გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/22324-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - სს „თ----------ი’’
წარმომადგენელი - ი------–--------–ი
მოპასუხე - პ--------–-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ----------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე პ--------–-------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2016 წლის 16 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9 249.54 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5 242.79 ლარი, პროცენტი - 1 006.57 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 3 000 ლარი;
1.2. დაეკისროს მოპასუხე პ--------–-------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 10 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 073.08 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 515.76 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 557.32 ლარი;
1.3. დაეკისროს მოპასუხე პ--------–-------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2016 წლის 22 სექტემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 461.11 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2 057.57 ლარი, პროცენტი - 850.06 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 533.48 ლარი;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 16 სექტემბერს სს ,,თ----------სა’’ და მოპასუხე პ--------–-------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი 7 000 ლარის ოდენობით, წლიური 16.5%-ი სარგებლის გადახდის პირობით. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2018 წლის 22 მარტამდე. შეთანხმების თანახმად, სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 22 რიცხვში. ფიქსირებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 20 ლარი ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვრა 0.5%-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას. მოპასუხის მიერ საკრედიტო ლიმიტი ათვისებულ იქნა 2016 წლის 12 სექტემბრიდან. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდის პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 2017 წლის 22 აპრილს. ამის შემდეგ კი მოპასუხის მიერ ხელშეკრულება ირღვეოდა პერიოდულად, რა დროსაც მას ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
2017 წლის 10 მარტს სს ,,თ----------სა’’ და მოპასუხე პ--------–-------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე 377 დღით გაიცა კრედიტი 515.76 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური დასაფარი თანხა შეადგენდა 44.48 ლარს, ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა დავალიანების 0.5%-ს, საკომისიო კრედიტის გაცემისთვის კი შეადგენდა 37.76 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს კრედიტის სრულ დაფარვამდე ეკრძალებოდა მოსარჩელის თანხმობის გარეშე გირავნობის საგნის უფლებრივად დატვირთვა ან სხვა სახით მესამე პირზე გადაცემა. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდის პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 2017 წლის 22 აპრილს. ამის შემდეგ კი მოპასუხის მიერ ხელშეკრულება ირღვეოდა პერიოდულად, რა დროსაც მას ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
2016 წლის 22 სექტემბერს სს ,,თ----------სა’’ და მოპასუხე პ--------–-------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათის (პრაიმ ქარდის) ხელშეკრულება, რომლით განსაზღვრულმა თანხამაც შეადგინა 2 000 ლარი. ვინაიდან მოპასუხე კეთილსინდისიერად ფარავდა დავალიანებას, ამიტომ ბანკმა მას მისცა საშუალება ბარათიდან გაეტანა სახელშეკრულებო თანხაზე მეტი, რომელიც 2017 წლის 28 სექტემბრისათვის შეადგენდა 2 057.57 ლარს. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 25/04/2049 წლამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს; ყოველთვიურად თანხის შეტანის თარიღად განისაზღვრა 14 რიცხვი; ყოველთვიურად შესატან თანხას შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი; საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს; ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კი შეადგენდა 0.5%-ს. აღნიშნული სესხის გადახდის პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 2017 წლის 28 სექტემბერს. მის შემდეგ კი მოპასუხის მიერ ხელშეკრულება ირღვეოდა პერიოდულად, რა დროსაც მას ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 16 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 9 249.54 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 5 242.79 ლარი, პროცენტი - 1 006.57 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 3 000 ლარი; 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 1 073.08 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 515.76 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 557.32 ლარი და 2016 წლის 22 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3 461.11 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2 057.57 ლარი, პროცენტი - 850.06 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 533.48 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია სს ,,თ----------ი’’-ს სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე პ--------–-------ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის, ასევე 2016 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდის ნაწილში. მოპასუხემ სადავო გახადა 2016 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტის და თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მათი გონივრულობა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 16 სექტემბერს სს ,,თ----------სა’’ და მოპასუხე პ--------–-------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2432902-8525934, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი 7 000 ლარის ოდენობით, წლიური 16.5%-ი სარგებლის გადახდის პირობით. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2018 წლის 22 მარტამდე. ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 22 რიცხვში. ფიქსირებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 20 ლარი, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვრა 0.5%-ით.
ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი’’-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 16 სექტემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით #2432902-8525934 გათვალისწინებული საკრედიტო ლიმიტი მოპასუხის მიერ ათვისებულ იქნა 2016 წლის 12 სექტემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 16 სექტემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #2432902-8525934 გამომდინარე თანხის გადახდის პირობები მოპასუხის მიერ დარღვეულია 2017 წლის 22 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 16 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #2432902-8525934 გამომდინარე შეადგენს 9 249.54 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 5 242.79 ლარი, პროცენტი - 1 006.57 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 3 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2017 წლის 10 მარტს სს ,,თ----------სა’’ და მოპასუხე პ--------–-------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება #2432902-8825621, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე 377 დღით გაიცა კრედიტი 515.76 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური დასაფარი თანხა შეადგენდა 44.48 ლარს, ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა დავალიანების 0.50%-ს, საკომისიო კრედიტის გაცემისთვის კი შეადგენდა 37.76 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 23-26);
- განცხადებები (ს.ფ. 18-22; 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2017 წლის 10 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან #2432902-8825621 გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხის მიერ დარღვეულია 2017 წლის 22 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 10 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან #2432902-8825621 გამომდინარე შეადგენს 1 073.08 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 515.76 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 557.32 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. 2016 წლის 22 სექტემბერს სს ,,თ----------სა’’ და მოპასუხე პ--------–-------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათის - TBC Prime Card-ის ხელშეკრულება, რომლით განსაზღვრულმა საკრედიტო ლიმიტის მოცულობამ შეადგინა 2 000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 25/04/2049 წლამდე; კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს; ყოველთვიურად თანხის შეტანის თარიღად განისაზღვრა 14 რიცხვი; ყოველთვიურად შესატან თანხას შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი; საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს; ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კი შეადგენდა 0.5%-ს.
ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა შემდეგნაირად: 36% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 36% კრედიტის სს ,,თ----------ი’’-ს ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს მიეცა საშუალება 2017 წლის 28 სექტემბრისათვის გაეტანა თანხა - 2 057.57 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი (ს.ფ.29-30);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობები (ს.ფ. 31);
- ხელშეკრულება (ს.ფ.32-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.9. 2016 წლის 22 სექტემბერს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხის მიერ დარღვეულია 2017 წლის 28 სექტემბერიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 35-37)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.10. 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 22 სექტემბერის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3 461.11 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2 057.57 ლარი, პროცენტი - 850.06 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 533.48 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.11. მოპასუხე პ--------–-------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 16 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 5 242.79 ლარის და პროცენტის - 1 006.75 ლარის, 2017 წლის 20 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 515 ლარის და 2016 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 2 057.57 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ სს „თ----------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე პ--------–-------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 16 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 5 242.79 ლარის და პროცენტის - 1 006.75 ლარის, 2017 წლის 20 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 515 ლარის და 2016 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 2 057.57 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხისა და 2016 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს სს ,,თ----------სა’’ და მოპასუხე პ--------–-------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათის - TBC Prime Card-ის ხელშეკრულება, რომლით განსაზღვრულმა საკრედიტო ლიმიტის მოცულობამ შეადგინა 2 000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განაკვეთი განისაზღვრა შემდეგნაირად: 36% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 36% კრედიტის სს ,,თ----------ი’’-ს ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხის მიერ დარღვეულია 2017 წლის 28 სექტემბერიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 22 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის - 850.06 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 16 სექტემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, ფიქსირებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 20 ლარი, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვრა 0.5%-ით. 2017 წლის 10 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულების #2432902-8825621, თანახმად, ფიქსირებული პირგასამტეხლო განისაზღვრა - 20 ლარით, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა დავალიანების 0.50%-ს. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 22 სექტემბერის საკრედიტო ბარათის - TBC Prime Card-ის ხელშეკრულების თანახმად, ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კი შეადგენდა 0.5%-ს.
წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის 2016 წლის 16 სექტემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკორექტირებული პირგასამტეხლოს - 3 000 ლარის, 2017 წლის 10 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 557.32 ლარის და 2016 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 533.48 ლარის გადახდას. მოპასუხემ კი სადავო გახადა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თითოეული ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, შეუსაბამოდ მაღალია ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს 2016 წლის 16 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 300 ლარის, 2017 წლის 10 მარტის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 50 ლარის, ხოლო 2016 წლის 22 სექტემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 53.34 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 413.51 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ (ჯამში 8 822.69 ლარი) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 264.68 ლარი. დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არ ცნობილი მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 37.60 ლარი, ხოლო სარჩელზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი - 111.23 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.2. დაეკისროს მოპასუხე პ--------–-------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2016 წლის 16 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 5 242.79 ლარის, პროცენტის - 1 006.57 ლარის და პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე პ--------–-------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 10 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 515.76 ლარის და პირგასამტეხლოს - 50 ლარის გადახდა;
1.3. დაეკისროს მოპასუხე პ--------–-------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2016 წლის 22 სექტემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 2 057.57 ლარის, პროცენტის - 850.06 ლარის და პირგასამტეხლოს - 53.34 ლარის გადახდა;
3. მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თ----------ი’’ - ში 19.07.2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 413.51 ლარიდან 264.68 ლარი (საგადახდო დავალება #57);
4. დაეკისროს მოპასუხე პ--------–-------ეს სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 37.60 ლარის ანაზღაურება;
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 111.23 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია