გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2018
საქმის ნომერი
050210018002662831
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210018002662831

N2/1089-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.11.2018 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე- შპს ,,ემ------------ი'',მოსარჩელის წარმომადგენელი -ემ--------------ძე

მოპასუხე- ნ----------–-ძე,წარმომადგენელი-ნათ-------------ე

დავის საგანი:თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა

1.1.დაეკისროს ნ----------–-ძეს შპს ემ------------ის სასარგებლოდ -655 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის -350 ლარი, სარგებელი-98 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა- 20 ლარი და პირგასამტეხლო 187 ლარი.

მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენლის-ემზ----------–--ის განმარტებით 2017 წლის 13 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 350 ლარის ოდენობით 2017 წლის 9 თებერვლამდე. ვინაიდან დაირღვა ხელშეკრულებსი პირობები მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ----------–-ძე და მისი წარმომადგენელი აღიარებენ ვალს, მაგრამ ითხოვენ პირგასამტეხლოს შემცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 13 იანვარს მოსარჩელე შპს ემ------------სა და და მოპასუხე ნ----------–-ძეს შორის გაფორმებული იქნა ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 350 ლარი 2017 წლის 9 თებერვლამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელშეკრულება (ს.ფ.13-21).

 

3.2.2.საქმეშია საგადასახადო დავალება 350 ლარზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საგადასახადო დავალება (ს.ფ.33).

 

3.2.3. საქმეშია ცნობა დავალიანების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ცნობა(ს.ფ.36).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, მე-400, 402-403-ე, 867-873-ე, 405-ე,417-418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

როგორც დადგენილია შპს ემ------------მა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2018 წლის 5 ოქტომბერს.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.

 

ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის-შპს ემ------------ის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის `ა~ პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

6.7. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 350 ლარი 22017 წლის 9 თებერვლამდე.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ნ----------–-ძემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა ბანკს. მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მას შესატანი ბანკში უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული თანხა და სარგებელი. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოპასუხე უნდა დავალდებულდეს მოსარჩელეს გადაუხადოს ის თანხა, რაც დავალიანებად დარჩა სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ და ასევე ის თანხა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებით.

 

6.8. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგაამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები შეთანხმებული იყვნენ (იხ. ხელშეკრულებები).

 

6.9 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის არამართლზომიერი და იგი უნდა შემცირდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი, მოსარჩელე ორგანიზაციას უნდა დაუბრუნდეს სახ. ბაჟის თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისიძება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ემ------------ის მოთხოვნა.

დაეკისროს ნ----------–-ძეს შპს ემ------------ის სასარგებლოდ- 526 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის- 350 ლარი, სარგებელი-98 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა- 20 ლარი და პირგასამტეხლო -58 ლარი.

2. დაეკისროს ნ----------–-ძეს შპს ემ------------ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების თანხა- 45 ლარუისოდენობით.

3. სახ. ბაჯის თანხა- 50 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს შპს ემ------------ს შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300893150, საგადახდო დავალება №445784247, ბანკის კოდი - TRESGE22, თარიღი 29.08.2018 წ. თანხა - 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინა კიკნაძე