გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2018
საქმის ნომერი
330210018002589777
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ნ----------–---–ი

წარმომადგენელი - მ---------------ე

 

მოპასუხეები - შპს ,,ს--------------------------------–--", მ-------------ე

მოპასუხე მ-------------ის წარმომადგენელი - ი-------–---ი

 

დავის საგანი - ხელშეკრულების გაუქმება, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს მ-------------ეს და შპს ”ს--------------------------------–--ს“ ნ----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 8 ივლისის N----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების სახით 18000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებლის დავალიანების სახით 1425 აშშ დოლარი და მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 810 აშშ დოლარი.

 

სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 8 ივლისს შპს „ს--------------------------------–--“-მ მოსარჩელე ნ----------–---–ის დედასთან ლ---–-------–---–თან დადებული N----- სესხის ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით, დაუბრუნოს სესხი გამსესხებელს. სესხის ოდენობა შეადგენს 18000 აშშ დოლარი, სესხის გაიცა 4 თვის ვადით, წლიური 25%-ით დარიცხვით. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის გათვალისწინებით მოპასუხეს ყოველ 30-ე დღეს ერიცხებოდა 356.25 აშშ დოლარი სარგებელი, რომლის გატანა უნდა მომხდარიყო სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას, გატანის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით ლარში. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება საურავი 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულება დასრულდა 2016 წლის 6 ნოემბერს, თუმცა N----- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება კომპანიამ ვერ შეასრულა, მან ვერ შეძლო ძირი თანხისა და სარგებლის დაბრუნება, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს სესხის ძირი თანხის, სარგებელისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

მოსარჩელე ნ----------–---–ის დედამ ლ---–-------–---–მა გარდაცვალებამდე დაუთმო მოთხოვნის უფლება აღნიშნული სესხის ხელშეკრულებაზე.

 

ს----------–----------------------------- საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება შპს „ს--------------------------------–--“-ს ხელმძღვანელი პირების: თ-------–---–----ის, თ-----------------–ის და მ-------------ის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი ანაბრების დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ნ----------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით შპს „ს--------------------------------–--“-ს ხელმძღვანელი პირების თ-------–---–----ის, თ-----------------–ის და მ-------------ის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ს--------------------------------–--“-ს დირექტორს თ-------–---–----ეს სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

2.2. მოპასუხე მ-------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა, რომ წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რამდენადაც მოსარჩელეს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს კომპანიასთან და არა ფიზიკურ პირ მ-------------ესთან.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 8 ივლისს შპს „ს--------------------------------–--“-მ მოსარჩელე ნ----------–---–ის დედასთან ლ---–-------–---–თან დადებული N----- სესხის ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით, დაუბრუნოს სესხი გამსესხებელს. სესხის ოდენობა შეადგენს 18000 აშშ დოლარი, სესხის გაიცა 4 თვის ვადით, წლიური 25%-ით დარიცხვით. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის გათვალისწინებით მოპასუხეს ყოველ 30-ე დღეს ერიცხებოდა 356.25 აშშ დოლარი სარგებელი, რომლის გატანა უნდა მომხდარიყო სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას, გატანის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით ლარში. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება საურავი 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება N-----;

 

3.1.2. დადგენილია, რომ ლ---–-------–---–მა შეასრულა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მსესხებელს შპს „ს--------------------------------–--ს“ 2016 წლის 8 ივლისს გადასცა 18000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ს--------------------------------–--ს“ სალაროს შემოსავლის N----- ორდერი.

 

3.1.3. ხელშეკრულება დასრულდა 2016 წლის 6 ნოემბერს, თუმცა N----- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება კომპანიამ ვერ შეასრულა, მან ვერ შეძლო ძირი თანხისა და სარგებლის დაბრუნება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება N-----

 

3.1.4. 2013 წლის 14 აგვისტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „ს--------------------------------–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) დირექტორს წარმოადგენს თ-------–---–----ე, ხოლო 100% წილის მესაკუთრეს (პარტნიორი) თ----------------–ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, თ-------–---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით, ხოლო თ----------------–ი და მ-------------ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსსკ 25, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაჩენი

 

3.1.6. მოსარჩელე ნ----------–---–ის დედამ ლ---–-------–---–მა გარდაცვალებამდე დაუთმო მოთხოვნის უფლება N----- სესხის ხელშეკრულებაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება;

- სამკვიდროს მოწმობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის მ-------------ისა და შპს „ს--------------------------------–--სათვის“ სოლიდარულად სესხის სახით იურიდიული პირისთვის გადაცემული თანხის დაკისრება.

 

უდავოა, რომ თ-------–---–----ე წარმოადგენს შპს „ს--------------------------------–--ს“ დირექტორს. დადგენილია, რომ ლ---–-------–---–ი სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე შპს „ს--------------------------------–--სთან“, რომელსაც ხელშეკრულების დადებისას წარმოადგენდა დირექტორი თ-------–---–----ე.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მოსარჩელის მიერ სესხის სახით გაცემული 18000 აშშ დოლარი მიღებული აქვს უშუალოდ შპს „ს--------------------------------–--ს“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გამსესხებელს მოთხოვნის უფლება გააჩნია კომპანიის მიმართ. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით.

 

3.2.2. არ დგინდება მ-------------ის პასუხისმგებლობის საფუძვლის არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის დედა სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ს--------------------------------–--სთან“. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი, არ დასტურდება ლ---–-------–---–ს და შპს „ს--------------------------------–--ს“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მ-------------ის მონაწილეობა. საგულისხმობა, რომ დავის განხილვის მომენტისათვის არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, მათ შორის არც კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენი, რაც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის მ-------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელე მხარის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „ს--------------------------------–--ს“ მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ-------------ის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 404-ე, 417-418-ე, 463-ე, 464-ე, 623-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე და შპს „ს--------------------------------–--“ შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე: ხელშეკრულების საგანზე - სესხის სახით განსაზღვრული თანხის გაცემაზე, შესაბამის საპროცენტო განაკვეთზე და სესხის დაბრუნების ვადაზე. სახეზეა შემთხვევა, რომელიც ლ---–-------–---–სა და შპს „ს--------------------------------–--ს“ შორის წარმოშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.

 

დადგენილია, რომ გამსესხებელმა შეასრულა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მსესხებელს შპს „ს--------------------------------–--ს“ 2016 წლის 8 ივლისს გადასცა 18000 აშშ დოლარი. ასევე დადასტურებულია, რომ კრედიტორს გასესხებული თანხა სათანადო სარგებელთან ერთად არ მიუღია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ N----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელეს თანხა 2016 წლის 6 ნოემბერს უნდა მიეღო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს გააჩნია პირგასამტეხლოს მიღების შესაძლებლობა და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებულია.

 

ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შპს „ს--------------------------------–--ს“ მიმართ N----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად უნდა დავასკვნათ, რომ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხეებად დასახელებული შპს „ს--------------------------------–--ს“ და მ-------------ის მიმართ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის სოლიდარულად დაკისრების სამართლებრივი საფუძვლი არ იკვეთება და სასარჩელო მოთხოვნა მ-------------ის მიმართ არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან - მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ს--------------------------------–--ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1505.48 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1 საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე შპს ”ს--------------------------------–--“-ს ნ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 08 ივლისის N----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის სახით 18000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებლის სახით 1425 აშშ დოლარი, მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 810 აშშ დოლარი.

 

2. მოსარჩელე ნ----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მერაბი ფერაძის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე შპს ”ს--------------------------------–--“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 1505.48 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე