გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2018
საქმის ნომერი
330210118002627005
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/26504-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე მე----- ძი--------

წარმომადგენელი დი---------------ე

მოპასუხე სს „სა---------–--------ი“

წარმომადგენლები ელ---------------–---, გიო----------------

დავის საგანი კრედიტორის მიმართ დავალიანების ოდენობის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2017 წლის 17 აპრილს დადებული შეთანხმება მე---- ძი-------ს და სს „სა---------–--------ს“ შორის დადგენილ იქნას შემდეგი შინაარსით: „მე---- ძი--------ს დავალიანება სს „სა---------–--------ის“ მიმართ, მათ შორის აღსასრულებელი თანხის ჩათვლით შეადგენს 1200 ლარს“. სს „სა---------–--------ის“ მიმართ აღსასრულებელი თანხის მოცულობა სასარჩელო მოთხოვნების განხილვის პერიოდისთვის განისაზღვროს 195 ლარით.

 

სარჩელის მიხედვით, სს სა---------–--------მა გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების მიზნით, მოსარჩელის წინააღმდეგ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულის შესახებ შეტყობინება გაიგზავნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მე---- ძი-------მა სარჩელით მიმართა სასამართლოს აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ სადაც მესამე პირად ჩაერთო სს სა---------–--------ი. პირველ სხდომაზე სასამართლოს მიერ შემოთავაზებული იქნა მორიგება. თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში 100 ლარზე მეტის გადახდა მოსარჩელისთვის იყო შეუძლებელი. აღსასრულებელი თანხა კი შეადგენდა 3118.35 ლარს სააპლიკაციო საფასურის და ყადაღის საფასურის გარდა.

 

მეორე სასამართლო სხდომაზე სს სა---------–--------ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იგი თანახმა იყო მოსარჩელეს ყოველთვიურად მხოლოდ 100 ლარი გადაეხადა 1 წლის განმავლობაში, სანაცვლოდ მე---- ძი-------ს სარჩელი უნდა გაეხმო, რასაც მოსარჩელე დაეთანხმა. შესაბამისად, 2017 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი.

 

მოსარჩელის გადმოცემით, გადახდილი თანხის ოდენობა 10 თვეში შეადგენს 1005 ლარს, ხოლო დარჩენილი დავალიანება არის 195 ლარი. თუმცა დავალიანების სრულად დაფარვისას, მოსარჩელემ შეიტყო, რომ რეალურად გადასახდელი თანხა შეადგენდა არა 195 ლარს, არამედ 2492.13 ლარს.

 

ამდენად, მე---- ძი-------- მოითხოვს სასამართლო სხდომაზე ზეპირად განხორციელებული შეთანხმების საფუძველზე დავალიანება შემცირდეს და განისაზღვროს მხოლოდ 195 ლარით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 სს „სა---------–--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე ბანკის წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა, რომ სააღსრულებო წარმოების პროცესში მომხდარიყო არსებული დავალიანების განაწილვადება, რომლის დროსაც მე---- ძი-------- 11 თვის განმავლობაში გადაიხდიდა 100 ლარს, ხოლო მეთორმეტე თვეს სრულად დაფარავდა დარჩენილ დავალიანებას. მოსარჩელის გადახდილი თანხა შეადგენს 1005 ლარს, თუმცა მას დამატებით გადასახდელი აქვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით დაკისრებული თანხის დარჩენილი ნაწილი და ბანკის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყებისათვის გადახდილი საფასური.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სს „სა---------–--------მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა მე---- ძი--------ს (იმ დროისათვისნ მე---- ს---------ს) წინააღმდეგ გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების მოტივით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ 19-22)

 

3.1.2. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაუგზავნა შეტყობინება გამარტივებული საქმის წარმოების შესახებ, რის გამოც სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ს-------------–---------------–----------- წინააღმდეგ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. წინამდებარე დავაში მესამე პირის სტატუსით მონაწილეობდა სს „სა---------–--------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-გამარტება;

- საოქმო განჩინება (ს.ფ 23-24)

- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება (ს.ფ 26)

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით მე---- ს---------ს სარჩელი მოპასუხე ს-------------–---------------–----------- მიმართ, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საოქმო განჩინება (ს.ფ 23-24)

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისს მე---- ს---------მ შეიცვალა გვარი და სახეცვლის შედეგად მისი სახელია მე---- ძი--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა (ს.ფ 28)

 

3.1.5. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მე---- ძი--------ს მიერ გადახდილი დავალიანების ოდენობა შეადგენს 1005 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-გამარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 27 აპრილს მიიღო #---- ბრძანება ვალდებულების შესრულების განაწილვადების შესახებ, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 26 აპრილს განცხადებით მიმართა სს სა---------–--------მა და მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 30 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის და აღსრულების საფასურის განაწილვადება. აღსრულების საფასურის ჩათვლით, მე---- ს---------ს დავალიანება შეადგენდა 3492.13 ლარს.

 

#---- ბრძანების თანახმად, მოვალეზე დაკისრებული ფულადი ვალდებულება გადანაწილდა შემდეგი გრაფიკით: 2017 წლის 24 მაისიდან - 2018 წლის 24 მარტამდე ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 100 ლარს, ხოლო მეთორმეტე თვეს - 2018 წლის 24 აპრილს მოვალეს უნდა გადაეხადა დარჩენილი დავალიანება სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესით: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ საქმის მასალებში დაცული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მე---- ძი-------სა და სს სა---------–--------ს შორის შეთანხმების გაფორმება მოვალის ფულადი ვალდებულების 1200 ლარის მოცულობით განსაზღვრის შესახებ არ დასტურდება. აღნიშნულის საპირისპიროს საქმეში წარმოდგენილია აღსრულები ეროვნული ბიუროს #---- ბრძანება, რომლის შესაბამისად მე---- ძი--------ს სრული დავალიანება შეადგენს 3492,13 ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი კონკლუდენტური მოქმედებებით დაადასტურა აღსრულების ეროვნული ბიურის #---- ბრძანებაში ასახული შეთანხმება დავალიანების განაწილვადების შესახებ ვინაიდან გარკვეული პერიოდი ასრულებდა ამავე ბრძანების გრაფიკით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- #---- ბრძანება (ს.ფ 51-52)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა მე---- ძი--------ს სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე, 327-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მე---- ძი--------ს სასარჩელო მოთხოვნაა 2017 წლის 17 აპრილს დადებული შეთანხმება მოსარჩელესა და სს სა---------–--------ს შორის დადგენილ იქნას შემდეგი შინაარსით: „მე---- ძი--------ს დავალიანება სს სა---------–--------ის მიმართ, მათ შორის აღსასრულებელი თანხის ჩათვლით შეადგენს 1200 ლარს“. სს სა---------–--------ის მიმართ აღსასრულებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს 195 ლარით.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ სასამართლოში აღძრული სარჩელის გამოხმობის საფუძველი გახდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება სს სა---------–--------თან, რომლის შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა ერთი წლის განმავლობაში შეადგენდა 100 ლარს და აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდგომ კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულება შეწყდებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი მიეთითება მის მიერ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 აპრილის #---- ბრძანების მიხედვით, აღსრულების საფასურის ჩათვლით, მე---- ს---------ს დავალიანება შეადგენს 3492.13 ლარს, რომელიც გადანაწილდა შემდეგი გრაფიკით: 2017 წლის 24 მაისიდან - 2018 წლის 24 მარტამდე ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 100 ლარს, ხოლო მეთორმეტე თვეს - 2018 წლის 24 აპრილს მოვალემ უნდა გადაიხადოს დარჩენილი დავალიანება სრულად.

 

საქმის განხილვისას მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წინამდებარე ბრძანების შინაარსი და დავალიანების გადახდის გრაფიკი მისთვის ცნობილია რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერითაც, თუმცა აღნიშნულს არ ეთანხმება. მე---- ძი-------- დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე სს სა---------–--------ის წარმომადგენელმა გამოხატა თანხმობა მე---- ძი-------ს ყოველთვიურად გადაეხადა მხოლოდ 100 ლარი. ერთი წლის განმავლობაში, სანაცვლოდ მე---- ძი-------ს სარჩელი უნდა გამოეხმო.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი ელექტრონული ვერსია, სადაც მოპასუხის წარმომადგენელი ნოდარ ჯაველიძე განმარტავს, რომ მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, რომლის მიხედვით მოვალეს აღსრულების ეტაპზე დავალიანება გადაუნაწილდა 12 თვეზე. საიდანაც 11 თვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 100 ლარს, ხოლო მეთორმეტე თვეს მე---- ძი-------მა უნდა დაფაროს დარჩენილი დავალიანება სრულად. სასამართლო სხდომაზე მე---- ძი-------- ადასტურებს, რომ კრედიტორის შემოთავაზებული პირობა მისთვის მისაღებია და იხმობს ადმინისტრაციული წესით წარდგენილ სარჩელს. (მოპასუხის ახსნა-განმარტება, 27.04.2017წ, სხდომის ოქმი 15:48:57წთ/15:49:13წთ; მოსარჩელის განმარტება 15:49:41 წთ). ამდენად, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის არსებობდა საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის დანაწესით გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ის გარემოება, რომ სს სა---------–--------მა და მე---- ძი-------მა მიაღწიეს შეთანხმებას მოვალის ვალდებულების მხოლოდ 1200 ლარით განსაზღვრის შესახებ. ამავდროულად, აღსრულების ეროვნული ბიუროს #---- ბრძანებით დადასტურებულია, რომ მხარეთა შეთანხმებით მე---- ძი--------ს სრული დავალიანება განისაზღვრა 3492,13 ლარით.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს დასკვნით სასარჩელო განცხადებაში დასახელებული შინაარსით მხარეთა შორის ზეპირი ან წერილობითი გარიგება არ შედგენილა, სასარჩელო მოთხოვნა უსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიბა გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3, მე–8, 55–ე, 243–244–ე, 248–250, 257–ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მე---- ძი--------ს სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე