გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/727-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - უ–--------–----–---–ი
წარმომადგენელი - ქ---------------ა
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის M---------------- წერილობითი პასუხი;
1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედების განხორციელება, კერძოდ, კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის წლები დაანგარიშება - 1983 წლის 28 სექტემბრიდან 2004 წლის 25 ივნისამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა და შესაბამისი წარდგინების გაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, 1983 წლის 28 სექტემბრიდან 2004 წლის 25 ივნისამდე მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სპეციალური წოდებით „პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი“. შესაბამისად, 2004 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით, მისმა ნამსახურობის წლებმა შეადგინა 20 წელი, 02 თვე და 25 დღე, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის M--------------- წერილით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის განხილვაზე.
მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული პროკურატურის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილებით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ არ არსებობს კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მისი განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 25 ივნისის №--- ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა მცხეთა-მთიანეთის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კადრების განყოფილებაში მყოფი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი უ–--------–----–---–ი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2004 წლის 19 ივლისის №-- პ/შ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 25 ივნისის №--- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგში საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 69-ე მუხლით (რიგით და ოფიცერთა წოდების დისკრედიტაციისათვის), დათხოვნილ იქნა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, მცხეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგზაო პოლიციის განყოფილების ს-------------------–-----------------------–------------ ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი უ–-----------–-------------–----–---–ი 2004 წლის 25 ივნისიდან მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს განკარგულებაში ყოფნით 2004 წლის 4 მარტიდან 2004 წლის 25 ივნისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 25 ივნისის №--- ბრძანება (ს.ფ. 24-25);
- ამონაწერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2004 წლის 19 ივლისის №-- პ/შ ბრძანებიდან (ს.ფ. 115).
3.2. მცხეთის რაიონული პროკურორის თანაშემწის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილებით, უ–--------–----–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ იქნა აღძრული, ვინაიდან მტკიცებულება დაუშვებლად იქნა მიჩნეული (იგი მოპოვებულია იმ თანამდებობის პირის და ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი არ არის შეკრიბოს მტკიცებულება და შეკრებილი მტკიცებულება მოპოვებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მცხეთის რაიონული პროკურორის თანაშემწის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება (ს.ფ. 27-28).
3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ 2008 წლის 12 თებერვალს, უ–--------–----–---–ის პირადი საქმის ნუსხის ასლის საფუძველზე გასცა ცნობა მასზედ, რომ პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი უ–-----------–-------------–----–---–ი ნამდვილად მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში 1983 წლის 28 სექტემბრიდან 2004 წლის 25 ივნისამდე. იგი მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2004 წლის 19 ივლისის №--- პ/შ ბრძანებით დათხოვნილია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2004 წლის 25 ივნისიდან „პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის“ ჩინით და მისი წელთა ნამსახურობა ხელფასზე პროცენტული დანამატის მისაღებად 2004 წლის 25 ივნისისთვის შეადგენს 20 წელს, 02 თვესა და 25 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2008 წლის 12 თებერვლის ცნობა №------------ (ს.ფ. 30);
- უ–--------–----–---–ის პირადი საქმის ნუსხა (ასლის სახით) (ს.ფ. 100-114).
3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის M--------------- წერილობითი პასუხით უ–-----------–-------------–----–---–ს უარი ეთქვა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის მსჯელობაზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და იმის გათვალისწინებით, რომ უ–-----------–-------------–----–---–ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2004 წლის 25 ივნისის №--- პ/შ ბრძანებით, 69-ე მუხლის შესაბამისად (რიგით და ოფიცერთა წოდების დისკრედიტაციისათვის).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის M--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 138).
3.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, უ–--------–----–---–ი არის ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიისა (თანხით თვეში 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით) და ომის მონაწილის კატეგორიით საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები (თანხით თვეში 22 (ოცდაორი) ლარის ოდენობით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილების 2018 წლის 10 იანვრის №0---------- ცნობა (ს.ფ. 37);
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა №------------ (ს.ფ. 29).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უ–--------–----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის M---------------- წერილი/გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე უ–--------–----–---–ის მოთხოვნა - დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უ–--------–----–---–ისათვის კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშება - 1983 წლის 28 სექტემბრიდან 2004 წლის 25 ივნისამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა და შესაბამისი წარდგინების გაცემა უფლებამოსილი ორგანოსადმი.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის ნამსახურობის წელთა მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ უ–--------–----–---–ი გარკვეული წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში და ამავე დროს, 2018 წლის 10 იანვრის მდგომარეობით წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირს. აქედან გამომდინარეობს, რომ მითითებული ნორმატიული აქტის რეგულაცია უნდა გავრცელდეს უ–--------–----–---–ის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა-გადაანგარიშების საკითხის გადასაწყვეტად.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და ოდენობის განსაზღვრისთვის პირველ რიგში უნდა შეფასდეს სახეზე არის თუ არა სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის დანიშვნის საფუძველი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ასეთი საფუძველი, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის პერიოდს.
შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტავს, რომ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში კომპენსაციის დასანიშნად აუცილებელია, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოში კონკრეტულ წლების განმავლობაში მსახურობა, ასევე, სამსახურიდან დათხოვნის მიზეზის იდენტიფიცირება, კერძოდ, პირი თანამდებობიდან არ უნდა იყოს დათხოვნილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მცხეთის რაიონული პროკურორის თანაშემწის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილებით არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უ–--------–----–---–ის მიმართ. ამავე დროს, არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უ–--------–----–---–ი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გულისხმობდა რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების მიერ პოლიციის თანამშრომლისათვის უღირსი საქციელის ჩადენას. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 69-ე მუხლის თანახმად, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირებმა, რომლებმაც ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომლისათვის უღირსი საქციელი, დათხოვნილ უნდა იქნენ რიგითი და ოფიცერთა წოდების დისკრედიტაციისათვის.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ დანაშაულის, არამედ სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სამსახურიდან დათხოვნა“, მის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის გამო, რაც მართლზომიერ ქმედებად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების შესწავლა სცდება განსახილველი დავის საგანს. შესაბამისად, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, იმ დროს, როდესაც უ–--------–----–---–ი თანამდებობიდან დაითხოვეს რიგითი და ოფიცერთა წოდების დისკრედიტაციისათვის, საფუძველს არის მოკლებული მისი აპელირება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის მსჯელობაზე უარის თქმის დაუსაბუთებლობაზე.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამდენად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს უ–--------–----–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის M---------------- წერილობითი პასუხის ბათილად ცნობისა, ასევე, მოპასუხისთვის უ–--------–----–---–ის კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისა და უფლებამოსილი ორგანოსადმი შესაბამისი წარდგინების გაცემის დავალების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უ–--------–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე