გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2018
საქმის ნომერი
190210018002524247
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1972-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.11.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ო

წარმომადგენელი თამაზ გამგებელი, მირიან გელაშვილი

მოპასუხე ლ---- ჟ------ი

წარმომადგენელი ნანა სეფაშვილი

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლ---- ჟ------ისათვის პირგასამტეხლოს 18 850.5 ლარის დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

სააგენტოსა და ლ---- ჟ------ს შორის 2016 წლის 24 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ, რომლის საფუძველზე ლ---- ჟ------ი ვალდებული იყო აეთვისებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშებით დადგენილი თანხა კაკლის ნერგების შესაძენად და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად. მოპასუხე ვალდებული იყო სააგენტოში წარედგინა სააგენტოსგან მიღებული თანხის სამუშაოების შემსრულებლებისათვის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხა იყო 18 850.5 ლარი, საიდანაც 12 054 ლარი არის ნერგების შეძენისთვის განკუთვნილი თანხა, ხოლო 6796.5 ლარი გათვალისწინებული იყო სარწყავი სისტემის მოწყობისათვის. სარწყავი სისტემის მონტაჟი შეასრულა შპს “ნობლექსმა“, რომლისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი მოპასუხეს უნდა წარედგინა სააგენტოსგან შესაბამისი მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში. სააგენტომ მოპასუხეს თანადაფინანსების თანხა გადაურიცხა 2017 წლის 15 მაისს, რის შემდეგ რამდენჯერმე მოსთხოვა შპს „ნობლექსისთვის“ თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, თუმცა მოპასუხემ რამდენჯერმე წარმოადგინა სისტემის მოწყობისათვის დაფინანსების მისი წილის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ბენეფიციარის მიერ ამ ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანადაფინანსების თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის ის ნაწილი, რაც ნერგების შესყიდვის დაფინანსებას შეეხებოდა ჯეროვნად შესრულდა, ხოლო სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები შპს „ნობლექსმა“ უხარისხოდ შეასრულა და სისტემა გამართულად არ მუშაობს. ამ მიზეზის გამო შპს „ნობლექსს“ არ გადაუხადა სააგენტოსგან მიღებული თანადაფინანსების თანხა. შპს „ნობლექსმა“ სისტემის მონტაჟის სამუშაოები დაასრულა აპრილის დასაწყისში, რის შესახებ მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. ამ დროს მორწყვის სეზონი ჯერ არ იყო დაწყებული, რის გამოც სისტემის ხარვეზები გამოვლინდა მორწყვის დაწყების შემდეგ, მაისის თვეში. უხარისხოდ სამუშაოების შესრულების გამო თანხა შპს „ნობლექსს“ არ გადაუხადა. ამასთან შპს „ნობლექსს“ ნაკლი ამ დრომდე არ გამოუსწორებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ააიპ ს-----–--------------------------------------------------ოსა და ლ---- ჟ------ს შორის 2016 წლის 24 ოქტომბერს დაიდო N AOKAOLG000343 ხელშეკრულება ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ, რომლის საგანია სააგენტოს მიერ ბენეფიციარისათვის კაკლის ბაღის გასაშენებლად საჭირო ფულადი სახსრების საერთო მოცულობის ნაწილის 18 850.50 ლარის თანადაფინანსება. დაფინანსების გაცემა გათვალისწინებულია 2 ტრანშად. დანართი N1 ითვალისწინებს კაკლის ნერგების შესაძენად 12 054 ლარით თანადაფინანსებას, ხოლო 6796,50 ლარის გადახდა გათვალისწინებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟის დაფინანსებისათვის. ბენეფიციარს ეკისრება ვალდებულება სააგენტოში წარადგინოს სამუშაოების შემსრულებლებისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააგენტოს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში. ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებულია ბენეფიციარის მიერ ამ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს თანადაფინანსების სრულ თანხას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-27. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-9. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 65-69. ტომი 1)

 

3.1.2. ლ---- ჟ------მა ჯეროვნად შეასრულა თანადაფინანსების ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული ტრანშით გათვალისწინებული ვალდებულება, სააგენტოსგან კაკლის ნერგების შესაძენად მიღებული თანხა ლ---- ჟ------მა გადაურიცხა შპს „საქართველოს ნერგებს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 3-9. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 65-69. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შპს „ნობლექსის“ მიერ ლ---- ჟ------ის სასარგებლოდ სარწყავი სისტემის მონტაჟის სამუშაოების დაფინანსება სააგენტოს თანადაფინანსებით. სააგენტოსგან მიღებული თანხა ლ---- ჟ------ს შპს ნობლექსისთვის არ გადაუხდია, რაც სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით არ არის გამოწვეული.

 

ხელშეკრულების 2.2.5 პუნქტის მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია განახორციელოს ტრანშების ათვისება დანართი N2-ით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, 2.2.6 პუნქტის მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გარადიცხოს ნერგების და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მიმწოდებლების სააგენტოში წარდგენილ ინვოისებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე საკუთარი/მოზიდული ფულადი სახსრები დანართი N1 შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ ა) ნერგების შემთხვევაში – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის 30%; ბ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის შემთხვევაში – სააგენტოში წარდგენილი ინვოისში მითითებული ჯამური თანხის 50%.

 

ბენეფიციარი ვალდებულია ნერგების და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მიმწოდებლის ანგარიშზე ხელშეკრულების 2.2.5 პუნქტში მითითებული ფულადი სახსრების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინოს სააგენტოში. 2.2.8 პუნქტის მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია მის საბანკო ანგარიშზე სააგენტოს მიერ თანხის ჩარიცხვის შემდგომ სააგენტოში წარადგინოს ბანკის მიერ დამოწმებული საგადასახადო დავალება წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დასადასტურებლად.

 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ლ---- ჟ------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კაკლის ბაღის გასაშენებლად თანადაფინანსება ორ ტრანშად – ნერგების შესაძენად და სარწყავი სისტემის მონტაჟისათვის. ეს სამუშაოები შესრულდა სხვადასხვა დროს. მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ ხელშეკრულების ის ნაწილი, რაც კაკლის ნერგების შეძენის თანადაფინანსებას ეხება მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვს იმის გამო, რომ მოპასუხემ სააგენტოში არ წარადგინა სარწყავი სისტემის სამუშაოების თანადაფინანსების მიზნით სააგენტოსათვის მიღებული თანხის - 6 796.50 ლარის შპს „ნობლექსისთვის“ გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

 

სააგენტომ ლ---- ჟ------ს სარწყავი სისტემის მონტაჟისათვის 6796.50 ლარი საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 2017 წლის 15 მაისს. ხელშეკრულების დანართი N2-ის 3.1 პუნქტის მიხედვით, თითოეული ტრანშით გათვალისწინებულ თანხას სააგენტო გასცემს მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი წარადგენს შპს საქართველოს ნერგებთან და შპს ნობლექსთან გაფორმებულ მიღებ-ჩაბარების აქტებს.

 

ლ---- ჟ------სა და შპს „ნობლექსს“ შორის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2017 წლის 3 აპრილს. აქტში მითითებულია, რომ დამკვეთს (ლ---- ჟ------ი) გადაეცა სარწყავი სისტემის მოსაწყობად საჭირო მასალები. შემსრულებელი (შპს „ნობლექსი“) სამონტაჟო სამუშაოების განმავლობაში აწარმოებდა სამონტაჟო სამუშაოებზე ზედამხედველობას. სარწყავის სიტემის გამართვა შესრულდა შემდეგი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად: სისტემის მოსაწყობად საჭირო მასალები – 12633.01 ლარი, სამონტაჟო სამუშაოებზე ზედამხედველობა – 960 ლარი, სულ 13 593.01 ლარი. აქტში მითითებულია, რომ შესრულებული სამუშაო აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზიები არ გააჩნია, აქტს ხელს აწერენ ლ---- ჟ------ი და შპს „ნობლექსის“ სარწყავი სისტემების მენეჯერი რევაზ ზარიძე.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის ის ფაქტი, რომ ლ---- ჟ------მა ეს აქტი წარადგინა სააგენტოში 2017 წლის 1 მაისს, რის შემდეგ 2017 წლის 15 მაისს სააგენტომ მას ჩაურიცხა შპს ნობლექსისთვის გადასახდელი თანხა, რაც ლ---- ჟ------მა შპს ნობლექსს არ გადაუხადა. ამის მიზეზად მოპასუხემ მიუთითა სარწყავის სისტემის გაუმართაობა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადების ფაქტი და ვალდებულების არსებობა ანუ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს - მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ვალდებულება, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

სარწყავი სისტემის გაუმართაობა არ დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 3 მაისის აქტით, რომელიც შედგენილია ტარიელ ჟ------ის, შორენა მინდაძის და ლ---- ჟ------ის მიერ. აქტში მითითებულია, რომ მთავარი წყლის გამტარი მილები დაზიანებულია, რის გამოც არ იქმნება სისტემაში წნევა და არ ხერხდება მორწყვა. მოპასუხის განმარტებით ეს აქტი შედგენილია მისი ოჯახის წევრების მიერ. მოპასუხეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ნობლექსის“ მიერ შესრულებული სამუშაოები ნაკლიანია და მორწყვა შესაძლებელი არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოების მტკიცებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება საკმარისი არ არის, რადგან წვეთოვანი სარწყავი სისტემის გაუმართაობის საკითხის შესწავლას სპეციფიური საინჟინრო საკითხების კვლევა სჭირდება, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა შპს ნობლექსისათვის 2018 წლის 31 ოქტომბერს წერილის გაგზავნის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო წერილით მოპასუხე მოითხოვს სარწყავი სისტემის ნაკლის გამოსწორებას. ზემოთმითითებული საინჟინრო კვლევის არარსებობის პირობებში სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს წერილი სარწყავი სისტემის ხარვეზიანობას არ ადასტურებს, რადგან მასში მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაა ასახული. ამასთან, ეს წერილი გაგზავნილია სასამართლოში დავის განხილვისას, ხოლო სარჩელის აღძვრამდე სააგენტოს მოთხოვნის მიუხედავად არც სააგენტოსთვის უცნობებია მიზეზი, რომლის გამო თანხა არ გადაუხადა შპს „ნობლექსს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

– ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-27)

– სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 75. ტომი 1)

– მოსარჩელის 01.05.2017წ განცხადების ასლი (ს.ფ. 97-98)

– 2018 წლის 3 მაისის აქტი (ს.ფ. 76. ტომი1)

– საგადახდო დავალება თანადაფინანსების თანხის გადახდის ჩარიცხვის შესახებ (ს.ფ. 50. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების სრული საფასურით, არამედ ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილის საფასურით.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 629-ე, 400-ე, 401-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 24 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც შერეული ხელშეკრულების ტიპს განეკუთვნება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის მონტაჟის სამუშაოების შესრულების და კაკლის ნერგების შესყიდვის დაფინანსება. სარწყავი სისტემის მონტაჟის სამუშაოების დაფინანსების ნაწილში ხელშეკრულება თავისი არსით არის ლ---- ჟ------ისათვის ნარდობის საფასურის თანადაფინანსება, რადგან ითვალისწინებს მოპასუხის დაკვეთით სარწყავი სისტემის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, 1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

კაკლის ნერგების შესყიდვის ნაწილში ხელშეკრულება თავისი არსით არის მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულების ფასის თანადაფინანსების შეთანხმება, რადგან ითვალისწინებს ამ ნივთების ლ---- ჟ------ის საკუთრებაში გადაცემას შესაბამისი საფასურის მიღების სანაცვლოდ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ხელშეკრულების ეს ნაწილი ჯეროვნად არის შესრულებული, ხოლო მხარეებს შორის სადაოა სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების თანადაფინანსების მიზნით სააგენტოსგან მიღებული თანხა დამკვეთმა ლ---- ჟ------მა გადასცა თუ არა მენარდეს შპს „ნობლექსს“, შეასრულა თუ არა თანადაფინანსების ხელშეკრულების პირობა, რაც ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ მიზნობრივი დანიშნულებით თანხის გამოყენებას.

 

მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ საფუძველზე. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შინაარსის განმარტებისათვის სასამართლო მოიხმობს ამ პროგრამის დამტკიცების შესახებ მიღებულ ნორმატიულ აქტს.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის N56 დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავალი”. დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს: ა) თანამედროვე სტანდარტების მაღალხარისხიანი სანერგე მეურნეობის შექმნა; ბ) მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღებისა და პლანტაციების გაშენება; გ) სანერგე მეურნეობების შექმნის, მრავალწლიანი კულტურების ბაღებისა და პლანტაციების გაშენების სტიმულირება ფინანსური დახმარების საშუალებით; დ) მეურნეობებისა და ბაღების შექმნის მსურველთათვის ტექნიკური დახმარების გაწევა.

 

დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, პროგრამის კომპონენტებია, 1. მრავალწლიანი ბაღის გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მხარდაჭერის პირობების და პოტენციური ბენეფიციარების შესაბამისობის კრიტერიუმების განსხვავებულობებიდან გამომდინარე, თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში: ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი; ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი. 2. ამ პროგრამით განისაზღვრება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპონენტებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების პირობები. 3. პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, ისარგებლოს პროგრამის ორივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.

 

დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე, თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.

 

დადგენილების 12-ე მუხლი განსაზღვრავს თანადაფინანსების გაცემის პროცედურებს. ამ მუხლის თანახმად, 1. პოტენციური ბენეფიციარები ავსებენ განაცხადის სტანდარტულ ფორმას დაფინანსების მიღებაზე. 2. პოტენციური ბენეფიციარები წარადგენენ სააგენტოში მე-11 მუხლში მითითებულ დოკუმეტაციას. 3. სააგენტო განიხილავს წარდგენილ განაცხადს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად. 4. წარდგენილი დოკუმეტაციის ბაღების კომპონენტის პირობებთან შესაბამისობისა და პოტენციური ბენეფიციარის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმებისა და დაფინანსების გაცემის წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო უკავშირდება პოტენციურ ბენეფიციარს და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას დაფინანსების შესახებ (შემდგომში – ხელშეკრულება). 5. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ბენეფიციარი ვალდებულია, გადარიცხოს ნერგების და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მიმწოდებლის, სააგენტოში წარდგენილ ინვოისებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე საკუთარი/მოზიდული ფულადი სახსრები: ა) ნერგების შემთხვევაში - სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 30% (ოცდაათი პროცენტი); ბ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის შემთხვევაში - სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 50% (ორმოცდაათი პროცენტი). 6. ბენეფიციარმა გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს სააგენტოში, რის შემდეგაც სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას.

 

დადგენილების 13-ე მუხლით გათვალისწინებულია თანადაფინანსების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, ამ მუხლის მიხედვით, 1. ბენეფიციარის მიერ განაცხადით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო. 2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა დაკმაყოფილებული განაცხადი. 3. დოკუმენტური მონიტორინგი განხორციელდება ბენეფიციარის მიერ სააგენტოში ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით. 4. ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს ბანკის მიერ დამოწმებული საგადახდო დავალება წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებლად.

 

დადგენილების 14-ე მუხლის თანახმად, ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ნაწილობრივ ან/და საერთოდ არშესრულების შემთხვევებისათვის, სააგენტო დამატებით შეიმუშავებს და დაამტკიცებს ჯარიმების სისტემას.

 

ამდენად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების არსია სააგენტოსგან თანადაფინანსების მიღება ლ---- ჟ------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სანერგე მეურნეობის მოწყობისათვის, რაც ითვალისწინებს მეურნეობის მოწყობის მიზნებისათვის სარწყავის სისტემის მოწყობის სამუშაოების თანადაფინანსებას. საქართველოს მთავრობის დადგენილებიდან გამომდინარე ხელშეკრულება თანადაფინანსების შესახებ იდება ბენეფიციარის მიერ კონკრეტული მიზნის განხორციელებაში ფინანსური ხელშეწყობის განსახორციელებლად. ხელშეკრულების საფუძველზე ბენეფიციარს თანხა გადაეცემა არა საკუთრებაში მისი ნების შესაბამისად გამოსაყენებლად, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შემსრულებლისათვის გადასახდელად. თანხა ბენეფიციარს გადაეცემა მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სააგენტოში წარადგენს სამუშაოების შესრულების, მათი დასრულების დოკუმენტაციას. ამდენად, თანადაფინანსების ხელშეკრულების მიზნობრიობიდან გამომდინარე ბენეფიციარს ევალება სააგენტოსგან მიღებული თანხის კონკრეტული მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება.

 

თანადაფინანსების მიზნობრიობიდან გამომდინარე დაწესებულია ხელშეკრულების შესრულების საკითხში კონტროლის პროცედურები, რაც გულისხმობს ბენეფიციარის ვალდებულებას, სააგენტოსგან თანადაფინანსების მიზნით მიღებული თანხა გადაუხადოს სამუშაოს შემსრულებელს, ხოლო თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს სააგენტოში შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში (ხელშეკრულების 2.2.10 პუნქტი). მოპასუხემ ეს ვალდებულება არ შეასრულა. მან სააგენტოსგან მიღებული თანადაფინანსების თანხა, რაც სარწყავი სისტემის სამუშაოების ანაზღაურებისთვის არის გათვალისწინებული, არ გადაუხადა შპს „ნობლექსს“, ხოლო სამუშაოების უხარისხოდ შესრულება ვერ დაასაბუთა.

 

ბენეფიციარის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს თანადაფინანსების სრულ თანხას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ეს დებულება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხედველობაში იქნას მიღებული ხელშეკრულების არსი, თანადაფინანსების დანიშნულება და ის, თუ რა შედეგის მიღწევას ისახავდნენ მიზნად მხარეები ხელშეკრულების დადებით. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ხელშეკრულების დებულება უნდა განიმარტოს ხელშეკრულების სხვა დებულებებთან ერთობლიობაში და არა სადაო დებულება განცალკევებულად მისი სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რადგან თითოეული დებულება ხელშეკრულების შესრულების საერთო მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია განიმარტოს თანადაფინანსების სრული თანხის ოდენობით პირგასამტეხლოში რა თანხა იგულისხმება. პირგასამტეხლოს ოდენობის განმარტებისათვის მნიშვნელოვანია ის სახელშეკრულებო დებულება, რომ ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების გადახდა გათვალისწინებულია ორ ტრანშად, ორ ნაწილად, ორი სხვადასხვა ვალდებულების შესრულებისათვის, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და სხვადასხვა დროს სრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ნერგების ნასყიდობის ფასის თანადაფინანსებისათვის 12 054 ლარის გადახდა და სარწყავის სისტემის მოწყობის ხარჯების დასაფინანსებლად 6796,50 ლარის გადახდა. თანადაფინანსების ორივე კომპონენტის სრული თანხის ოდენობით პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ისეთ შემთხვევაში, როცა ბენეფიციარი არ შეასრულებს არც ერთ ვალდებულებას. როცა ბენეფიციარი თანადაფინანსების ერთი კომპონენტით განსაზღვრულ ვალდებულებას არ ასრულებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხით პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების მხარეთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპს დაარღვევს. ასეთ შემთხვევაში მოვალისგან მოთხოვნილ პირგასამტეხლოში ფაქტობრივად შედის ხელშეკრულების იმ ნაწილის თანხაც, რაც მოვალემ ჯეროვნად შეასრულა. ამდენად, თანადაფინანსების ერთი კომპონენტის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება თანადაფინანსების სრული თანხით არ გულისხმობს მთელ სახელშეკრულებო თანხას, არამედ გულისხმობს შეუსრულებელი კომპონენტის თანხას. ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში სრული თანხით პირგასამტეხლოს განსაზღვრა პირგასამტეხლოს არსს ეწინააღმდეგება, რადგან ასეთ შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო იმ ვალდებულებისთვისაც, რაც მან ჯეროვნად შეასრულა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს სახით შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი არ დაეკისროს ხელშეკრულების მხარეს და ვალდებულების დარღვევის ხარისხის შესაბამისად დაეკისროს ფულადი პასუხისმგებლობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულების ის ნაწილი, რაც სარწყავი სისტემის მოწყობისათვის საჭირო თანადაფინანსების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას შეეხება, მას პირგასამტეხლო ამ ნაწილის თანადაფინანსების სრული თანხით უნდა დაეკისროს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის ანაზღაურება.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 იანვრის განცხადებით ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ომ მოითხოვა ლ---- ჟ------ის მიმართ გამარტივებული წარმოების გზით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. მოსარჩელეს ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მოთხოვნაზე პროტესტი წარადგინა ლ---- ჟ------მა.

 

ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2018 წლის 29 იანვარს გადახდილია სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების მიზნით გამარტივებული წარმოების განსახორციელებლად გადაიხადა სააპლიკაციო საფასური, მოპასუხის პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა, ხოლო ასეთ შემთხვევაში "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ამავე მოთხოვნაზე ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ომ სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხის პროტესტი საფუძვლიანი არ აღმოჩნდა. სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, გასწია ხარჯი დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელებიდან რაც საკმარისი არ არის მთელი ვადამოსული ვალის გადასახდელად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ ძირითადი შესრულება ( ვალი) და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით დადგენილია პრინციპი რომლის მიხედვით, ვალდებულების შესრულებისას პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა, ხოლო სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ხარჯს არ გულისხმობს და მასში იგულისხმება მოთხოვნის იძულებით აღსრულებისათვის გაწეული ხარჯები. სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რადგან მოპასუხის უსაფუძვლო პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა და საჭირო გახდა დავის საერთო სასარჩელო წესით დაწყება საერთო სასამართლოში, სადაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, ამ ხარჯის ანაზღაურება ეკისრება მოპასუხეს

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა 18 850,50 ლარის დაკისრება, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 6 796,5 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 36%. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ამ პროპორციით უნდა განისაზღვროს. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 365 ლარის 36% არის 131,4 ლარი, რომლის მოსარჩელისათვის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სარჩელი;

 

1.1. ლ---- ჟ------ს დაეკისროს ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოსათვის 6796.5 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს სარჩელი 12 054 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

2. ლ---- ჟ------ს დაეკისროს ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოსათვის სახელმწიფო ბაჟის 131,4 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი