განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
330100118002406252
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორის – თ----- ი-------ის

ბრალდებულის – ა------- კ---–-----ის

ადვოკატის – ლ---- მ-------–---–ის

თარჯიმნის – ი---- ე------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ა------- ე----------ს ძე კ---–-----ის, დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–--------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------- კ---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ა------- კ---–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 მარტს, დილის საათებში, ქ------–--–--------------------------ში ა------- კ---–-----მა თავის მეუღლეს - ნ----- კ---–-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მან სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ----- კ---–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ა------- კ---–-----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა------- კ---–-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ა------- კ---–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 14 მარტს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს, მეუღლე დახვდა გაბრაზებული, რომელთანაც ყოფით ნიადაგზე, კერძოდ, იმის გამო, რომ სახლში საჭმელი არ დახვდა გაკეთებული, მოუვიდა სიტყვიერი შეკამათება, რა დროსაც მან ნ----- კ---–-----ს ხელი დაარტყა სახის არეში. ბრალდებულის თქმით, იგი გულწრფელად განიცდის მომხდარს და ითხოვს პატიებას.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ----- კ---–-----მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე იმ მოტივით, რომ მეუღლის გარეშე უჭირს შვილების რჩენა.

სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 15 მარტს, მოქალაქე ნ----- კ---–-----ის პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ აღინიშნებოდა დაზიანება მარცხენა მტევნის მიდამოში ნაკაწრის სახით. ნაკაწრი განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ხსენებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი მოარტყა სახის მიდამოში. დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ 2018 წლის 14 მარტს, საღამოს როდესაც დაბრუნდა სახლში პოლიციის განყოფილებიდან, /დაკითხვიდან/ დაეჯახა კარებს, რომელზეც არის ლურსმანი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ბ----- ტ----–----მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 მარტს, შვილმა - ნ----- კ---–-----მა დაურეკა და უთხრა, რომ მეუღლემ სცემა და მასთან მისულიყო. როგორც მისთვის ნ----- კ---–-----ისაგან არის ცნობილი, მეუღლეებს შორის ჩხუბი მომხდარა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, თუმცა აღნიშნული ჩხუბისა და დარტყმის ფაქტს უშუალოდ მოწმე არ შესწრებია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ-------- კ---–-----მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 მარტს, სახლიდან აპირებდა გასვლას, რა დროსაც გაიგო მეზობლად მცხოვრებ სიძესა - ა------- კ---–-----სა და მის დას - ნ----- კ---–-----ს შორის ჩხუბის ხმა. ადგილზე მისვლისას, ნახა, რომ ჭურჭელი იყო დამტვრეული, რაზეც დამ უთხრა, რომ მან და მისმა ქმარმა იჩხუბეს, რა დროსაც ქმარმა სცემა. შემდეგ მისმა დამ დარეკა საპატრულო პოლიციაში.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექიმი-რადიოლოგი - მოწმე მ----- ძ------, რომელმაც განმარტა, რომ ჩაატარა ნ----- კ---–-----ის ექოსკოპიური კვლევა, რა დროსაც დადგენილ იქნა, რომ ნ----- კ---–-----ი არ იყო ორსულად.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის---------------------------–--------------------–--ის გამომძიებელი - მოწმე ვ------- ი-----–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 14 მარტს დაიწყო გამოძიება ა------- კ---–-----ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლოს დასკვნა ა------- კ---–-----ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა განხილული მტკიცებულებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ალკოტესტით შემოწმების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის. მართალია, ა------- კ---–-----ი და ნ----- კ---–-----ი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი ითვლებიან ოჯახის წევრებად, რამდენადაც იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ა------- კ---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ ა------- კ---–-----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ----- კ---–-----ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, კერძოდ, უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ძალადობის ფაქტი, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება იმ მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებსაც თავად ნ----- კ---–-----მა უთხრა, რომ სცემა ა------ კ---–-----მა. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდება საფუძვლიანია და ა------- კ---–-----მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა აგოს პასუხი.

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით ა------- კ---–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით, რომლის მოხდაც თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 16 მარტის წერილის თანახმად, ა------- კ---–-----მა დაასრულა 2017 წლის 1 აგვისტოს. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2016 წლის 11 ნოემბრიდან - 2016 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, ამდენად, ნ----- კ---–-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს ა------- კ---–-----ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

 

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათსა და მის ინტენსივობას. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ძალადობას არ ჰქონდა დაუნდობელი ხასიათი, ადგილი ჰქონდა მხოლოდ ერთხელ ხელის დარტყმას, ასევე, ძალადობრივ ქმედებებს არ ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთის მხრივ ბრალდებულიც ნანობს და გულწრფელად განიცდის ჩადენილს, ხოლო მეორეს მხრივ, დაზარალებულსაც არა აქვს პრეტენზია ბრალდებულის მიმართ და ურიგდება მას.

 

რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენას, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით (როგორც ეს ბრალდების დადგენილებაშია მითითებული), სასამართლოს დადასტურებულად არ მიაჩნია, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა კონფლიქტის მიზეზად მიუთითა ყოფითი პირობები. ამ ფონზე სასამართლოში არ არის წარმოდგენილი სხვა დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ძალადობა განხორციელდა ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, რის გამოც არ არსებობს საკმარისი საფუძველი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამძიმებისათვის.

 

რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, მისი დანიშვნა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან ბრალდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში, რომელიც არ აღმოჩნდა შემაკავებელი ახალი განზრახი, ძალადობრივი დანაშაულის ჩასადენად, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება კვლავაც იქნება არაეფექტური მისი ნორმალური ქცევის უზრუნველსაყოფად.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა და გულწრფელი მონანიების, ოჯახური მდგომარეობის, რომელიც უკიდურესად მძიმეა და დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით, გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისა და არა სრული შეკრების წესი. საბოლოოდ დანიშნული სასჯელი კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------- კ---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ა------- კ---–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა------- კ---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ა------- კ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 მარტიდან.

 

4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი