განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 30 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–---–ი.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------, დაბადებული 1----–-–--------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ---–-----------–------------------ში.
ადვოკატი - ი-----------
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 19 ივნისის ეპიზოდი); 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი); 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2016 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ი-----------–--ე 1991 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ-------------თან. 2016 წელს ისინი განქორწინდნენ, მაგრამ ერთ მისამართზე ცხოვრობდნენ საერთო შვილებთან, თ------- და ლ---–- ხ------ებთან ერთად ქ.თბილისში, ა-----–-----------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე, დ-------------ი სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას ი-----------–--ის მიმართ, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ი-----------–--ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და სულიერ ტანჯვას. 2016 წლის 19 ივნისს ქ.თბილისი, ა-----–------------------ში დ-------------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ი-----------–--ეს, კერძოდ ლანძღავდა მას, რის შედეგადაც ი-----------–--ემ განიცადა ტანჯვა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა განახორციელა ი-----------–--ის მიმართ, კერძოდ ხელი წაუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ი-----------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. ი-----------–--ე 1991 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ-------------თან. 2016 წელს ისინი განქორწინდნენ, მაგრამ ერთ მისამართზე ცხოვრობდნენ საერთო შვილებთან, თ------- და ლ---–- ხ------ებთან ერთად ქ.თბილისში, ა-----–-----------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე, დ-------------ი ძირითადად ეჭვიანობის ნიადაგზე, ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას ი-----------–--ის მიმართ: აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა, რომ მის ნაცნობებსა და ახლობლებს სახელისგამტეხ ინფორმაციას მიაწვდიდა მასზე. აღნიშნულით, ი-----------–--ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და სულიერ ტანჯვას. 2016 წლის 5 ნოემბერს, ქ.თბილისი, ა-----–-----------------------ში, დ-------------მა ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის ი-----------–--ის მიმართ: მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, შემდეგ კი ტელევიზორის ე.წ. პულტი მიაბჯინა მარცხენა ყურზე და ფიზიკური ძალის გამოყენებით რამოდენიმეჯერ ჩააჭირა ყურის ნიჟარაზე, ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი მარჯვენა მკლავის მიდამოში. ყოველივე აღნიშნულით, ი-----------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2016 წლის 5 ნოემბერს, ქ.თბილისი, ა-----–-----------------------ში, დ-------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს ი-----------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამათლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
2.2. მოწმის სახით დაკითხულმა ი-----------–--ემ განმარტა, რომ დ-------------ი არის მისი ყოფილი მეუღლე. 25 წლიანი ქორწინების შედეგად მათ ჰყავთ ორი საერთო ქალიშვილი - ლ---–- და თ------- ხ------ები. ქორწინების მთელი პერიოდის განმავლობაში მისი მეუღლე ძალადობდა მასზე, რასაც იგი ითმენდა, რადგან მეუღლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა შვილების წართმევით. მეუღლის მხრიდან ძალადობა განსაკუთრებით გაუსაძლისი გახდა მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. დ-------------ი უმიზეზოდ ეჭვიანობდა, შეურაცხყოფას აყენებდა ყოველდღიურად, უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მას და მის ახლობლებს. თუ სახლში ტაქსით დაბრუნდებოდა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ეძახდა. მისი ყოფა იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ გადაწყვეტილიც კი ჰქონდა თავშესაფარში წასვლა. მისი შვილები ცდილობდნენ ხოლმე მის დაცვას ძალადობისგან, რადგან თავად ამას ვეღარ ახერხებდა. მეუღლე ფიზიკურადაც ძალადობდა მასზე, რის გამოც იგი იყო ძალიან დათრგუნული. პატრულს ხშირად არ მიმართავდა, რადგან დაახლოებით ცხრა წელია, რაც მას აქვს კერძო საბავშვო ბაღი და ეშინოდა სახელის გატეხვის. ქმრის მხრიდან ძალადობა იყო ყოველდღიური. მეუღლე ხვდებოდა მის თანამშრომლებს საბავშვო ბაღში, ასევე მისი აღსაზრდელების მშობლებს და ლანძღავდა მას. მოუწოდებდა ბავშვები გაეყვანათ საბავშვო ბაღიდან, მაშინ როდესაც ეს შემოსავალი იყო მისი ერთადერთი საარსებო წყარო. სტრესის მოსახსნელად იგი, დილით, ბოტანიკურ ბაღში დარბოდა, სადაც ერთხელაც დახვდა მისი მეუღლე და ცემა, რის შემდეგ სავარჯიშოდ აღარ წასულა, რადგან გაიაზრა, რომ შესაძლოა ისე მოეკლა, ვერავის ვერაფერი გაეგო.
დაზარალებულის განმარტებით, 2016 წლის 19 ივნისს, იყო სახლში, თბილისში, ა-----–-----------------ში, რა დროსაც მეუღლემ მიაყენა შეურაცხყოფა (უთხრა ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვები), რასაც იგი არ იმსახურებდა, ყელში წვდა და მუშტებით და წიხლებით დაუწყო ცემა. ასე ხდებოდა ყოველდღიურად, მიიმწყვდევდა ხოლმე კუთხეში და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. შემთხვევის დღეს ისე ძლიერად წაუჭირა ყელში ხელი, ხრიალი დააწყებინა. მან განიცადა ტკივილი. მას ქალიშვილი - ლ--–- ხ------ი მიეშველა. ძალადობის შედეგად იგი ყოველთვის ძალიან ითრგუნებოდა. შემთხვევის ადგილზე მივიდა პატრული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა მათ მის ყელზე არსებული სიწითლე ვერ დააფიქსირეს, რადგან დაზიანება იყო ახალი. 2016 წლის 20 ივნისს, სასამართლომ დაამტკიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის პირობებს მისი მეუღლე სისტემატიურად არღვევდა, თითქმის ყოველდღე აკითხავდა სახლში. 2016 წლის ზაფხულში ისინი განქორწინდნენ, რადგან მანამდე ემუქრებოდა როგორც კი განვქორწინდებით, მაშინვე მოგკლავო.
დაზარალებულის განმარტებით, 2016 წლის 5 ნოემბერს იგი იყო სახლში და ჭურჭელს რეცხავდა. ტელევიზორში გადიოდა გადაცემა ქალთა უფლებების დაცვაზე. მან აზრი გამოთქვა, რომ უნდოდა ორგანიზაციის დაარსება, რომელიც დაიცავდა მას და სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს. მისი მეუღლე წამოხტა ფეხზე და ისე ძლიერად ჩააჭირა პულტი მარცხენა ყურთან, რომ ძალიან ეტკინა. ეგონა, რომ ყურში აპკი გაუსკდა. დ-------------მა მიიმწყვდია იგი კუთხეში და ურტყამდა მარჯვენა მკერდის და ბეჭის არეში, ასევე ფეხებზე, ფეხებით და ხელებით, რა დროსაც იგი ძლიერ ტკივილს განიცდიდა. ისინი ქალიშვილმა თ------- ხ------მა გააშველა. დ-------------ი მას დაემუქრა. უთხრა, ყელს გამოგჭრი, მოგკლავ, შენი პროკურორიც მე ვიქნები, მოსამართლეც და განაჩენს მე გამოგიტანო. მან რეალურად აღიქვა მეუღლის მუქარა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ არა მარტო მას, მის შვილებსაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პატრულის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც ,,---------------––-- გადაიყვანეს, სადაც აღმოუჩინეს დახმარება. 2016 წლის 6 ნოემბერს სასამართლომ დაამტკიცა შემაკავებელი ორდერი.
2.3. მოწმის სახით დაკითხულმა ა-–------------–-----მა განმარტა, რომ იგი არის პატრულ-ინსპექტორი. 2016 წლის 19 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ოჯახური კონფლიქტის თაობაზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე მივიდა თბილისში, ა-----–-----------ში. სახლში დახვდათ დ-------------ი, ი-----------–--ე და მათი შვილი. ი-----------–--ის განმარტებით, მას ჰქონდა მეუღლესთან კონფლიქტი, რომელმაც ყელისა და თავის არეში მიაყენა დაზიანებები და იგი განიცდიდა ტკივილს, თუმცა ზედაპირულად არაფერი ეტყობოდა. ი-----------–--ე იყო ძალიან განერვიულებული. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომლებმაც ადგილზე გაუწია დახმარება ი-----------–--ეს. ბავშვი ამბობდა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მშობლებს შორის ხშირად იყო კონფლიქტები. ი-----------–--ის განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მათ შვილს ხელი მოტყდა. ი-----------–--ის მოთხოვნით გაიცა შემაკავებელი ორდერი. დ-------------მა განუმარტათ, თუ რა იყო კონფლიქტის მიზეზი, ამბობდა, რომ უმნიშვნელო მიზეზით შეკამათდნენ და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. დ-------------მა მიუთითათ, რომ გადავიდოდა დასთან საცხოვრებლად და პატრულთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. 2017 წლის იანვრის დასაწყისში მას კვლავ მოუწია იმავე ოჯახში გამოძახებაზე მისვლა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რა დროსაც დაზარალებულმა ი-----------–--ემ განუმარტათ, რომ დ-------------ი ხვდებოდა მისი საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს და არწმუნებდა, რომ საბავშვო ბაღში მათ შვილებს სათანადოდ არ უვლიდნენ.
2.4. მოწმის სახით დაკითხულმა ა-----–--–----------ემ განმარტა, რომ იგი არის პატრულ-ინსპექტორი. 2016 წლის 19 ივნისს მიიღეს შეტყობინება თბილისში, ა-----–-----------სო ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. სახლში დახვდათ ი-----------–--ე, მისი მეუღლე დ-------------ი და მათი შვილი. ი-----------–--ე აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის და ყელის მიდამოში. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ი-----------–--ის მოთხოვნით გაიცა შემაკავებელი ორდერი. ი-----------–--ეს გარეგნულად არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა. ბავშვმა განუმარტათ, რომ მის მშობლებს სისტემატურად ჰქონდათ კონფლიქტი და მამა სისტემატურად აყენებდა დედას შეურაცხყოფას, ასევე დაუდასტურათ შემთხვევის დღეს დედისთვის სახისა და ყელის არეში დაზიანების მიყენების ფაქტი. ი-----------–--ემ ასევე დაუდასტურათ, რომ წარსულში, კონფლიქტის დროს დ-------------მა მათ შვილს მოსტეხა ხელი. დ-------------მა მიუთითათ, რომ გადავიდოდა დასთან საცხოვრებლად და პატრულთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. 2017 წლის იანვარში ი-----------–--ის გამოძახებით იგი ისევ იყო მისული იმავე მისამართზე, რა დროსაც ი-----------–--ემ განუმარტათ, რომ დ-------------ი მიდიოდა მის სახლთან, ილანძღებოდა, აწუხებდა მეზობლებს და მისი კუთვნილი საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს.
2.5. მოწმის სახით დაკითხულმა ა--------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის სასწრაფო დახმარების ექიმი. 2016 წლის 19 ივნისს იყო მორიგე. საღამოს 22:30 საათზე მიიღო გამოძახება ა-----–---------------ში, სადაც შეტყობინებით იყო ოჯახური კონფლიქტი. მისამართზე დახვდათ ანერვიულებული ქალბატონი ი-----------–--ე, რომელიც აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, უჩიოდა ტკივილს ცხვირისა და ყელის არეში, ამბობდა, რომ მეუღლემ ყელში წაუჭირა ხელი, თუმცა ვიზუალურად არაფერი აღენიშნებოდა. პაციენტი შეამოწმეს, მისცეს დამამშვიდებელი პრეპარატები და დატოვეს შემთხვევის ადგილი. ი-----------–--ემ უარი განაცხადა საავადმყოფოში გადაყვანაზე. ასევე შეამოწმეს დ-------------ი, რომელიც იყო აღელვებული და წნევა ჰქონდა მაღალი.
2.6. მოწმის სახით დაკითხულმა მ--------–---–მა განმარტა, რომ იგი არის სასწრაფო დახმარების ექიმი. 2016 წლის 19 ივნისს საღამოს დაახლოებით 22:00 საათზე ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე გამოცხადდა გამოძახებაზე თბილისში, ა-----–----------ზე. ადგილზე დახვდათ პატრული, ბრალდებული და დაზარალებული, რომელიც აცხადებდა, რომ მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა კამათს, რასაც ხშირი ხასიათი აქვს და მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულიცა და დაზარალებულიც იყვნენ აღელვებულები. ბრალდებულს ჰქონდა მაღალი წნევა. დაზარალებული უჩიოდა ტკივილს ცხვირის და ყელის არეში და აცხადებდა, რომ ბრალდებულმა ხელი წაუჭირა. იმ წუთას დაზარალებულს გარეგნულად დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. დაზარალებულმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე.
2.7. N------ შემაკავებელი ორდერის (19.06.2016) მიხედვით, 2016 წლის 19 ივნისს ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ---–-------------------–------------–----–----–-- პატრულ-ინსპექტორის ა-–------------–-----ის მიერ ქ.თბილისში, ა-----–--------------------ში, შედგა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველი გახდა მოძალადე დ-------------ის მიერ მისი მეუღლის - ი-----------–--ის მიმართ ძალადობა, რაც გამოიხატა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით (20.06.2016) დამტკიცდა 2016 წლის 19 ივნისს გაცემული N------ შემაკავებელი ორდერი მოძალადე დ-------------ის მიმართ. მოძალადე დ-------------ი მოშორებული იქნა იმ სახლიდან, სადაც მსხვერპლი - ი-----------–--ე ცხოვრობს და აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ი-----------–--ე იმყოფება.
2.9. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექსპერტის N--------- დასკვნით (28.06.2016) წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ი-----------–--ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება.
2.10. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა.
2.11. მოწმე თ------- ხ------მა განმარტა, რომ დ-------------ი არის მისი მამა, რომელიც მისი დედის - ი-----------–--ის მიმართ, მთელი ოცდახუთწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში იყო აგრესიული, რადგან იყო პათოლოგიურად ეჭვიანი. დ-------------ის ძალადობა გაუსაძლისი სახე მიიღო მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მამა ყოველდღიურად ახორციელბდა დედაზე როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ ძალადობას, აგინებდა, ცემდა და აშანტაჟებდა. ერთხელ მისივე ნათესავების თანდასწრებით, სიგარეტიც ჩააწვა ზურგში. მას ხშირად უწევდა მშობლების გაშველება, რა დროსაც ერთხელ ხელი კრა დ-------------მა, რის შედეგად ხელი იღრძო, თუმცა სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს. 2016 წლის 5 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე იყო სახლში, რა დროსაც ტელევიზიით გადასცემდნენ ქალთა ძალადობისადმი მიძღვნილი გადაცემა, რა დროსაც დედამ გამოთქვა თავისი გულისტკივილი, რომ მასაც სურდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება ქალთა უფლებების დასაცავად, რა დროსაც მამამ ხელი კრა დედას, ტახტზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა. იგი შეეცადა მათ გაშველებას, რადგან ია ვერ უწევდა წინააღმდეგობას. მერე დ-------------მა აიღო პულტი და ი-----------–--ეს ყურში ჩააჭირა ისე ძლიერად, რომ ი-----------–--ემ განიცადა ძლიერი ტკივილი და შეყვირა. დ-------------ი აგინებდა ი-----------–--ეს და დაემუქრა, რომ მოკლავდა, ააფეთქებდა, შტურმით აიღებდა მის ბაღს, ასევე ემუქრებოდა, რომ თუ გაშორდებოდა, გაამწარებდა. მისი მუქარა იყო რეალური, რადგან წარსულში ბევრჯერ აუღია ხელში დანა და ბოლო წლების განმავლობაში მისი მუქარები გახდა სისტემატიური და ძალიან რეალური, რის გამოც ის და მისი და მარტო არ ტოვებდნენ დედას. მათ სურდათ პატრულის გამოძახება, რის საშუალებასაც დ-------------ი არ აძლევდათ, თუმცა მაინც მოახერხეს მისივე ტელეფონით პატრულის გამოძახება. ი-----------–--ეს ტკიოდა ყური, რაღაც ჰქონდა ყურში გახეთქილი, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ი-----------–--ე გადაიყვანეს კლინიკაში, დ-------------ი კი დააკავეს. ი-----------–--ეს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა ი-----------–--ის სხეულზე არსებული დალურჯებები. მშობლები 2016 წლის ოქტომბერში განქორწინდნენ. შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, დ-------------ი დახვდა ი-----------–--ის ბაღის აღსაზრდელების მშობლებს და უტეხდა მას სახელს.
2.12. მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------ემ განმარტა, რომ იგი არის პატრულ-ინსპექტორი. 2016 წლის 5 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოძახების საფუძველზე, დაახლოებით 22:00 საათზე გამოცხადდა თბილისში, ა-----–--------------------ში, სადაც სახლთან დახვდათ ი-----------–--ე და განუმარტათ, რომ მეუღლემ დ-------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულმა მიუთითათ, რომ ბრალდებულმა პულტი ჩაარტყა ყურში და განიცდიდა ძლიერ ტკივილს. ასევე აღელვებული იყო დ-------------ი. გარეგნულად ფიზიკური დაზიანება არავის ეტყობოდა. გამოიძახეს სასწრაფო. ი-----------–--ემ განუმარტათ, რომ ამ შემთხვევამდე ორჯერ იყო გაცემული შემაკავებელი ორდერი, ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. დ-------------ი ადგილზე დააკავეს. გაიცა დამცავი ორდერი. ი-----------–--ემ სასწრაფოს განუცხადა, რომ ყური ძალიან სტკიოდა და იგი სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა საავადმყოფოში. ბინაში მათი მისვლისას სხვა არავინ დახვედრიათ და დაახლოებით ერთ საათში მივიდა მათი ქალიშვილი.
2.13. მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–-------------–---მა განმარტა, რომ იგი არის პატრულ ინსპექტორი. 2016 წლის 5 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 22:00 საათზე, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებაზე გამოცხადდა თბილისში, ა-----–--------------------ში, სადაც ადგილზე დახვდათ ი-----------–--ე, რომელიც იყო აღელვებული და განუცხადათ, რომ მისმა მეუღლემ განახორციელა მასზე ფიზიკური ზეწოლა, კერძოდ მარცხენა ყურზე მიაჭირა პულტი და იტკიებდა ყურს. ი-----------–--ემ ითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა, ამასთან განმარტა, რომ მეუღლის მხრიდან მასზე ძალადობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა და წარსულშიც იყო გაცემული შემაკავებელი ორდერები. დაახლოებით ნახევარ საათში ადგილზე მივიდა მათი შვილი. დაზარალებულს ფიზიკურად არ ეტყობოდა, თუმცა მისი მითითების შემდეგ დააკვირდა და ყური შიგნიდან ჰქონდა დასისხლიანებული. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელმაც დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში. გაიცა შემაკავებელი ორდერი, დ-------------ი კი ადგილზე დააკავეს.
2.14. მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----------ამ განმარტა, რომ იგი არის სასწრაფო დახმარების ექიმი. 2016 წლის 5 ნოემბერს მიიღეს შეტყობინება, რომ თბილისში, ა-----–--------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ი-----------–--ემ განუცხადათ, რომ მეუღლემ ცემა, აღენიშნებოდა ტკივილი ყურის არეში, თუმცა დაზიანება ვიზუალურად არ ეტყობოდა, რის გამოც უფრო ღრმა კვლევისთვის გადაყვანილი იქნა ნ--------------––-. ი-----------–--ე იყო ძალიან აღშფოთებული, გაუწიეს ფსიქოლოგიური დახარება, მისცეს დამამშვიდებელი პრეპარატები.
2.15. მოწმის სახით დაკითხულმა ბ------------–--–--ემ განმარტა, რომ იგი არის სასწრაფო დახმარების ექიმი. 2016 წლის 5 ნოემბერს იყო სამსახურში, მიღებული გამოძახების საფუძველზე, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, 22:22 საათზე, გამოცხადდა თბილისში, ა-----–-----------ში, სადაც დახვდათ ი-----------–--ე, რომელიც აღნიშნავდა ტკივილს მარცხენა ყურის არეში, რაც უკავშირდებოდა მისი მეუღლის მხრიდან ცემის ფაქტს. პაციენტი გადაიყვანეს ნ--------------––-. ი-----------–--ე იყო აღელვებული. უჩიოდა ტკივილს მარცხენა ყურის არეში, თუმცა უარი განაცხადა მედიკამენტოზურ დახმარებაზე. ი-----------–--ეს ვიზუალურად დაზიანებები არ აღენიშნებოდა, რის გამოც დაზიანების იდენტიფიცირების გამო, მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია.
2.16. N------ შემაკავებელი ორდერის (05.11.2016) მიხედვით, 2016 წლის 5 ნოემბერს, ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ---–-------------------–------------–----–-- პატრულ-ინსპექტორის ლ-–------------–---ის მიერ ქ.თბილისში, ა-----–--------------------ში, შედგა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველი გახდა მოძალადე დ-------------ის მიერ მისი მეუღლის - ი-----------–--ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება.
2.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით (06.11.2016) დამტკიცდა 2016 წლის 5 ნოემბერს გაცემული N------ შემაკავებელი ორდერი მოძალადე დ-------------ის მიმართ. მოძალადე დ-------------ს აეკრძალა მსხვერპლის - ი-----------–--ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა შემდეგი პირობით - მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
2.18. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექსპერტის N--------- დასკვნით (09.11.2016) პირადი შემოწმებისას ი-----------–--ეს სხეულზე არსებული დაზიანებანი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2016 წლის 5 ნოემბერს.
2.19. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ.
2.20. დათვალიერების ოქმით (06.11.2016) 2016 წლის 6 ნოემბერს 01:55-02:15 საათზე, მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ ი-----------–--ემ ნებაყოფლობით, წარუდგინა გამოძიებას ტელევიზორის ,,პულტი“.
2.21. თბილისის საქალაქო სასამართლოს საქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით (26.10.2016) 2016 წლის 26 ოქტომბერს შეწყდა ქორწინება ი-----------–--ესა და დ-------------ს შორის.
2.22. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წამოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების არარელევანტურია, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მათ დეტალურად არ მიმოიხილავს.
2.23. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი თითოეული რელევანტური მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
2.24. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2016 წლის 26 ოქტომბრამდე დ-------------ი და ი-----------–--ე იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად თბილისში, ა-----–--------------------ში.
2.25. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის 19 ივნისს დ-------------მა იძალადა მის მეუღლეზე - ი-----------–--ეზე, კერძოდ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ლანძღავდა და ხელი წაუჭირა ყელში), რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. შემდეგ გარემოებათა გამო:
2.26. სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ი-----------–--ემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 19 ივნისს, მისმა მეუღლემ, დ-------------მა უთხრა ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვები, ასევე ყელში წვდა და მუშტებით და წიხლებით ცემა. მეუღლემ ისე ძლიერად წაუჭირა ყელში ხელი, ხრიალი დააწყებინა და მან განიცადა ტკივილი და იყო დათრგუნული. მას ქალიშვილი, ლ--–- ხ------ი მიეშველა და გააშვებინა მოძალადეს ხელი. დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია პატრულ-ინსპექტორების - ა-–------------–-----ის და ა-----–--–----------ის ჩვენებებთან, რომლებიც მართალია უშუალოდ ოჯახურ კონფლიქტს არ შესწრებიან, თუმცაღა ინციდენტიდან მალევე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახეს აღელვებული ი-----------–--ე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეუღლემ ყელისა და თავის არეში მიაყენა დაზიანებები და იგი განიცდიდა ტკივილს. ამ მოწმეთა ჩვენებებიდან ასევე საყურადღებოა ის ეპიზოდი, როდესაც ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე გარდა ბრალდებულისა და დაზარალებულისა, ასევე დახვდათ მათი საერთო ქალიშვილი, რომელმაც დაუდასტურათ შემთხვევის დღეს მამის მიერ დედისთვის სახისა და ყელის მიდამოში დაზიანების მიყენების ფაქტი. პატრულ-ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ მსხვერპლის მოთხოვნით გაიცა შემაკავებელი ორდერი. საინტერესოა ასევე სასწრაფო დახმარების ექიმების ა--------------–---–ის და მ--------–---–ის ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ 2016 წლის 19 ივნისს ოჯახური კონფლიქტის გამო იმყოფებოდნენ დ-------------ის და ი-----------–--ის ოჯახში, რა დროსაც ორივე მეუღლე დახვდათ აღელვებული, მათ შორის ი-----------–--ე უჩიოდა ტკივილს ცხვირის და ყელის არეში და მეუღლეს ადანაშაულებდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. 2016 წლის 19 ივნისის ინციდენტის შემსწრე პატრულ-ინსპექტორებმა და სასწრაფო დახმარების ექიმებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ი-----------–--ეს გარეგნულად დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. ამასთან, ს----------–----------–---- ექსპერტის დასკვნითაც, რომელიც ჩატარდა ექსპერტისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ი-----------–--ეს სხეულზე ობიექტური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. რაზეც სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა განმარტა, რომ ექსპერტის დასკვნა გაიცა სამედიცინო დოკუმენტაციის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათის საფუძველზე, სადაც, როგორც სასამართლომ ექიმების ჩვენებებით დაადგინა, ი-----------–--ეს, ინციდენტიდან უმალვე, დაზიანებები თვალნათლივ არ აღენიშნებოდა. სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ ექპერტიზის დასკვნა ეყრდნობა არა პაციენტის პირად გასინჯვას, არამედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ შევსებულ სამედიცინო ბარათს, რაც ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა გარეგნულად ვერ აღმოაჩინეს ი-----------–--ის სხეულზე დაზიანებები, რაც თავისთავად არ გამორიცხავს დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის შესაძლებლობას.
2.27. სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 90). სასამართლოს განმარტავს, რომ ოჯახური დანაშაული ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და უმეტეს შემთხვევებში, ამ დანაშაულის თვითმხილველები არიან მხოლოდ დაზარალებული და ბრალდებული (იშვიათ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრები). ამდენად, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება ოჯახური ძალადობის საქმეებში, რომლის უგულვებელყოფა, მისი სამართლებრივი ფასის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა არითმეტიკული დაჯამების სასარგებლოდ, იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრულობა და ამ ტიპის დანაშაულების წახალისება.
2.28. სასამართლო, იხსენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2). თუმცა აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 36.).
2.29. ამდენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც, მისი განვლ--–- ცხოვრებისა და ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი და არ არსებობს ობიექტური საფუძველი მის სანდოობაში ეჭვის შესატანად, დანაშაულის ხასიათის (ლატენტური დანაშაული) და შემთხვევის ადგილის (დახურული სივრცე) გათვალისწინებით, არის ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი. ამასთან, სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ მიუხედავად მოცემულობისა, როდესაც არსებობს დანაშაულის მხოლოდ ორი თვითმხილველი - დაზარალებული და ბრალდებული, დაზარალებულის ჩვენება მისთვის სახისა და ყელის არეში დაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია აბსოლუტურად ნეიტრალური მოწმეების პატრულ-ინსპექტორების და სასწრაფო დახმარების ექიმების ჩვენებებთან, რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს, რომ მიუხედავად დაზარალებულის აღელვებისა, იგი უთითებდა სწორედ სახისა და ყელის მიდამოში დაზიანების თაობაზე. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ანალოგიური დაუდასტურათ პატრულ-ინსპექტორებს ბრალდებულისა და დაზარალებულის ქალიშვილმა, რომელიც სასამართლოს გადმოსახედიდან არ შეიძლება იყოს კონკრეტული შედეგით დაინტერესებული, არ შეიძლება ცრუობდეს ან დედის ან მამის სასარგებლოდ. და ბოლოს, 2016 წლის 19 ივნისს ი-----------–--ეზე დ-------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობა ასევე დადასტურებულია შემაკავებელი ორდერით, რომელიც მოგვიანებით სრულად გაიზიარა და დაამტკიცა სასამართლომ.
2.30. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს დ-------------მა იძალადა მის ყოფილ მეუღლეზე, ი-----------–--ეზე, კერძოდ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - აგინებდა და ურტყამდა ხელებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ასევე ტელევიზორის პულტი მიაბჯინა ყურზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.31. სასამართლო განხილვის დროს დაზარალებულმა ი-----------–--ემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს დ-------------მა ისე ჩააჭირა ტელევიზორის პულტი მარცხენა ყურში, რომ ძალიან ეტკინა. ასევე მიიმწყვდია კუთხეში და ურტყამდა მარჯვენა მკერდის და ბეჭის არეში, ასევე ფეხებზე, ფეხებით და ხელებით, რა დროსაც იგი ტკივილს განიცდიდა. ისინი ქალიშვილმა თ------- ხ------მა გააშველათ. დ-------------ი ხვდებოდა მისი საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს და ავრცელებდა მის სახელგამტეხ ინფორმაციას, რათა მესპო მისთვის საარსებო წყარო. დაზარალებულის ჩვენება ზედმიწევნით დაადასტურა თ------- ხ------მა, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს, მამამ - დ-------------მა, დედას - ი-----------–--ეს კრა ხელი, დააგდო ტახტზე და ხელებით და ფეხებით ურტყამდა. მამამ აიღო ტელეფონის პულტი და დედას ისე ძლიერად ჩააჭირა ყურში, რომ დედამ შეყვირა. ი-----------–--ის და თ------- ხ------ის ჩვენებები ასევე თანხვედრაშია შემთხვევის დანაშაულის ჩადენისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების გ-----------ის და ლ-–------------–---ის ჩვენებებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ი-----------–--ე უჩიოდა ყურის ტკივილს, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მოახდინეს მისი ჰოსპიტალიზაცია. სასწარფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ნ-----------ამ და ბ------------–--–--ემ დაადასტურეს, რომ ი-----------–--ე, რომელსაც გარეგნულად დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, მარცხენა ყურში ტკივილის გამო, შემდგომი კვლევისთვის გადაიყვანეს ჰოსპიტალში. ი-----------–--ეზე დ-------------ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი ასევე უტყუარად არის დადასტურებული ს----------–----------–---- ექსპერტის დასკვნით, რომლის თანახმად ი-----------–--ეს პირადი შემოწმებისას დაუდგინდა სხეულზე არსებული დაზიანებანი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით (როგორიც შეიძლება იყოს ხელი, ფეხი, მუშტი და სხვა). და ბოლოს, 2016 წლის 5 ნოემბერს ი-----------–--ეზე დ-------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობა ასევე დადასტურებულია შემაკავებელი ორდერით, რომელიც მოგვიანებით სრულად გაიზიარა და დაამტკიცა სასამართლომ.
2.32. ასევე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-------------ი, თანაცხოვრების პერიოდში სისტემატიურად შეურაცხყოფდა მის მეუღლეს, ი-----------–--ეს, აშანტაჟებდა მას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას. შემდეგ გარემოებათა გამო:
2.33. სასამართლო განხილვის დროს დაკითხულმა დაზარალებულმა ი-----------–--ემ დაადასტურა, რომ ოცდახუთწლიანი თანაცხოვრების პერიოდში მისი მეუღლე დ-------------ი სისტემატიურად ძალადობდა მასზე, რასაც იგი ითმენდა, რადგან მეუღლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა შვილების წართმევით. მეუღლის მხრიდან ძალადობა განსაკუთრებით გაუსაძლისი გახდა მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. დ-------------ი უმიზეზოდ ეჭვიანობდა, შეურაცხყოფას აყენებდა ყოველდღიურად, უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მას და მის ახლობლებს. დ-------------ი ხვდებოდა მის თანამშრომლებს, ასევე მისი საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს და სახელს უტეხდა მას. დაზარალებულზე სისტემატიური ძალადობის ფაქტი ასევე დაადასტურა დ-------------ისა და ი-----------–--ის ქალიშვილმა, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. თ------- ხ------ის განმარტებითაც, მამის საქციელი განსაკუთრებით გაუსაძლისი გახდა მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, რადგან იგი იყო აგრესიული და ეჭვიანი. თ------- ხ------ის ჩვენებით, დ-------------ი ყოველდღიურად ძალადობდა ი-----------–--ეზე, როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად, აგინებდა, ცემდა და აშანტაჟებდა მას. დ-------------ის მხრიდან ი-----------–--ეზე სისტემატიური ძალადობა უტყუარად არის დადგენილი არაერთი შემაკავებელი ორდერით, რომელიც სხვადასხვა დროს იქნა გაცემული სამართალდამცავების მიერ მსხვერპლის (ი-----------–--ის) მოძალადისგან (დ-------------ისგან) დასაცავად.
2.34. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს დ-------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ყოფილ მეუღლეს, ი-----------–--ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად. შემდეგ გარემოებათა გამო:
2.35. სასამართლო განხილვის დროს დაზარალებულმა ი-----------–--ემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს, მასზე ძალადობის დროს დ-------------ი ასევე დაემუქრა, ყელის გამოჭრით, რაც მან აღიქვა რეალურად, რადგან დარწმუნებულია, რომ დ-------------ისგან მას და მის შვილებს რეალური საფრთხე ემუქრებოდათ. დაზარალებულის ჩვენება ბრალდებულის მხრიდან მუქარის თაობაზე, ასევე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას თ------- ხ------მა, რომელმაც განმარტა, რომ მამა - დ-------------ი დაემუქრა დედას - ი-----------–--ეს, რომ მოკლავდა. ბოლო წლების განმავლობაში მისი მუქარები გახდა სისტემატიური და ძალიან რეალური, იგი არც დანის გამოყენებას ერიდებოდა, რის გამოც ის და მისი და მარტო არ ტოვებდნენ დედას. მოწმის ჩვენება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულის მუქარას რეალურად აღიქვამდა არა მარტო მსხვერპლი, არამედ ობიექტურად გარშემომყოფები, რომლებიც ერიდებოდნენ დაზარალებულის ბრალდებულთან მარტო დატოვებას.
2.36. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ივნისს თბილისში, ა-----–--------------------ში, დ-------------მა იძალადა მის მეუღლეზე - ი-----------–--ეზე, კერძოდ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ლანძღავდა და ხელი წაუჭირა ყელში), რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს თბილისში, ა-----–--------------------ში, დ-------------მა იძალადა მის ყოფილ მეუღლეზე - ი-----------–--ეზე, კერძოდ ლანძღავდა და ხელებს და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ასევე ტელევიზორის პულტი მიაბჯინა მარცხენა ყურზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი.
3.5. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან მეუღლე და ყოფილი მეუღლე.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს დ-------------ი მის ყოფილ მეუღლეს ი-----------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (ყელის გამოჭრით), რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) შემადგენლობის ყველა ნიშანი.
3.8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ-------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთათვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ-------------ს პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოკვლევით, არ დადგენილა, ხოლო პასუხისმგებლობის შემემსუბუქებელ გარემოებად, სასამართლო ითვალისწინებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც რელევანტურია განსახილველი სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
5.4. სასამართლო ითვალისწინებს დ-------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს - დ-------------ი როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა მისი ოჯახის წევრზე და სწორედ ამ გარემოში უწევდათ ცხოვრება მათ შვილებს, რის გამოც დაზარალებული იყო მუდმივად დაძაბული და ბრალდებულთან განქორწინების შემდეგაც კი, უწევდა მოძალადესთან თანაცხოვრება, რის გამოც არ ჰქონდა მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც, სასამართლოს გადმოსახედიდან ასევე ემოციურად განიცდიდა მისი ოჯახური ცხოვრების წარუმატებლობას, რამაც ასახვა ჰპოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე ბრალდებულის კანონისმიერ ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელების გამოყენებით, სავსებით შესაძლებელია სასჯელის მიზნების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება შესაძლებელია და დ-------------ის რესოციალიზაციის, მიღწევა.
5.5. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დ-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ-------------ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
5.6. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, დ-------------ს, რომელიც ნასამართლობის არმქონეა, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტა:
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: პულტი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 19 ივნისის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი სასჯელები და განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც დაკავებაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2900 ლარის ოდენობით.
2. დ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - პულტი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე