გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210018002396243
საქმე № 2/709-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - შ--------------------------ი“
წარმომადგენელი - ნოდარ ჯაველაძე
მოპასუხე - დ------------------ე
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე დ------------------ეს შ--------------------------ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 12204.43 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით მასსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 17 თებერვალს გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 7000 ლარის ოდენობით თვეში 5.4% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის ვადად განისაზღვრა 36 თვე და მის უზრუნვესაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი „ბმვ X5“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის განსაზღვრისა მოსარჩელის მხრიდან, მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ, დ------------------ემ, სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის ნაწილში და მიუთითა, რომ როდესაც ვეღარ ასრულებდა ვალდებულებას დაუკავშირდა მოსარჩელეს და სთხოვა გირავნობის საგნის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემით გაენულებინათ მისთვის სესხი. მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ განზრახ არ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია სესხის დაფარვის მიზნით, მან ბოროტად გამოიყენა თავისი უფლება და უმოქმედობით ხელი შეუწყო დავალიანების გაზრდას. მოპასუხე არ აღიარებს სესხის სარგებელს და პირგასამტეხლოს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2017 წლის 17 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება, 36 თვის ვადით. შეთანხმებით მსესხებელზე გაიცა სესხი 7000 ლარი და აგრეთვე გირავნობის უფლებით დაიტვირთა მსესხებლის ავტომანქანა „ბმვ X5“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება № 17002616
- ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
4.1.2. 2017 წლის 07 აგვისტოს შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება გირავნობის საგანზე, რის გამოც მოსარჩელემ გაიღო დამატებითი ხარჯები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის მოწმობის ასლი
- განცხადების მიღების ბარათი
- ცნობა ბუღალტერიიდან
- აღმასრულებელთან დადებული ხელშეკრულების ასლი
4.1.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილი
- ცნობა დავალიანების შესახებ
3.2.1 2017 წლის 17 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნვეყოფის და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ყოველთვიური სარგებელი 5.4% ოდენობით და აგრეთვე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება № 17002616
- მხარეთა ახსნა - განმარტება
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შ--------------------------ი“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე 420-ე, 625-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 17 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 7000 ლარი 36 თვის ვადით.
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტის ყოვეთვიური სარგებელი 5.4% ოდენობით და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
მოპასუხემ აღიარა ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, დ------------------ემ საკრედიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის მოთხოვნის თაბაზე საფუძვლიანია.
7.6. რაც შეეხება სარგებელს, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხი შეიძლება იყოს სარგებლიანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრეიდტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 4579.51 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ ხელშეკრულება არის სარგებლიანი და მოპასუხეს ეკისრება სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება მისი მხრიდან პროცენტის დაფარვის შესახებ მტკიცებულება.
7.7. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მხარეთა მიერ წარმდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირთვა, ვინაიდან, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, მხარეები საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზეც საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 720 ლარის ოდენობით, სრულად შეესაბამება მოპასუხის მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებას.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, აქედან გამომდინარე მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 370.63 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 214.50 ლარი, ხოლო 156.13 ლარის, ასევე მის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
9.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე შპს მისო ევრო კრედიტის” სარჩელი მოპასუხე დ------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე დ------------------ეს მოპასუხე შ--------------------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 12204.43 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითად თანხას წარმოადგენს 6904.92 ლარი, სარგებელი - 4 579.51 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 720 ლარი
3. მოსარჩელე შ--------------------------ს” მის მიერ 12.04.2018წ. შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ”საქართველოს ბანკი” სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 370.63 ლარიდან (საგადასახადო დავალება №1523517385) დაუბრუნდეს 214.50 ლარი, ხოლო დანარჩენი 156,13 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. მოპასუხე დ------------------ეს მოსარჩელე შ--------------------------ის” სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახლემწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროს 156.13 ლარის გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.
6. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი