გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2249-2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "ტ--------ი"
წარმომადგენელი ლევან ჩხიკვაძე
მოპასუხე თ---------- ყ---–--–---–ი
წარმომადგენელი სონია ოდიშარია
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ---------- ყ---–--–---–ისათვის სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ 4978,04 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4053,53 ლარი, პროცენტი - 424,51 ლარი, ხოლო ჯარიმა - 500 ლარი.
1.2. თ---------- ყ---–--–---–ისათვის სს ,,ტ--------ის“ სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად ძირითადი თანიხს დავალიანების 4053,53 ლარის წლიური 14,9%-ის სარგებლის დაკისრება 2016 წლის 7 ოქტომბრიდან არაუმეტეს 2 წლისა ყოველთვიურად 50,33 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1207,92 ლარი).
(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 146. ტომი 1)
სარჩელის საფუძვლები
2014 წლის 22 აგვისტოს სს კ------------------------სა (ამჟამად ეწოდება ,,ტ--------ი’’ და თ---------- ყ---–--–---–ს შორის დაიდო №39.0284449.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 5,500.00 (ხუთი ათას ხუთასი) ლარი. კრედიტის ვადა: 2014 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 22 აგვისტომდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ ნაწილზე: 14,90%; საბანკო კრედიტის დაფარვა: თანდართული გრაფიკის შესაბამისად; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის (კრედიტის ძირითადი თანხა და/ან მასზე დარიცხული პროცენტი) 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული საბანკო კრედიტის საფუძველზე ბანკმა 2014 წლის 22 აგვისტოს გასცა კრედიტი 5 500 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ არაჯეროვნად, ნაწილობრივ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. სს ,,ტ--------მა’’ გაუგზავნა მსესხებელს შეტყობინება, რომლითაც მას ეცნობა, რომ ერიცხება დავალიანება და იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში არ იქნება დაფარული აღნიშნული დავალიანება, ბანკი გადახდის მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს.
2016 წლის 07 ოქტომბერის მდგომარეობით მსესხებლის თ---------- ყ---–--–---–ის ჯამური დავალიანება სს ,,ტ--------ის’’ მიმართ შეადგენს: 5412.13 (ხუთი ათას ოთხას თორმეტი და ცამეტი) ლარს, აქედან ძირითადი თანხაა - 4053.53 ლარი (ოთხი ათას ორმოცდაცამეტი) ლარი; დარიცხული პროცენტი - 424.51 ლარი და ჯარიმა - 934.09 ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს მოთხოვნა და მოითხოვა 500 ლარის დაკისრება, ასევე მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ძირითადი თანხის დავალიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური პროცენტის ოდენობით, რადგან თანხის დაუბრუნებლობის გამო ვერ გაასესხა ეს თანხა და დაკარგა ამ თანხის გასესხებით მოსალოდნელი შემოსავალი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხის დავალიანება 4053,53 ლარი, ხოლო პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ სესხის დაბრუნება ვეღარ შეძლო 2015 წლის დეკემბრიდან, რადგან დაკარგა სამსახური. ბანკისათვის გადახდილი აქვს 2400 ლარი, რითიც უნდა შემცირდეს ძირითადი თანხა. მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირითადი თანხის 3100 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ ცნო და მოითხოვა მისი შემცირება. ამავე საფუძვლით არ ცნო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
(6.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 22 აგვისტოს სს ,,ტ--------სა’’ და თ---------- ყ---–--–---–ს შორის დაიდო №39.0284449.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 5,500.00 (ხუთი ათას ხუთასი) ლარი. კრედიტის ვადა: 22.08.2014-დან 22.08.2018-დე; წლიური საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ ნაწილზე: 14,90%; საბანკო კრედიტის დაფარვა: თანდართული გრაფიკის შესაბამისად; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის (კრედიტის ძირითადი თანხა და/ან მასზე დარიცხული პროცენტი) 0.50% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული საბანკო კრედიტის საფუძველზე ბანკმა 2014 წლის 22 აგვისტოს გასცა კრედიტი 5 500,00 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 10-14. ტომი 1)
- ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (ს.ფ. 21-24. ტომი1)
- სარჩელი (ს.ფ. 1-6. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 118-121. ტომი 1)
3.1.2. თ---------- ყ---–--–---–მა ნაწილობრივ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. საერთო ჯამში გადახდილი აქვს 2400 ლარი, ხოლო 2015 წლის დეკემბრის შემდეგ კრედიტი ბანკისთვის არ დაუბრუნებია. 2016 წლის 07 ოქტომბერის მდგომარეობით მსესხებლის თ---------- ყ---–--–---–ის ჯამური დავალიანება სს ,,ტ--------ის’’ მიმართ შეადგენს: 5412.13 (ხუთი ათას ოთხას თორმეტი და ცამეტი) ლარს, აქედან ძირითადი თანხაა - 4053.53 ლარი (ოთხი ათას ორმოცდაცამეტი) ლარი; დარიცხული პროცენტი - 424.51 ლარი და ჯარიმა - 934.09 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სარჩელი (ს.ფ. 4-6. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (6.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 21-24. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეს არაჯეროვნად აქვს შესრულებული საკრედიტო ვალდებულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 388-ე, 394-ე, 404-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 316-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის არსი განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით. ამ ნორმის მიხედივით, თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის (2014 წლის 22 აგვისტოს მოქმედი რედაქცია), თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი; 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს; 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი; 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ; 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი.თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.
2014 წლის 22 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 5 500 ლარი 4 წლის ვადით. კრედიტის სარგებელი განისაზღვრა წლიური 14,9 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.
სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტი არის სარგებელი ფულადი თანხებით სარგებლობისათვის. პროცენტი წარმოადგენს ნასესხები ძირითადი თანხის სარგებელს, რომელიც პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა. პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა. ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. სასყიდლიან სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა.
საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს მყარი (ფიქსირებული) ან ცვალებადი (ინდექსირებული). როგორც სესხის, ისე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს შეთანხმებას მყარ ან ცვალებად საპროცენტო განაკვეთზე. ამ შემთვევაში ხელშეკრულებით სარგებელი გათვალისწინებულია მყარი საპროცენტო განაკვეთით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 13 მაისის ბრძანება #35/04 „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ" „ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს განმარტავს როგორც საპროცენტო განაკვეთს რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის მანძილზე ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების, გარდა საჯარო ინდექსის ცვლილების გარემოებისა, დადგომის შემთხვევაში.
.
ამდენად, სარგებლიანი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია დააბრუნოს არა მარტო მიღებული კრედიტის თანხა, არამედ კრედიტორს უნდა გადაუხადოს ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოპასუხემ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება ჯეორვნად არ შეასრულა, მან სრულად არ დააბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მას საერთო ჯამში გადახდილი აქვს 2400 ლარი. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებულია საკრედიტო ფულადი ვალდებულების შესრულების გრაფიკი, რომლის მიხედვით საერთო ჯამში გადასახდელი თანხაა 7 370,82 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 5500 ლარი, პროცენტი 1870,82 ლარი. ხელშეკრულების 5,5 პუნქტის მიხედვით, გადასახდელი თანხა კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილია, რომელიც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა წინამდებარე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის დაცვით. ამდენად, გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახდელი მოიცავს ნაწილობრივ სესხის ძირითადი თანხას და საპროცენტო სარგებლის ნაწილს. ხელშეკრულების 5,10 პუნქტის მიხედვით, კრედიტის დაფარვის თანმიმდევრობა შემდეგია: პირველ რიგში იფარება დარიცხული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ ცალმხრივად შეცვალოს კრედიტის დაფარვის თანმიმდევრობის რიგითობა.
მოპასუხის განმარტებით, მის მიერ გადახდილი 2400 ლარი სრულად ძირითად თანხას უნდა გამოაკლდეს. მოპასუხის ეს პოზიცია არ გამომდინარეობს ხელშეკრულების ზემოთაღნიშნული დებულებებიდან და მას არც სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილის ერთობლივად გადახდა, რის გამოც მოვალის მიერ თანხის გადახდით სრულად სესხის ძირითადი თანხა არ დაფარულა. სადაო შემთხვევაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები. ეს ნორმა აწესრიგებს კრედიტორის მიერ მოთხოვნის იძულებითი დაკმაყოფილების მიზნით მოქმედებების დაწყების შემდეგ გადახდილი თანხის დავალიანების გადასახდევინებლად მიმართვის პრინციპს, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება სასამართლო ხარჯების დაფარვას, ხოლო შემდეგ გადახდევინება წარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით - ძირითადი თანხა და ბოლოს პროცენტები. ამ შემთხვევაში დავა შეეხება ვალდებულების შესრულების ვადაში მოვალის მიერ გადახდილ თანხას, რაზეც ამ ნორმით დადგენილი წესი არ ვრცელდება.
ამდენად, სს ტ--------მა მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სწორად მიმართა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადასახდელად. მოპასუხის განმარტებით და ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხემ კრედიტის დაბრუნება შეწყვიტა 2015 წლის დეკემბრიდან, 2015 წლის ნოემბრის შემდეგ კრედიტი არ დაუბრუნებია, ხოლო მანამდე ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა, დადგენილი გრაფიკით იხდიდა თანხას. გრაფიკის მიხედვით, გრაფიკით დადგენილი წესის დაცვით თანხის გადახდის შემთხვევაში, 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით არსებული ვალის ოდენობაა 4053,53 ლარი, რაც არის ამ დროისათვის გადასახდელად დარჩენილი სესხის ძირითადი თანხა. გრაფიკის მიხედვით, პროცენტის სახით გადასახდელი თანხაა ჯამურად 1870,82 ლარი, საიდანაც 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით გადახდილია 907,87 ლარი. ამდენად, მოსარჩელეს ხელშეკრულების პირობების და კანონის შესაბამისად სწორად მიმართა გადახდილი თანხა კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის გადასახდელად, რის გამოც მოპასუხის დავალიანება შეადგენს სარჩელის მოთხოვნილ ძირითად თანხას და პროცენტს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვალდებულების დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილის 3100 ლარის გადახდაზე, რაც ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია, ხოლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო მოპასუხეს ასევე სრულად უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა.
საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვას, რის გამოც მოპასუხეს სესხის ძირითად თანხასთან და სარგებელთან ერთად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე მოითხოვს 500 ლარის დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია პირგასამტეხლოს არსი შემდეგნაირად: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიზნით სასამრთლოსთვის მინიჭებული სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი წამოიჭრება ვალდებულების დარღვევის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული დანაკარგების მინიმალურად კომპენსირებას, რის გამოც პირგასმატეხლოს გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანს არ წარმოადგენს მოპასუხისათვის სიმბოლური თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგან ეს პირგასამტეხლოს დანიშნულება არ არის.
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის გამოწვეულ შედეგს, უნდა შეფასდეს დარღვევის შინაარსი, ვადის გადაცილების ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწყვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 4503,53 ლარი, რაც მოპასუხემ მიიღო 2014 წლის 22 აგვისტოს. მას 2015 წლის დეკემბრიდან სესხის თანხა არ დაუბრუნებია, შესაბამისად, ვადა გადაცილებულია თითქმის სამი წელია. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 4 478,04 ლარი, რომლის დაბრუნების ვადის 3 წლამდე გადაცილების გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 500 ლარი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გამო თანაზომიერი ფინანსური სანქციაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.
მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „თ“ პუნქტი, რომლის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .
განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.
სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში კრედიტი გაიცა 4 წლის ვადით - 2018 წლის 22 აგვისტომდე. მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ასანაზღაურებლად 2016 წლის 7 ოქტომბრიდან არაუმეტეს 2 წლის ფარგლებში ყოველთვიურად ძირითადი თანხის დავალიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრებას. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს უნდა გადაეხადა პროცენტი სულ 1870,82 ლარი, საიდანაც გადაიხადა 907,87 ლარი. ამდენად, გადაუხდელი სარგებელია 962,95 ლარი. ამდენად, ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა 2018 წლის 22 აგვისტომდე.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პერიოდში ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს საერთო ჯამში არაუმეტეს 1207,92 ლარის დაკისრებას, რაც ვალდებულების დარღვევის ხანგრძლივობის გათვალისწინებით გონივრული თანხაა და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე მოვალეს შეეძლო ევარაუდა მოსარჩელისათვის ასეთი ზიანის წარმოშობა. ზიანის ოდენობის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულება იყო გრძელვადიანი, კრედიტი გაიცა 4 წლის ვადით. ამდენად, ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხიდან 962,95 ლარი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების პირობებში 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რაც არ შეასრულა.
ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, მან დაკარგა ამ თანხის ხელახლა გასესხების შესაძლებლობა და ვერ მიიღო სარგებელი. სესხის ძირითადი თანხის დავალიანება 4053,53 ლარი, რომლის წლიური 14,9%-ის გაანგარიშებით ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 50,33 ლარი, რაც 2 წლის პერიოდში შეადგენს 1207,92 ლარს. ამდენად, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ზიანის მიყენების საფრთხე მოვალეს გონივრულად უნდა ევარაუდა, ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხა გონივრულია, რის გამოც მისი ანაზღაურების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ---------- ყ---–--–---–ს მოსთხოვოს კრედიტის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 4503,53 ლარის, სარგებლის 424,52 ლარის და პირგასამტეხლოს 500 ლარის, მიუღებელი შემოსავლის 1207,92 ლარის (გადაწყვეტილების მიღებამდე მოთხოვნილი 2 წლიანი პერიოდი ამოწურულია) გადახდა, სულ 6185,96 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 3. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითოვა 6185,96 ლარის დაკისრება, ხოლო თავდაპირველი მოთხოვნა იყო 6891,67 ლარის დაკისრება.
საბოლოო მოთხოვნაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 185,57 ლარი, ხოლო გადახდილია 207 ლარი. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 21,43 ლარი.
მოსარჩელის მოთხოვნა 6185,96 ლარის დაკისრების შესახებ სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხემ ცნო 3100 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის სადაო თანხის 50%. სახელმწიფო ბაჟის 185,57 ლარის 50% არის 92,78 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამდენად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 114,21 ლარი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 92,78 ლარის გადახდა მოსარჩელისათვის.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,ტ--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. თ---------- ყ---–--–---–ს დაეკისროს „ტ--------ისათვის“4978,04 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4053,53 ლარი, პროცენტი - 424,51 ლარი, ხოლო ჯარიმა - 500 ლარი.
1.2. თ---------- ყ---–--–---–ს დაეკისროს სს ,,ტ--------ისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 50,33 ლარის გადახდა 2016 წლის 7 ოქტომბრიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში 1207,92 ლარის ოდენობით
3. სს „ტ--------ს“ დაუბრუნდეს 2016 წლის 12 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 114,21 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150 (საკრედიტო საგადახდო დავალება N15).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი