გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
080210018002405724
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002405724

საქმე №2/1278-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

20.11.2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ვ----------------ე;

ადვოკატი- შ---------------–--ე;

მოპასუხე - ნ--------------ე;

ადვოკატი- ნ----------------–-ა;

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ნ--------------ეს ვ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1542 ლარის გადახდა, საიდანაც 1200 ლარი არის ავტომანქანის ნაწილების ღირებულება, 142 ლარი ავტომანქანის საღებავის ღირებულება, 200 ლარი ხელოსნის მომსახურების თანხა. (სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა მოსამზადებელ სხდომაზე, იხ. სხდომის ოქმი)

 

1.2.ნ--------------ეს ვ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთით გათვალისწინებული თანხის 921 ლარის გადახდა.

 

1.3.ნ--------------ეს ვ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის მომსახურების თანხის 240 ლარის, სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და საადვოკატო მომსახურების თანხის 300 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს - 2018 წლის 09 თებერვალს ქ. ქუთაისში, ზ---------------ას და ი----------ის ქუჩების კვეთაზე გამავალ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. დადგინდა, რომ დამრღვევს წარმოადგენდა ნ--------------ე, რომელიც მართავდა „ტო---------------„-ს მარკის ავტომანქანას სახ. ნომრით GD818DG. თავად მოძრაობდა მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით, „ს----------------------„-ის სახ ნომრით NG-----, ქ. ქუთაისში, ი----------ის გამზირზე გზაგამტარი ხიდის მიმართულებით, როდესაც იმყოფებოდა ჭ---------------------იას ქუჩების კვეთასთან, ამ დროს მისგან მარჯვენა მხარიდან გამოვიდა ნ--------------ის მართვის ქვეშ მყოფი „ტო---------------„, რომელმაც დაარღვია მოძრაობის წესები და შეეჯახა მარჯვენა ნაწილში. შეჯახების შედეგად ავტომანქანას დაუზიანდა მარჯვენა წინა და უკანა ფრთა, წინა ბამპერი, წინა ფარი, უკანა ფარი და მიიღო სხვა დაზიანებები. ავტომანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ნ--------------ემ აიღო ვალდებულება, რომ აუნაზღაურებდა მიყენებულ ზარალს და ნ--------------ემ ავტომანქანა გადაიყვანა ავტომანქანის ხელოსანთან ზ----------–----ესთან ქ. ქუთაისში, თა--------–---------------ში. ხელოსანმა შეაკეთა ორივე მარჯვენა კარი, უკანა მარჯვენა ფრთა. შემდეგ ნ--------------ემ შეაწყვეტინა მას სამუშაოს გაგრძელება. მიუხედავად არაერთი თხოვნისა და მცდელობისა, მან ავტომანქანის შეკეთება აღარ გააგრძელა, რის გამოც ვერ ახერხებდა მის მფლობელობის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გამოყენებას და იძულებული გახდა პირადად შეეკეთებინა იგი. ა/მ-ის შეკეთებამდე მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ა/მანქანაზე მიყენებული ზიანის განსაზღვრისათვის. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საორიენტაციოდ განისაზღვრა 1385 ლარით. ვინაიდან არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა იძულებული გახდა აეღო სესხი ავტომანქანის შესაკეთებლად 2500 ლარი, რის გამოც ყოველთვიურად უწევს საპროცენტო განაკვეთით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რაც მთლიანობაში შეადგენს 921 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ნ--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში განმარტა, რომ ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიიყვანა ხელოსანთან, ხელოსანს გადაუხადა 1000 ლარი, აღნიშნული თანხა საკმარისი იყო ავტომანქანის შესაკეთებლად. სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის შესაკეთებლად საჭირო იყო 1385 ლარი, 1000 ლარი გადახდილი იქნა მის მიერ და 385 ლარს გადაუხდის მოსარჩელეს. მოპასუხე მხარემ ასევე განმარტა, რომ ი/მ ბ---------–---------ის მიერ გაცემულ შესყიდვის აქტში მითითებულია არარეალური თანხა. ასევე სალაროს ჩეკით არ დასტურდება 142 ლარით რა ნივთი იქნა შეძენილი, რადგან შესყიდვის აქტი არ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აქტს თანხის 200 ლარის გადახდის შესახებ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია გაურკვეველი ხელმოწერით შესრულებული შეთანხმების აქტი და ის არ უნდა იქნას გაზიარებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 09 თებერვალს ქ. ქუთაისში, ზ---------------ას და ი----------ის ქუჩების კვეთაზე გამავალ საავტომობილო გზაზე ავტოსატრანპორტო შემთხვევის შედეგად ნ--------------ის მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, #ელ 8----- (ელექტრონული საჯარიმო ქვითარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილი;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;

-საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა.

 

3.1.2. ნ--------------ის და ვ----------------ის ახსნა-განმარტებების თანახმად, ქ. ქუთაისში, ი----------ისა და ზ---------------ას ქუჩების კვეთასთან ნ--------------ე შეეჯახა ვ----------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რა დროსაც დაზიანდა ვ----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მარცხენა მხარეს საბურავი, მარცხენა მხრის წინა და უკანა ფრთა, წინა და უკანა ბამპერი მარცხენა ნაწილში, წინა მარცხენა ფარი, ასევე ა/მანქანამ მიიღო სხვა დაზიანებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-09.02.2018 წ ნ--------------ის ახსნა განმარტება

-09.02.2018 წ ვ----------------ის ახსნა განმარტება.

 

3.1.3. ავტოსატრანსპორტო საშუალება SU------------, სახ #NG----- რეგისტრირებულია ნ---------–--ის სახელზე. 2018 წლის 09 თებერვალს, ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა ვ----------------ის მართვის ქვეშ. ვ----------------ე და ნ---------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 29 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-რეგისტრაციის მოწმობა;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილი;

- ქორწინების მოწმობა;

 

3.1.4. 2018 წლის 18 თებერვალს შედგენილი შეთანხმების აქტის თანახმად, ნ--------------ის მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად ზ----------–----ეზე გადახდილი იქნა 1000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-შეთანხმების აქტი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 03 აპრილის დასკვნის თანახმად, ნ---------–--ის სახელზე რეგისტრირებულ, დაზიანებულ მსუბუქ ავტომობილზე (SU------------ სახ #NG-----) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 1385 ლარს. დანართი #1-ის თანახმად დაზიანებული ნაწილების დასახელება და ღირებულება შეადგენს შემდეგს: 1.უკანა მარჯვენა ფარი - 80 ლარი, 2. წინა მარჯვენა ფარი (არ აქვს) - 300 ლარი, 3. წინა ბამპერი- 100 ლარი,4. წინა მოპირკეთების ბადე- 25 ლარი, 5. მარჯვენა წინა ფრთა - 120 ლარი, 6. ფრთის საშხეფური - 80 ლარი, 7. მარჯვენა გვერდი- (შეფითხნილია საჭიროებს შეღებვას) – 300 ლარი, 8. საბარგულის გვერდითი მინა- 10 ლარი, 9. ძირის გაპრიალება- 170 ლარი, 10. საღებავი დამხმარე მასალები - 135 ლარი, გაუთვალისწინებელი დანახარჯები- 65 ლარი- სულ 1385 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

03.04.18 წლის ექსპერტიზის დასკვნა;

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ----------------ის მიერ 2018 წლის 28 მარტს ი/მ ბ---------–---------ის სავაჭრო ობიექტში შეძენილი იქნა ავტომანქანა SU------------ 2----ის ნაწილები, სულ გადახდილი იქნა 1200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-28.03.2018წ შესყიდვის აქტი.

- სალარო აპარატის ჩეკი;

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აპრილს ვ----------------ის მიერ ზ------------–--ეზე გადახდილი იქნა ავტომანქანა SU------------ სახ #NG------ის შესაკეთებლად შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებლად 200 ლარის ოდენობით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ვ----------------ის მიერ შეძენილი იქნა ავტომანქანის საღებავი ი/მ მე-----------------თან, რაშიც გადახდილი იქნა 142 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალარო აპარატის ჩეკები;

- 31.10.2018 წ შეთანხმების აქტი;

 

3.2.4. 2018 წლის 28 მარტს ვ----------------ეს და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა შეადგენს 2500 ლარს, სესხის ვადა შეადგენს 24 თვეს. სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, სესხის პროცენტი განსაზღვრულია 921,87 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება, გრაფიკი, ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2.5 მოპასუხის მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ავტო-საგზაო შემთხვევის შემდეგ მოსარჩელის ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული ზიანის მოცულობა, მოპასუხე თავის პოზიციას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ ნ--------------ემ ავტომანქანის შესაკეთებლად ზ------------–--ეს გადასცა 1000 ლრი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 1385 ლარის ოდენობით, შესყიდვის აქტში მითითებულია გაორმაგებული თანხის ოდენობა, შესყიდული ნაწილების დასახელება არ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებული ნაწილების ჩამონათვალს. 142 ლარის დაკისრების ნაწილში, მოთხოვნა არ არის დადასტურებული მტკიცებულებით, ვერ დგინდება აღნიშნული თანხის გადახდის დანიშნულება, არ არის წარმოდგენილი ზედნადები, ასევე არ უნდა იქნას გაზიარებული გაურკვეველი ხელმოწერით შესრულებული შეთანხმების აქტი. მოპასუხე მხარემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 921 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან 2500 ლარი ავტომანქანის შეკეთებას არ მოხმარებია, მოპასუხის მტკიცებით არ დასტურდება სესხის მიზნობრიობა, რისთვის არის აღებული მოსარჩელის მიერ აღნიშნული ოდენობით სესხი, შესაბამისად მოპასუხისათვის 921 ლარის დაკისრება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დელიქტური ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი მტკიცების განაწილების სტანდარტზე, სადაც ქმედებისა და ამ ქმედების შედეგად წარმოშობილი ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროში შემავალ ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ განხორციელებული პროცესუალური მოქმედება ამ სამართლებრივი თავისებურების პირობებში განხორციელებული და წარმოდგენილია, როგორც წერილობითი მტკიცებულება, ასევე მოწმეთა ჩვენებები. ექსპერტიზის დასკვანში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დაზიანებულ მსუბუქ ავტომობილზე (SU------------ სახ #NG-----) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრა 1385 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------–--ემ დაადასტურა, რომ ნ--------------ის შვილმა თავის სახელოსნოში მიიყვანა ავტომანქანა SU------------ შესაკეთებლად. დაზიანებული იყო ა/მანქანის მარჯვენა მხარე, საჭირო ნაწილები მიიტანა ნ--------------ის შვილმა გ------იმ. მის მიერ ავტომანქანაზე შეცვლილი იქნა წინა ბამპერი, ფარი, უკანა ფარი, ასევე ნ--------------ის შვილს უნდა მოეტანა საღებავი, თუმცა აცნობეს, რომ მდგომაროება შეიცვალა და სამუშაოები აღარ გარძელებულა. ამის შემდეგ მასთან მივიდა ნ--------------ის შვილი, ნაწილები რისი მოხსნაც შეიძლებოდა წაიღო. ნ--------------ემ მას შესრულებულ სამუშაოში გადაუხადა 1000 ლარი. ავტომანქანაზე დარჩა ის ნაწილები, რისი მოხსნაც უკვე აღარ შეიძლებოდა, ხოლო რა ნაწილებიც წაიღო ნ--------------ემ და რაც აკლდა ა/მანქანას, ასევე საღებავი მიიტანა ვ----------------ემ. ვ----------------ემ ასევე მას გადაუხადა 200 ლარი სამუშოს შესრულებისთვის, რადგან ახალად გახდა საჭირო სამუშაოს შესრულება.

 

მოწმე ბ---------–---------ემ განმარტა, რომ ქ. ქუთაისში აქვს ავტონაწილების მაღაზია, სადაც დაახლოებით 10 თვის წინ მოსარჩელის მიერ შეძენილი იქნა ავტომანქანის ნაწილები, რაზეც გაცემულ იქნა შესაბამისი დოკუმენტი.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1542 ლარის დაკისრების ნაწილში შეესაბამება მოთხოვნილ ზიანის ოდენობას. რაც შეეხება საპირისპიროს დადასტურებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტების უსწორობის მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს გამომდინარე იქედან, რომ სწორედ ამ გარემოებას ეფუძნება მისი შესაგებელი და ახსნა-განმარტება.

 

სასამართლო არ იზიარების მოსარჩელის მოთხოვას სესხის სარგებლის 921 ლარის დაკისრების ნაწილში და განმარტავს, რომ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრ------–ის მიერ 2018 წლის 16 აპრილს გაცემული ცნობის თანახმად 2018 წლის 28 მარტს ვ----------------ის მიერ სესხი აღებული იქნა ავტომობილის შეკეთებისთვის 2500 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. მოსარჩელის განმარტებით სესხის სახით 2500 ლარის გამოტანა განპირობებული იყო ავტომანქანის შესაკეთებლად, აღნიშნულ ხარჯში შედიოდა ასევე ადვოკატის იურიდიული მომსახურების და ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც.

 

დადგენილია, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა საორიენტაციოდ განისაზღვრა 1385 ლარით. მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა ექსპერტიზის მომსახურებისათვის 240 ლარი, გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი და იურიდიული მოსამხურების ხარჯი 300 ლარი, რასაც მოპასუხისათვის დაკისრებას მოითხოვს მოსარჩელე. სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის, ადვოკატის იურიდიული მომსახურების და სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ხარჯი (240+100+300) წარმოადგენს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხარჯების გაღების მიზნით სესხის საპროცენტო განაკვეთით გათვალისწინებული თანხის 921 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველები არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასება, როგორ სამოქალაქო პროცესის მთავარი პრინციპი ცხადყოფს, რომ არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათ ყოველმხრივ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული კომპონენტი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სესხის საპროცენტო განაკვეთით გათვალისწინებული 921 ლარის მოთხოვნის ნაწილში მტკიცების ტვირთის სანათანადოდ რეალიზება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ ვ----------------ის სარჩელი ნაწილობრივ 1542 ლარის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო საპროცენტო სარგებლის 921 ლარის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, რის გამოც უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული.

 

განსახილველ შემთხვევაში ვალდებული პირია მოპასუხე. იგი წარმოადგენს იმ ავტომანქანის მესაკუთრეს და ამავე დროს მძღოლს, რომლის ბრალეული მოქმედების გამო დაზიანდა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 09 თებერვალს, ქ. ქუთაისში, ი----------ისა და ზ---------------ას ქუჩების კვეთასთან ნ--------------ე შეეჯახა ვ----------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რა დროსაც დაზიანდა ვ----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა 1542 ლარის ოდენობით. ასევე, დადგენილია ნ--------------ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, რის გამოც მოსარჩელის მოხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დელიქტური ურთიერთობების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და არსებულ ზიანს შორის. მიზეზობრივი კავშირი დელიქტური ვალდებულებების წანაპირობას შეადგენს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. იგი იურიდიული მნიშვნელობის მატარებელია, მაშინ როდესაც უშუალოდ პირის მოქმედებამ განაპირობა კონკრეტული ნეგატიური შედეგი. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მხოლოდ მაშინ წარმოადგენს ზიანის მიზეზს, როდესაც იგი პირდაპირ არის მასთან დაკავშირებული.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა ავტო-საგზაო შემთხვევას. ნ--------------ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ვ----------------ისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ვ----------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტოსატრასპორტო საშუალებას ნ--------------ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიადგა ზიანი. 2018 წლის 09 თებერვალს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ნ--------------ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის თაობაზე. დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ვ----------------ის მართვის (მფლობელობაში) ქვეშ მყოფი ავტომანქანა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მიზანს წარმოადგენს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ანუ ზიანის ნატურით ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს დაზიანებული ავტომობილის შეკეთების გზით.

 

დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დაზიანებულ მსუბუქ ავტომობილზე (SU------------ სახ #NG-----) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრა 1385 ლარის ოდენობით. ვ----------------ის მიერ 2018 წლის 28 მარტს ი/მ ბ---------–---------ის სავაჭრო ობიექტში შეძენილი იქნა ავტომანქანა SUBARU FORESTR 2----ის ნაწილები, რაშიც სულ გადახდილი იქნა 1200 ლარი, ასევე შეძინილი იქნა ავტომანქანის საღებავი 142 ლარად, ხოლო დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად შემსრულებლისთვის გადახდილი იქნა 200 ლარი.

 

ზოგადი წესის მიხედვით, დაზარალებულს ზიანს თავად მიმყენებელი უნაზღაურებს. დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი არის ზიანის სრულად ანაზღაურება. ეს ნიშნავს, რომ დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს.

 

სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისადვე ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული, მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 1542 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მის მიერ აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთით გათვალისწინებული თანხის 921 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით აღნიშნული თანხის სესხის სახით გამოტანა განპირობებული იყო ავტომანქანის შესაკეთებლად, აღნიშნულ ხარჯში შედიოდა ასევე ადვოკატის იურიდიული მომსახურების და ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც. სასამართლო განმარატავს, რომ იურიდიული მომსახურების და ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურებას და ამ ხარჯების გაღების მიზნით სესხის საპროცენტო განაკვეთით გათვალისწინებული თანხის 921 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველები არ არსებობს. სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელე მოთხოვნის ამ ნაწილში ვერ ასაბუთებს და ვერ ადასტურებს ზიანის არსებობის ფაქტს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვ----------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე ნ--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 31,30 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ხოლო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბერუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მომზადებისათვის 240 ლარის ანაზღაურება.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 300 ლარის გადახდა (სსკ-ის 47-ე მუხლის მეორე ნაწილი და 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. ვ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ნ--------------ეს- ვ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1542 ლარის ანაზღაურება;

 

3. ვ----------------ის მოთხოვნა- სესხის საპროცენტო განაკვეთით გათვალისწინებული თანხის 921 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

4. ნ--------------ეს მოსარჩელე ვ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 31,30 ლარის გადახდა.

 

5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

6. ნ--------------ეს- ვ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის 240 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 300 ანაზღაურება;

 

7. ვ----------------ეს პ/ნ 5---------- დაუბრუნდეს, 2018 წლის 13 აპრილს ი/მ შ---------------–--ის მიერ სს თიბისი ბანკში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი (საგადასახადო დავალება №0), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300183150;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე