გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
330210018002635443
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/27092-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------

წარმომადგენელი ნინო წიკლაური

მოპასუხე სა---------–--------------–--------------------------------------------------------------

წარმომადგენელი ზურაბ გრძელიშვილი

დავის საგანი საექსპერტო მომსახურების ღირებულების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე სა---------–--------------–--------------------------------------------------------------ს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს 3300 ლარის გადახდა.

 

სარჩელის მიხედვით, სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დიდი ხნის განმავლობაში აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა. 2016 წლის 4 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა ე.წ „ჩარჩო“ ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ და 2016 წლის 22 ივნისის წერილობითი დაკვეთა. მოპასუხეს არ აქვს გადახდილი მომსახურების ღირებულება 2600 ლარი.

 

მხარეებს შორის 2016 წლის 4 იანვარს ასევე გაფორმდა მეორე ხელშეკრულება მომსახურების შესახებ და 2016 წლის 24 აგვისტოს წერილობითი დაკვეთა. მოპასუხეს არც აღნიშნულ შემთხვევაში აქვს გადახდილი მომსახურების ღირებულება 700 ლარი. შესაბამისად, ჯამში დავალიანება შეადგენს 3300 ლარს.

 

2018 წლის 11 ივლისიდან, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) გადაეცა სა---------–--------------–--------------------------------------------------------------ს, რომელიც ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე სა---------–--------------–-------------------------------------------------------------- სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სახეზეა ორივე საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება. ამასთან, სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის #171-ე დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენლებით დამტკიცებული სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება - სა---------–--------------–--------------------------------------------------------------ს ცენტრალურ აპარატზე. შესაბამისად, მოსარჩელეს საექსპერტო მომსახურება საზღაურის გარეშე უნდა განეხორციელებინა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 4 იანვარს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმდა ე.წ „ჩარჩო“ ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ, რომლითაც მიმწოდებელი კისრულობდა ვალდებულებას გაეწია საექსპერტო მომსახურება, ხოლო შემსყიდველს უნდა მიეღო შესრულებული სამუშაო და გადაეხადა შესაბამისი საფასური.

3.1.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიმწოდებელი საექსპერტო კვლევას/გამოკვლევას იწყებს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის საჭირო მასალის/ობიექტის წარმოდგენის დღიდან. დასკვნა/აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაიცემა 30 სამუშაო დღის ვადაში.

 

ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება საორიენტაციოდ განისაზღვრება 700 000 ლარით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 29-35)

 

3.1.3. 2016 წლის 22 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წერილით მიმართა სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ქ. ხაშურში, რუსთაველის ქ #38-ში მდებარე შენობაზე საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 ივნისის წერილი (ს.ფ 36-37)

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამავე წლის 27 სექტემბერს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს. საექსპერტო მომსახურების საფასურმა შეადგინა 2600 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 40-44)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 45)

 

3.1.5. 2016 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წერილით მიმართა სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს რათა ჩატარდეს ქ. ქუთაისში, ჭავჭავაძის ქ #58-ში მდებარე შენობაზე ჰიდრო გეოლოგიური კვლევა. ასევე განისაზღვროს სარდაფისა და ცენტრალური სანიაღვრე ქსელის ნიშნულები, შემდგომში სადრენაჟე ქსელის პროექტირების საკითხის გადასაწყვეტად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 24 აგვისტოს წერილი (ს.ფ 47)

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 ივნისს მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამავე წლის 16 ივნისს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს. საექსპერტო მომსახურების საფასურმა შეადგინა 700 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 48-52)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 53)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებიდან ირკვევა, რომ გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულება ჯამში შეადგენს 3300 ლარს, რომელიც მოპასუხის მიერ შეუსრულებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ 46; 54)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 352-ე, 405-ე, 629-ე, 639-ე, 641-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთის მხრივ მოსარჩელესა და მეორეს მხრივ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის არსებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით ნარდობის ხელშეკრულებაა.

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდის – სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია და მომზადებულია საექსპერტო დასკვნა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ ნარდობის საზღაური გადახდილი არ არის.

 

მოპასუხე ვალდებულების შეუსრულებლობის ორ არგუმენტს ასახელებს: ექსპერტიზის დასკვნებში სრულყოფილად არ არის პასუხი გაცემული დამკვეთის მიერ დასმულ კითხვებზე და შესაბამისად იგი შესრულებულია არაჯეროვნად.

 

ამასთან, სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის #171-ე დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენლებით დამტკიცებული სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება - სა---------–--------------–--------------------------------------------------------------ს ცენტრალურ აპარატზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა; ხოლო 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს სათანადო ხარისხი.

 

სასამრთლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, როდესაც არის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე დამკვეთმა სათანადო მტკიცებულებით უნდა დაამტკიცოს, რომ შემსრულებელმა უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები, ხოლო თავის მხრივ, შემსრულებელმა უნდა დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ ვალდებულება ხარისხიანად შეასრულა.

 

სასამართლო სამართლებრივად დაუსაბუთებელად მიიჩნევს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადებში. ამასთან მოპასუხეს სამოქალაქო კოდექსის 352-ე 405-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების დაცვით მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ არ მიუთითებია და მოპასუხის პოზიცია ანაზღაურებისგან გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას როგორც აღინიშნა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ნარდობის საზღაურის გადახდის შესახებ შესრულებული არ არის, რაც მოპასუხისთვის თანხის დაკისრების და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფლების საფუძველია.

 

სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე მხარის არგუმენტი „სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის #171-ე დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად ფულადი თანხის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ ასევე დაუსაბუთებელია. დადგენილების 3-ე მუხლის შინაარსით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; მის მიმართ მიმართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–---------- მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში საექსპერტო მომსახურება გაეწია არა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. შესაბამისად, მოპასუხე მხარის თანხის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი არ იკვეთება და სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად, სა---------–--------------–--------------------------------------------------------------ს დაეკისროს 3300 ლარის გადახდა.

2. სა---------–--------------–--------------------------------------------------------------ს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე