გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.10.2018
საქმის ნომერი
820210018002495519
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210018002495519 (2-359/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი. 2018 წ. ქ. ბათუმი.

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე

მოსარჩელე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმომადგენელი: თა----------ა

მოპასუხე: შპს ,,ნო---–--“

წარმომადგენელი: თე----------ძე

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ნო---–--“-ს მოსარჩელე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 97097.51 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე :

2015 წლის 14 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს ,,ნო---–--“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N321 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ნო---–--“-მა ივალდებულა ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუ-------ს საჯარო სკოლის შენობის მშენებლობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 935 110.99 ლარით. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად მიმწოდებელს 6.2. პუნქტით გათვალისწინებული გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებული ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად მიმწოდებელს 6.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევა) დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებული ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

ხელშეკრულების 6.2. პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის პირველი და მეორე ეტაპი მიმწოდებლის მიერ შესრულებული იქნა კეთილსინდისიერად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო მესამე 90 დღიანი პერიოდი, რა დროისათვისაც მიმწოდებელს შესრულებული უნდა ჰქონოდა 561 066.6 ლარის სამუშაოები გადაანგარიშდა 2016 წლის 10 ივნისისთვის. ამ პერიოდზე შესრულება შეადგენდა 527 541.29 ლარს, შესაბამისად აუთვისებელი რჩებოდა 33 525.31 ლარი. შემდგი შესრულება მოხდა 2016 წლის 15 სექტემბერს. ვადაგადაცილებამ შეადგინა 82 დღე პირგასამტეხლო განისაზღვრა შემდეგნაირად 33525.31*0.1%*82= 2749.07 ლარი.

ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად სამუშაოების მიწოდება უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 909692.26 ლარი. 1 სექტემბრისთვის მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა 382150.97 ლარის სამუშაოები, შემდგომი შესრულება განხორციელდა 8 სექტემბრის კორესპოდენციით. ვადაგადაცილებამ შეადგინა 7 დღე, ხოლო პირგასამტეხლო დაანგარიშდა შემდეგნაირად – 382150.97*0.1%*7 – 2675.06 ლარი. 8 სექტემბრის კორესპონდენციით მიღებული იქნა 100230.23 ლარის სამუშაოები, მიუღებელი რჩებოდა 281920.74 ლარის სამუშაოები. შემდეგი შესრულება მოხდა 2016 წლის 15 დეკემბრის კორესპონდენციით 92727.02 ლარზე. ვადაგადაცილებამ შეადგინა 97 დღე, პირგასამტეხლო – 281920.74*0.1%*97=27346.31 ლარს. ამ დროისათვის შეუსრულებელი რჩება 189203,72 ლარის სამუშაოები. შემდეგი შესრულება მოხდა 2017 წლის 21 ივნისის კორესპონდენციით 73096.74 ლარზე ვადაგადაცილება შეადგენს 187 დღეს, პირგასამტეხლო კი = 189203.72*0.1%*187=35381.10 ლარს. ამ ეტაპისთვის შეუსრულებელი რჩებოდა 116106.98 ლარის სამუშაოები. შემდეგი შესრულება განხორციელდა 2017 წლის 21 აგვისტოს კორესპონდენციით 17543.99 ლარზე. ვადაგადაცილებამ შეადგინა 60 დღე, პირგასამტეხლომ კი – 116106.98*0.1%*60=6966.42 ლარი.

მიმწოდებლის მიერ საბოლოო შესრულება განხორციელდა 2018 2 აპრილის კორესპონდენციით. ამ პერიოდისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო შესრულებიდან ვადაგაცილება შეადგენდა 223 დღეს, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 98562.99 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო კი – 98562.99*0.1%*223=21979.55 ლარს. მიმწოდებელს ეცნობა დარიცხული პირგასამტეხლოს შესახებ, რასაც არ მოჰყოლია მისი მხრიდან რეაგირება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობები იყო კაბალური, დადგენილი იყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მშენებლობისას არსებობდა სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორები, რის გამოც არაერთხელ მოხდა ცვლილებების შეტანა და ვადების გაგარძელება. აღნიშნულის მიუხედავად, სკოლა იქნა აშენებული და გარემონტებული მაღალი ხარისხით. გაფორმდა შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტი. მოტხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს ფირმის გაკოტრებას, რის გამოც ითხოვს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 14 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს ,,ნოველით“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N321 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ნო---–--“-მა ივალდებულა ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუ-------ს საჯარო სკოლის შენობის მშენებლობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 935 110.99 ლარით.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 14 სექტემბრის N321 ხელშკრულება.

 

3.1.2. . ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა სამუშაოების მიწოდების ვადები.

6.2 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდება განახორციელოს გეგმა-გრაფიკის ფარგლებში, კერძოდ:

ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 90 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება.

ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე 90 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის შესრულება. (სულ 30%)

გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან მესამე 90 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 30%-ის შესრულება. (სულ 60%)

ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად მთლიანი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 14 სექტემბრის N321 ხელშკრულება დანართითურთ.

 

3.1.3. ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად მიმწოდებელს 6.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევა) დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებული ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 14 სექტემბრის N321 ხელშკრულება

 

3.1.4. ხელშეკრულების 6.2. პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის პირველი და მეორე ეტაპი მიმწოდებლის მიერ შესრულებული იქნა კეთილსინდისიერად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო მესამე 90 დღიანი პერიოდი, რა დროისათვისაც მიმწოდებელს შესრულებული უნდა ჰქონოდა 561 066.6 ლარის სამუშაოები გადაანგარიშდა 2016 წლის 10 ივნისისთვის. ამ პერიოდზე შესრულება შეადგენდა 527 541.29 ლარს, შესაბამისად აუთვისებელი რჩებოდა 33 525.31 ლარი. შემდგი შესრულება მოხდა 2016 წლის 15 სექტემბერს. ვადაგადაცილებამ შეადგინა 82 დღე პირგასამტეხლო განისაზღვრა შემდეგნაირად 33525.31*0.1%*82= 2749.07 ლარი.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მიღება ჩაბარების აქტები

-მოხსენებითი ბარათები

-გადახდის სერთიფიკატები

 

3.1.5. 2016 წლის 1 სექტემბრისთვის მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა 382150.97 ლარის სამუშაოები, შემდგომი შესრულება განხორციელდა 8 სექტემბრის კორესპოდენციით. ვადაგადაცილებამ შეადგინა 7 დღე, ხოლო პირგასამტეხლო დაანგარიშდა შემდეგნაირად – 382150.97*0.1%*7 – 2675.06 ლარი. 8 სექტემბრის კორესპონდენციით მიღებული იქნა 100230.23 ლარის სამუშაოები, მიუღებელი რჩებოდა 281920.74 ლარის სამუშაოები. შემდეგი შესრულება მოხდა 2016 წლის 15 დეკემბრის კორესპონდენციით 92727.02 ლარზე. ვადაგადაცილებამ შეადგინა 97 დღე, პირგასამტეხლო – 281920.74*0.1%*97=27346.31 ლარს. ამ დროისათვის შეუსრულებელი რჩება 189203,72 ლარის სამუშაოები. შემდეგი შესრულება მოხდა 2017 წლის 21 ივნისის კორესპონდენციით 73096.74 ლარზე ვადაგადაცილება 187 დღეს. პირგასამტეხლო კი = 189203.72*0.1%*187=35381.10 ლარს. ამ ეტაპისთვის შეუსრულებელი რჩებოდა 116106.98 ლარის სამუშაოები. შემდეგი შესრულება განხორციელდა 2017 წლის 21 აგვისტოს კორესპონდენციით 17543.99 ლარზე. ვადაგადაცილებამ შეადგინა 60 დღე, პირგასამტეხლომ კი – 116106.98*0.1%*60=6966.42 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება ჩაბარების აქტები

- გადახდის სერთიფიკატები

-მოხსენებითი ბარათები

-შპს ,,ნო---–--“-ის წერილები

 

3.1.6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შპს ,,ნო---–--’’–ს შორის 2016 წლის 27 დეკემბრიდან მოყოლებული ფორმდებოდა შეთანხმებები 2015 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N321 ხელშკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, რაზეც საბოლოოდ 2018 წლის 26 მარტის შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით. 2018 წლის 22 მარტის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შპს ,,ნო---–--’’–ს შორის გაფორმებული შეთანხმებები.

 

3.1.7. შპს ,,სა-–-----–------------------–-------ს“ 2018 წლის 30 მარტის N55 ექსპერტიზის დასკვნით, შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 920 943,54 ლარი.

2018 წლის 23 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტი.

საბოლოო მიწოდების ვადაგადაცილებამ შეადგინა 223 დღე. შემსყიდველის მიერ დაანგარიშებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 97 097,51 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ექსპერტიზის დასკვნა

-საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი

-კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მოხსენებითი ბარათი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან და ადასტურებენ ხელშეკრულებით განსზღვრული ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის ფაქტს, თუმცა სადავოა პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნა ზუსტად ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ვადაგადაცილებამ შეადგინა 223 დღე და პირგასამტეხლოც შესაბამისად იქნა დაანგარიშებული და შესაბამისად მოითხოვენ მთლიანი თანხის დაკისრებას.

 

მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის ამ პოზიციას და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მოპასუხის მიზეზით, რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გარდა იყო სხვა ობიექტური ხელმშემშლელი ფაქტორებიც, აღნიშნული გათვალისწინებული იქნა შემსყიდველის მხრიდანაც და გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. საბოლოოდ სამუშაოები შესრულდა ხარისხიანად, ამიტომ არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო.

 

მოპასუხის წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამრთლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლოს დაკისრებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელში აღნიშნული ოდენობით, რადგანაც ის აშკარად არა გონივრულია.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეულია მოსარჩელის მიზეზით და მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, დაუსაბუთებელია. ამასთანავე, სასამართლო თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, რაც იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ არ იქნა შესრულებული დათქმულ დროსა და ვადაში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პირგასამტეხლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 401,402, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, რაც დადგენილ დროში არ შესრულდა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

ამავე კოდექსის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროულად შესრულების დროსაც.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ შპს ,,ვიგორა’-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეასრულა ვალდებულებები, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების მე-9-ე მუხლით განსზაღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძველს.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. სამოქალაქო კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–896–846–2015 აღნიშნულია, რომ ,,სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ {სსკ-ის 8.3 მუხლი}. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები“ {სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი}. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.“

 

უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–973–914–2012 აღნიშნა, რომ “პირგასამტეხლოს ოდეობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები”. მსგავსად განმარტა საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის წესი 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში საქმეზე №ას–169–162–2013.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო 97 097,51 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი ათჯერ შემცირება (0.1 % დან 0.01 პროცენტამდე), რაც შეადგენს 9709.75 ლარს. საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით აღნიშნული თანხა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სავსებით საკმარისია.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%, არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მოპასუხე შპს ,,ნო---–--“-ს უნდა დაეკისროს და სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 3 % - 291.29 ლარი, ხოლო აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ნო---–--“-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე შპს შპს ,,ნო---–--“-ს (ს/ნ 4-------) მოსარჩელე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 9709.75 (ცხაათას შვიდას ცხრა ლარი 75 თეთრი) ლარის ოდენობით;

3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. მოპასუხე შპს შპს ,,ნო---–--“-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 291.29 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, რომელზეც გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე