გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2018
საქმის ნომერი
330210017002233206
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/36759-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე შპს „ნო------------ი“

წარმომადგენელი გვანცა კიკაბიძე

მოპასუხეები ა--- კა--------, მა-----ი კა--------, ვა-------ა ბა-------ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ა--- კა-------ს, მა-----ი კა-------ს და ვა-------ა ბა-------ს შპს „ნო------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4 506.23 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2197.25 ლარი, პროცენტი - 118.42 ლარი, ჯარიმა - 2190.56 ლარი (თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული ოდენობის 8800 ლარის ფარგლებში).

1.2. მოპასუხეებს ა--- კა-------ს, მა-----ი კა-------ს და ვა-------ა ბა-------ს შპს „ნო------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ყოველდღიური პირგასამტეხლო - 5.79 ლარი 2017 წლის 26 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა (მაქსიმუმ 1105.32 ლარის ფარგლებში)

1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ა--- კა-------მა, მა-----ი კა-------მა და ვა-------ა ბა-------მა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის 2197.25 ლარის და მასზე დარიცხული სარგებლის 118.42 ლარის ნაწილში, ხოლო ყოველდღიურად დასარიცხი და უკვე ფიქსირებული პირგასამტეხლოს დაკისრებას არ დაეთანხმნენ (1.11.2018წ, სხდომის ოქმი, 14:31:05 წთ 14:31:17 წთ).

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 11 სექტემბერს შპს „ნო------------ს“ და ა--- კა-------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც 60 დღის ვადით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 97,07 % მოცულობით.

 

პირაგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დავალინების 3%, ხოლო მთლიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში ძირითადი თანხისა და მიუღებელი სარგებლის ჯამის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულად დაფარვამდე.

 

3.1.2. ამავე ხელშეკრულებით, მა----- კა-------თან და ვა-------ა ბა-------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 8800 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 17-19)

- სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 20-25)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 26)

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ბოლო გადახდა განახორციელეს 2017 წლის 8 ოქტომბერს. მათი დავალიანება 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 4506.23 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2197.25 ლარი, პროცენტი - 118.42 ლარი, ჯარიმა - 2190.56 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (27)

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მისო შპს „ნო------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის 2197.25 ლარის და მასზე დარიცხული სარგებლის 118.42 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

საქმეში წარმოდგენილი გადახდების ისტორიით დგინდება, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა ჯამში შეადგენს 325.58 ლარს, საიდანაც 310,53 ლარი მიემართა პირგასამტეხლოს დასაფარად. წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2190.56 ლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებისთვის ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე 5.79 ლარის და უკვე განსაზღვრული პირგასამტეხლოს სახით 2190.56 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს საერთო ჯამში უნდა დაეკისროთ მხოლოდ 5 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს მა----- კა-------თან და ვა-------ა ბა-------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 8800 ლარის ფარგლებში და შესაბამისად კრედიტორის მიმართ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესრულება სოლიდარულ თავდებებსაც უნდა დაეკისროთ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 11 სექტემბრის სესხის, გირავნობის და თავდებობის ძირითადი ხელშეკრულების 13.6 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, ამდენად სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ნო------------ის“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს ა--- კა-------ს, მა-----ი კა-------ს და ვა-------ა ბა-------ს შპს „ნო------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2320.67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2197.25 ლარი, სარგებელია - 118.42 ლარი, პირგასამტეხლოა - 5 ლარი (თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული ოდენობის 8800 ლარის ფარგლებში).

1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.3. შპს „ნო------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 2185.56 ლარის და ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 5.79 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ა--- კა-------ს, მა-----ი კა-------ს და ვა-------ა ბა-------ს მისო შპს „ნო------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 0.18 ლარი.

3. შპს „ნო------------ს“ დაუბრუნდეს 25/12/2017 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (168.35 ლარი) - 86,51 ლარი, საგადასახადო დავალება #1

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე