გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
330210017002220146
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/35632-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - ნა---------------–---–ი

წარმომადგენელი - ნო------------–---–ი

მოპასუხე - ნი-------–-----–-–---–ი

წარმომადგენელი - გი----------–--–--ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ნი-------–-----–-–---–ს მოსარჩელე ნა---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 500 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2013 წელს, ნა---------------–---–ს ქ. თბილისში ს-------–---–-ს N 7 -ში გახსნილ სურსათის მაღაზია შპს „----------“-ში მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული ჰყავდა მოპასუხე ნი-------–-----–-–---–ი.

 

მოპასუხე მაღაზიის მფლობელის მაღალი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა. მოპასუხემ ისარგებლა ამ ნდობით და სხვადასხვა დროს, ჯერ მაღაზიის სალაროში არსებული თანხა, ხოლო შემდეგ მასთან შენახული ფულადი თანხა (იჯარის ქირა) მაღაზიის მესაკუთრის თანხმობის გარეშე ფარულად აიღო და მოიხმარა პირადი მიზნებისთვის.

 

მოპასუხემ ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით აღიარა ნა---------------–---–ის ვალი, რომელიც შეადგენდა 10 500 აშშ დოლარს და ივალდებულა, რომ აღნიშნულ თანხას დააბრუნებდა 2014 წლის 20 დეკემბერს.

 

მოპასუხეს 10 500 აშშ დოლარი მოსარჩელე ნა---------------–---–ისთვის არ დაუბრუნებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მოპასუხემ არ მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე და მხოლოდ მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ პროკურატურაში არ დადგინდა ვალის არსებობა, ასევე მისთვის უცნობია ხელწერილის შინაარსი და ხელმოწერაა მხოლოდ მისი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 15 ოქტომბერს დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ 10 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

 

ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 2014 წლის 20 დეკემბრისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 15);

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოსარჩელე ნა---------------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ნა---------------–---–ი განქორწინებულია მეუღლესთან (ოდაი აბდ ალი კარიმ ალ-ოგაიდი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

 

2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ. -ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებელში არ მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე და მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარე შეზღუდული იყო ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების კუთხით.

 

3.2.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის 15 ოქტომბერს დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ 10 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

 

ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 2014 წლის დეკემბრის 20 რიცხვისთვის და მას ვალის აღიარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაეხადა აღნიშნული პერიოდისათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, 2014 წლის 15 ოქტომბერს დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ 10 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება და ამასთანავე, მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია აღნიშნული ვალდებულება, ნა---------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ოდექსის მე-4, 201-ე, 206-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 341-ე, 361-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 15 ოქტომბერს დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ 10 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ. ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ სსკ-ის 341-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსის განმარტებისას აღნიშნა: „ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ., საქმე №ას-1369-1289-2017, 26 იანვარი, 2018 წელი).

ვალის აღიარების ხელშეკრულებით დასტურდება ნი-------–-----–-–---–ის მიერ მოსარჩელის მიმართ დავალიანების - 10 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების აღიარების ფაქტი. ამასთან, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც მოსარჩელეს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნი-------–-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 841 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნა---------------–---–ის სარჩელი ნი-------–-----–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ნი-------–-----–-–---–ს მოსარჩელე ნა---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 500 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ნი-------–-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 841 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი