITED KONGDOM; WINGROWE VS THE UNITED KONGDOM; CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA; KYPRIANOU VS CYPRUS; PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK; RADIO FRANCE VS FRANCE; SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM; HRICO VS SLOVAKIA; BARFORD VS DANMARK; FRESSOZ AND ROIRE VS FRANCE; BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY; MCVICAR VS THE UNITED KINGDOM; ALVES COSTA VS PORTUGAL; OTTO PREMINGER INSTITUT VS AUSTRIA; BLADET TROMSO AND STENSAAS VS NORWAY; DICHAND AND OTHERS VS AUSTRIA; JANOWSKI VS POLAND; BUSUIOC VS MOLDOVA; MULLER AND OTHER VS SWITZERLAND; WHITE VS SWEDEN; THOMA VS LUXEMBURG;
აშშ-ს სასამართლო პრაქტიკა: TEXAS VS JOHNSON; GERTZ VS ROBERT WELCH; NEW YORK TIMES VS SULLIVAN; FCC VS LEAGUE OF WOMEN VOTERS.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია „მედიაში პოლიტიკური დებატების თავისუფლების შესახებ“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლები;
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-5, მე-14 მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას;
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.
მეორე მსოფლიო ომში, ადამიანის უფლებათა მასობრივმა და ძალიან უხეშმა დარღვევებმა დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საჭირო იყო ადამიანის უფლებათა (მათ შორის გამოხატვის თავისუფლების) დაცვისათვის აუცილებელი ქმედითი რეგულაციებისა და მექანიზმების შექმნა. ადამიანის უფლებათა დაცვა ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, ხოლო ადამიანი, თავად გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი (ჩამოყალიბდა ე.წ. „სპეციფიკური სუბიექტუნარიანობის“ ცნება, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის სრულყოფილი სუბიექტი არის მხოლოდ ისეთი სუბიექტი, რომელიც ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის - სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები). უპირველესი ნაბიჯი ამ კუთხით 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ანსამბლეას მიერ მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გახლდათ. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ადამიანის და ხალხის უფლებათა აფრიკული ქარტია, ევროპის კავშირის ქარტია ძირითადი უფლებების შესახებ და სხვა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ამ საერთაშორისო ხასიათის მქონე სამართლის წყაროს მე-19 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას გააჩნდეს საკუთარი აზრი ჩარევის გარეშე, აგრეთვე, თავისუფლებას, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი მედიის საშუალებით და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი ასევე შეიცავს აზრის, ინფორმაციის, იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების უსაზღვრო თავისუფლებას და მხოლო ვიწროდ განსაზღვრულ და კონკრეტულ პირობებში მიიჩნევს დასაშვებად ამ თითქმის უკიდეგანო თავისუფლების შეზღუდვას (სხვათა უფლებების დასაცავად და სხვა).
სასამართლო აქვე აღნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებს, რომლებითაც, საერთაშორისო სამართლის წყაროების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, აღიარებულია აზრის, სინდისის, სიტყვის, აღმსარებლობისა და რწმენის, ასევე მათი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია მათში ჩარევა, თუ მათი განხორციელება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ამ თავისუფლებათა შეზღუდვა კი, დასაშვებია მხოლოდ კანონით (მუხლი 24) და მხოლოდ ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად და სხვა (იხ. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
გარკვეულწილად, კონსტიტუციის აღნიშნული რეგულაციები და მასში მოცემული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალი, ნასულდგმულებია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფორმულირებით. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს განსახილველი სამართალურთიერთობის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანეს ნორმას და სწორედ მას დაუთმობს სასამართლო ყველაზე დიდ ყურადღებას (შესაბამის პრეცედენტულ სამართალთან ერთად) და მიაკუთვნებს უმნიშვნელოვანეს როლს ასეთი ღირებულებათა კონფლიქტის გადაწყვეტის ჭრილში.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს და თანაც ეროვნული კანონმდებლობის ზემდგომი სამართლის წყაროა (საქართველოს კონსტიტუციის გარდა), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული საერთაშორისო სამართლის წყაროს მიერ არის დადგენილი ევროპაში გამოხატვის თავისუფლების (FREEDOM OF EXPRESSION) არსისა და ფარგლების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი - მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც:
1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების, კონვენციის სხვა მუხლების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (ე.წ. CASE LAW). სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, აღქმულ უნდა იქნეს სამართლის პირდაპირ წყაროდ, თანაც ისეთ წყაროდ, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას სამართლის წყაროთა იერარქიაში. აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებანი და გადაწყვეტილებანი ხსნიან და განმარტავენ კონვენციის ტექსტს, ისინი, სავალდებულო პრეცედენტებია და ამდენად, მოახდენენ თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფონი (მათ შორის საქართველოც) კონვენციის რატიფიცირებას, სახელმწიფოს ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა, ევროპის სასამართლოს სამართალი უნდა აღიაროს სავალდებულოდ შესასრულებლად.
კონვენცია, ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ“ და „შეზღუდვად“ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს. თუმცა, როგორც ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული მიდგომებიდან გამომდინარეობს, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თეზები უნდა განიმარტოს ძალიან ვიწროდ. საქმეში - OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM, სასამართლომ განმარტა, რომ „გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება რიგ გამონაკლისებს, რომლებიც განმარტებული უნდა იყოს ვიწროდ. ამა თუ იმ „შეზღუდვის აუცილებლობა სარწმუნოდ უნდა იყოს დადგენილი“. მთავარი კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც ევროპის სასამართლომ შეიმუშავა, მდგომარეობს იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, და ის წარმოადგენს დემოკრატიის საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების წინაპირობას. აღნიშნული ფუძემდებლური დეფინიცია სასამართლომ ყველაზე უფრო სრულყოფილად გადმოსცა საქმეში -HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; მასში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა გამოხატვის თავისუფლების ორმაგი დატვირთვა და მისი დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობა (აღნიშნული განჩინება ევროპის სასამართლოს ყველაზე უფრო ციტირებად განჩინებას წარმოადგენს). ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა - ლუციუს ვილდჰაბერმა მას „ზარის რეკვასავით ხშირად განმეორებადი დეკლარაცია“ უწოდა (იხ. „გამოხატვის თავისუფლება“; ევა გოცირიძე; თბილისი 2008წ.).
სწორედ ჰენდისაიდის საქმეში გამოიყენა ევროპის სასამართლომ ცნობილი ფრაზა - “offend, shock or disturb”; აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“. ევროპის სასამართლო, საზოგადოდ შემწყნარებელია ისეთი იდეებისა და ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ზიანს აყენებენ იმ პირთა უფლებებს, რეპუტაციას ვისკენაც არის ისინი მიმართული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული პრესა და ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული ცნება - „საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსია“ (განსახილველ დავაშიც ხომ ამ ორი უმნიშვნელოვანესი აქტორის მონაწილეობა გვაქვს სახეზე). თუმცა, ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით, კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში „ჩარევა“ სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფორმულა - offend, shock, disturb, გაგებული უნდა იქნას არა ისე, რომ შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია თუ იდეა ყოველთვის და აბსოლუტურად დაცულია, არამედ ისე, რომ ასეთი ინფორმაციაც და იდეაც, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული.
იმისათვის, რომ შეზღუდვა, ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია რომ ასეთი შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული - ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით. ანუ, გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტის მაღალი დაცვისათვის, აუცილებელია გარკვეული შემუშავებული რეგულაციები სახელმწიფოს მიერ, რომელიც პირს ნათლად დაანახებს რა წესითაა გათვალისწინებული ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი თავისუფლების შეზღუდვა. საქმეში - SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა, ვერ ჩაითვლებოდა გამართლებულად, თუ ის კანონზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმის საფუძველზე განხორციელდა. ნათელი და განჭვრეტადი კანონის თაობაზე რეგულაციას ასევე შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი საქმეებია CASE OF MALONE VS THE UNITED KONGDOM და CASE OF WINGROWE VS THE UNITED KONGDOM და სხვა.
ასევე, იმისათვის, რომ შეზღუდვა გამართლებულად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია რომ ეს „კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში; ესენია: სახელმწიფო უშიშროება, დანაშაულის თავიდან აცილება, სასამართლოს ავტორიტეტი, სხვათა რეპუტაცია, სხვა უფლებები და ა.შ.
თუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდა შესაბამისი კანონის გარეშე, ასევე ეს ჩარევა არ ემსახურება ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს, სასამართლო თავისთავად ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (ისე რომ აღარც გადადის ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე).
რაც მთავარია, ამ ორი ასე ვთქვათ - წინარე ეტაპების გადალახვის შემთხვევაში (სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, რომ უმრავლესობა საქმეებისა გადალახავს ხოლმე ამ ორ მოცემულობას), ევროპული სასამართლო უკვე მსჯელობს თუ რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში (necessary in the democratic society). აღნიშნული, ასევე გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ევროპის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, სწორედ ამა თუ იმ ჩარევის შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ - „აუცილებლობასთან“ იქცევა ხოლმე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის განმაპირობებელ ძირითად ასპექტად. მოპასუხე სახელმწიფოები - ხელშემკვრელი მხარეები, სწორედ მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებაში განხორციელებული ჩარევის დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობას ვერ ასაბუთებენ იმ შემთხვევებიდან უმრავლესობაში, რომლებშიც სტრასბურგი ადგენს მე-10 მუხლის დარღვევას. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა შემთხვევებში, ევროპის სასამართლოს მიერ არ არის ხოლმე შეწყნარებული სახელმწიფოთა მითითებანი შეზღუდვის აუცილებლობასთან (დემოკრატიულ საზოგადოებაში) მიმართებაში.
თავის მხრივ, შეფასება - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, მოიცავს ორ კომპონენტს: უფლებაში ჩარევის „აუცილებობისა“ და ჩარევის „თანაზომიერების“ შეფასებას.
სასამართლო, განსახილველ საქმეში თავს შეიკავებს ზემოაღნიშნული მე-2 კომპონენტის - „ჩარევის თანაზომიერების“ კრიტერიუმის ზოგად განხილვასა და ამ კონკრეტულ სამართალურთობასთან მიმართებაში შეფასებაზე, რამეთუ ამ საქმეში მოთხოვნილია მხოლოდ დიფამაციური განცხადების საჯაროდ უარყოფა და არ არის მოთხოვნილი ამა თუ იმ ოდენობის მატერიალური ანაზღაურება. ევროპის სასამართლო, ჩარევის თანაზომიერების საკითხის უარყოფით გადაწყვეტას, როგორც წესი გამოხატვის თავისუფლებისათვის შეუსაბამოდ მაღალი სანქციით, ან სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყების არაპროპორციული ხასიათით ხსნის; მაგ: საქმეში CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო მოხელეთა დიფამაციას, ევროპულმა სასამართლომ აღიარა უფლებაში ჩარევის აუცილებლობა და მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება, თუმცა ასევე მიიჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება და გამოყენებული სანქციები (თავისუფლების აღკვეთა და სხვა), ნამდვილად არ იყო პროპორციული და შესაძლოა მათ ექონიათ „მსუსხავი ეფექტი“ პრესის თავისუფლებაზე. აღნიშნული გამო, სტრასბურგმა მე-10 მუხლის დარღვევა სცნო (მსგავსი მიდგომებია გამოყენებული საქმეებში - KYPRIANOU VS CYPRUS, PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK, RADIO FRANCE VS FRANCE და სხვა).
სასამართლო, ზემოაღნიშნული ფორმულიდან - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ყურადღებას გაამახვილებს სწორედ პირველ კომპონენტზე: უფლებაში ჩარევის „აუცილებობა“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმის სათანადოდ შეფასება წყვეტს ხოლმე ევროპის სასამართლოში, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართებულობის საკითხს და ასევე ეს ცნება იქნება განმაპირობებელი წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე მსჯელობისას.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თავისთავად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად უნდა განიხილებოდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ამა თუ იმ გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფის დავალება, როგორც ამას ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული მიდგომის საფუძვლიანობას ადასტურებს თუნდაც ევროპის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება საქმეში - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ სამეფოში გამართული „დიფამაციური პროცესი და მისი შედეგები“ (იგულისხმება სასამართლო სამართალწარმოება და ამის შედეგად განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს მიერ), წარმოადგენდა მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რისთვისაც სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო. შესაბამისად, ნათელია, რომ სანამ სასამართლო ასეთი ფორმით „ჩაერევა“ და „შეზღუდავს“ გამოხატვის თავისუფლებას (განსახილველ შემთხვევაში - მედიის გამოხატვის თავისუფლებას), მან უნდა შეაფასოს და გაიაროს ის ტესტი, რომლითაც აფასებს ევროპის სასამართლო სწორედ ჩარევისა და შეზღუდვის აუცილებლობას.
ევროპის სასამართლოს მიერ, პრეცედენტული სამართლით შემუშავებულია გარკვეული მიდგომები და კრიტერიუმები, გარკვეული გამოკვეთილი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზემოაღნიშნული „ჩარევის აუცილებლობის“ შეფასებაზე; ასეთი ფაქტორები, იმის გათვალისწინებით თუ რომელი ფაქტორი რა მიმართებაშია სხვა ფაქტორთან, ხშირად წარმოქმნილი ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის სხვადასხვა ბალანსს სვამენ:
სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელობა ენიჭება აზრისა და ფაქტის დეფინიციებს. აზრი, რომელიც არის შეფასებითი კატეგორია და ნაკლებად ექვემდებარება მტკიცებას, შედარებით უფრო დაცულია. თუმცა არც ეს დაცვაა აბსოლუტური: ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ რაც უფრო უხეში და სერიოზული ბრალდების შემცველია აზრი, და ამავე დროს რაც უფრო დაუცველი პირის მიმართ არის ის გამოთქმული, მით მეტია ალბათობა ასეთი გამოხატვის შეზღუდვისა. მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული ფაქტების გავრცელება. თუმცა აბსოლუტური და ერთობლივი მიდგომა არც აქ არსებობს; ევროპის სასამართლო. მოწოდებულია შეიწყნაროს გარკვეული - თუნდაც მცირე ფაქტობრივი მონაცემების შემცველი ინფორმაცია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი აქტორები როგორებიცაა „საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები“ და პრესის თავისუფლება; ასევე როდესაც გამოხატვა მიმართულია ნაკლებად დაცვადი (ანუ სახელმწიფოს დაცვის ნაკლები მოთხოვნილების მქონე) პირისადმი - ხელისუფლების ორგანოს, ძლიერი ეკონომიკური სუბიექტის, პოლიტიკოსის მიმართ (აღნიშნულზე ზემოთ დეტალურად უკვე ვისაუბრეთ).
ყოველი ზემოაღნიშნული მსჯელობა და მათში გაკეთებული დასკვნები, თავისთავად განაპირობებს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ლეგალურ საფუძვლებს და სასამართლო, ამ საქმის კონკრეტული პერიპეტიების თაობაზე მსჯელობისას, რათქმაუნდა აღარ გაიმეორებს ყველა იმ მიდგომებსა თუ კონკრეტულ საქმეებს (CASE LAW), რაც ზემოთ უკვე ჩამოვაყალიბეთ.
მოცემულ საქმეში, შესაძლო დიფამაციური - ცილისმწამებური განცხადების წინააღმდეგს სარჩელი შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ და მოთხოვნილია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა; ანუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარჩელის ასეთი ფორმულირების დაკმაყოფილებით, სასამართლო თავისთავად განახორციელებდა „ჩარევას“ გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, გადმოვიტანოთ ჩარევის დასაბუთებულობის ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებზეც ზემოთ ვიმსჯელეთ და მივყვეთ თანმიმდევრობით:
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული - მე-18 მუხლი, ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები ითვალისწინებენ ამა თუ იმ სუბიექტის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სასამართლო სამართალწარმოების გზით. შესაბამისად, კონვენციის მე-10 მუხლის ასე ვთქვათ „ფორმულის“ (რომელიც გათვალიწინებულია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით) პირველი ელემენტი - „ ჩარევა გათვალისწინებულია კანონით“, სახეზე გვაქვს და ეს სადავო არ არის.
სასამართლო ასევე თვლის, რომ ამ „ფორმულის“ მე-2 ელემენტი - „ჩარევა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს“, ასევე გვაქვს სახეზე. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით რეგლამენტირებული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს სწორედ საქმიანი რეპუტაციის შელახვა წარმოადგენს და განსახილველი სარჩელიც სწორედ ამ საკითხის ირგვლივ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს ორი ასე ვთქვათ „პირველადი კრიტერიუმები“, როგორც ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ უმრავლესობა საქმეებში, აქაც გადალახულია.
აქვე სასამართლო, ისევ აღნიშნავს, რომ ის თავს შეიკავებს - „ჩარევის თანაზომიერების“ კრიტერიუმის ზოგად განხილვასა და ამ კონკრეტულ სამართალურთობასთან მიმართებაში შეფასებაზე, რამეთუ ამ საქმეში მოთხოვნილია მხოლოდ დიფამაციური განცხადების საჯაროდ უარყოფა და არ არის მოთხოვნილი ამა თუ იმ ოდენობის მატერიალური ანაზღაურება.
განსახილველი სარჩელის უარყოფითად გადაწყვეტის უმთავრეს წინაპირობას, სასამართლოს აზრით სწორედ „ჩარევის აუცილებლობის“ არარსებობა წარმოადგენს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს ,,აზრისა“ და ,,ფაქტის“ სფეროს და აზრს. შესაბამისად, უნდა გაირკვეს სადავო სტატუსების და კომენტარების შინაარსის სიმართლესთან შეუსაბამობა. მოსარჩელეები მათი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნევს შემდეგ გამონათქვამებს: ა. ”ვე---------–----ი ც------ი აღმოჩნდა პატარა ბნელი მაღაზია”;
ბ. ,,იქ საგებზე მოჩანდა გაურკვეველი თეთრი ფერის გროვები - ან ძაღლებმა მოისაქმეს ან გული აერიათ”;
გ. ,,მისმა პასუხმა შოკში ჩაგვაგდო”;
დ. ,,ვიტრ---ში მჯდომ ძაღლებს, რომლებიც წარმოგვიდგინეს მწარმოებლად, ძალიან დამწუხრებულად გამოიყურებოდნენ, იყვნენ დაუბანელები, დაუვარცხნელები, ის თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი ძალზედ შორი იდგა სანაშენო მწარმოებლის გარეგნობისგან“;
ე. ,,მან არცთუისე მონდომებით გვაჩვენა გრ-------ს კაბინეტი - ბაწაწინა ბნელი ოთახი, მეტრი მეტრზე, მაგიდის მაგივრად რაღაც ფიცარი, ერთი სიტყვით - საშინელება“;
ვ. ,,როდესაც ვნახეთ ლეკვის ფოტოსურათი და ვკითხეთ თუ რატომ დაამახინჯა ასე ძაღლი მარ---მ თვალთმაქცური გაკვირვება გამოხატა დაიწყო ყველანაირად ყველაფრის უარყოფა“;
ზ. ,,იმედი გვაქვს, რომ მარ--- ლ------ოსგან ძაღლების პოტენციური მყიდველები დაფიქრდებიან და არ შეუწყობენ ხელს ამ ქალბატონის უნამუსო ბიზნესს და თვითონაც თავიდან აიცილებენ იმედგაცრუებას“;
თ. ,,ლეკვი ნაყიდი იყო ადამიანისგან, რომელიც აცხადებს, რომ არის ვ----რ---რი, გ--------ი - მარ--- ლ------ოსგან“;
მოპასუხის მითითებული ინფორმაციის ნაწილი არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, მათში ასახულია მხოლოდ მოპასუხის აზრი (მსჯელობა, თვალსაზრისი) მოსარჩელეების სამსახურეობრივი საქმიანობის, მისი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებისა და ქცევის შესახებ და არა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ფაქტების დამტკიცების მცდელობა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები მიზანი, რომელმაც განაპირობა ამგვარი შინაარსის განცხადებების და კომენტარების გაკეთება სოციალურ ქსელში, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელის სალონი-მაღაზია არ აკმაყოფილებდა იმ ელემენტარულ სანიტარულ ნორმებს, რა პირობებშიც შესაძლოა ყოფილიყვნენ ცხოველები, რის გამოც ჩამოუყალიბდა ის შეხედულება, რაც განათავსა მის ფეისბუქ გვერდზე. მოსარჩელეს კი ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ არაფერი წარმოუდგენია. არსებითი იმის წარმოჩენა, რომ მოსარჩელეს, არც იმ ფაქტებზე და ასევე მოსაზრებებზე, რომლებიც საბოლოოდ სადავო გახდა, არაფერი წარმოუდგენია იმისათვის, რომ თუნდაც ნაწილობრივ გაებათილებინა ამ განცხადებათა შინაარსი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, სასამართლოს აქვე მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ოქ---------ა ლ------ოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი