გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.11.2018
საქმის ნომერი
330210017002187172
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32682-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაკა ჭედია

სხდომის მდივანი - კახა კომლაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ჯ-----------’’

წარმომადგენლები - ი-----–----------, თა-------------–-

 

მოპასუხე - სსიპ „თ---–----------–-–-------------–---------------------“

წარმომადგენელი - სო------------–-–---–-

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სსიპ „თ---–----------–-–-------------–---------------------სათვის“ მოსარჩელე შპს „ჯ-----------ს“ სასარგებლოდ 3099.58 ლარის გადახდის დაკისრება.

2017 წლის 17 იანვარს სსიპ „თ---–----------–-–-------------–----------------------“ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სხადასხვა დასახელების ფლაერებისა და მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურების შესყიდვის მიზნით. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯა შპს „ჯ------------“, შესაბამისად, მხარეებს შორის 2017 წლის 6 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---- -3481 ლარზე, საქონლის მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 13 თებერვალი.

 

შპს „ჯ-----------“ 2017 წლის 13 თებერვალს, სრულად მიაწოდა საქონელი სსიპ „თ---–----------–-–-------------–---------------------“, რომელმაც სადავოდ გახადა საქონლის ხარისხი, კერძოდ, ჩათვალა, რომ პროდუქტის ფერი და ფორმა არ შეესაბამებოდა მოთხოვნილს და შპს „ჯ-----------“ მიეცა ვადა 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, ვალდებულების შესასრულებლად.

 

შპს „ჯ-----------ა“ და სსიპ „თ---–----------–-–-------------–---------------------“ შორის 2017 წლის 6 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული იყო მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური პარამეტრები, რომელიც ბეჭდვისას სრულად იქნა დაცული შპს „ჯ-----------ს“ მიერ.

 

2017 წლის 17 იანვარს სსიპ „თ---–----------–-–-------------–----------------------“ მიერ გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის 2.2.3. პუნქტის თანახმად, სრული ტირაჟით დაბეჭდვამდე საბოლოო დიზაინი და ნიმუშები მიმწოდებელმა უნდა შეათანხმოს შემსყიდველთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შეთანხმების გარეშე, შემსყიდველს უფლება აქვს არ მიიღოს დამზადებული პროდუქცია“.

 

2017 წლის 7 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი საქონლის ნაწილის მიღების შესახებ, კერძოდ, მიღებულ იქნა 781 ლარის საქონელი, დანარჩენი საქონლის მიღებაზე უ-------------მა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ პროდუქტის ფერი და ფორმა არ შეესაბამებოდა მოთხოვნილს.

 

სსიპ „თ---–----------–-–-------------–----------------------“ დაარიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3%-ის ოდენობით 2017 წლის 7 მარტამდე. მოპასუხემ გაწეული მომსახურების ღირებულებიდან ჩარიცხა მხოლოდ 381.42 ლარი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. შპს „ჯ------------“ 2017 წლის 13 თებერვალს მიაწოდა საქონელი, თუმცა მიწოდებული ფლაერები იყო მკრთალი ფერის, ნაკლები ხარისხის ქაღალდისა და სხვა ფორმით აკინძული, რაც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს. მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციასთან არ შეათანხმა სრული ტირაჟით დაბეჭდვამდე საბოლოო დიზაინი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 06 თებერვალს სსიპ „თ---–----------–-–-------------–---------------------ა“ და შპს „ჯ-----------“ შორის, შემსყიდველის მიერ ჩატარებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია ბეჭვდა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები დანართი N1-ის შესაბამისად, რაც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 3481 ლარს.

 

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 13 თებერვლის ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

ხელშეკრულება N----.

 

3.1.2. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3. პუნქტის მიხედვით, დაბეჭდვამდე საბოლოო დიზაინი და ნიმუშები მიმწოდებელმა უნდა შეათანხმოს შემსყიდველთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ამავე მუხლის 3.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა დანართი N1-ში მოცემული მასალის დიზაინის დასრულებული და შეთანხმებული საბოლოო ელექტრონული ვერსია (შესაბამის პროგრამაში დამზადებული/დაკაბადონებული - Corel-ში, Photoshop-ში, InDesign-ში ან სხვა პროგრამაში) და შემდგომ PDF-ის მაღალ ფორმატში გადაყვანილი სამუშაო/საბეჭდი ვერსია, შემყიდველს უნდა გადასცეს დისკებზე ჩაწერილი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

ხელშეკრულება N----.

 

3.1.3. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დადასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

ხელშეკრულება N----.

 

3.1.4. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1. და 6.2. პუნქტების მიხედვით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება სტანდარტებთან შესაბამისობაში. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

ხელშეკრულება N----.

3.1.5. 2017 წლის 07 მარტს მხარეების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, 781 ლარის ღირებულების საქონლის მიღების თაობაზე, რომლიდანაც არ არის ანაზღაურებული 399. 58 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2017 წლის 07 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.1.6. 2017 წლის 17 თებერვლის წერილით სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------- წერილით აცნობა შპს „ჯ-----------“, რომ მან ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქტის სრულად და ჯეროვნად მიწოდება, კერძოდ, მიწოდებული პროდუქტის ფერი და ფორმა არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ ნიმუშს და მოსთხოვა წუნდებული პროდუქტის ახლით ჩანაცვლება, 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოპასუხის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 17 თებერვლის N--------------- წერილი.

 

3.1.7. სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს 2017 წლის 1 მარტის №--------------- წერილით, შპს ,,ჯ-----------ს’’ დირექტორს ეცნობა, რომ ვინაიდან შპს ,,ჯ------------’’ ვერც 2017 წლის 06 თებერვლის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და ვერც დამატებით დროში, ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სრულად და ჯეროვნად მიწოდება, სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------- შეწყვიტა ხელშეკრულება და შპს ,,ჯ-----------’’ დააკისრა პირგასამტეხლო 348,1 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

წერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ჯ-----------ს“ მიერ სსიპ თ---–----------–-–-------------–------------------------ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაბეჭდილი ფლაერების ფერი და ფორმა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს, რადგან არ იყო შეთანხმებული შემყიდველთან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეებმა ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2. პუნქტით გაითვალისწინეს, რომ შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემყიდველის მოთხოვნებს. ამასთან, ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3. და 3.4. პუნქტების შესაბამისად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენს შეათანხმოს შემსყიდველთან დაბეჭდვამდე საბოლოო დიზაინი და ნიმუშები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე შპს „ჯ------------“ მის მიერ დამზადებული ფლაერების საბოლოო დიზაინი და ნიმუშები შეათანხმა შემსყიდველთან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ-----------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეს მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 629-ე, 641-ე, 442-ე, 50-ე, 51-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ჯ-----------ს“ მიერ დაბეჭდილი ფლაერების დიზაინი და ნიმუში არ იყო შეთანხმებული სსიპ "თ---–----------–-–-------------–-------------------------“. შესაბამისად, გაწეული მომსახურება არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, კერძოდ, შემსყიდველის მოთხოვნას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

მიუხედავად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი შესრულება არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებით ნაკლად, რომელიც გამორიცხავს დაბეჭდილი ფლაერების შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას, მიმღების მიერ მისი მიღების ფონზე.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია, რომ შესყიდვის ობიექტის- ფლაერების ხარისხი არ ყოფილა შეთანხმებული შემყიდველთან და აქედან გამომდინარე არ შეესაბამებოდა მის მოთხოვნებს, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის მიხედვით, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას, რომლის ნამდვილობისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: ერთი მხარის მიერ გამოვლენილი ნების მიღება მეორე მხარის მიერ და მხარეთა ნების თანხვედრა. შესაბამისად, გარიგების ერთი სუბიექტის მიერ გამოვლენილი ნება ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მეორე მხარეს მიუვა და წინასწარ ან მაშინვე არ განაცხადებს უარს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 13 მარტის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ თ---–----------–-–-------------–----------------------, 2017 წლის 07 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული მომსახურების ღირებულებიდან 781 ლარიდან 399.58 ლარი შპს „ჯ-----------“ დაუქვითა პირგასამტეხლოს თანხაში. ამ შემთხვევაში, მისი ნება ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე მიიღო შპს „ჯ------------“, რომელმაც უარი განაცხადა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე, რაც დასტურდება 2017 წლის 27 ნოემბერს სარჩელის აღძვრით, რომლითაც ამ თანხის ანაზღაურებაც მოითხოვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიერ გამოვლენილ ნებას ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შესახებ, არ დაეთანხმა შპს „ჯ-----------“, რის გამოც მოპასუხის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნება 399.58 ლარის ოდენობით ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე, არ არის ნამდვილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს 3099. 58 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ. (2700+399.58).

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ჯ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1.დაეკისროს მოპასუხე სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------- მოსარჩელე შპს „ჯ-----------ს“ სასარგებლოდ 3099.58 ლარის გადახდა.

2. დაეკისროს მოპასუხე სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------- მოსარჩელე შპს „ჯ-----------ს“ სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია