გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5263-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს ”ე----------------”
წარმომადგენელი ან----------–---–-
მოპასუხე ინ---------–---–--
მოპასუხე გი--–---------–--
წარმომადგენელი ზუ--------------
დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ფულადი ვალდებულების სოლიდარულად შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ინ---------–---–--სა და გი--–---------–--სათვის მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად ძირითადი თანხა 2 759 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხეების ინ---------–---–--სა და გი--–---------–--სათვის მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად სარგებლის 1 705.98 აშშ დოლარის დაკისრება.
1.3. მოპასუხეების ინ---------–---–--სა და გი--–---------–--სათვის მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად 892.07 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
1.4. მოპასუხეების ინ---------–---–--სა და გი--–---------–--სათვის მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად 100 ლარის გადახდის დაკისრება.
2015 წლის 29 ივლისს ინ---------–---–--სა და შპს „ე----------------“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N---------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი - ლენდ როუვერ რეინჯ როუვერი.
ხელშეკრულების შესაბამისად, 2015 წლის 29 ივლისს მსესხებელ გადაეცა სესხი 7 110 აშშ დოლარის ოდენობით.
2015 წლის 29 ივლისის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით გი--–---------–-- 36 000 აშშ დოლარის ფარგლებში სოლიდარულ თავდებად დაუდგა მსესხებელს შპს „ე----------------“-ის წინაშე. ძირითადი ვალის გადახდის გადაცილების შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე სოლიდარულ თავდებს მოთხოვოს უზრუნველყოს ძირითადი ვალის გადახდა ზღვრული თანხის ფარგლებში.
2016 წლის 21 ივლისს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 6 150 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 2 488 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა სარგებელი, 3 662 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის მოპასუხეს შპს „ე----------------“-ის მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა 6 421აშშ დოლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა 2 759 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით. ავტომობილის რეალიზაციიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გასულია სრული 12 თვე და 11 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შეადგენს 1 705.98 აშშ დოლარს.
აღნიშნულის გარდა მსესხებელს ეკისრება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის შეტანის დღემდე დარიცხული სარგებლის გადახდა მიუღებელი შემოსავლის სახით. ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის შეტანის დღემდე გასულია 6 თვე და 14 დღე, მიუღებელი სარგებლის ოდენობა შეადგენს 892.07 აშშ დოლარს.
2016 წლის 29 თებერვალს მსესხებელს და ავტომობილის მესაკუთრეს გაეგზავნა შეტყობინება და ეცნობა ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე, თუმცა შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა, რის გამო 2016 წლის 2 მარტს მოხდა წერილის საჯაროდ შეტყობინება.
2016 წლის 7 აპრილს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება და მისი ინტერესების გათვალისწინებით, ავტომობილის მაქსიმალურად მაღალ ფასად გაყიდვის მიზნით მოსარჩელემ შესთავახზა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში მონაწილეობა, შეტყობინება ამჯერადაც არ ჩაბარდა.
ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ დარჩენილი დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2016 წლის 24 ოქტომბერს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ მოპასუხეებს, თუმცა შეტყობინების ჩაბარება ამჯერადაც ვერ მოხერხდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ინ---------–---–--მ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ მის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო გადახდა განხორციელდა 05.01.2016 წელს და შესაბამისად, ამ დროისათვის გრაფიკით ერიცხებოდა დავალიანება 6227 აშშ დოლარი და არა 6421 აშშ დოლარი. ბოლო გადახდის შემდეგ გაუარესდა მოპასუხის ეკონომიკური მდგომარეობა და ვერ ახერხებდა სესხის დაფარვას, რაზეც საქმის კურსში იყვნენ კრედიტორის წარმომადგენლები. მოპასუხე ვერ ახერხებდა სესხის გადახდას და კრედიტორმა შესთავაზა ნებაყოფლობით გადაეცა მისთვის გირავნობის საგანი და ამით დაიფარებოდა შპს „ე----------------“-ის მიმართ არსებული დავალიანება, რის შემდგომაც ინ---------–---–--მ გადასცა გირავნობის საგანი მოსარჩელეს. გირავნობის საგნის რეალიზაცია მოხდა მისი გადაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. გირავნობის საგნის კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის მისი საბაზრო ღირებულება აღემატებოდა არსებულ დავალიანებას, რაც მოსარჩელის მიერ თავისივე კონსტრაქტორთან ჩატარებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების აქტითაც დასტურდება.
მოპასუხე გი--–---------–--მ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ მოსარჩელეს დროულად არ შეუტყობინებია და არც უცდია შეეტყობინებინა მისთვის ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 29 ივლისს შპს ”ე----------------”-სა და ინ---------–---–--ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №-------- ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს გაფორმდა შეთანხმება სესხის გაცემის თაობაზე, რომლის თანახმად, გამსესხებელმა შპს ”ე----------------”-მა ინ---------–---–--ზე სესხის სახით გაეცა 7 110 აშშ დოლარი, სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს სესხის 5%-ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის
შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18-25).
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.
3.1.2. სესხის გაცემის შესახებ შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით, სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება 24 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმდაგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს, 2015 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.
3.1.3. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა ნ-----–-------------–---–ის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი: ლენდ როუვერ რეინჯ როუვერი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება.
3.1.4. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული ნაწილის დარჩენილი ნაწილის) ვადაზე ადრე დაბრუნება მთლიანად რა დროსაც მსესხებელი ვალდებულია სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნებასთან ერთად გადაუხადოს გამსესხებელს სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების მომენტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით რიცხული დღიური სარგებელი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
3.1.5. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი რვა დღით გადააცილებს სესხის გაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვეტოს წინამდებარე ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის თითოეული ნაწილის დაბრუნების ვალდებულება, აგრეთვე გამსესხებლის სასარგებლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ან/და სხვა ნებისმიერი გადასახდელის გადახდა. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე დაეკისრება სესხის თითოეული ნაწილის დაბრუნების ვადაგადაცილების პერიოდში დარიცხული სარგებლის გადახდაც.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19).
3.1.6. გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით, შპს ”ე----------------”-მა ავტომანქანის შეფასების მომსახურების სანაცვლოდ გადაიხადა 100 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ცნობა დავალიანების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის
შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20).
3.2.2. გი--–---------–--სა და შპს ”ე----------------”-ს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, იმგვარად, რომ მესამე პირის მიერ კრედიტორისთის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის შესრულება. ამავე ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხის - 36 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.(ს.ფ. 27-29).
3.2.3. მსესხებლის მიერ სისტემატურად ირღვეოდა სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის ვადები, რის გამოც 2016 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მას ერიცხებოდა ძირი თანხა 6421 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 2488 აშშ დოლარი.
2016 წლის 21 ივლისს გირავნობით დატვირთული ავტომანქანის რეალიზაცია მოხდა 6150 აშშ დოლარად, საიდანაც დაიფარა დარიცხული სარგებელი 2488 აშშ დოლარი სრულად და სესხის ძირითადი თანხიდან ნაწილი - 3662 აშშ დოლარი, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა ძირი თანხიდან 2759 აშშ დოლარი, რომელსაც ყოველთვიურად ერიცხებოდა სარგებელი 2016 წლის 21 ივლისიდან სარჩელის შეტანამდე 2018 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში, ყოველთვიურად 5%, რაც ჯამში, შეადგენს 2598.05 აშშ დოლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 21.07.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.2.4. კრედიტორმა შპს „ე-----------------“-მა თავდებ გი--–---------–--ს არ აცნობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის თაობაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლი ითვალისწინებს კრედიტორის ვალდებულებას აცნობოს თავდებს მოვალის მიერ ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა შპს „ე-----------------“-ის მიერ ამ ვალდებულების შესრულება.
საქმეში წარმოდგენილი წერილის შინაარსიდან დგინდება, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს შპს „ე----------------“-მა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა თავდებს გი--–---------–--ს, თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ჟ-------------------. ადრესატს შეტყობინება ვერ ჩაბარდა, იმ მიზეზით, რომ ამ მისამართზე გი--–---------–-- არ მოიძებნა. (ს.ფ.46).
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 7.2 მუხლში აღნიშნულია, რომ თითოეული მხარე ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს ამ მუხლში მითითებული მისამართის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე მხარის მიერ გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ ზემოაღნიშნულ მისამართებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად იმისდამიუხედავად ჩაბარდება იგი უშუალოდ ადრესატს თუ ადგილზე მყოფ/მცხოვრებ ნებისმიერ პირს.
საქმეში წარმოდგენილია ფოსტის უკუგზავნილი, რომლის თანახმად, გი--–---------–--ს შპს „ე-----------------“-ის მიერ გაგზავნილი სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები მისამართზე: ჟ--------------- - ჩაბარდა პირადად ადრესატს. სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში, მოპასუხე გი--–---------–--მ თავის მისამართად მიუთითა ჟ------------------- ამდენად, ცალსახად დგინდება, რომ თავდებს არ შეუცვლია ის მისამართი, რაც მიუთითა თავდებობის ხელშეკრულებაში, აქედან გამომდინარე, გაფრთხილება მისთვის ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ე----------------“-ის მიერ არ შესრულდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების თაობაზე თავდების გაფრთხილების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4.1.1. მოპასუხეებს ინ---------–---–--სა და გი--–---------–--ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე შპს ”ე----------------”-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 2759 აშშ დოლარის გადახდა;
4.1.2. მოპასუხე ინ---------–---–--ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე შპს ”ე----------------”-ის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის 389.45 აშშ დოლარის გადახდა;
4.1.3. მოპასუხე ინ---------–---–--ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე შპს ”ე----------------” -ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 276-ე, 316-ე, 394-ე, 403-ე, 54-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე, 902-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. შპს „ე----------------“-ის მოთხოვნა ინ---------–---–--ს მიმართ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
6.1.4. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
ზემოღნიშნული ნორმის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა.
6.1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ”ე----------------”- სა და მოპასუხე ინ---------–---–--ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შპს ”ე----------------”-მა გადასცა ინ---------–---–--ს სესხის თანხა 7110 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 ნაწილით.
კრედიტორმა შპს ”ე----------------”-მა გამოიყენა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ. რეალიზაციის შედეგად სესხის ძირითადი თანხიდან დარჩენილი დავალიანებაა 2759 აშშ დოლარი, რა ნაწილშიც ვალდებულება არ არის შესრულებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე ინ---------–---–--ს კრედიტორის შპს ”ე----------------”-ის წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 2759 აშშ დოლარი, რომლის გადახდის ვალდებულებაც უნდა დაეკისროს მსესხებელს კრედიტორის შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გირავნობის საგნის შეფასების მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის მსესხებლის მიერ ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი ხარჯები ეკისრება მსესხებელს.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორმა შპს ”ე----------------”-მა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით, ავტომანქანის შეფასების მომსახურებისათვის გაიღო ხარჯი 100 ლარის ოდენობით.
ამ თანხის გადახდის ვალდებულება მოვალეს კრედიტორის წინაშე არ შეუსრულებია, რის გამოც ინ---------–---–--ს უნდა დაეკისროს 100 ლარის ანაზღაურების ვალდებულება კრედიტორის შპს ”ე----------------”-ის წინაშე.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან- 2016 წლის 21 ივლისიდან შეწყდა მხარეთა შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ამ დროიდან 2018 წლის 23 თებერვლამდე (სარჩელის შეტანამდე) პერიოდში დარიცხული სარგებელი 2598.05 აშშ დოლარის ოდენობით, შეადგენს იმ ზიანს, რაც კრედიტორს მიადგა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის და რაც მხარეთა შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
6.3.1. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
6.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის განისაზღვრა თვიური 5% სარგებლის გადახდა. ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ ინ---------–---–--ს კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა 2 759 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ზიანის სახით, ერიცხებოდა სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი დიდია და ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.
6.3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო მიუთითებს,რომ მითითებული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ნების გამოვლენის თავისუფლება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ზოგიერთი ხელშეკრულება საერთოდ არ შეიძლება დაიდოს ანუ ზოგიერთ სახელშეკრულებო პირობაზე საერთოდ არ შეიძლება შეთანხმება. ხელშეკრულება ან სახელშეკრულებო პირობა არ უნდა არღვევდეს საჯარო წესრიგს, ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს ან კანონით განსაზღვრულ ინტერესებს. ხოლო თუ ხელშეკრულება ან სახელშეკრულებო პირობა წარმოადგენს ასეთ დარღვევას ან ასეთ წინააღმდეგობას, მაშინ კანონი არ აღიარებს მოქალაქეთა შორის მსგავსი შეთანხმების სავალდებულო ძალას, თუნდაც ორივე მხარეს სურდეს შეთანხმება. თეორიულ-სამართლებრივი სახელწოდება ხელშეკრულების თავისუფლების ამგვარი შეზღუდვისა არის ის, რომ ხელშეკრულება ან ცალკეული სახელშეკრულებო პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება, მაგალითად, ზნეობის ნორმებს, ბათილია. ზოგ შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ დადონ რაიმე კონკრეტული ხელშეკრულება, მაგრამ თავისუფლად არ შეუძლიათ განსაზღვრონ მისი შინაარსი. ანუ ხელშეკრულების დადებისას მათ არ შეუძლიათ დაადგინონ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები. სავალდებულო ხასიათის ასეთი პირობები უმთავრესად მოიპოვება იმ ხელშეკრულებებში, რომლებშიც, კანონმდებლის აზრით, ერთი მხარე უფრო ძლიერ პოზიციაში, რის გამოც უფრო სუსტ პოზიციაში მყოფ მეორე მხარეს სჭირდება განსაკუთრებული დაცვა კანონით.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის ადეკვატური უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულებელყოფა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე გარიგების ამორალურად მისაჩნევად არ არის აუცილებელი იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. საკმარისია, არსებობდეს შესრულებასა და სამაგიერო შესრულებას შორის არაადეკვატური ურთიერთშეფარდება და ასეთი გარიგების სუბიექტის მხრიდან სარგებლის მიმღების შესაბამისი განზრახვა, რომ სასამართლომ ამორალურ გარიგებად მიიჩნიოს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით მსესხებელს დაუწესა ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნა, სესხის ხელშეკრულების ვადის დარღვევის შემდეგ, ყოველდღიურად გადასახდელი სარგებლის სახით, რაც მიუღებელი და არამართებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან არ გამომდინარეობს საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირობა, ამ ოდენობის საპროცენტო სარგებლის შესახებ გაუმართლებლად ლახავს საზოგადოების წევრთა უფლებებსა და ინტერესებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოების წევრების ღირებულებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია მხარეთ შორის არსებული შეთანხმება პროცენტის თაობაზე გონივრულად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წლიური 9% გონივრული პროცენტია და ამის ზევით უნდა ჩაითვალოს ბათილად მისი ამორალური ხასიათის გამო. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ინ---------–---–--ს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის სახით მოსარჩელე შპს ”ე----------------”-ის სასარგებლოდ 389.45 აშშ დოლარის გადახდა;
6.4. მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის მოთხოვნა გი--–---------–--ს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში.
6.4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
6.4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
6.4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო 895-ე მუხლის საფუძველზე, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანის სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ ინ---------–---–--სა და შპს "ე-----------------"-ს შორის დადებული საკრედიტო სახით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს "ე-----------------"-ს და გი--–---------–--ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გი--–---------–--მ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ინ---------–---–--ს ვალდებულების შესრულებაზე შპს "ე-----------------"-ის წინაშე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 36 000 აშშ დოლარით.
დადგენილია, რომ მოვალემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ძირითად მოვალეს და თავდებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის - 2759 აშშ დოლარის გადახდა.
6.4. მოთხოვნა თავდების გი--–---------–--ს მიმართ, გირავნობის საგნის შეფასებისათვის გაწეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეებს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით, არ არის გათვალისწინებული თავდების პასუხისმგებლობა გირავნობის საგნის იძულებით რეალიზაციის პროცესში, გამსესხებლის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
6.5. შპს „ე----------------“-ის მოთხოვნა თავდების მიმართ დარიცხული სარგებლისა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დარიცხული პროცენტის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5.1. სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტით, დაადგინა, რომ შპს „ე----------------"-მა არ აცნობა თავდებს ძირითადი მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების თაობაზე, კრედიტორი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს თავდებისაგან მსესხებლის ინ---------–---–--ს მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული პროცენტის გადახდევინება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 201.07 ლარის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს ინ---------–---–--სა და გი--–---------–--ს. ინ---------–---–--ს ასევე უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 31.36 ლარის ანაზღაურება მის მიმართ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ”ე----------------”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს ინ---------–---–--სა და გი--–---------–--ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე შპს ''ე----------------”-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 2759 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე ინ---------–---–--ს მოსარჩელე შპს ''ე----------------”-ის სასარგებლოდ სარგებლის 389.45 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე ინ---------–---–--ს მოსარჩელე შპს ''ე----------------”-ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად;
3. მოპასუხეებს ინ---------–---–--სა და გი--–---------–--ს დაეკისროთ მოსარჩელე შპს ”ე----------------”-ის სასარგებლოდ 201.07 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. მოპასუხე ინ---------–---–--ს დაეკისროს მოსარჩელე შპს ”ე----------------”-ის სასარგებლოდ 31.36 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია