გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2018
საქმის ნომერი
330210018002455937
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14667-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 ნ---მბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე შპს „მ----------------------“

წარმომადგენელი ნ--------------–-ძე

მოპასუხეები მა----- სა-----ა, ნ--- გო---–---–ი

წარმომადგენელი ა-----------ძე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს მა----- სა-----ას და ნ--- გო---–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 32 849.83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 19 000 ლარი, სარგებელია - 11 947.83 ლარი, პირგასამტეხლოა - 1902 ლარი.

1.2. მოპასუხეებს მა----- სა-----ას და ნ--- გო---–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის, ჯამში 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მა----- სა-----ამ სასამართლოს წარმოუდგინა შესაგებელი, რომლის მიხედვით მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და დამატებით უთითებს შემდეგ გარემოებებზე: 2017 წლის 8 ივნისს მეგობრის ზ------------–--ის თხოვნით (მოტყუებით) მა----- სა-----ას სახელზე გაფორმდა ავტომობილი ტოიოტა კამრი, რომელიც გირავნობით დაიტვირთა სესხის უზრუნველსაყოფად. ის ფაქტი, რომ იყო უშუალოდ მსესხებელი, მისთვის არავის უცნობებია. მას განუმარტეს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საჭირო იყო მხოლოდ ავტომანქანის გადასაფორმებლად. მსესხებელი იქნებოდა ნ--- გო---–---–ი, ხოლო სესხს დაფარავდა თავად ზ------------–--ე. მოპასუხის გადმოცემით, დასახელებული გარემოებები ადასტურებენ, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით.

 

2.2. მოპასუხე ნ--- გო---–---–ს შესაგებელი არ წამოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 8 ივნისს შპს „მ----------------------ა“ და მა----- სა-----ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება #-----------, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 8 ივნისს გაცემული საკრედიტო შეთანხმებით, 5.5%-იანი სარგებლის დარიცხვით მსესხებელზე გაიცა სესხი 19 000 ლარი. მოპასუხეს სესხი უნდა გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და სარგებელს 1223 ლარის ოდენობით შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის ხელშეკრულება (ს.ფ 18-23)

- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ; (ს.ფ 24-26;)

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 27)

 

3.1.2. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - TOYOTACAMRY, გამოშვების წელი - 2012, საიდენტიფიკაციო ნომერი #------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 28-33)

- გირავნობის მოწმობა (ს.ფ 39)

 

3.1.3. 2017 წლის 8 ივნისს ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს „მ----------------------“ და ნ--- გო---–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე, იმგვარად, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებლის ნაცვლად უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება.

 

3.1.4. თავდები პირის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 78 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 34)

- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 35-37)

 

3.1.5. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც მათი დავალიანება შეადგენს - 32 849.83 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 19 000 ლარი, სარგებელია - 11 947.83 ლარი, პირგასამტეხლოა - 1902 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 54)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს, ადგილი ჰქონდა თუ არა მა----- სა-----ას მოტყუებას სადავო სესხის ხელშეკრულების დადების პროცესში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სესხის ხელშეკრულების დადებისას მა----- სა-----ა მოატყუეს, შედის მოპასუხის მტკიცების საგანში, მან კი სასამართლოს შესაგებელში მითითებული გარემოებანი ვერ დაუდასტურა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის ხელშეკრულება (ს.ფ 18-23)

- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ; (ს.ფ 24-26;)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ----------------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 895-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

მოტყუება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. სასამართლო მითითებს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად ვერ ექნებოდა თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შექმნილ ვითარებაში „ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების დადებაზე ნების გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მოდავე მხარეს გარიგების დადებისას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ხელშეკრულების შინაარსი და ის მოსალოდნელი შედეგები რაც გარიგებას უნდა მოჰყოლოდა.

 

ივარაუდება რომ მხარე ვიდრე ხელს მოაწერს რაიმე დოკუმენტს, უნდა განიხილოს მისი შინაარსი და გამოხატოს თავისი ნება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება არ არის მომენტალური და მარტივი პროცესი. როგორც წესი, მას წინ უძღვის კონტრაჰენტის საქმიანობის შესწავლა, შესაბამისი ფაქტების მოძიება და შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მა----- სა-----ა გაცნობილი იყო და გააზრებული ჰქონდა ხელშეკრულების შინაარსი და მასთან არსებული დოკუმენტაცია. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო როგორც საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია რომ მოპასუხემ საკრედიტო შეთანხმების გაფორმებისას მოტყუების ფაქტი ვერ დაადასტურა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 8 ივნისს შპს „მ----------------------ა“ და მა----- სა-----ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება #რ-–---------- რომლის საფუძველზეც 2017 წლის 8 ივნისს გაცემული საკრედიტო შეთანხმებით, 5.5%-იანი სარგებლის დარიცხვით მსესხებელზე გაიცა სესხი 19 000 ლარი. მოპასუხეს სესხი უნდა გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და სარგებელს 1223 ლარის ოდენობით შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს „მ----------------------“ და ნ--- გო---–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე, იმგვარად, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ თანხის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც მათი დავალიანება მთლიანობაში შეადგენს 32 849.83 ლარს.

 

სასესხო ვალდებულების ძირითადი ნაწილი არის 19 000 ლარი ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის სესხის ძირითადი ნაწილის დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული სარგებლის - 11 947.83 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებმა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლო 1902 ლარი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, იგი უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისროთ მხოლოდ - 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 8 ივნისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, ამდენად სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 934,26 ლარი. ასევე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის, ჯამში 50 ლარი და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 2681-ე, 364-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „მ----------------------ს“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს მა----- სა-----ას და ნ--- გო---–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 30 997.83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 19 000 ლარი, სარგებელია - 11 947.83 ლარი, პირგასამტეხლოა - 50 ლარი.

1.2. მოპასუხეებს მა----- სა-----ას და ნ--- გო---–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის, ჯამში 50 ლარი და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

3. შპს „მ----------------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 1852 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხეებს მა----- სა-----ას და ნ--- გო---–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახილი სახელმწიფო ბაჟი 934,26 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე