გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე - შპს „რ--------------“
წარმომადგენელი - რ----------------–---–ი, გ-----------------ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ა-–-----------------ა
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ლ-–--------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 0-------------------- ბრძანება.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების საბჭოს 2018 წლის 2---------ს გადაწყვეტილება (N5---------- საჩივარი).
1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,რ--------------ს’’ 2017 წლის 1-----------ს საჩივრის განხილვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 მაისის N1---- ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს ,,რ--------------ს’’ გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2012-2013 წლებით. შემოწმება დაიწყო 2016 წლის 20 მაისს და დასრულდა 2016 წლის 21 დეკემბერს. აღნიშნულის საფუძველზე 2016 წლის 21 დეკემბერს გამოიცა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი.
საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №3---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და საწარმოს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა სულ 118394,47 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი ( ს/ფ 49-96)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №3---- ბრძანება ( ს/ფ 46)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა (ს/ფ 44-45)
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანებით შპს ,,რ--------------ს’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საწარმოში რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხის მიღების საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი ჩგდ-ები თუ რისთვის იყო გამოწერილი, დადგენილიყო მათი გამოწერის მიზნობრიობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამავე ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამფუძნებლის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება წლების მიხედვით კომპანიის ფინანსური რესურსის, გასაცემი დივიდენდის ოდენობისა და გაცემის პერიოდის თაობაზე. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სამეურნეო წლის ფინანსური მოგებისა და დამფუძნებლის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, განეხილა დამფუძნებლის მიერ მითითებულ პერიოდში დივიდენდის სახით გაცემულად და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით დამატებით შეესწავლა და გაეანალიზებინა აღნიშნული საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება ( ს/ფ 31-34)
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მაისის N1---- ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება, კერძოდ შპს ,,რ--------------ს’’ მიერ დოკუმენტაციის წარდგენისათვის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანებით გათვალისწინებული ვადა განისაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 მაისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N1---- ბრძანება (ს/ფ 35-36)
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებაზე 2017 წლის 25 მაისის დასკვნით (სააღრიცხვო N---) დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის N8--- ბრძანება გაეგზავნა და ჩაბარდა 2017 წლის 03 აპრილს. ამავე თარიღში გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონული წერილი შესაბამისი დოკუმენტაციის და შენიშვნების წარმოდგენის მიზნით, ასევე დოკუმენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს 26 აპრილს განმეორებით გაეგზავნა ელექტრონული წერილი (ელ. ფოსტით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შესაბამისი პროგრამული მოდულის მეშვეობით) და გაფრთხილებული იქნა, რომ ინფორმაციის/შენიშვნების წარუდგენლობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარებოდა შემცირებას და გამოიცემოდა ახალი საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელს არცერთ შემთხვევაში არ მოუხდენია რეაგირება. გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ცხრილები, რომლებიც საფუძვლად დაედო შემოწმების აქტს, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2017 წლის 11 იანვარს და განმეორებით 17 მარტს. შესაბამისად 15 სამუშაო დღეზე მეტი დრო ჰქონდა გადამხდელს იმისათვის, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და შენიშვნები წარედგინა.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლის 25 აპრილს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა შემდეგი შინაარსის საჩივარი (წერილის ნომერი N14744 საჩივრის ნომერი N2-----------): 2017 წლის 15 მარტს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე (ოქმი N25) განხილულ შპს ,,რ--------------ს’’ 2017 წლის 23 იანვრის საჩივარზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული ვადის დაცვა შეუძლებელია, რადგან წარსადგენი დოკუმენტაცია ითვალისწინებდა 25000-ზე მეტი დოკუმენტის გადამოწმებას, რეესტრში შეყვანას და აუდიტის დეპარტამენტისთვის მიღებულ ფორმაში მიწოდებას. გადამხდელმა ითხოვა ბრძანების შესრულების გადავადება 30 დღით. აღნიშნული მოთხოვნის განხილვის შედეგად, 2017 წლის 16 მაისის ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი N8--- ბრძანების ჩაბარებიდან 5 დღის ვადით (ფაქტობრივად გადამხდელს დოკუმენტაციის წარდგენის ვადა დაუდგინდა 27 დღით). გადამხდელს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შესაბამისი პროგრამული მოდულის მეშვეობით 17 მაისს გაეგზავნა წერილი და ინფორმირებული იქნა, რომ დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2017 წლის 22 მაისი. შპს ,,რ--------------ს’’ მიერ ამჯერადაც არ განხორციელდა დოკუმენტაციის წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებაზე 2017 წლის 25 მაისის დასკვნა (სააღრიცხვო N---) ( ს/ფ 232-241)
3.5. 2017 წლის 21 ივნისს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №1---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების არ დარიცხვის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით შპს ,,რ--------------ს’’ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, 2016 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს 2017 წლის 29 მარტის სსიპ შემოსავლების სამსახურის N8--- ბრძანება, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2017 წლის 23 მაისის დასკვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 21 ივნისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №1---- ბრძანება ( ს/ფ 215)
3.6. 2017 წლის 21 ივნისს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა N0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა 118394,47 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძველს წარმოადგენს 2017 წლის 21 ივნისის ბრძანება N1----.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივნისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N0------ საგადასახადო მოთხოვნა და 2017 წლის 21 ივნისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების არ დარიცხვის შესახებ, შპს ,,რ--------------ს’’ გაეგზავნა ელექტრონულ პორტალზე 2017 წლის 21 ივნისს და გაეცნო 2017 წლის 23 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივნისის №0------ საგადასახადო მოთხოვნა ( ს/ფ 213-214)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს/ფ 212)
3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N3---- ბრძანებით, განუხილველად დარჩა შპს ,,რ--------------ს’’ 2017 წლის 1-----------ს ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 21 ივნისის N0------ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის გაუქმებას.
ბრძანებაში მითითებულია, რომ ერთიანი ელექტრონულ ბაზის ინფორმაციით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 21 ივნისის N0------ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 23 ივნისს, ხოლო საჩივარი შპს ,,რ--------------მ’’ წარადგინა 2017 წლის 15 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N3---- ბრძანება (ს/ფ 43)
3.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 2---------ს გადაწყვეტილებით, შპს „რ--------------ს“ 2017 წლის 22 დეკემბრის N5---------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტის საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება პირის მიერ მისი გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (განთავსებიდან) 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის თანახმად დადგენილი იქნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივნისის N0------ საგადასახადო მოთხოვნა საზოგადებას გაეგზავნა ელექტრონულად პორტალზე 2017 წლის 21 ივნისს, რომელსაც გაეცნო 2017 წლის 23 ივნისს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა 2017 წლის 15 ნოემბერს, გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 2---------ს გადაწყვეტილება (ს/ფ 40-42)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „რ--------------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-8, 41-ე, 44-ე, 51-ე, 238-ე, 241-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე და 301-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები, ,,ელექტორნული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 0-------------------- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების საბჭოს 2018 წლის 2---------ს გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თვიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე №ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანომდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“
მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივნისის №0------ საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონულად არ გასცნობია საზოგადოების დირექტორი. შპს „რ--------------ს“ ელექტრონულ პორტალზე წვდომა ჰქონდა ბუღალტერ -ლალი სუხიტაშვილს, რომელიც აღარ იყო იმ დროისათვის მისი თანამშრომელი. შესაბამისად, მის მიერ საგადასახადო მოთხოვნის ელექტრონულად გაცნობა, არ წარმოადგენს შპს „რ--------------ისათვის“ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობას, აღიშნული წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას.
2018 წლის 18 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ლალი სუხიტაშვილმა განმარტა, რომ შპს ,,რ--------------აში’’ მუშაობდა ბუღალტრად 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მარტის თვემდე. სამსახურის შეცვლის გამო გადაბარებას ახორციელებდა და პერიოდულად მიდიოდა დასახმარებლად მის სამუშაო პერიოდში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით. ანაზღაურება არ ჰქონია, თუმცა ფინანსური დირექტორის დავალებითა და ნებართვით მუშაობდა და შედიოდა აღნიშნულ პორტალზე. 2016 წლის ივნისის თვის ბოლო იყო, როდესაც გახსნა სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზა ,,RS.ge’’, მისივე განმარტებით, ახალ შეტყობინებას თუ არ გახსნიდი პორტალზე ისე ვერ გადახვიდოდი, ამიტომ გახსნა შეტყობინება, თუმცა შინაარს არ გაცნობია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მესამე ნაწილის თანახმად კი საგადასახადო ორგანო თავად ირჩევს დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
სასამართლო განმარტავს, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.
ზემოაღნიშნული დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება, სწორედ, გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ, მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.
ასევე, უნდა აღინიშნოს „ელექტორნული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის.
ამასთან, სასამართლო დამატებით ამახვილებს ყურადღებას „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაზე, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, მაშინ როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „რ--------------ას“ პორტალზე შესვლით განხორციელდა საგადასახადო ორგანოს მიერ შპს „რემი და კომპანისათვის“ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტის გახსნა, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდა სამსახურის ვებგვერდიდან. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ შპს „რ--------------ას“ საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივნისის N0------ საგადასახადო მოთხოვნა და 2017 წლის 21 ივნისის ბრძანება N1---- ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 23 ივნისს.
სასამართლო მიიჩნევს - მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ლალი სუხიტაშვილი არაუფლებამოსილი პირი იყო - არის დაუსაბუთებელი, ამ შემთხვევაში მნიშნელოვანია არა მისი შპს „რ--------------სთან“ შრომითი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტი, არამედ საზოგადოების ფინანსური დირექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება შესულიყო შპს „რ--------------ს“ ინტერნეტ-პორტალზე. აღნიშნულ პორტალზე შესვლისას და დოკუმენტის გაცნობისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ განახორციელებს ამ ქმედებას, უნდა ჩაითვალოს, რომ ადგილი ჰქონდა ადრესატის მიერ აქტის გაცნობას, რადგან ინტერნეტ-პორტალზე წვდომა, ივარაუდება, რომ გააჩნია მხოლოდ შესაბამის ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, ამიტომ სწორედ იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონშესაბამისია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 0-------------------- ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეს 2017 წლის 21 ივნისის აუდიტის დეპარტამენტის №0------ საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2017 წლის 23 ივნისს, ხოლო საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2017 წლის 15 ნოემბერს, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი საჩივრის წარდგენის 30-დღიანი ვადის დარღვევით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გასაჩივრების ვადის დარღვევა, რაც გამოწვეული იქნებოდა გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით. ასეთი მიზეზის არსებობა არათუ არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არამედ მოსარჩელეც არ მიუთითებს მსგავს გარემოებასა და საპატიო მიზეზზე, რა შემთხვევაშიც დადგინდებოდა გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან პირს შესაბამისი წესის დაცვით ჩაბარდა საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის შედეგად მან შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა. ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 0-------------------- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 2---------ს გადაწყვეტილება.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „რ--------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „რ--------------ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ნათია ტოგონიძე