გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/4404-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20.11.2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - სს "ა-----------------";
წარმომადგენლები - თ----------–-ძე, ე-–-----------ე;
მოპასუხე - შპს "თ---–--–----";
წარმომადგენელი - ე----------ე;
მოპასუხე - ი----------–---ი;
მესამე პირი - ი/მ ო----------------–---–ი;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი----------–---სა და შპს "თ---–--–----"-ს სოლიდარულად დაეკისროთ სს "ა-----------------"-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით - 1 010 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 05 იანვარს სს "ა-----------------სა" და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1/12, რომლის საფუძველზეც 2016 წლის იანვარს გაფორმდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესახებ გენერალური პოლისი M------------. აღნიშნული პოლისის საფუძველზე დაზღვეული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული RENAULT-ის მარკის ავტომანქანა, სახ. N---------, აღნიშნული ავტომანქანის მიმართ დაზღვეული იქნა მთელი რიგი სადაზღვევო რისკები, ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო რისკს მიეკუთვნება შემთხვევა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2016 წლის 19 დეკემბერს ქ.თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა, საპატრულო პოლიციის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად მიჩნეული იქნა მოპასუხე - ი----------–---ი, რომელიც მართავდა FORD-ის მარკის ავტომანქანას, სახ, N-------, იგი დაჯარიმებული იქნა ასკ-ის 125-ე მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 10 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურმა მომართა სს "ა-----------------ს" და მოითხოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სს "ფ------------ს"-ს მიერ მოწოდებული დეფექტური აქტის საფუძველზე დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 1010 ლარი, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებულ იქნა ზიანი 1010 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს "თ---–--–----"-მ სარჩელთან დაკავშირებით 2017 წლის 06 ნოემბერს წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი, შესაგებელში აღნიშნულია, რომ შპს "თ---–--–----" ახორციელებს ქ.თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგურალური სამგზავრო გადაყვანას ვაკე-საბურთალოს (ნებართვა N1) და გლდანი-ნაძალადევის (ნებართვა N2) რაიონებში, საზოგადოების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ფორდ ტრანზიტი (სახ. ნომერი TMC-279) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულია ინდივიდუალურ მეწარმე ო----------------–---–ისათვის და მისი მინდობილი პირისათვის ი----------–---ისათვის და ახორციელებს სამგზავრო გადაყვანას N-- მარშუტკაზე, საიჯარო ხელშეკრულების პირობების თანახმად სრული პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე ეკისრება მოიჯარეს და მის მინდობილ პირს, N---- იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე ინდივიდუალური მეწარმე ო----------------–---–ი და მისი მინდობილი პირი ი----------–---ი ახორციელებს სამგზავრო გადაყვანას N-- მარშუტზე, გამომდინარე საიჯარო ხელშეკრულებიდან მოიჯარე ო----------------–---–ს იჯარის საგნით სარგებლობის შედეგად აქვს, როგორც მატერიალური სიკეთის მიღების შესაძლებლობა, ასევე სრული პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, შესაბამისად იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარე მესაკუთრისამებრ ფლობს ნივთს და რადგან მოიჯარე უფლების თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზღოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი, სწორედ იმ სასამართლო პრაქტიკის თანახმად რომელიც მოსარჩელეს აქვს მოყვანილი სასარჩელო მოთხოვნაში დიფერენცირებულია ნივთის ფლობის ორი სხვადასხვა სახე, საიჯარო ხელშეკრულებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა მოიჯარეს განსხვავებით თხოვების ხელშეკრულებისაგან, როდესაც პასუხისმგებელი გამოდის მესაკუთრე, ამასთანავე ადმინისტრაციული სამართალდაარღვევათა კოდექსი პირდაპირ მიუთითებს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება და დადგენილია სამართალდამრღვევი, სწორედ სამართალდამრღვევს ეკისრება დაზარალებულის სასარგებლოდ სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ვალდებულება, შესაბამისად შესაგებლით მოპასუხე შპს "თ---–--–----"-მ არ ცნო სარჩელი, მისთვისა და ი----------–---ისათვის სოლიდარულად ზიანის დაკისრების ნაწილში.
2.2. მოპასუხე ი----------–---ს არ წარმოუდგენია შესაგებელი, ასევე არ გამოცხადებულა სასამართლოს სხდომაზე, რის გამოც მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
2.3. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოპასუხის მხარეს) - არ წარმოუდგენია შესაგებელი, ასევე არ გამოცხადებულა სასამართლოს სხდომაზე, რის გამოც მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 05 იანვარს სს "ა-----------------"-სა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1/12, რომლის საფუძველზეც 2016 წლის იანვარს გაფორმდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესახებ გენერალური პოლისი M------------, აღნიშნული პოლისის საფუძველზე დაზღვეული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული RENAULT-ისს მარკის ავტომანქანა, სახ N---------.
3.1.2. 2016 წლის 19 დეკემბერს ქ.თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა, საპატრულო პოლიციის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა მოპასუხე - ი----------–---ი, რომელიც მართავდა FORD-ის მარკის ავტომანქანას, სახ, N-------, რომელიც დაჯარიმებული იქნა ასკ-ს 125-ე მუხლის შესაბამისად.
3.1.3. 2017 წლის 10 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურმა მომართა სს "ა-----------------"-ს და მოითხოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სს "ფ------------ს"-ს მიერ მოწოდებული დეფექტური აქტის საფუძველზე დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა - 1010 ლარი, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული იქნა ზიანის - 1010 ლარის ოდენობით.
3.1.4. მოსარჩელემ არაერთგზით მიმართა მოპასუხე ი----------–---ს ზიანის ანაზღაურების მოთოხვნით, თუმცა უშედეგოდ, მისი მხრიდან არც ზიანის ანაზღაურება მომხდარა და არც შეთანხმებაზე წამოსულა.
3.1.5. სადაზღვევო კომპანიამ მიმართა შსს-ს სსიპ მომსახურების სააგენტოს და გამოითხოვა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე, ი----------–---ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის შესახებ სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის იმყოფებოდა შპს "თ---–--–----"-ს საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1/12; (ს.ფ 15-23);
- ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესახებ გენერალური პოლისი M------------; (ს.ფ 30)
- საჯარიმო ქვითარი ei694369; (ს.ფ 29);
- მძღოლების ახსნა-განმარტება; (ს.ფ 33-34);
- შემთხვევის სქემა-ნახაზი; (ს.ფ 35);
- ავტოტრანსპორტის დაზღვევის ზიანის განაცხადი 17/0067; (ს.ფ 36);
- სს "ფ------------"-ს დეფექტური აქტი; (ს.ფ 37);
- საგადახდო დავალება; (ს.ფ 38);
- შეტყობინება; (ს.ფ 39);
- ცნობა საფოსტო გზავნილის შესახებ; (ს.ფ 40);
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ; (ს.ფ 41);
- ქვითარი; (ს.ფ 42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა სს "ა-----------------"-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 463-ე, 464-ე, 832-ე, 992-ე-999-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე სადავო არ გამხდარა მოპასუხე ი----------–---ის ბრალეულობა დამდგარი ზიანის მიმართ, რაც ასევე დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევაზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ ''...აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....'' (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).
ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების სახით მოსარგებლისთვის გადახდილ იქნა - 1010 ლარი, ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული სს "ფ------------"-ს მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს გაცემული დეფექტური აქტის თანახმად, კი დაზღვეული ავტომანქანის აღდგენის ღირებულება განისაზღვრა - 1010 ლარით.
6.2. დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის იმყოფებოდა შპს "თ---–--–----"-ს საკუთრებაში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე _ სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით დეფინირებულია სოლიდარული ვალდებულების არსი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
დადგენილია, რომ შპს "თ---–--–----" ახორციელებს ქ. თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაწყვანას ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში (ნებართვით), საზოგადეობის კუთვნილი ავტოსატრანსპორტი საშუალება ფორდ ტრანზიტი (სახ, ნომერი T--------) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე კი გაცემულია ინდივიდუალურ მეწარმე ო----------------–---–ისათვის და მისი მინდობილი პირისათვის ი----------–---ისათვის და რომელიც ახორციელებდა სამგზავრო გადაწყვანას N-- მარშუტზე.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მასზედ, რომ საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი პირობების თანახმად სოლიდარული პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე ეკისრება მოიჯარეს ო----------------–---–ის მინდობილ პირს ი----------–---ს რომელიც მართავდა FORD-ის მარკის ავტომანქანას რომელიც მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად, ხოლო ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის იმყოფებოდა შპს "თ---–--–----ს" საკუთრებაში, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარულად დაკისრების თაობაზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არის საფუძვლიანი, ვინაიდან, სარჩელი წარმოდგენილია დელიქტის საფუძვლებიდან, მოთხოვნის უფლების გადასვლასთან ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მატარებელია ნივთის მფლობელი, რომელსაც თავისი ნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალება გადაცემული აქვს პირდაპირ მფლობელობაში სხვა პირზე - მოსარგებლეზე.
ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს, ან ზინის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირს არ ეკრძალება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, ისე ზიანის მიმყენებელს სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან, ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, თუმცა მითითებული სუბიექტების დადგენა უნდა მოხდეს სათანადოდ.
აქედან გამომდინარე, მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით) (იხ. სუსგ. Nას-811-762-2015, 4 მარტი, 2016 წელი, Nას-311-970-03, 7 იანვარი 2003 წელი).
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას.
ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზე არ გავაქვს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები და არც საქართველოს სამოქალაო კოდექსის 999-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებს ჰქონია ადგილი, რის გამოც მესაკუთრე შპს ''თ---–--–----ს'' პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''; ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხე ი----------–---ს არ წარმოუდგენია შესაგებელი და არც სხდომაზე გამოცხადებულა აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია ზიანის მიყენების ოდენობის ფაქტთან, ხოლო შპს "თ---–--–----"-მ სარჩელი არ ცნო სოლიდარულად დაკისრების ნაწილში, მაგრამ შედავება მოთხოვნილ ოდენობასთან მიმართებით არ გაუკეთებია, ხოლო, ზოგადი პრინციპის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სს "ფ------------"-ს მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტი, რომელიც შეიცავს პროდუქტის ფასებს, კერძოდ, ნაწილების და მომსახურების დასახელებას რაოდენობასა და ფასებს, ამგვარად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფასების ჩამონათვალი, როგორც მტკიცებულება, არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების სტანდარტებთან, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს - შპს ''თ---–--–----ს'' და ი----------–---ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება - 1010 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ღირებულების - 21 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრებას, მოსარჩელეს საქმეზე წარმოდგენილი აქვს 21 ლარის ოდენობით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "ა-----------------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს "თ---–--–----"-ს და ი----------–---ს მოსარჩელე სს "ა-----------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის - 1010 ლარის ანაზღაურება.
3. შპს "თ---–--–----"-ს და ი----------–---ს მოსარჩელე სს "ა-----------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.
4. შპს "თ---–--–----"-ს და ი----------–---ს მოსარჩელე სს "ა-----------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასურის - 21 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი