გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31718-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ქეთევან კუჭავა
სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი
მოსარჩელე - თ------ ა------ა
წარმომადგენლები - ბე--------ე, ნო------------უა
მოპასუხე - სს "სა---------–-------------ა"
წარმომადგენლები - ნა-----–-------–---–ი, ნი----–---–-----ი
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს "სა---------–-------------ის" ინ------------------------–---–ის დირექტორის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება N--- მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. თ------ ა------ა აღდგენილ იქნეს სა------ს სპეციალისტის პოზიციაზე;
1.3. სს ,,სა---------–-------------ას“ თ------ ა------ას სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 22 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ხელფასის ოდენობით გადახდა.
(იხ. სარჩელის დაზუსტება ს.ფ. 159-160)
სარჩელის საფუძვლები
2015 წლის 20 ივლისიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო სს ,,სა---------–-------------ის“ ინ--------------------------–---–------–--------------------------------------–---------–----------------------–-----------------–----–-------------------–------–--------------------------------–-------------------–ი სა------ს სპეციალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 18 ივლისიდან 2016 წლის 18 აგვისტომდე იმყოფებოდა კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში. ამის შემდგომ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დროებით შრომისუუნარობის გამო, რა მიზეზითაც ვერ გამოცხადდა სამსახურში შვებულების ვადის ამოწურვის შემდგომ, 2016 წლის 16 აგვისტოს გაიხსნა საავადმყოფო ფურცელი.
სამსახურში გამოცხადების შემდგომ, მოსარჩელეს უარი ეთქვა საავადმყოფოს ფურცლის მიღების შესახებ, რის მიზეზადაც დასახელდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. აღნიშნული ფაქტის შესახებ მისთვის ზეპირსიტყვიერად იქნა ცნობილი. თ------ ა------ამ შემდგომი განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა კანონით დადგენილი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რა მიზეზით მოხდა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ დაასაბუთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, შემოიფარგლა მხოლოდ მითითებით კანონის მუხლზე (რეორგანიზაცია) და იმის აღნიშვნით, რომ თეორიულად დამსაქმებელს, როგორც მეწარმეს, უფლება აქვს თვითონ გადაწყვიტოს ადამიანური რესურსების მართვის საკითხები.
მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულ სამმართველოში მასთან ერთად დასაქმებული იყო ოჯახის კიდევ ერთი წევრი, თუმცა ორივე მათგანთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
დაზუსტებულ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, თუ რა უპირატესობა მიიენიჭა სხვა, მსგავს პოზიციაზე დარჩენილ თანამშრომლებს მასთან შედარებით. სა------ს ყველა სპეციალისტს, ვინც განაგრძო მუშაობა თ------ ა------ას გათავისუფლების შემდეგ, ჰქონდა აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, რაც დისკრიმინაციულ ქმედებაზე მიუთითებს.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუ რა ეკონომიკურმა ან ტექნოლოგიურმა, თუ ორგანიზაციულმა ცვლილებამ განაპირობა სამუშაო ძალის შემცირება. შესაბამისად, სადავო რეორგანიზაციის ფაქტი და მოპასუხე ე.წ. "შიდა ორგანიზაციული" ცვლილებებით ამართლებს თანამშრომლის გათავისუფლებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს.
სს ,,სა---------–-------------ის“ სა-–--------------------------------------–---------–----------------------–------–-----------------ა ბაზაში მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, სს,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის N---- დადგენილებით გამოცხადდა ბაზის რეორგანიზაცია და მის ნაცვლად შეიქმნა დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული - სა–-----------------ა სამმართველო.
სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის N---- დადგენილების 1.3. პუნქტით დამტკიცდა ახალი სტუქტურული ერთეულის - სა–-----------------ა სამმართველოს საშტატო განრიგი. ძველი - სა–-----------------ა ბაზის საშტატო განრიგის მიხედვით, ბაზაში ჯამში იყო 63 საშტატო ერთეული, სახელფასო ფონდით 45 738 ლარი, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად ახალი სტრუქტურული ერთეულის - სა–-----------------ა სამმართველოს საშტატო განრიგი ითვალისწინებს 56 საშტატო ერთეულს, სახელფასო ფონდი კი შეადგენს 41 488 ლარს, ანუ შტატები შემცირდა 7 ერთეულით, რამაც გამოიწვია 4250 ლარის ეკონომია.
შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე სა–-----------------ა ბაზის თბილისის უბანზე მუშაობდა სა------ს სპეციალისტის თანამდებობაზე. რეორგანიზაციის შედეგად შემცირებული 7 შტატიდან თბილისის უბანზე შემცირდა სპეციალისტის 2 შტატი და გახდა 5 შტატი. მოსარჩელეს დამთვარებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს ეკონომისტ-ინფორმატიკოსის კვალიფიკაცია.
ვინაიდან, მოსარჩელე არ იყო სა------ს სპეციალისტი, შტატების შემცირების შედეგად მასთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, შრომის კოდექსის 37.1 ,,ა“ მუხლის საფუძველზე და 38.2. მუხლის შესაბამისად მიეცა ორი თვის კომპენსაცია.
მოგვიანებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების კრიტერიუმად მიჩნეული იქნა არა კვალიფიკაცია, არამედ სამუშაო გამოცდილება და დამსაქმებელმა უპირატესობა მიანიჭა იმ თანამშრომლებს, რომლებსაც რ-------აში მუშაობის უფრო მეტი სტაჟი გააჩნდა.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ------ ა------ა 2015 წლის 20 ივლისიდან დასაქმებული იყო სს ,,სა---------–-------------ის“ ინ--------------------------–---–------–--------------------------------------–---------–----------------------–-----------------–----–-------------------–------–--------------------------------–-------------------–ი სა------ს სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 600 ლარს (ხელზე მისაღები ოდენობა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სს ,,სა---------–-------------ის“ 2016 წლის 8 აგვისტოს N--- ბრძანებით სა---------–-------------ის ინფრასტრუქტურის ფილიალი სა-–--------------------------------------–---------–-------ო სამმართველო, ოპერატიული საწარმოო პერსონალი, სა–-----------------ა ბაზა, თბილისის უბანი სა------ს სპეციალისტი თ------ ა------ა 2016 წლის 22 აგვისტოდან სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ პუნქტის და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ამავე ბრძანების საფუძველზე, თ------ ა------ას მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2016 წლის 8 აგვისტოს N--- ბრძანება (ს.ფ.23).
3.1.3. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე, 2016 წლის 22 ივლისს მოსარჩელეს გაეგზავნა სს ,,სა---------–-------------ის“ N---- შეტყობინება იმის თაობაზე, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სს ,,სა---------–-------------ა“ 2016 წლის 22 აგვისტოდან წყვეტდა მასთან შრომით ხელშეკრულებას. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად კი მიეთითა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
აღნიშნული შეტყობინება მოსარჩელეს არ ჩაბარდა. თუმცა უდავოა, რომ თ------ ა------ას აუნაზღაურდა 2 თვის ხელფასის შესაბამისი კომპენსაცია (რასაც კანონი ითვალისწინებს წინასწარი შეტყობინების 30 დღიანი ვადის დაუცველობის შემთხვევისათვის).
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2016 წლის 22 ივლისის N---- წერილი (ს.ფ. 24, 93).
- უკუგზავნილი (ს.ფ.90-92)
3.1.4. თ------ ა------ას 2016 წლის 30 აგვისტოს მოთხოვნის საფუძველზე, 2016 წლის 8 სექტემბრის სს ,,სა---------–-------------ის“ N---- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სს ,,სა---------–-------------ას“ და თ------ ა------ას შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
ამავე მიმართვით განიმარტა, რომ თ------ ა------ა დასაქმებული იყო სს ,,სა---------–-------------ის“ ინ--------------------------–---–------–-------ო დეპარტამენტის სა–-----------------ა ბაზის, თბილისის უნაბში სა------ს სპეციალისტის პოზიციაზე. სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის N---- დადგენილებით ინ--------------------------–---–------–-------ო დეპარტამენტის საცავ ტყე-ნარგავთა ბაზა გარდაიქმნა დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად - საცავ ტყე-ნარგავთა სამმართველოდ. რეორგანიზაციის შესაბამისად, დამტკიცდა სს ,,სა---------–-------------ის“ ინ--------------------------–---–------–-------ო დეპარტამენტის საცავ ტყე-ნარგავთა სამმართველოს სტუქტურა და ახალი საშტატო განრიგი, რომლის მიხედვითაც გაუქმდა 7 საშტატო ერთეული. ასეთი სახის ორგანიზაციული ცვლილება წარმოადგენდა შრომის კოდექსის 37.1. მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერ საფუძველს. მითითებული ნორმის და სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის N---- დადგენილების საფუძველზე გამოიცა სს ,,სა---------–-------------ის“ ინფრასტუქტურის დირექტორის 2016 წლის 8 აგვისტოს N--- ბრძანება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
დამსაქმებელმა ასევე განუმარტა მოსარჩელეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, რაც გულისხმობს მეწარმე სუბიექტთა ისეთი უფლებების დაცვა-ხელშეწყობას, როგორიცაა მეწარმის უფლება თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს კონტრაჰენტი და გააფორმოს მასთან ხელშეკრულება, აირჩიოს საქმიანობის საგანი, თვისი შეხედულებით, დაიქირავოს და გაათავისუფლოს თანამშრომლები. მეწარმე სუბიექტს გააჩნია საკუთარი კანონიერი მიზნები და მისი საქმიანობა ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც შეუძლებელი იქნება ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური/ოპტიმალური გამოყენების გარეშე. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია განსაზღვროს, თავისი მიზნების მისაღწევად რომელი პროფესიის და რამდენი მუშა-მოსამსახურე ესაჭიროება. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტს შეუძლია თავისი საკუთრებითი და ორგანიზაციული წესრიგის მართლზომიერი მართვა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობის განსაზღვრისა და მათი არჩევის უფლება.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-2016 წლის 8 სექტემბრის N---- წერილი (ს.ფ.25-26).
3.1.5. სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 11 ივნისის N----- დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა სა------ს სპეციალისტის სამუშაო აღწერილობა, რომლის მიხედვითაც წინამდებარე სამუშაო აღწერილობა წარმოადგენს სს ,,სა---------–-------------ის“ (შემდგომი - კომპანია) შიდა ნორმატიულ დოკუმენტს და განსაზღვრავს სა------ს სპეციალისტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს (1.1. მუხლი). 1.2. მუხლის მიხედვით სა------ს სპეციალისტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების, კომპანიის წესდების, შინაგანაწესისა და წინამდებარე სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.
მე-2 მუხლის მიხედვით სა------ს სპეციალისტმა თავისი საქმიანობის პროცესში უნდა შეასრულოს შემდეგი დანიშნულება: ტყის ჯიშების ნათესების გამოყვანა, ნერგების გამოყვანა, საცავი ზოლების აღსადგენად (2.1. პუნქტი). სა------ს სპეციალისტმა თავისი საქმიანობის პროცესში უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები: სა------ს გაშენება, ტყის ჯიშების თესლების დამზადება და ნათესების გამოყვანა (3.1. პუნქტი).
სა------ სპეციალისტმა საკუთარი დანიშნულებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე უნდა შეასრულოს შემდეგი ფუნქციები და მოვალეობები: ტყის ჯიშების თესლების დროულად დამზადება და დათესვა. თესლნერგების გამოყვანა. მოვლითი სამუშაოების შესრულება აგროწესებით გათვალისწინებულ ვადებში (გათოხვნა, გამარგვლა, მორწყვა). გამოყვანილი ნერგების საცავ ტყე-ნარგავთა ზოლში დასარგავად გაცემა და აღრიცხვა. შესრულებულ სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციის შედგენა. მოვალეა სისტემატიურად აკონტროლოს სა------ბში მიმდინარე სამუშაოები. მოვალეა დაიცვას დისციპლინა და შინაგანაწესი. შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, გარემოს დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა (4.1.; 4.2; 4.3.; 4.4.; 4.5.; 4.6.; 4.7.; 4.9; პუნქტები).
ამავე სამუშაო აღწერილობის მე-8 მუხლით განისაზღვრა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძოდ: განათლება - საშუალო ტექნიკურ-აგრონომიული, აუცილებელი უნარ-ჩვევები - დაკვირვებულობა, ოპერატიულობა, მართვის უნარი, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, აუცილებელი ცოდნა - შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, გარემოს დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო წესების ცოდნა.
სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 15 დეკემბრის N----- დადგენილების საფუძველზე ახლებურად განისაზღვრა საცავ ტყე-ნარგავთა სამმართველოს სა------ს სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძოდ: მე-8 მუხლის თანახმად, განათლება - საშუალო ან საშუალო - ტექნიკური, სასურველია აგრონომიის მიმართულებით. ამდენად, აგრონომიის მიმართულებით განათლება წარმოადგენს არა სავალდებულო, არამედ სასურველ პირობას.
ფუნქცია-მოვალეობები არის იგივე, რაც განსაზღვრული იქნა 2014 წლის 11 ივნისის N----- დადგენილების შესაბამისი სამუშაო აღწერილობით.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სა------ს სპეციალისტის სამუშაო აღწერილობა (ს.ფ. 118 -120);
- საცავ ტყე-ნარგავთა სამმართველოს სა------ს სპეციალისტის სამუშაოს აღწერილობა (ს.ფ. 121-124).
3.1.6. თ------ ა------ას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს ეკონომისტ-ინფორმატიკოსის კვალიფიკაცია.
უდავოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელესთან ერთად, სა------ს სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ სხვა პირებს ასევე არ გააჩნდათ საშუალო ტექნიკურ-აგრონომიული განათლება.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- დიპლომის ასლი (ს.ფ.54).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო სს "სა---------–-------------ის" დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის #---- დადგენილება და ინფრასტრუქტურის ფილიალის დირექტორის 2016 წლის 22 ივლისის #--- ბრძანება.
სს ,,სა---------–-------------ის“ სა-–--------------------------------------–---------–----------------------–------–-----------------ა ბაზაში მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის N---- დადგენილებით გამოცხადდა ბაზის რეორგანიზაცია და მის ნაცვლად შეიქმნა დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული - სა–-----------------ა სამმართველო.
სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის N---- დადგენილების 1.3. პუნქტით დამტკიცდა ახალი სტუქტურული ერთეულის - სა–-----------------ა სამმართველოს საშტატო განრიგი.
რეორგანიზაციამდე არსებულ საცავ ტყე-ნარგავთა ბაზის საშტატო განრიგი ითვალისწინებდა თბილისის უბნის სა------ს სპეციალისტის 7 ერთეულს, რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილ სა–-----------------ა სამმართველოს თბილისის უბანზე განისაზღვრა სა------ს სპეციალისტის 5 შტატი, ანუ შემცირდა 2 ერთეულით.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 14 ივლისის N---- დადგენილება (ს.ფ.47-48).
- 2016 წლის 1 ივლისის საშტატო განრიგი (ს.ფ.49-50;
- საცავ- ტყე-ნარგავთა სამმართველოს საშტატო განრიგი (ს.ფ.51-53)
3.2.2 2016 წლის 14 ივლისის სს ,,სა---------–-------------ის“ ფილიალის დირექტორის მოადგილის განვითარების მიმართულებით საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ რეორგანიზაციის შედეგად საცავ ტყე-ნარგავთა ბაზის საშტატო განრიგი 63 ერთეული შემცირდა სულ 7 ერთეულით და საცავ ტყე-ნარგავთა სამმართველოს საშტატო განრიგმა შეადგინა ჯამში 56 საშტატო ერთეული, ხოლო სახელფასო ფონდი 45 738 ლარი შემცირდა 41 488 ლარამდე. შესაბამისად, სახელფასო ფონდის ეკონომიამ შეადგინა 4250 ლარი.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ს.ფ. 172);
-საშტატო ნუსხა (ს.ფ. 96-124).
3.2.3. საცავ ტყე-ნარგავთა სამმართველოს სა------ს სპეციალისტის 5 საშტატო ერთეულიდან არც ერთი არ არის ვაკანტური.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ს.ფ. 113);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება, მოსარჩელეს აუნაზღაურდეს კომპენსაცია ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, ხოლო სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
ევროპის სოციალური ქარტია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და სხვა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“.
შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შრომის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება, დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ, ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.)
მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შტატების შემცირების (რეორგანიზაცია) მოტივით. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის შესაფასებელია შტატების შემცირების მოტივით (რეორგანიზაცია) მოსარჩელის დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლების მართლზომიერების საკითხი, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37.1. „ა“, სკ-ის 115-ე, მე-8.3 მუხლს და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას (30-ე მუხლი), ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს, მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან (სუსგ 30.01.2015, #ას-883-845-2014, სუსგ 08.04.2015, #ას-1325-1263-2014).
მტკიცების ტვირთის განაწილების იმ სტანდარტით, რომელსაც შრომის სამართალი აწესებს (რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა), მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია:
1) ჩატარდა თუ არა რეორგანიზაცია;
2) რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა თუ არა სამუშაო ძალა;
3) რა უაცილებლობით (ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სხვა) იყო გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება;
4) რამ განაპირობა კონკრეტულად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება და შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, დასაქმებულთა შერჩევის წინასწარ განსაზღვრული რა კრიტერიუმები იქნა დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ სს ,,სა---------–-------------ის“ სა-–--------------------------------------–---------–----------------------–------–-----------------ა ბაზაში მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის N---- დადგენილებით გამოცხადდა ბაზის რეორგანიზაცია და მის ნაცვლად შეიქმნა დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული - სა–-----------------ა სამმართველო. სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის N---- დადგენილების 1.3. პუნქტით დამტკიცდა ახალი სტუქტურული ერთეულის - სა–-----------------ა სამმართველოს საშტატო განრიგი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სს ,,სა---------–-------------ის ინფრასტრუქტურის ფილიალის“ სა-–--------------------------------------–---------–----------------------–------–-----------------ა ბაზის რეორგანიზაციის შედეგად საცავ ტყე-ნარგავთა ბაზის საშტატო განრიგი 63 ერთეული შემცირდა 7 ერთეულით და საცავ ტყე-ნარგავთა სამმართველოს საშტატო განრიგი განისაზღვრა 56 საშტატო ერთეულით, ხოლო სახელფასო ფონდი 45 738 ლარი, შემცირდა 41 488 ლარამდე. შესაბამისად, სახელფასო ფონდის ეკონომიამ შეადგინა 4250 ლარი. ასევე დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე არსებულ საცავ ტყე-ნარგავთა ბაზის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თბილისის უბნის სა------ს სპეციალისტის 7 შტატის ნაცვლად, რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილ სა–-----------------ა სამმართველოს თბილისის უბანზე განისაზღვრა სა------ს სპეციალისტის 5 შტატი, ანუ კონკრეტულად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული შტატი შემცირდა 2 ერთეულით.
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება იმგვარ გარემოებათა არსებობა, რაც შტატების შემცირებით ორგანიზაციული ცვლილების აუცილებლობას დაასაბუთებდა.
სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს და მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძველი და მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა არ მოხდეს შტატების ფორმალურად შემცირება და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.
დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მას, კონკრეტულ შემთხვევაში, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღარ ესაჭიროებოდა იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული. ამასთან, სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის შემცირება განპირობებული იყო საწარმოს ფინანსური მდგომარეობით, თუ ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციას.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება დავყოთ ორ ელემენტად: 1. უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, და 2. აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. პირველი ელემენტით მოცემული გარემოებები (ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები) შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ (ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ) გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. ეს ნიშნავს იმას, რომ განსახილველი ნორმით მოცემული ელემენტები - ეკონომიკური გარემოებები, ან ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და სამუშაო ძალის შემცირება უნდა არსებობდეს კუმულაციურად.
საწარმოს ან მისი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია უკანონოა, როდესაც რეალურად ადგილი არ ჰქონდა რეორგანიზაციას, ფორმალური ნიშნების მიხედვით დარჩა იგივე სტრუქტურული ერთეული (ერთეულები), ან ცვლილებით გაუქმებული სტრუქტურების ნაცვლად შემოღებულ იქნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფორმალური ნიშნით განსხვავდება, მაგრამ შინაარსობრივად იმავე ფუნქციის მატარებელია, რაც ძველი სტრუქტურული ერთეულები. თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, რეორგანიზაციის შედეგად პირთა განთავისუფლების უკანონობაზე უნდა უთითებდეს, აგრეთვე, სამუშაო ძალის შემცირების არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ განხორციელდა ბაზის გარდაქმნა იმავე ფუნქციის მქონე სამმართველოდ, რომელიც სამუშაო ადგილების შემცირებას გულისხმობდა. უდავოა, რომ ყოველი თანამშრომლის გათავისუფლება, მისი ხელფასის დანაზოგი არის საწარმოს დანახარჯის შემცირების უმარტივესი მაგალითი, თუმცა მხოლოდ თანამშრომლის გათავისუფლებით მიღწეული ეკონომია არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს საპატიო გარემოებად.
სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელი, როდესაც რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, რწმუნდება, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება საწარმოს ინტერესებს, არ ხელყოფს დასაქმებულთა უფლებებს და გამართლებულია მეწარმის თავისუფალი ნების შესაბამისად. მეწარმის გადაწყვეტილება მოითხოვს დასაბუთებას, გარკვეულ გათვლებს, რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარებას, რეორგანიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებს. მეწარმის თვითნებური გადაწყვეტილება, რომ პერმანენტულად გამოაცხადოს რეორგანიზაცია, ისე, რომ არ დაასაბუთოს რატომ უნდა შემცირდეს კადრები, მოიკლო თუ არა სამუშაომ, დაინერგა თუ არა ტექნოლოგიური სიახლე, რომელმაც გამოათავისუფლა დასაქმებული, განხორციელდა თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც აუცილებელი გახადა მენეჯერული მიდგომის შეცვლა და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამგვარი ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. უცნობია, რა აუცილებლობით არის გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება, ხომ არ მოხდა ფორმალური საფუძვლის შექმნა რეორგანიზაციისათვის. აღნიშნულ კითხვებზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხს ვერ სცემს. არ არის საქმის მასალებში წარმოდგენილი, კონკრეტულად, რა იყო დასაქმებულის შემცირების კონკრეტული საფუძველი და რა ეკონომიკურმა გარემოებებმა, ტექნოლოგიურმა ან ორგანიზაციულმა ცვლილებებმა განაპირობა აღნიშნული.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია მუდმივ დინამიურ განვითარებასთან, კონკურენტულ გარემოში საქმიანობასთან. მეწარმე თავისი საკუთრების ხარჯზე ახერხებს დასაქმებულისათვის ხელფასის გადახდას, ამიტომ არაგონივრული ტვირთის დაკისრება მეწარმეზე, მისთვის თავისუფლების შეზღუდვა და სამეწარმეო საქმიანობაში უხეში ჩარევა გამოიწვევს მეწარმეობის შეფერხებას, მესაკუთრის უფლებების დარღვევას და საბოლოო ჯამში, არა ერთი დასაქმებულის, არამედ მთლიანად საწარმოს დასაქმებულების დათხოვნას, თუ კი საწარმო ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას. ამიტომ საჭიროა გონივრული, კანონიერი და სამართლიანი ბალანსის პოვნა დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს შორის. დამსაქმებელი, ვალდებულია საფუძვლიანად დაასაბუთოს დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობა, დამაჯერებლად დაამტკიცოს, რომ დასაქმებულების შემცირება არა სუბიექტური ფაქტორებით, არამედ კონკრეტული ობიექტური აუცილებლობით არის გამოწვეული, რაც ნასაზრდოებია სამეწარმეო საქმიანობის აღიარებული პრინციპებით.
რეორგანიზაცია არ შეიძლება გახდეს დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი, თუ იგი დასაბუთებული არ არის კონკრეტული მტკიცებულებებით.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სა------ს სპეციალისტის საშტატო ერთეული შემცირდა 2-ით. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის საშტატო ერთეულის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აუცილებლობა არც ეკონომიკური გარემოებებითა და არც ოპტიმიზაციის საფუძვლით. ასევე, სახეზე არ არის ფუნქციურ ცვლილებასთან დაკავშირებული დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაცია - ფუნქციების განახლების ან საწარმოს მოთხოვნილებების გაზრდის ფაქტი, რის გამოც, მოსარჩელე ვერ დააკმაყოფილებდა დაწესებულ მოთხოვნებს (არაკომპეტენტურობა).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 11 ივნისის N----- დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა სა------ს სპეციალისტის სამუშაო აღწერილობა. ამავე სამუშაო აღწერილობის მე-8 მუხლით დადგინდა სა------ს სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც სავალდებულო პირობას წარმოადგენდა საშუალო ტექნიკურ-აგრონომიული განათლება. სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 15 დეკემბრის N----- დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული სა------ს სპეციალისტის სამუშაო აღწერილობის მე-8 მუხლით საკვალიფიკაციო მოთხოვნა განათლების გრაფაში მითითებულია საშუალო ან საშუალო - ტექნიკური, სასურველია აგრონომიის მიმართულებით. ამდენად, ცალსახაა, რომ რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობის შედეგად, აგრონომიის მიმართულებით განათლება არის სასურველი და არა სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა. მით უფრო, საქმის მასალებით არ დასტურდება სხვა დასაქმებული სა------ს სპეციალისტების აგრონომიის მიმართულებით განათლების ფაქტი.
შტატების შემცირების პირობებში მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელ გარემოებად და თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმადაც, თავდაპირველად, შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა სწორედ მოსარჩელის კვალიფიკაციაზე და აღნიშნა, რომ, ვინაიდან თ------ ა------ას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს ეკონომისტ-ინფორმატიკოსის კვალიფიკაცია და არ იყო სა------ს სპეციალისტი, სა------ს სპეციალისტის 7 საშტატო ერთეულის 5 საშტატო ერთეულამდე შემცირების შედეგად მასთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. ისეთ პირობებში კი, როდესაც რეორგანიზაციის შემდგომ სა------ს სპეციალისტისათვის სავალდებულო საკვალიფაკაციო მოთხოვნა დადგენილი არ არის, ამასთან, მოსარჩელესთან ერთად, სა------ს სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ სხვა პირებს ასევე არ გააჩნდათ საშუალო ტექნიკურ-აგრონომიული განათლება, მოპასუხის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოება ვერ შეფასდება კონკრეტულად მოსარჩელის გათავისუფლების გამამართლებელ ობიექტურ საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, არც სამუშაო სტაჟის მიხედვით გათავისუფლება, როგორც შრომითი ურთიერთობის ორივე მხარის (საწარმოსა და თანამშრომლის) ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით დასაქმებულთა შერჩევა, არ დასტურდება (რა გარემოებაზეც მოპასუხემ მიუთითა მოგვიანებით), რადგან რ-------აში მუშობის საერთო სტაჟი, უშუალოდ სა------ში მუშაობის თანაბარი პერიოდის პირობებში, თავისთავად არ ადასტურებს შესაბამის თანამდებობაზე მოსარჩელის არაკვალიფიციურობას. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. ასევე არ იკვეთება მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ორგანიზაციული, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიული გარემოებებით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, ამასთან, ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც სხვა თანამშრომლებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღების შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, მოპასუხის მიერ გამოცემული 2016 წლის 8 აგვისტოს №--- ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.2. მოქმედი შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
სშკ-ის 38.8 მუხლის გამოყენების შესახებ საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ #ას-951-901-2015, 29.01.2016წ.; ას-931-881-2015., 29.01.2015წ. #ას- 1083-1020-2015, 15.04.2016წ.).
სარჩელით მოსარჩელე ითხოვს აღდგენილ იქნეს საცავ ტყე-ნარგავთა ბაზის რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბებულ - საცავ ტყე-ნარგავთა სამმართველოს სა------ს სპეციალისტის თანამდებობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ თბილისის უბანზე სა------ს სპეციალისტის 7 შტატი შემცირებულია 5 საშტატო ერთეულამდე. ამასთან, მოპასუხე ადასტურებს შესაბამის პოზიციაზე თავისუფალი (ვაკანტური) შტატის არ არსებობას. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელის სამუშაო ადგილზე აღდგენის შესაძლებლობა ისე, რომ არ შეილახოს სხვა იმ პირის უფლებები, რომელიც შესაბამის პოზიციას იკავებს სრულიად ლეგიტიმურად, არ არსებობს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაუშვებელია დამსაქმებლის იძულება, შექმნას დამატებითი საშტატო ერთეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებს ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგს (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაშიც, სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო (ტოლფასი თანმდებობა) ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება სულ მცირე, კომპენსაცია. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება, მისი დასაქმების პერსპექტივა და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია, მას უნდა აუნაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისათვის სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომლის გონივრულ ოდენობად სასამართლოს, საქმის ფაქტობრივი გარემოებების - ხელფასის ოდენობის, ხელშეკრულების ვადის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს 2 თვის კომპენსაცია - მიაჩნია ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის თანხა, ყოველთვიურად 600 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) გათვალისწინებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მიხედვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების, 7200 ლარის (600*12) გათვალისწინებით, მოცემულ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 3%-ის ოდენობით, სულ შეადგენს 216 ლარს, საიდანაც მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს 100 ლარი, ხოლო შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში იგი გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 116 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ------ ა------ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს "სა---------–-------------ის" ინ------------------------–---–ის დირექტორის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება N--- მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. სს "სა---------–-------------ას" თ------ ა------ას სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, ყოველთვიურად 600 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) გათვალისწინებით;
1.3. თ------ ა------ას სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, ასევე სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. სს "სა---------–-------------ას" თ------ ა------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
3. სს "სა---------–-------------ას" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 116 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე: ქეთევან კუჭავა