გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210018002496042
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/11780-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შპს ,,ს-------ო’’

წარმომადგენელი - თ-------------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ი--------.ჯი’’

წარმომადგენელი - ნ------------–ი, ლ-–----------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1.მოპასუხე შპს ,,ი--------.ჯი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ს-------ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 14 138.25 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2018 წლის მარტში შპს ,,ს-------ო’’-ს და შპს ,,ი--------.ჯი’’-ს შორის დაიდო ზეპირი გარიგება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 27 აპრილს და 27 ივლისს შპს ,,ს-------ო’’-ს მიერ 2018 წლის 27 აპრილს ორგანიზებულ ღონისძიებებზე - ,,Freedom Music Georgia: Boris Brejcha’’ და 2018 წლის 27 ივლისს ორგანიზებულ ღონისძიებაზე - ,,Summer Set Reincarnation’’ დასასწრები ელექტრონული ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განხორციელებულიყო შპს ,,ი--------.ჯი’’-ს ინტერნეტ გვერდის საშუალებით.

 

2018 წლის 29 მარტს შპს ,,ი--------.ჯი’’-მ შეთანხმებისამებრ დაიწყო ბილეთების გაყიდვა. შეთანხმების თანახმად, გაყიდული ბილეთების შედეგად შემოსული თანხის აკუმლირება ხდებოდა შპს ,,ი--------.ჯი’’-ს ანგარიშზე, რომელსაც გაწეული მომსახურებისათვის განსაზღვრული შესაბამისი 5%-იანი საკომისიოს დაქვითვის შემდეგ დარჩენილ თანხებს, მოთხოვნის შესაბამისად გადაურიცხავდა მოსარჩელეს. 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით მოპასუხე 5%-ის დაქვითვის შემდეგ, აკუმლირებულ თანხებს რიცხავდა მოსარჩელის ანგარიშზე.

 

2018 წლის 25 აპრილს მოსარჩელემ მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, შპს ,,ი--------.ჯი’’-მ მიიღო გადაწყვეტილება ბილეთების გაყიდვა შეეწყვიტა და საბოლოო ანგარიშსწორება მოსარჩელესთან მოეხდინა 2018 წლის 3 მაისს.

 

2018 წლის 03 მაისს მოპასუხემ შეწყვიტა ბილეთების გაყიდვა და მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 49 834.75 ლარი, კერძოდ, ორივე ღონისძიებაზე ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ჯამურად შეადგინა 98 635 ლარი, საიდანაც მოპასუხეს მომსახურებისათვის უნდა მიეღო 5%, რაც ჯამურად შეადგენს 4 931.75 ლარს, შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელეს გაყიდული ბილეთებიდან ჯამურად უნდა მიეღო 93 703.25 ლარი, ხოლო ვინაიდან მოსარჩელეს 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით უკვე მიღებული ჰქონდა 29 730.25 ლარი, 3 მაისის ჩარიცხვის მდგომარეობით ჩარიცხული თანხის მოცულობა უნდა ყოფილიყო 63 973 ლარი და არა 49 834.75 ლარი, რაც 14 138.25 ლარით ნაკლებია მისაღებ თანხასთან შედარებით. მოპასუხეს კი დღემდე არ შეუსრულებია მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და არ აუნაზღაურებია მოსარჩელისთვის აღნიშნული თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე შპს ,,ი--------.ჯი’’-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება, 2018 წლის 27 აპრილს ორგანიზებულ ღონისძიებებზე - ,,Freedom Music Georgia: Boris Brejcha’’ და 2018 წლის 27 ივლისს ორგანიზებულ ღონისძიებაზე - ,,Summer Set Reincarnation’’ დასასწრები ელექტრონული ბილეთების რეალიზაციასთან დაკავშირებით. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული მომსახურების ძირითად პირობას წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ ორგანიზებულ ამ ღონისძიებებზე დასასწრები ონლაინ ბილეთების მხოლოდ შპს ,,ინვენთერ.ჯი’’-ს კუთვნილ ვებ-გვერდზე (www.eventer.ge ) რეალიზაცია, რის სანაცვლოდაც შპს ,,ს-------ო’’ შპს ,,ი--------.ჯი’’-ს გადაუხდიდა გაყიდული ონლაინ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 5%-ს.

 

მოპასუხის განმარტებით, 2018 წლის 15 აპრილის წერილით შპს ,,ი--------.ჯი’’-მ შპს ,,ს-------ო’’-ს აცნობა, რომ მისი 2018 წლის 19 აპრილის, მხარეებს შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 14 დღიანი ვადის დაცვით - 2018 წლის 03 მაისს შეწყვეტდა მის კუთვნილ ვებ-გვერდზე შპს ,,ს-------ო’’-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასასწრები ონლაინ ბილეთების რეალიზაციას. სწორედ ამის შემდეგ - 2018 წლის 03 მაისს განახორციელა მან საბოლოო ანგარიშსწორება და მოსარჩელეს ორივე ღონისძიებაზე დასასწრები ონლაინ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის გათვალისწინებით და მისი კუთვნილი თანხების დაკავებით გადაურიცხა 49 834.76 ლარი. მოპასუხის განმარტებით, მან ასევე დააკავა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც, ვინაიდან მხარეთა შორის ჩამოყალიბებული სამართლებრივი ურთიერთობის პრაქტიკა გულისხმობდა ბილეთების მხოლოდ მისი ვებ-გვერდის საშუალებით გაყიდვას. აღნიშნული შეთანხმება კი დაარღვია მოსარჩელემ, რადგან აღნიშნულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხდებოდა სხვა ვებ-გვერდის საშუალებითაც, რის შედეგადაც იგი უფლებამოსილი იყო დაეტოვებინა თანხა ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ს-------ო’’-სა და შპს ,,ი--------.ჯი’’-ს შორის 2018 წლის მარტში დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ს-------ო’’-ს მიერ 2018 წლის 27 აპრილს ორგანიზებულ ღონისძიებებზე - ,,Freedom Music Georgia: Boris Brejcha’’ და 2018 წლის 27 ივლისს ორგანიზებულ ღონისძიებაზე - ,,Summer Set Reincarnation’’ დასასწრები ელექტრონული ბილეთების გაყიდვა უნდა განხორციელებულიყო შპს ,,ი--------.ჯი’’-ს ინტერნეტ გვერდის საშუალებით, რის სანაცვლოდაც შპს ,,ს-------ო’’ მოპასუხეს გადაუხდიდა გაყიდული ონლაინ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 5%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 02 აპრილს, 03 აპრილს და 10 აპრილს შპს ,,ი--------.ჯი’’-ს მიერ შპს ,,ს-------ო’’-სთვის ჩარიცხულია ღონისძიებებზე - ,,Freedom Music Georgia: Boris Brejcha’’ დასასწრები ელექტრონულად გაყიდული ბილეთების ღირებულებიდან 29 730.25 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 19-21);

- ცხრილი (ს.ფ. 22-38);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. შპს ,,ს-------ო’’-ს 2018 წლის 19 აპრილის მიმართვით მოპასუხეს ეცნობა 2018 წლის 27 აპრილს ორგანიზებულ ღონისძიებასთან - ,,Freedom Music Georgia: Boris Brejcha’’ და 2018 წლის 27 ივლისს ორგანიზებულ ღონისძიებასთან - ,,Summer Set Reincarnation’’ მიმართებით დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამავე მიმართვით მოპასუხეს განესაზღვრა ვადა - 2018 წლის 21 აპრილამდე გაყიდული ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის ჩარიცხვისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ.65-66; 44-45);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2018 წლის 03 მაისს შპს ,,ი--------.ჯი’’-ს მიერ შპს ,,ს-------ო’’-სთვის ჩარიცხულია ღონისძიებაზე - ,,Freedom Music Georgia: Boris Brejcha’’ დასასწრები ელექტრონულად გაყიდული ბილეთების ღირებულებიდან 33 794.75 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ.39);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2018 წლის 03 მაისს შპს ,,ი--------.ჯი’’-ს მიერ შპს ,,ს-------ო’’-სთვის ჩარიცხულია ღონისძიებაზე - ,,Summer Set Reincarnation’’ დასასწრები ელექტრონულად გაყიდული ბილეთების ღირებულებიდან 16 040 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ.40);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2018 წლის 27 აპრილსა და ამავე წილის 27 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 14 138.25 ლარის ოდენობით არ იქნა გადარიცხული მოსარჩელისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ.40);

- ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის ექსკლუზიური შეთანხმების არსებობა 2018 წლის 27 აპრილსა და ამავე წილის 27 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების მხოლოდ შპს ,,ი--------.ჯი’’-ს ვებგვერდის მეშვეობით რეალიზაციასთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-------ო’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 68-ე 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 340-ე, 361-ე, 629-ე, 636-ე, 744-ე, 746-ე, 747-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ #ას-493-473-2016, 14.12.2016წ; ასევე შდრ. სუსგ # ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლება-მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან.

 

ხელშეკრულების ცალკეული ელემენტების განმარტებისათვის აუცილებელია მთელი ხელშეკრულების შინაარსი იქნეს გააზრებული, დადგინდეს მხარეთა ნება, თუ რა მიზნის მიღწევა სურდათ ამ ხელშეკრულებით, რა იურიდიულ და ეკონომიკურ ინტერესს გულისხმობდნენ მხარეები ვალდებულების შესრულებაში და კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ვალდებულების შეუსრულებლობაზე დავობენ მხარეები. განსახილველი ნორმის თანახმად, მოცემულია შერეული ხელშეკრულების განმარტების წესი, რომლის მიხედვით, მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ვალდებულების შესრულების არსი ერთ შემთხვევაში შეიძლება ეხებოდეს შერეული ხელშეკრულების ერთ-ერთ ან რამდენიმე ელემენტს, ხოლო სხვა შემთხვევაში - მთლიანობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო მიზნის მისაღწევად მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მაგრამ, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შერეული ხელშეკრულებით მხარეები ითვალისწინებენ ერთი საერთო მიზნის მიღწევას და ამ ხელშეკრულებაში შემავალი ხელშეკრულებები შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც შერეული ხელშეკრულების ელემენტები. ამდენად, შერეული ხელშეკრულების სტრუქტურის გათვალისწინებით ის წარმოადგენს ისეთ ხელშეკრულებას, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა ხელშეკრულებების სხვადასხვა პირობები, მაგრამ ეს პირობები წარმოადგენენ ერთი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (იხ. სუსგ, #ას-1244-1503-09).

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია სწორედ შერეული ხელშეკრულება, ვინაიდან ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე ბილეთების ელექტრონულად გაყიდვის ნაწილში მხარეთა შორის დადებულია შუამავლობის ხელშეკრულება, ხოლო დამკვეთისათვის სხვა მომსახურების გაწევის ნაწილში (რაც გულისხმობდა, მაგალითად, მოპასუხის ვებ-გვერდის საშუალებით შესაბამისი ბანერის - რეკლამის განთავსებას და სხვა) მხარეთა შორის დადებულია მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც თავისი არსით სამოქალაქო კანონმდებლობიდან რეგულირდება ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად კი, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სამოქალაქო კოდექსის 746-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შემკვეთმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უარი უნდა თქვას სხვა მაკლერის გამოყენებაზე (ექსკლუზიური დავალება), მაშინ მაკლერი ვალდებულია ამ დროის მანძილზე ხელი შეუწყოს ხელშეკრულების დადებას. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება ექსკლუზიური დავალების შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ექსკლუზიური შეთანხმება მხარეებს შორის არ არსებობის. შესაბამისად, მოპასუხის მითითება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე დაუსაბუთებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 747-ე მუხლის თანახმად განსაზღვრულია, რომ საშუამავლო ხელშეკრულება შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს რაიმე ვადის დაუცველად, თუკი ხელშეკრულების ვადა არ იყო განსაზღვრული.

 

ამავე კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. განსახილველ შემთხვევაში მართალია მოსარჩელე წარმოადგენს ხელშეკრულების მოშლის ინიციატორს, თუმცა აღნიშნული თავისთავად არ გულისხმობს მოპასუხისთვის ზიანის მიყენების ფაქტის არსებობას.

 

სასამართლო მოიხმობს საკასაციო პალატის განმარტებას და მიუთითებს, რომ „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიდგა მას ხელშეკრულების მოშლით... საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს’’ (იხ. სუსგ, ას-700-670-2014).

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ 14 138.25 ლარი წარმოადგენს ხელშეკრულების მოშლით გამოწვეულ ზიანს, რომლის მოსარჩელისათის დაბრუნების ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე ზიანის მიყენების ფაქტის ისევე, როგორც მისი შემადგენელი ელემენტების ერთობლიობაში არსებობის დადასტურება ცალკე მტკიცების საგანია და მოითხოვს მისი მიმთითებელი მხარისაგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების თაობაზე დადგენილი გენერალური დათქმით - 394-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ელემენტის ერთობლიობაში არსებობის და თავად ზიანის ოდენობის ფაქტის დადასტურებას, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ განუხორციელებია.

 

ამასთან, მოპასუხის მიერ აპელირებული მიუღებელი შემოსავალიც (სსკ-ის 411-ე მუხლი) ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და მასზეც სრულად ვრცელდება აღნიშნული მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალიც ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით, ვინაიდან, მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა იქნება იგი მიუღებელი შემოსავლისა თუ სხვა ფორმით, აკისრებს მის მიმთითებელ მხარეს მტკიცების ტვირთის და მოითხოვს დამოუკიდებელ მოთხოვნის არსებობას, რაც მიმდინარე დავის ფარგლებში არ განხორციელებულა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 424.15 ლარი. (ს.ფ. 48). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შპს ,,ს-------ო’’-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ი--------.ჯი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ი--------.ჯი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ს-------ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 14 138.25 ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე შპს ,,ი--------.ჯი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ს-------ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 424.15 ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია