გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210018002637844
საქმე №2/819-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე: ნა-----------------ი
წარმომადგენელი: ნა----------–---–ი
მოპასუხე: ვუ-----------------ი
წარმომადგენელი: სულ------------–---ი
თარჯიმანი: სუ-------------–---–ი, ნაი-–-------------ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ვუ-----------------ს დაეკისროს მოსარჩელე ნა-----------------ის სასარგებლოდ 21091 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 2018 წლის იანვრის თვეში მოპასუხემ დაუწერა ხელწერილი, რომლის თანახმად, ვალს 21091 ლარს დაუბრუნებდა 2018 წლის 31 მარტამდე. თუმცა მას ვალდებულება არ შეუსრულებია. სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სარჩელში მითითებული გარემოებები. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელე ნა-----------------ი და მოპასუხე ვუ-----------------ი არიან ძმები. ნას--------------ვს მარნეულის ბაზრის ტერიტორიაზე ჰქონდა ორი მაღაზია, სადაც ახორციელებდა ფქვილის რეალიზაციას. მან აღნიშნულ მაღაზიაში დაასაქმა თავისი ძმა ვუ-----------------ი, რომელიც ახორციელებდა ფქვილის რეალიზაციას. რეალიზაციის თანხების დაანგარიშების შემდეგ აღმოჩნდა 21 091 ლარით ნაკლები. ვუ-----------------მა განუცხადა ნას--------------ვს, რომ აღნიშნული თანხა ჰქონდა აღებული მას და დაუბრუნებდა. შედგენილი იქნა წერილობითი დოკუმენტი, რომლის თანახმად, ვუ-----------------მა აღიარა ვალის არსებობა ნას--------------ვის მიმართ. აღნიშნულ ხელწერილს ვუ-----------------მა მოაწერა ხელი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ მოპასუხეს არ აქვს არანაირი ვალი მოსარჩელის მიმართ. ამასთანავე მოპასუხეს არასდროს არ უღიარებია ვალის არსებობა. სასამართლოში წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის მოპასუხე ვუ-----------------ს, მაგრამ მისთვის უცნობი იყო დოკუმენტის შინაარსი, ვინაიდან მან ქართული წერა-კითხვა არ იცის. ამასთანავე დოკუმენტი არ არის დამოწმებული სანოტარო წესით. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხემ დოკუმენტს მართალია ნებაყოფლობით მოაწერა ხელი და მის მიმართ არ ყოფილა იძულების ფაქტი, მაგრამ მისთვის უცნობი იყო დოკუმენტის შინაარსი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნას--------------ვი და მოპასუხე ვუ-----------------ი არიან ძმები. წლების განმავლობაში ვუ-----------------ი მუშაობდა ნას--------------ვის მაღაზიაში, სადაც ახორციელებდა ფქვილის რეალიზაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 29.10.2018);
3.1.2. სასამართლოში წარმოდგენილი, 2018 წლის 9 იანვრით დათარიღებული წერილობითი დოკუმენტის თანახმად, ვუ-----------------ი პ/ნ 2----------, მცხოვრები ქ.მ--------–---------------, იძლევა ხელწერილს მასზედ, რომ ვალს 21091 ლარის ოდენობით ნა-----------------ს დაუფარავს 2018 წლის 31 მარტის თვის ჩათვლით. ხელწერილი დაწერილია ვუ-----------------ის სიტყვებით. დოკუმენტს ხელს აწერს მოპასუხე ვუ-----------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელწერილი (ს.ფ 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 29.10.2018).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტი წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე ვუ-----------------მა ნას--------------ვის მიმართ აღიარა ვალის არსებობა. ვუ-----------------ს ნას--------------ვის მიმართ ვალდებულება არ შეუსრულებია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ თვითონვე უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია წერილობითი სახით შედგენილი დოკუმენტი. მას ხელს აწერს ვუ-----------------ი (აღნიშნული გარემოება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია). დოკუმენტის თანახმად, ვუ-----------------ი პ/ნ 2----------, მცხოვრები ქ.მ--------–---------------, იძლევა ხელწერილს მასზედ, რომ ვალს 21091 ლარის ოდენობით ნა-----------------ს დაუფარავს 2018 წლის 31 მარტის თვის ჩათვლით. მითითებულია, რომ ხელწერილი დაწერილია ვუ-----------------ის სიტყვებით. მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტი შეიცავს გარიგებისათვის დამახა--ათებელ რეკვიზიტებს.
მოპასუხე მხარე უთითებს, რომ მოპასუხის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისას მისთვის არ იყო ცნობილი დოკუმენტის შინაარსი. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას – ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ დაადასტურა მისი ხელმოწერის არსებობა 2018 წლის 9 იანვრის თარიღით შედგენილ დოკუმანტზე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოაწერა ხელი ხელწერილს, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოსავლენი ნების შინაარსი, დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც მის შინაარსს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის არ გასცნობია დოკუმანტის შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წინაშე წარმოადგინა მოწმეები: ელ-----------–--–ი და ნო---------–--–---–ი. მოპასუხე მხარემ მოწმის სახით წარმოადგინა ისმ---–-------------ი.
მოწმე ელ-----------–--–ის განმარტებით, იგი მუშაობს მარნეულის წისქვილკომბინატში, ვუ-----------------ს და ნას--------------ვს იცნობს სამსახურიდან. ნა--მს აღნიშნული წისქვილკომბინატიდან გამოაქვს ფქვილი. 2018 წლის 9 იანვარს,როდესაც იგი მიდიოდა მარნეულის ბაზრის მიმართულებით, შეხვდა ნას--------------ვს, ამ უკანასკნელის კუთვნილ მაღაზიასთან. მისგან გაიგო, რომ ძმასთან - ვუ----თან ჰქონდა უთანხმოება, ვინაიდან ვუ----ი მუშაობდა ნა--მის მაღაზიაში, ახორციელებდა ფქვილის რეალიზაციას და ნა--მს დააკლდა თანხა. მათ უთხრეს, რომ უნდა გაეფორმებინათ ვალის აღიარების ხელწერილი და დახმარება გაეწია მათთვის. ვუ-----------------მა ამოიღო ჩანაწერები, დაითვალა ვალები და განაცხადა, რომ აქვს ნა--მის ვალი 21 091 ლარი. ვუ----მა განაცხადა, რომ ვალს დაფარავდა 31 მარტამდე. მისი კარნახით მოწმემ შეადგინა წერილობითი ხელწერილი, ქართულ ენაზე, წაუკითხა შინაარსი, როგორც ნა--მმა ასევე ვუ----მაც იცის ქართული ენა. დოკუმანტზე ვუ----მა თავად მოაწერა ხელი. თავდაპირველად მოწმემ შესთავაზა მათ ხელწერილის აზერბაიჯანულ ენაზე შედგენა, მაგრამ მათი სურვილით მოხდა ხელწერილის ქართულ ენაზე შედგენა. მოწმისათვის ცნობილია, რომ ვუ----ს ნა--მისთვის ვალი არ დაუბრუნებია.
მოწმის სახით დაკითხულმა ნო---------–--–---–მა განმარტა, რომ იგი პროფესიით არის ბუღალტერი. საქმიანი ურთიერთობა აქვს ნას--------------ვთან 2014 წლიდან. უწევს მას ბუღალტრულ მომსახურებას. ნა--მს მარნეულში აქვს ორი მაღაზია, სადაც ახორციელებს ფქვილის რეალიზაციას. როდესაც მან ნა--მის მაღაზიაში ჩაატარა საბუღალტრო აღრიცხვა, ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელიც ჩაბარებული ჰქონდა ძმისათვის- ვუ-----------------ისათვის, აღმოჩნდა თანხის დანაკლისი. რეალიზებული ფქვილის რაოდენობას არ ემთხვეოდა არსებული თანხების ოდენობა. დანაკლისი თანხების ზუსტი ოდენობა მისთვის უცნობია.
მოწმის სახით დაკითხული ისმ---–-------------ის განმარტებით, მოსარჩელე და მოპასუხე არიან მისი შვილები. ვუ----ი ცხოვრობს მასთან, ხოლო ნა--მი ცალკე. 2016 წლიდან 12 წლის განმავლობაში ვუ----ი მუშაობდა ნა--მთან მაღაზიაში. წელს აღმოჩნდა, რომ ვუ----ს ჰქონია ნა--მის ვალი. ვუ----ი ნა--მის მაღაზიაში მუშაობდა, როგორც ფქვილის გამყიდველი. აღნიშნული ვალი არის ფქვილის ,,ნისიად“ რეალიზაციის შედეგად არსებული ვალი. სხვა ვალი ნა--მის მიმართ ვუ----ს არ გააჩნია. მოწმის განმარტებით, ზაფხულის თვეში ვუ----მა შეაგროვა ნისიად რეალიზებული ფქვილის თანხებიდან 11 000 ლარი და გადასცა ნა--მს, აღნიშნულ ფაქტს თავად არ შესწრებია. დანარჩენ თანხასაც შეაგროვებს ვუ----ი და ნა--მს მისცემს.
მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული ისმ---–-------------ის ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული პირი ადასტურებს მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობის, მათ შორის ვუ-----------------ის მხრიდან ნას--------------ვის მიმართ ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტს (თუნდაც ფქვილის ღირებულების შემდეგში გადახდის პირობით შესაგროვებელი თანხების მოსარჩელისათვის გადაცემის ვალდებულების არსებობის ფაქტს).
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ აღიარა 21091 ლარის ოდენობით ვალდებულების არსებობა. მოპასუხეს აღნიშნული თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის დადებას მოეთხოვება წერილობითი ფორმის დაცვა და შესაბამისად მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღება.
ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება.
შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, მოვალე არამხოლოდ უნდა ადასტურებდეს ვალის არსებობას, არამედ უნდა კისრულობდეს ვალდებულებას მის შესრულების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2018 წლის 9 იანვრით დათარიღებული წერილობითი დოკუმენტის შინაარსის მიხედვით, ვუ-----------------ი პ/ნ 2----------, მცხოვრები ქ.მ--------–---------------, იძლევა ხელწერილს მასზედ, რომ ვალს 21091 ლარის ოდენობით ნა-----------------ს დაუფარავს 2018 წლის 31 მარტის თვის ჩათვლით. აღნიშნული დოკუმენტით იკვეთება მოვალის ერთმნიშვნელოვანად გამოვლენილი ნება მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ვალის გადახდის მზაობის შესახებ (ს.ფ. 17); დადგენილია, რომ დოკუმენტს ხელს აწერს ვუ-----------------ი. მიუხედავადი იმისა, რომ მოპასუხე მხარემ მიუთითა მოპასუხის მიერ დოკუმენტის შინაარსის არცოდნის შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია, ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული გარიგება თავისი სამართლებრივი ბუნებით მიჩნეულ უნდა იქნეს ვალის აღიარების ხელშეკრულებად.
სასამართლო, ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ვალდებულების წარმოშობის განსაზღვრისათვის, მნიშვნელოვანია არა იმ გარემოების დადგენა, მხარეთა შორის მითითებული გარიგების დადებამდე არსებობდა თუ არა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ ის ფაქტი, იყო თუ არა სახეზე ნების გამოვლენა ვალის არსებობის აღიარების თაობაზე.
აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. სსკ-ის 341-ე მუხლის სამართლებრივი წინამძღვრების და ნორმატიული შინაარსის განმარტება მოცემულია უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 341-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისას აღნიშნა: ,,ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარირებული ხა--ათის. კონსტიტუციური ხა--ათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა და შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღირების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ N ას-839-890-2011, 08.11.2011 წ.: სუსგ N ას-226-21302015 , 18 მაისი, 2015 წ.).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად იგი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი, სსკ-ის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ან მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი ან მხარეებს შორის მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ მიიჩნევა, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე(ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ). იმ შემთხვევაში თუ წერილობითი დოკუმენტიდან ნათლად არ ირკვევა, რომ მოვალე ვალს აღიარებს, ეჭვი მის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოვალემ სრულიად ნათლად უნდა აღიაროს ვალის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სადავო მტკიცებულების შესწავლით, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების შეფასებით ირკვევა, რომ მოპასუხემ წერილობით ნათლად გამოხატა ნება, რომ 2018 წლის 31 მარტამდე ნას--------------ვს გადაუხდიდა ვალს 21091 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ვუ-----------------ს მოსარჩელე ნას--------------ვის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 633 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე- 8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნა-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ვუ-----------------ს მოსარჩელე ნას--------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 21 091 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ვუ-----------------ს მოსარჩელე ნას--------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟს თანხის 633 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: პაატა ფხალაძე