გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9603-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - შპს "-------------
წარმომადგენელი - ე-----------------–-–---–ი
მოპასუხე - სს "------------------------------
წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს "-------------------------------ს დაეკისროს 4373.15 ლარის გადახდა შპს "-----------ის“ სასარგებლოდ;
1.2. მოპასუხე სს "-------------------------------ს დაეკისროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხე სს "-------------------------------ს დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასური 300 ლარის ოდენობით;
1.4. მოპასუხე სს "-------------------------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
(მოსარჩელემ 2018 წლის 22 ნოემბერს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე დამატებით მოითხოვა საადვოკატო მომსახურების საფასურის - 300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება და შუამდგომლობას დაურთო იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მტკიცებულება: 30.03.2018 წლის სარჩელი; 22.11.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელე შპს "------------- 2017 წლის 24 მაისიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხე სს "-------------------------------ს პერიოდულად აწვდიდა პროდუქციას, სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, სასაქონლო ზედნადებებში მითითებულ თარიღსა და ფასად, რეალიზაციის მიზნით. მიწოდებული პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 6187.69 ლარი, თუმცა სს "-------------------------------ს მოსარჩელის წინაშე სრულად არა აქვს გადახდილი პროდუქციის ღირებულება. მოპასუხე სს "-------------------------------ს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობების პერიოდში გადახდილი თანხა შეადგენს 937.2 ლარს, ხოლო ვადაგასული პროდუქციის სახით მოსარჩელე შპს "--------------მ დაიბრუნა 877.34 ლარის ღირებულების პროდუქცია. სარჩელის განხილვის დროისათვის სს "-------------------------------ს დავალიანება წარმოადგენს 4373.15 ლარს.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის არაერთხელ გაფრთხილების მიუხედავად გადაეხადა დავალიანება მოპასუხისგან მიიღო უარი. შპს "--------------მ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქმის გამარტივებული წესით წარმოებისათვის, რისთვისაც მოსარჩელემ გადაიხადა სააპლიკაციო თანხა 100 ლარის ოდენობით, მოპასუხეს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებები არაერთხელ გაეგზავნა, თუმცა მოპასუხე მოთხოვნას არ დაეთანხმა, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა მიურომ გამოსცა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახნა-განმარტებით სადაო არ გახადა საქონლის მიღების და საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, მაგრამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც დაარეგულირებდა თანხის გადახდას, ასევე განმარტა, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 18 ივლისის შემდეგ შეწყვიტა მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდება, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ აღარ აქვს ფინანსური ვალდებულებები.
(მტკიცებულება: 07.05.2018 წლის შესაგებელი; 22.11.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს "--------------სა და სს "-------------------------------ს შორის 2017 წელს იყო ნასყიდობის ხელშკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები ზედნადებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 22 ნოემბერი).
3.1.2. მოსარჩელე შპს "--------------მ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქმის გამარტივებული წესით წარმოებისათვის, რისთვისაც მოსარჩელემ გადაიხადა სააპლიკაციო თანხა 100 ლარის ოდენობით, თუმცა მოპასუხე მოთხოვნას არ დაეთანხმა, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა მიურომ გამოსცა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 07.03.2018 წლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება (# S-----------------) დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ;
- გადახდის რეკვიზიტები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 22 ნოემბერი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე შპს "--------------მ მოპასუხეს სადავო პერიოდში 2017 წლის 24 მაისიდან - 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით მიაწოდა გარკვეული რაოდენობისა და დასახელების პროდუქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები-ზედნადებები;
- საბუღალტრო დოკუმენტაცია - ანგარიშის ამონაწერი, სს "-------------------------------ს ანგარიშზე;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 22 ნოემბერი).
3.2.2. ყოველი მიწოდებული საქონლის სასაქონლო ზედნადებებში იყო შეთანხმებული საქონლის მიწოდების კონკრეტული ვადა და გადახდის საფასური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები-ზედნადებები;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 22 ნოემბერი).
3.2.3. მოპასუხე სს "-------------------------------ს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობების პერიოდში გადახდილი თანხა შეადგენს 937.2 ლარს, ხოლო ვადაგასული პროდუქციის სახით მოსარჩელე შპს "--------------მ დაიბრუნა 877.34 ლარის ღირებულების პროდუქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბუღალტრო დოკუმენტაცია - ანგარიშის ამონაწერი, სს "-------------------------------ს ანგარიშზე;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები-ზედნადებები;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 22 ნოემბერი).
3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს სს "-------------------------------ს 2017 წელს - 25 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება 4373.15 ლარის ოდენობით მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისივე მოთხოვნის კანონიერებას.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორინტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადაო არ გახადა საქონლის მიღების ფაქტი, მაგრამ ვალდებულების სრულად შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხოლოდ რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს, სასამართლო თვლის, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაძლებელია ემყარებოდეს ასევე სხვა მტკიცებულებებსაც (მაგ. მოწმეთა ჩვენებას). თავის მხრივ, მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები-ზედნადებები;
- საბუღალტრო დოკუმენტაცია - ანგარიშის ამონაწერი, სს "-------------------------------ს ანგარიშზე;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 22 ნოემბერი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს "-----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე, 427 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად სასამართლო მიუთითებს ნასყიდობის ურთიერთობის მარეგულირებელ ზოგად წესზე _ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშკრულებით თანხის გადახდის კონკრეტული ვადა ზედნადებებით იყო განსაზღვრული.
სამოქალაქო კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლების თანახმად, მიწოდებული პროდუქცია წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება, შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
აღნიშნული ნორმის ანალიზით, მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ სს "-------------------------------ს მოსარჩელის ნებითი მოქმედებით ფაქტობრივად გადაეცა ნასყიდობის საგანი. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ სს "-------------------------------მ მიწოდებულ საქონელზე საკუთრების უფლება მოიპოვა სადავო პერიოდში 2017 წელს. კონკრეტულად კი 2017 წელს განხორციელებული ბოლო მიწოდებიდან - 25 დეკემბრიდან.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სამოქალაქო კოდექსი ანგარიშს უწევს მოვალის მდგომარეობას და მას უფლებას ანიჭებს კრედიტორისაგან შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვოს. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგება ორმხრივია და თითოეული მხარე მეორე მხარის მიმართ კრედიტორიცაა და მოვალეც სუბიექტთა უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება გარიგების ორივე მხარის მიმართ, ამასთან, რადგანაც საქონლის მიწოდების ფაქტი უდავოა, სასამართლო თვლის, რომ თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი, მითითებული ნორმის შესაბამისად, მთლიანად მოპასუხეს უნდა დაეკისროს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდასთან დაკავშირებით მოპასუხის მხრიდან სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი, რომ გამყიდველმა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულა ვალდებულება - გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, თუმცა მყიდველმა ჯეროვნად არ შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ სარჩელის განხილვის დროისათვის სს "-------------------------------ს დავალიანება წარმოადგენს 4373.15 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 184.2 (134.2+50) ლარის ანაზღაურება;
მოპასუხე სს "-------------------------------ს მოსარჩელე შპს "-----------ის“ სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის და საადვოკატო მომსახურების საფასურის 174.9 ლარის გადახდა (დავის საგნის ღირებულების - 4373.15 ლარის 4%).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს "-----------ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებებში მოპასუხე სს ”--------------------------------ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს 4657,35 ლარის ფარგლებში;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებებში მოპასუხე სს ”--------------------------------ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს 4657,35 ლარის ფარგლებში;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს "-----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე სს "-------------------------------ს მოსარჩელე შპს "-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4373.15 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე სს "-------------------------------ს მოსარჩელე შპს "-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 184.2 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხე სს "-------------------------------ს მოსარჩელე შპს "-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა;
5. მოპასუხე სს "-------------------------------ს მოსარჩელე შპს "-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის 174.9 ლარის გადახდა;
6. მოსარჩელე შპს "-----------ა“-ს უარი ეთქვას საადვოკატო მომსახურების საფასურის - 125.1 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე