გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002392964
საქმე №2-1532/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წ ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე თ------–-----ე
მოპასუხე ე---------------ე
წარმომადგენელი ი------------
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ე---------------ეზე არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული რ----------------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და განმარტავს, რომ იგი თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 თ------–-----ე და ე---------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2012 წლის 04 ნოემბრიდან 2018 წლის 29 მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი: 2013 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული რ----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რ----------------ის დაბადების მოწმობა.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე; მათი საერთო შვილი რ----------------ე ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე თ------–-----ესთან ერთად და მის რჩენასა და აღზრდაზე ზრუნავს მოსარჩელე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ე---------------ე 2017 წლის მაისიდან მუშაობს შპს „ჯი პი სი“-ში ექსკავატორის დამტვირთველის ოპერატორის პოზიციაზე და ანაზღაურებას იღებს გამომუშავების მიხედვით. შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ მისი ხელფასის ოდენობა არ არის სტაბილური და დამოკიდებულია მოთხოვნაზე. საშუალოდ მისი ყოველთვიური ანაზღაურება მერყეობს 1000-დან 1500 ლარამდე, თუმცა არის შემთხვევები, როცა უფრო დაბალ ანაზღაურებასაც იღებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება.
- შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია ფ/პ ე---------------ის შემოსავლების შესახებ.
3.2.4. თ------–-----ემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2018 წლის 11 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: ე---------------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის რ----------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით 2018 წლის 11 აპრილიდან რ----------------ის სრულწლოვანებამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა ”ბავშვის უფლებათა კონვენციით”, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე და 1215-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვის დაცვა. მისთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგება მშობელისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ------–-----ეს და ე---------------ეს ჰყავთ საერთო შვილი 2013 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული რ----------------ე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელე თ------–-----ესთან და იმყოფება მის კმაყოფაზე.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
დადგენილია, რომ რ----------------ე არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება მშობლის არა მარტო უფლება არამედ მოვალეობაცაა, ხოლო მშობელს, რომელიც თავად ზრდის ბავშვს უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრობ მშობელს ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო სოციალური გარემოს აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამგვარი საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ ე---------------ეს, როგორც მამას, რომელიც ამჟამად არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილის აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლო განმარტავს, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2018 წლის 11 აპრილიდან უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის რ----------------ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ალიმენტის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად ტავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრების ნაწილში. სარჩელიც სწორედ მხოლოდ ამ ნაწილში დაკმაყოფილდა.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს მოპასუხეზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თ------–-----ის სარჩელი ე---------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
1.1. მოპასუხე ე---------------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 05 ოქტომბერს დაბადებული რ----------------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით 2018 წლის 11 აპრილიდან რ----------------ის სრულწლოვანებამდე.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე