გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210017002028118
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/19927-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - მ------ გ---------–---–ი

წარმომადგენელი - გ-----------

 

მოპასუხეები - მ--- ე-–--------–---–ი, ნ-----–-- გ------------ი

მოპასუხე მ--- ე-–--------–---–ის წარმომადგენელი - ა-------- ჭ--–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ--- ე-–--------–---–ს მოსარჩელე მ------ გ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 8 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მ--- ე-–--------–---–სა და ნ-----–-- გ------------ს შორის შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მეუღლესთან და მის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს სარჩელში მითითებულ მისამართზე. სხვადასხვა მიზეზთა გამო, მოსარჩელის ოჯახმა დაკარგა ერთადერთი საცხოვრებელი ბინა. ბინის გაყიდვის შემდგომ დარჩათ 5000 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით აღნიშნულ 5000 აშშ დოლარს დაამატეს 3000 აშშ დოლარი და მარტივი წერილობითი ხელწერილის საფუძველზე “იგირავეს” უძრავი ქონება ცხოვრების უფლებით მოპასუხე მ--- ე-–--------–---–ისგან. აღნიშნულზე შედგა ხელწერილი, რასაც ხელი მოაწერეს დაინტერესებულმა პირებმა, მათ შორის მეორე მოპასუხე ნ-----–-- გ------------მა, რომელიც არის მ--- ე-–--------–---–ის და. საცხოვრებელი ბინით სარგებლობის შესახებ გარიგება დაიდო ორი წლის ვადით, 2015 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. გარიგების მოქმედების პერიოდში მოპასუხე მ--- ე-–--------–---–მა, მოსარჩელისთვის გაუგებარ და აბსურდულ მიზეზთა გამო დაიწყო მოსარჩელის ოჯახთან კონფლიქტი.

 

მოსარჩელის განმარტებით, მარტივი ხელწერილით გარიგების დადება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საცხოვრებელი სახლი მოპასუხეს არ ჰქონდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. მოგვიანებით 2016 წლის 18 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა გახდა სწორედ მოპასუხეებზე სამკვიდრო ქონების საჯარო რეესტრში აღრიცხვის საფუძველი, ანუ ქონება საჯარო რეესტრში გაფორმდა გარიგების დადებიდან ერთი წლის შემდგომ. სამკვიდრო მოწმობით კი მოპასუხეებმა, როგორც დებმა, მიიღეს კუთვნილი სამკვიდრო.

 

მოსარჩელე მხარემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის აზრით, მისთვის გადაცემული თანხა არ არის „გირავნობის“ თანხა და არის ქირის თანხა. მ--- ე-–--------–---–მა საცხოვრებელი ბინის მისი კუთვნილი წილი გადაუფორმა თავის დას - ნ-----–-- გ------------ს, იმის საპასუხოდ, რომ მოსარჩელის ოჯახი არაერთგზის სთხოვდა მას იპოთეკის ხელშეკრულების დადებას, ისე როგორც ამაზე თავიდანვე შეთანხმდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ამჯამად აღარ უბრუნდებს 2015 წლის 17 აგვისტოს გადაცემულ თანხას, მოსარჩელემ მომარტა სასამართლოს და ითხოვს მ--- ე-–--------–---–ის მიმართ თანხის დაკისრებას, ხოლო აღსრულების მიზნით მოპასუხეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა მ--- ე-–--------–---–მა და ნ-----–-- გ------------მა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს. ნ-----–-- გ------------მა შესაგებელში მიუთითა, რომ მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა კანონიერად, ხოლო მ--- ე-–--------–---–მა შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელს ნაწილობრივ სცნობდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მხარეთა შორის არა ე.წ. „გირავნობის“, არამედ ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო და მათთვის გადაცემული თანხა იყო წინასწარ გადახდილი ქირის ღირებულება, შესაბამისად, მათ არ უნდა დაებრუნებინათ მოსარჩელისთვის არანაირი თანხა (იხ. შესაგებლები და სასამართლო სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე მ------ გ---------–---–მა მ--- ე-–--------–---–ს 2015 წლის 17 აგვისტოს გადასცა 8000 აშშ დოლარი.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2015 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებაში მითითებულია შემდეგი, კერძოდ, მ------ გ---------–---–ი და მ--- ე-–--------–---–ი „ვდებთ აღნიშნულ ხელშეკრულებას მასზედ, რომ 2015 წლის 17 აგვისტოს გადავეცი თანხა 8000 აშშ დოლარი, ვინაიდან მ--- ე-–--------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში მისამართზე ქ------–---- მ----–---–ის N---–- 02 (ორი) წლის ვადით მექნება ბინადრობის უფლება ოჯახთან ერთად, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერებით.“ აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ მ------ გ---------–---–ი, მ------ ო------–---–-, ნ-----–-- გ------------ი, კ--- ო------–---–ი, მ--- ე-–--------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 17 აგვისტოს ხელწერილის ასლი (ს.ფ. ტომი 1, ს.ფ. 18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2017 წლის 25 იანვრის რეაგირების ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 იანვარს, შინაურული ხელწერილის სანაცვლოდ მ------ გ---------–---–ისთვის გადაცემული თანხის თაობაზე, მხარეებს მ--- ე-–--------–---–სა და მ------ გ---------–---–ს მოუვიდათ უთანხმოება, რის გამოც მისამართზე - ქ------–---- მ----–---–ის ქ-------- გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

 

რეაგირების ოქმში დაფიქსირებულია, რომ „გამოძახების საფუძველზე გამოვცხადდით ზ/აღნიშნულ მისამართზე, სადაც დაგხვდა გამოძახების ინიციატორი მ--- ე-–--------–---–ი რომელმაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე სადაც შინაურული ხელწერილის საფუძველზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ მის დაბრუნებამდე საცხოვრებელი ფართი დაუთმო მ------ გ---------–---–ს რომელთანაც ამ დროისთვის გაურკვევლობა აქვს თანხასთან დაკავშირებით“. საპატრულო პოლიციის მიერ მხარეებს განემარტათ, რომ სადავო საკითხზე შეეძლოთ ედავათ სასამართლოში.

 

აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს მხარეები. ამავე ოქმში მითითებულია, რომ შენიშვნები „არ შემოსულა“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 26 იანვრის რეაგირების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 251-252)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. 2016 წლის 09 ნოემბერს, მ--- ე-–--------–---–სა და ნ-----–-- გ------------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, მდებარე მისამართზე ქ.თბილისი, ლ-------------------- ქ--------/18, ფართი 387.00 კვ.მ. რომლის საფუძველზეც, მ--- ე-–--------–---–მა დას - ნ-----–-- გ------------ს აჩუქა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეა ნ-----–-- გ------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 09 ნოემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 79-80)ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 21-31)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.4. 2016 წლის 18 ივლისის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ-----–-- გ------------მა და მ--- ე-–--------–---–მა, მამკვიდრებელ რ--------- ე-–--------–---–ის და მისი მამის, 1943 წელს გარდაცვლილი ი------------–----- მემკვიდრეობა, რომლის ღირებულება მთლიანობაში შეადგენდა 70 000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.07.2016 წლის სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 81-84)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.5. გაზეთ „სი----------------“, 2015 წლის 24 ივლისის ნომერში, მოპასუხე მ--- ე-–--------–---–მა განათავსა შემდეგი შინაარსის განცხადება: „გირავდება“, „-----–------- – „კერძო ოროთახიანი ბინა თავისი სამზარეულოთი, ბ/ა, ს/წერტილებით, წინ დიდი „პლოშადით“, მანქანის სადგომით, სესხის სახით ნოტარიუსის დამტკიცებით, ცხოვრების უფლებით, ნაძალადევის რაიონი, მ----–---–ის ქ------ ფასი 8000$. ტელ. 5--------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონარიდი გაზეთ ,,სი----------------“ 2015 წლის 24 ივლისის #-- ნომრიდან (ტომი 1, ს.ფ. 85-86)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 16 ნომებრის N0------- წერილის თანახმად, „სარეიტინგო ქულის სიდიდეზეა დამოკიდებული მოიპოვებს თუ არა ოჯახი ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) მიღების უფლებას. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით... შესაბამისად, ოჯახს (ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე) მოეთხოვება მხოლოდ მუდმივი საცხოვრებელი ფართის არსებობა, მიუხედავად ამ ფართის საკუთრებისა თუ ფლობის ფორმისა. მონაცემთა ბაზის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები ... აგრეთვე არ კრძალავენ მუდმივი საცხოვრებელი ფართის ქირავნობის, გირავნობის, თხოვების და ა.შ. შემთხვევაში მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უფლებას.“

 

ამავე წერილის თანახმად, მ--- ე-–--------–---–ი რეგისტრირებული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუმცა მას ფულადი სოციალური დახმარება-საარსებო შემწეობა არ ერიცხებოდა, ხოლო მ------ გ---------–---–ი 2016 წლის 24 დეკემბრიდან რეგისტრირებული იქნა აღნიშნულ ბაზაში და მის ოჯახს ჩარიცხული აქვს ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა 2013 წლიდან 2017 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 16 ნომებრის N0------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 132-133)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.7. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომებზე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის არის კონფლიქტური სიტუაცია. აღნიშნულს ასევე ადასტურებს 2017 წლის 25 იანვრის რეაგირების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 19-20), 2017 წლის 05 სექტემბრის წერილი პოლიციიდან (ტომი 1, ს.ფ. 112), მ------ გ---------–---–ის 2017 წლის 24 აგვისტოს განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 226), 2017 წლის 25 აგვისტოს გასაუბრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 231-233), 2017 წლის 26 აგვისტოს გასაუბრების ოქმი (ტომი 1, 235-236), 2017 წლის 25 აგვისტოს გასაუბრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 238-240) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი მასალები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა მ------ გ---------–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-4, 105-4, 180-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ხოლო, ამევე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობათა წარმოშობა მხარეებს შორის მათ ნებაზეა დამოკიდებული და მის შინაარსი განსაზღვრავს გარიგების მიზანს, ანუ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც ნების გამომვლენ მხარეებს სურთ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სასამარტლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულების დადების ნება და მათი მოქმედებები, რომელიც მხოლოდ ფულადი თანხის გადახდის, ცხოვრების სარგებლობის უფლების მინიჭების, კონკრეტული ვადის დათქმით მიუთითებს, სწორედ სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების არსებობას.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 17 აგვისტოს, დადებული ხელწერილის საფუძველზე, მხარეებმა ერთმანეთთან შევიდნენ სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, მ--- ე-–--------–---–მა მ------ გ---------–---–ს 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 2 წლით დაუთმო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, ცხოვრების უფლებით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ კი მ--- ე-–--------–---–ი სრულად დაუბრუნებდა გადაცემულ თანხას - 8000 აშს დოლარს მ------ გ---------–---–ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არ დადებულა ქირავნობის ხელშეკრულება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის საფუძველზეც, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

საქმეში წარმოდგენილი ორივე მოპასუხის შესაგებლით არცერთ გარემოებასთან მიმართებაში მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ შედავება და შესაბამისად, არც მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. ამდენად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო შეაფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს მხარეთა შორის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების და არა ქირავნობის ხელშეკრულების არსებობას, კერძოდ:

 

საქმეში არსებული 2016 წლის 16 ნოემბრის მ--- ე-–--------–---–ის განცხადებაში მითითებულია შემდეგი: მე, მ--- ე-–--------–---–მა 2015 წლის 17 აგვისტოს ბინა მივაგირავე მ------ გ---------–---–ს (პ/ნ N0----------) 8000$. მან ჩემს უკითხავად შეავსო განცხადება სოციალური მომსახურების სამსახურში და დააფიქსირა ქირა გარკვეული თანხით.“

 

2016 წლის 17 ნოემბრის მ--- ე-–--------–---–ის განცხადებაში ვკითხულობთ შემდეგს: „ჩემს კუთვნილ ბინაში ლ--------–---- მ----–---–ის N-- მყავს გირაოთი მდგმური. 2015.17.08 გავაფორმეთ გირავნობის ხელშეკრულება. მან ჩემს უკითხავად გააკეთა სოც. დახმარება და მიუთითა, რომ მიხდიდა ქირას, რის გამოც მე აღარ მენიშნება სოც. დახმარება მიზეზი მითხრეს ის რომ ვიღებ თურმე ქირას და დამსვეს კონტროლზე. კატეგორიულად მოვითხოვ რომ გაუქმდეს სოც. დახმარება მ------ გ---------–---–ს პ/ნ N0----------. დავიწყოთ იმით რომ მას არაფერი ჭირს სოც. დასახმარებელი. მან ბინა იგირავა 8000$ და დაუმალა სოც. აგენტს რომ იგი მუშაობდა ლ-------------–- უფროს მოლარედ...“ (ტომი 1, ს.ფ. 178-179).

 

2017 წლის 16 იანვრის განცხადების თანახმად, მოქ. მ--- ე-–--------–---–მა მიმართა ქ.თბილისის გ-–-----------–------- სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს განცხადებით, სადაც მიუთითა შემდეგი: „ჩემს კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა მ------ გ-------–-----–- პ/ნ N0----------, საიდენტიფიკაციო კოდი N0-----------. მან იგირავა ბინა 2015 წ.აგვისტოში 8000$. მან მოტყუებით გააკეთა სოციალური სტატუსი.“

 

აღნიშნული განცხადებებით დასტურდება, რომ მოპასუხე მ--- ე-–--------–---–ი თავად უთითებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მ------ გ---------–---–თან ჰქონდა ე.წ. „გირავნობი“-ს და არა ქირავნობის ხელშეკრულება დადებული.

 

2017 წლის 21 ივნისის მ--- ე-–--------–---–ის განცხადების თანხმად, მან მიუთითა, რომ „2015 წლის 17 აგვისტოს დავდეთ ხელშეკრულება რომ მას (მ------ გ---------–---–ს) ჩემს ბინაში ეცხოვრა 2 წელი.“ (ტომი 1, ს.ფ. 156-157).

 

თუკი აღნიშნულ წერილს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შევაჯერებთ, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მოპასუხე მ--- ე-–--------–---–მა ნამდვილად მიანიჭა მ------ გ---------–---–ს სადავო ფართში ცხოვრების უფლება, რაც არა ქირავნობის ხელშეკრულების, არამედ, როგორც მოსარჩელე უთითებს ე.წ. „გირავნობის“ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაანახვილებს თავად მ--- ე-–--------–---–ის მიერ 2017 წლის 31 იანვარს შევსებულ განაცხადზე (ტომი 1, ს.ფ. 164-165), სადაც მითითებულია შემდეგი: „მოგახსენებთ 2015 წლის აგვისტოში მე და ჩემი დის ბინაში გადმოვიდა გირაოს სახით მ------ გ---------–---–ი პ/ნ N0---------- (გირაო, რომელიც შეადგენს 8000$). მან ჩუმად და თაღლითური გზით შეიტანა განცხადება სოც. სტატუსზე რის შედეგადაც მან მოატყუა როგორც მე, ასევე სოც. მუშაკი, რომ იგი იმყოფებოდა ქირით და არა გირაოთი. მან ისიც კი მიუთითა, რომ ოჯახიდან გარდა დედამთილისა მეტი არავინ მუშაობდა და ძლივს ირჩენდნენ თავს... 2016 წლის სექტემბერში მე შევიტანე განცხადება სოციალურ სტატუსზე და რადგანაც მე ვითომდა ქირა მქონდა, თვეების მანძილზე დამსვეს კონტროლზე და შემდეგ მომენიჭა 77 000 ქულა.“

 

აღნიშნული განცხადება ცალსახად ადასტურებს, რომ მ--- ე-–--------–---–ს მითითებულ განცხადების დაწერის დროს, ისევე როგორც წინამორბედ განცხადებებში, არ აღრევია ტერმინები „ქირა“ და „გირავნობა“, შესაბამისად, მან თავად დაადასტურა, რომ მ------ გ---------–---–თან არ ჰქონია არანაირი სახის ქირავნობის ხელშეკრულება და მისგან წარმოშობილი სამართალურთიერთობები.

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 14 სექტემბრის განცხადებაში მ--- ე-–--------–---–მა მიმართა რა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუთითა შემდეგზე: „2015 წლის აგვისტოს თვეში ჩემს საც. ბინაში გადმოვიდა მ------ გ---------–---–ის ოჯახი N0---------- ორი წლის ვადით მან მე გადმომცა 8000 დოლარი ქირის წინასწარი გადახდით რითაც ვადასტურებთ ხელშეკრულებით და ხელმოწერებით“ (ტომი 1, ს.ფ. 147-148).

 

ამდენად, მოცემულ განცხადებაში უკვე გაჩნდა ტერმინი „ქირა“. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2017 წლის 27 ივლისს, ხოლო შესაგებლები კი 2017 წლის 17 აგვისტოს, ამდენად, 2017 წლის 14 სექტემბრის განცხადებაში ცალსახაა, რომ მხარის სურვილს წარმოადგენდა დაფიქსირებულიყო არა „გირავნობა“, არამედ „ქირა“. ამდენად, მითითებული მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ „შეიქმნა“ სწორედ ისე, როგორც მისთვის ყოფილიყო მისაღები, შესაბამისად, სასამართლო ვერ ჩათვლით აღნიშნულს სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სწორედ სარჩელის შემოტანამდე არსებულ მტკიცებულებებზე, სადაც თავად მოპასუხე უთითებს, რომ მოსარჩელეს მისგან „დაგირავებული“ ჰქონდა უძრავი ქონება და არა „დაქირავებული“, რაც უკვე სარჩელის წარდგენის შემდეგ განაცხადა მოპასუხე მხარემ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ 8000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ერთჯერადად გადახდილ ქირის თანხას, რომლის სანაცვლოდ მან მოსარჩელე მ------ გ---------–---–ს ორი წლის ვადით, მფლობელობასა და სარგებლობაში, დაუთმო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ-------–---, ნაძალადევის რაიონი, მ----–---–ის ქ------ ვინაიდან, 8000 აშშ დოლარი წარმოადგენს ქირის თანხას, რომლის სანაცვლოდ მ------ გ---------–---–მა ორი წლის მანძილზე იცხოვრა მოპასუხის კუთვნილ ბინაში, აღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება მოპასუხეს არ ეკისრება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 17 აგვისტოს მ------ გ---------–---–მა 8000 აშშ დოლარი გადასცა მ--- ე-–--------–---–ს 2 წლის ვადით ექნებოდა „ბინადრობის უფლება“, რასაც ხელი მოაწერეს მ------ გ---------–---–მა, მ--- ე-–--------–---–მა, ნ-----–-- გ------------მა, მ------ ო------–---–-- და კ--- ო------–---–--. ხელშეკრულების შინაარსი შეათანხმა ორივე მხარემ. მ------ გ---------–---–ის განმარტებით, გულისხმობდა ბინის დაგირავებას. მას მ--- ე-–--------–---–ი დაპირდა, რომ როგორც კი აღნიშნულ ბინას გადაიფორმებდა თავის სახელზე, მაშინვე ამ ხელშეკრულებას მისცემდა ოფიციალურ სახეს, კერძოდ, ბინის „დაგირავებას“ მისცემდა ოფიციალურ სახეს. გასაუბრების ოქმში ასევე მითითებულია, რომ მ------ გ---------–---–მა მ--- ე-–--------–---–ს მისცა 7800 აშშ დოლარი, ვინაიდან, მ--- ე-–--------–---–მა უთხრა, რომ ამ 200 აშშ დოლარით მოეწესრიგებინათ პირველ სართულზე სველი წერტილები.

 

სასამართლოსთვის საგულისხმოა ის გარემოება, რომ გასაუბრების ოქმების შინაარსი ბინის დაგირავებასთან დაკავშირებით, თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ გაზეთიდან ,,სიტყვა და საქმე“ ამონარიდიდან, სადაც ვკითხულობთ მ--- ე-–--------–---–ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას სადავო ბინის დაგირავებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გაზეთ „სი----------------“, 2015 წლის 24 ივლისის ნომერში, მოპასუხე მ--- ე-–--------–---–მა განათავსა შემდეგი შინაარსის განცხადება: „გირავდება“ „-----–------- – „კერძო ოროთახიანი ბინა თავისი სამზარეულოთი, ბ/ა, ს/წერტილებით, წინ დიდი პლოშადით, მანქანის სადგომით სესხის სახით ნოტარიუსის დამტკიცებით, ცხოვრების უფლებით, ნაძალადევის რაიონი, მ----–---–ის ქ------“

 

ზემოთდასახელებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ სადავო ურთიერთობას ჰქონდა სესხის ხელშეკრულების ფორმა, რომლის ფარგლებშიც, მსესხებელმა მ--- ე-–--------–---–მა მიღებული სესხის თანხის სანაცვლოდ, ბინაში ცხოვრების უფლება დაუთმო გამსესხებელს ანუ მოსარჩელეს მ------ გ---------–---–სა და მის ოჯახს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სესხი იყო საპროცენტო სარგებლის გარეშე იმ კუთხით, რომ 8000 აშშ დოლარის გარდა მ--- ე-–--------–---–ს უფრო მეტი თანხა არ უნად ადებრუნებინა მ------ გ---------–---–ის, თუმცა ამ უკანასკნელისთვის სესხიდან მიღებულ ერთგვარ სარგებელს წარმოადგენდა ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრების უფლება 2 წლის ვადით, იმ ვითარებაში, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინა.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებობდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება იმ თვალსაზრისით, რომ მოსარჩელე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში იცხოვრებდა იმ დრომდე, სანამ არ მოხდებოდა მ--- ე-–--------–---–ის მიერ თანხის დაბრუნება. ამჟამად, გასულია ის 2 წლიანი ვადა, რა ვადითაც იყო გადაცემული 8000 აშშ დოლარი და რა ვადის განმავლობაშიც ჰქონდა მ------ გ---------–---–ს ცხოვრების უფლება სადავო სახლში. იმის გათვალისიწნებით, რომ მოსარჩელე აღარ ცხოვრობს და არ სარგებლობს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, შესაბამისად, მოპასუხე მ--- ე-–--------–---–ს მოსარჩელე მ------ გ---------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8000 აშშ დოლარის დაბრუნება.

 

7.2. წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მ------ გ---------–---–ის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მ--- ე-–--------–---–სა და ნ-----–-- გ------------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული ქონება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთი მატერიალური საშუალებაა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, მისი ინტერესი მდგომარეობს, მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაში და არა დარღვეული უფლების აღდგენაში სწორედ აღიარებითი სარჩელის წარდგენის საშუალებით. შესაბამსიად, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. იურიდიული ინტერესების მიღწევადობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, თუ სამართლებრივად რამდენად დაცულია შედეგები, რომელთა დადგომაც სურს მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი იურიდიული ინტერესია მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რაშიც მოიაზრებს, მოპასუხისთვის დაკისრებული სესხის თანხის 8000 აშშ დოლარის დაბრუნებას, ამისთვის კი აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რათა უძრავი ქონება ისევ მსესხებლის სახელზე აღირიცხოს, რაც აღსრულების ერთადერთ მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს. აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას მხოლოდ დარღვეული უფლების ან შელახული ინტერესის არსებობის ფაქტი არ წარმოადგენს. შესაძლებელია, რომ უფლება არც იყოს დარღვეული და არც ინტერესი იყოს შელახული, თუმცა, აუცილებელია, რომ უფლება სადავო იყოს. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის აღძვრის ერთ-ერთ წინაპირობას უფლებისა, თუ სამართლებრივი ინტერესის სადავოობა წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტის აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უდავო წარმოების წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ნორმები მოქმედებს. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი უნდა აღძრას საამისოდ უფლებამოსილმა სუბიექტმა და სარჩელზე მოპასუხედ დასახელებული უნდა იყოს ის, ვისთანაც მოსარჩელეს უფლება, თუ სამართლებრივი ინტერესი სადავო აქვს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ინტერესი არ წარმოადგენს მხარის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს, რადგან ის მოსარჩელის სამომავლო უფლების აღსრულების გარანტიას ქმნის, რაც სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ მოცემულობას არ წარმოადგენს ანუ მოპასუხეთა შორის არსებული ხელშეკრულების გაუქმებით აღდგება არა მხარის უფლება, არამედ მოსარჩელეს გაუადვილდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სწორედ ისე, როგორც ეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს ხდება.

 

შესაბამისად, მოსარჩელე მ------ გ---------–---–ის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მ------ გ---------–---–ი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან (ტომი 1, ს.ფ. 35), მოპასუხე მ--- ე-–--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დავის საგნის (სარჩელის ფასი 8000 აშშ დოლარი) 3%-ს ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც შეადგენს 576 ლარს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

მ--- ე-–--------–---–ის მიერ 2018 წლის 01 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, კერძო საჩივრის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 17 ოქტომბრის საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებისა და შემოსავლის ორდერის თანახმად, მოსარჩელეს საადვოკატო მომსახურებაში გადახდილი აქვს 700 ლარი, რომლის ნაწილის 500 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, მ------ გ---------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დაკმაყოფილდა თანხის დაკისრების ნაწილში მ--- ე-–--------–---–ის მიმართ, ხოლო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც ნ-----–-- გ------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ წილის, მდებარე - ქ-------–---, ვ.თ------–---–ის ქ--------, ს/კ N0--------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ------ გ---------–---–ის სარჩელი მ--- ე-–--------–---–ისა და ნ-----–-- გ------------ის მიმართ თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე მ--- ე-–--------–---–ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე მ------ გ---------–---–ის (პ/ნ N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მ------ გ---------–---–ის მოთხოვნა 2016 წლის 09 ნოემბერს მ--- ე-–--------–---–სა და ნ-----–-- გ------------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

2. მოპასუხე მ--- ე-–--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 576 ლარისა (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) და 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების) ნაწილში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

3. მოპასუხე მ--- ე-–--------–---–ის მიერ 2018 წლის 01 მარტს კერძო საჩივრის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე მ--- ე-–--------–---–ს მოსარჩელის მ------ გ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მეირ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილის 500 ლარის ანაზღაურება.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც ნ-----–-- გ------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ წილის, მდებარე - ქ-------–---, ვ. თ------–---–ის ქ--------, ს/კ N0--------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე