გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210018002564203
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/22682-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - სს „თ----------ი’’

წარმომადგენელი - მ-----------------ა

მოპასუხე - ნ---------------–---–ი

წარმომადგენელი - ს------------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სს „თ----------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს მოპასუხე ნ---------------–---–ს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 05 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 925.11ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 6 997.76 ლარი, პროცენტი - 969.55 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 957.80 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ,,თ----------მა’’ მოპასუხე ნა---- ჯი------–---–-სთვის ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა სწრაფი სამომხმარებლო სესხის თაობაზე შეთავაზება. ხელშეკრულების პირობებს მოპასუხე გაეცნო ვებ-გვერდის საშუალებით და აღნიშნულ შეთავაზებაზე დასტურის გამოხატვით დაეთანხმა მითითებულ პირობებს. ხელშეკრულების პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1-------9------; კრედიტის ოდენობა - 7 200 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 23.5%, კრედიტის ვადა - 2021 წლის 01 ოქტომბრამდე; კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში; ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.

 

მოპასუხემ შეთავაზებული სესხის თანხა - 7 200 ლარი აითვისა 2017 წლის 05 ოქტომბერს. მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პირველად დარღვეულია 2017 წლის ნოემბერში, როდესაც მან ვადაგადაცილებით განახორციელა შენატანი სესხის დასაფარად. ამის შემდგომ მოპასუხე ახორციელებდა არასტაბილურ გადახდებს ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სს ,,თ----------ი’’-ს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შემდეგ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8 925.11 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა- 6 997.76 ლარი, პროცენტი - 696.55 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 957.80 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სს ,,თ----------ი’’-ს სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე ნ---------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 6 997.76 ლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 969.55 ლარის გადახდის ნაწილში. მოპასუხემ სადავო გახადა 2017 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულებით გამომდინარე პირგასამტეხლოზე შეთანხმება და მიუთითა, რომ ხელშეკრულების პირობები, რომელსაც იგი დაეთანხმა ელექტრონულად არ შეიცავდა დათქმას პირგასამტეხლოს თაობაზე. პირგასამტეხლოზე მხარეთა შეუთანხმებლობა კი გამორიცხავდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. მოპასუხემ ასევე მიუთითა მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე და სასამართლოს მიერ მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში მიუთითა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე და მოითხოვა მისი ოდენობის შემცირება.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 05 ოქტომბერს სს ,,თ----------სა’’ და მოპასუხე ნ---------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #--------9------, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი 7 200 ლარის ოდენობით, წლიური 23.5%-ი სარგებლის გადახდის პირობით. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2021 წლის 01 ოქტომბრამდე. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში.

 

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ სს ,,სა-------------------------------------–------’’-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 05 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით #--------9------ გათვალისწინებული საკრედიტო ლიმიტი მოპასუხის მიერ ათვისებულ იქნა ამავე დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 05 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #--------9------ გამომდინარე თანხის გადახდის პირობები მოპასუხის მიერ დარღვეულია 2017 წლის ნოემბრიდან. ამის შემდგომ მოპასუხის მიერ განხორციელებულია არასტაბილური გადახდები ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. სს ,,თ----------ი’’-ს 2018 წლის 13 ივლისის ცნობის თანახმად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 05 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #--------9------ გამომდინარე შეადგენს 8 925.11 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 6 997.76 ლარი, პროცენტი - 969.55 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 957.80 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოპასუხე ნ---------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2017 წლის 05 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #--------9------ გამომდინარე ძირი თანხის - 6 997.76 ლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 969.55 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება 2017 წლის 05 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #--------9------ დადებისას მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შეთანხმებას პირგასამტეხლოზე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სს „თ----------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ნ---------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2017 წლის 05 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #--------9------ გამომდინარე ძირი თანხის - 6 997.76 ლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 969.55 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. ამასთან, იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მისი მიზანი კი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. ამიტომაცაა, რომ იგი უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის 417- 418-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია დასტურდებოდეს მხარეთა შეთანხმება მის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. აღნიშნული შეთანხმების არ არსებობისას კი, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 267.76 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ (ჯამში 7 967.31 ლრი) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო 239.02 ლარი, ხოლო სარჩელზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი - 28.74 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ----------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.2. დაეკისროს მოპასუხე ნ---------------–---–ს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 05 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 6 997.76 ლარის და პროცენტის - 969.55 ლარის გადახდა;

 

1.2. არ დაკმაყოფილეს სს ,,თ----------ი’’-ს სარჩელი მოპასუხე ნ---------------–---–ის მიმართ 2017 წლის 05 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

 

2. მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თ----------ი’’ - ში 19.07.2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 267.76 ლარიდან 239.02 ლარი (საგადახდო დავალება #-);

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 28.74 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია