გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002531076
N2/653-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.11.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე შპს ,, ს---–--",წარმომადგენელი: ვ----------------;
მოპასუხე მ----------------,დავის საგანი:თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე - მ---------------- მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს" სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხიდან ძირი თანხის - 1000 ლარის, პროცენტის 60.80 ლარისა და პირგასამტეხლოს 939.20 ლარის გადახდა;
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის პოზიცია:
მოპასუხე მ----------------თან 2017 წლის 14 ივლისს ელექტრონული ფორმით დაიდო N110660_1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, სესხის ვადა 97 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 71.2%. მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა შეეტანა 376.96 ლარი. სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე მ---------------- შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მანვე დაადასტურა მოსარჩელესთან ელექტრონული სესხის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა შეუსაბამოდ მარალი პირგასამტეხლო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოპასუხე მ----------------ა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 14 ივლისს ელექტრონული ფორმით დაიდო N110660_1 სესხის ხელშეკრულება;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 ივლისის N110660_1 ხელშეკრულება;
3.2. მ.ბე----ის სასესხო განაცხადის საფუძველზე, კრედიტორმა მოახდინა მოპასუხის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვა;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 ივლისის საგადახდო დავალება;
3.3. ელექტრონული სესხის ხელშეკრულების 3.6. პუნქტით განისაზღვრა ყოველთვიურად შესატანი თანხის ოდენობა, რომელმაც შეადგინა 376.96 ლარი, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0.41%.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება;
3.4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2000 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, საპროცენტო სარგებელი 60.80 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 939.20 ლარი;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ისტორია;
3.5. მოპასუხე მ---------------- სარჩელი არ ცნო, თუმცა დაადასტურა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის შესაგებელი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ს---–--ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 420-ე, 623-625-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.6. სესხის ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ მოპასუხე მ----------------ა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 14 ივლისს ელექტრონული ფორმით დაიდო N110660_1 სესხის ხელშეკრულება. კრედიტორმა მოახდინა მოპასუხის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვა. მოპასუხემ სესხის თანხით აიღო 1000 ლარი.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მსესხებელმა დავალიანება არ გადაიხადა და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი სესხის თანხასა და სარგებელს გადაუხდის გამსესხებელს სესხის ვადის ბოლო დღეს.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა დადგენილ ვადაში და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. სესხი ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 07 ოქტომბრიდან.
6.8. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი ნარჩენი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა – 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - რაც ჯამში შეადგენს 939.20 ლარს - ძირ თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს 100 ლარით.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან სესხის ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით პირდაპირაა გათვალისწინებული დავის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მ---------------- სარჩელი არ ცნო, ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 35 ლარის გადახდა, ხოლო 15 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,, ს---–--ს" (ს.კ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;
1.1. მოპასუხე - მ---------------- (პ.ნ 1----------) მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს" (ს.კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხიდან ძირი თანხის - 1000 ლარის, პროცენტის 60.80 ლარისა და პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე - მ---------------- (პ.ნ 1----------) მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 35 ლარის ანაზღაურება;
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი