გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15894-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - რ----–------–-ძე
წარმომადგენელი - დ---------------ია
მოპასუხე - შპს ,,პ-------------–----------------ენც’’
წარმომადგენელი - გ----------------აძე
დავის საგანი - პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმება (ბათილობა), თანამდებობაზე აღდგენა, სახელფასო განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ 2018 წლის 10 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი რ----–------–-ძის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და რ----–------–-ძე აღდგენილ იქნას შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ დირექტორის თანამდებობაზე;
1.2. შპს ,,პ-------------–----------------ენცს’’ დაეკისროს მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 10 აპრილი) - აღდგენის დღემდე სახელფასო განაცდური - ყოველთვიურად 6000 ევროს ოდენობით.
(იხ. სარჩელი ს.ფ 2-16, მოსარჩელის ახსნა-განმარტება 2018 წლის 09 ოქტომბრის სხდომის ოქმი 10:29:37).
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 9 მარტიდან დანიშნული იყო შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ დირექტორის თანამდებობაზე. ამ პერიოდიდან ის ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს და მოვალეობებს კეთილსინდისიერად, დროულად და მაღალპროფესიულ დონეზე. 2018 წლის 11 აპრილს, მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ დუბაიში, რა დროსაც მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილური აპლიკაციის ,,Viber’’-ის მეშვეობით, რითაც მას ეუწყა, რომ იგი განთავისუფლებული იყო სამსახურიდან და შეეძლო 12 აპრილს საერთოდ აღარ გამოცხადებულიყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2018 წლის 10 აპრილის შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ ამონაწერში ის უკვე აღარ ფიქსირდება დირექტორად. დამსაქმებელმა უხეშად დაარღვია და უგულებელყო დასაქმებულის უფლებები. პირველ რიგში რ----–------–-ძე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რომელსაც ითვალისწინებდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი. დამსაქმებლის მხრიდან ასევე დაირღვა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოსარჩელეს დაკავებული ჰქონდა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პოზიცია - ის იყო საწარმოს დირექტორი. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული გათავისუფლების საფუძვლები. პარტნიორთა კრებას ნებისმიერ დროს შეუძლია დირექტორის გათავისუფლება დასაბუთებითაც და მის გარეშეც, მით უმეტეს, რომ რ----–------–-ძის მიერ ადგილი ჰქონდა კომპანიის ფინანსური სახსრების უმისამართო და დანიშნულების გარეშე გამოყენებას, რაც გამოიხატა საკუთარი თავისთვის დიდი ოდენობით პრემიების გამოწერაში. უკანონო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პოზიციაზე-დირექტორად აღდგენაზე. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს არც სამსახურში აღდგენის და განაცდურის დაკისრების მოთხოვნაც.
(იხ. შესაგებელი ს.ფ 51-58, მოპასუხის ახსნა-განმარტება 2018 წლის 09 ოქტომბრის სხდომის ოქმი 10:40:49).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ----–------–-ძე შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ დირექტორი იყო 2017 წლის 9 მარტიდან - 2018 წლის 10 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ მიერ 2018 წლის 28 მაისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 26);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 27-29);
- შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ 2017 წლის 2 მარტის კრების ოქმი (ს.ფ. 19).
3.1.2. შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ 2018 წლის 02 აპრილის ბრძანებით AIM-ის (Annual Investment Meeting) შეხვედრაზე მონაწილეობის მიზნით, კომპანიის დირექტორი და მარკეტინგის სამსახურის უფროსი თამ---------------–--ე, 2018 წლის 8 აპრილიდან - 12 აპრილის ჩათვლით, 5 კალენდარული დღით, მივლინებულნი იქნენ საუდის არაბეთში, ქ. დუბაიში (მივლინების ბრძანება ხელმოწერილია უშუალოდ საზოგადოების დირექტორის მიერ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ 2018 წლის 02 აპრილის ბრძანება მივლინების თაობაზე (ს.ფ. 30).
3.2.3. 2018 წლის 10 აპრილს ჩატარდა შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ პარტნიორთა კრება №10/18, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები: შპს ,,O----------------C’’ (კომპანია რეგისტრირებული ე---------ში სარეგისტრაციო კოდით:12------) – 90% წილის მესაკუთრე, წარმოდგენილი მინდობილი პირის, დ----------------ის მიერ და შპს ,,P--------------or’’ (კომპანია რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდით:40-------) – 10% წილის მესაკუთრე, წარმოდგენილი მისი დირექტორის პ---------–---------------------ოს მიერ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო - შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ დირექტორის ცვლილება. პარტნიორებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საზოგადოების რეგისტრირებული დირექტორი - რ----–------–-ძე უნდა გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან და კომპანიის დირექტორად დაინიშნა ნ----------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 33-35);
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 40-42).
3.1.3 2018 წლის 10 აპრილს, ნ----------ძემ (შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ უფლებამოსილი პირი) წარუდგინა საჯარო რეესტრს განცხადება საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, რაც განხორციელდა იმავე დღესვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნი-----------ს განცხადება (ს.ფ. 31-32);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 40-42).
3.1.4. რ----–------–-ძე 2018 წლის 8 აპრილიდან - 2018 წლის 12 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა მივლინებაში და მას დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ეცნობა მივლინებაში ყოფნის დროს, სატელეფონო აპლიკაცია ,,Viber’’-ის მეშვეობით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით 11 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5 რ----–------–-ძის ყოველთვიური ანაზღაურება განსაზღვრული იყო - 6000 ევროს ოდენობით საგადასახადო ვალდებულებების გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 44).
3.1.6 დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ რ----–------–-ძემ პრემიების სახით ჯამში აიღო 267,108 ლარი, კერძოდ: 2017 წლის 6 სექტემბერს - 12500 ლარი, 2017 წლის 19 ოქტომბერს - 12500 ლარი, 2017 წლის 15 დეკემბერს - 25000 ლარი, 2018 წლის 5 დეკემბერს - 25000 ლარი, 2018 წლის 12 მარტს - 12000 ლარი და 2018 წლის 20 მარტს - 180 108 ლარი (60000 ევროს ექვივალენტი ლარში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- ბრძანებები (ს.ფ. 72-78).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე, 720-ე მუხლები, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეებს შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული დავის სამართლებრივი რეგულირებისათვის უნდა ვიხელმძღვანელოთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. შრომის კოდექსზე კი, როგორც მოცემული დავის მარეგულირებელ ნორმებზე, მოსარჩელის მითითებას სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეში შესაფასებელია კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს-ს) დირექტორის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები საწარმოს ინტერესებთან მიმართებით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას, ხოლო დირექტორი კი, არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით). საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა.
ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა.
ვინაიდან კერძო სამართლის მარეგულირებელი არც ერთი ნორმა არ აწესრიგებს საწარმოსა და მის დირექტორს შორის წარმოშობილ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ (სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუთითებს მხოლოდ წესდებაზე, ამავე კანონსა და ხელშეკრულებაზე), შესაფასებელი სამართალურთიერთობა ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.
სწორედ უმთავრესი ნიშანი, რაც განასხვავებს კომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მხრიდან მოვალეობათა შესრულებას, ეს არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებული ავტონომიურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების დირექტორი არ წარმოადგენს მის თანამდებობაზე გამამწესებელ პირთან დამოკიდებულებაში მყოფ პირს, არამედ, იგი თავისუფალია და საკუთარ საქმიანობას, საზოგადოების წესდებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ახორციელებს კომერსანტის გულისხმიერებით, იმ მიზნით, რომ მის მიერ მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილებები ორიენტირებულია მეწარმე სუბიექტის ინტერესების გაუმჯობესება-გამყარებისკენ.
მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება ,,სასამსახურო ხელშეკრულებად’’ მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას კომერიციული იურიდიული პირის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლში უნდა იქნეს მოძიებული.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
როგორც უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკა გვიჩვენებს, დაუშვებლად მიიჩნევა მეწარმე სუბიექტის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რომ პარტნიორს შეეზღუდოს საწარმოს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება, რაც მას მინიჭებული აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (იხ. მსგავს საქმეებზე სუსგ-ები: საქმე №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; საქმე №ას-101-97-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; საქმე №ას-23-23-2016, 9 მარტი, 2016 წელი;საქმე №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; საქმე №ას-131-127-2016; 23 სექტემბერი, 2016 წელი).
ამდენად, პარტნიორთა კრება ნებისმიერ დროს იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან, აღნიშნული გადაწყვეტილებას დასაბუთებას კანონმდებლობა სავალდებულოდ არ მიიჩნევს. შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის კონკრეტული საფუძვლის გამოყენება და მისი გამოყენების მართლზომიერების შესწავლა მსგავსი ტიპის დავებში არარელევანტურია. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას დირექტორის მიერ შეუსაბამოდ მაღალი პრემიის გამოწერასთან დაკავშირებით, ასევე საკითხებს ჰქონდა თუ არა მას აღნიშნული უფლებამოსილება, სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის მიერ მისი ფიდუციური მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხლი 46.5), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირადად მისთვის, მიყენებულ ზიანზე. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი სხვა დავის ფარგლებში განსახილველი საკითხია და სასამართლო ამ დავის ფარგლებში ამ საკითხს ვერ შეაფასებს. ამდენად, სახეზე არ გვაქვს შპს ,,პ-------------–----------------ენცის’’ პარტნიორთა კრების გაუქმების/ბათილობის საფუძველი, რაც თავისთავად გამორიცხავს რ----–------–-ძის აღდგენას დირექტორის თანამდებობაზე.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, სახელფასო განაცდურის დაკისრებასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 710-ე მუხლისა და {მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) 408-ე მუხლის პირველი ნაწილები {იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე მუხლი (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო). შესაბამისად, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლები).
განსახილველ დავაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის გათავისუფლება თანამდებობიდან მოხდა საწარმოს მმართველობითი ორგანოს - პარტნიორთა გადაწყვეტილებით და განიმარტა, რომ მას აღნიშნულის უფლებამოსილება ჰქონდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებით და არ არსებობს კრების ოქმის გაუქმების/ბათილობის და სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფუძველი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა დამოკიდებული არის პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე და გამომდინარეობს მისგან შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდება მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებაზე.
რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გათავისუფლება განხორციელდა მაშინ, როდესაც ის იყო მივლინებაში და თან აღნიშნულის თაობაზე მას ეცნობა მობილური აპლიკაციის საშუალებით 11 აპრილს, მომდევნო დღეს, როდესაც 10 აპრილს ცვლილება უკვე განხორციელებული იყო სამეწარმეო რეესტრში, სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. სასამართლო დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უკავშირებს რეგისტრაციის მომენტს. კანონმდებელმა დაადგინა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვალდებულება და სწორედ შეტყობინების ვალდებულების რეგულაციისთვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი მიმართავს შრომის კოდექსის ნორმას და ამ შემთხვევაში გამოიყენება 38-ე მუხლი. ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს კრების ოქმის გაუქმება/ბათილობა, დირექტორის აღდგენა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაცდება მოთხოვნის ფარგლებს და ვერ იმსჯელებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის საკითხზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ აქვს. დავის საგნის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 41-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - 513 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რ----–------–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. მოსარჩელე რ----–------–-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს - 513 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე