გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210017001873044
N2/838-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - ნ--ო მა----–--ე;
წარმომადგენელი - გურამ გვენცაძე, ლეილა ფხაკაძე;
მოპასუხე -თ---რ ხა------ე;
წარმომადგენელი - დალი სულაქველიძე, სალომე სულაქველიძე;
მოპასუხე - ნოტარიუსი ა----ან ჯა--------ე;
წარმომადგენელი - მელიტონ გოგისვანიძე;
დავის საგანი -ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ-მოძრავი ნივთების დაბრუნება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ა----ან ჯა--------ის მიერ დამოწმებული 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულება უძრავი ქონების ჩუქების შესახებ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N161176146);
1.2. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ა----ან ჯა--------ის მიერ დამოწმებული 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულება უძრავი ქონების ჩუქების შესახებ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N161175967);
1.3. ქ. ქუთაისში ზა------–---–ის ქ. N9-ში მდებარე შენობა-ნაგებობები, ფართი N2-ის 1/3 ნაწილი - 88.11 კვ.მ (ს.კ. 0------------------) და ფართი N1-ის 4/6-დან 2/6 ნაწილი - 123.11 კვ.მ. (ს.კ. 0------------------) ცნობილი იქნას ნ--ო მა----–--ის საკუთრებად.
1.4. მოპასუხე თ---რ ხა------ე გამოსახლებული იქნას უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. ქუთაისი ზა------–---–ის ქ. N9, ფართი N2-ის 1/3 ნაწილი - 88.11 კვ.მ (ს.კ. 0------------------) და ფართი N1-ის 4/6-დან 2/6 ნაწილი - 123.11 კვ.მ. (ს.კ. 0------------------) და აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ნ--ო მა----–--ეს.
1.5. მოპასუხე თ---რ ხა------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას და ნ--ო მა----–--ეს საკუთრებაში გადაეცეს ზაურ მა----–--ის კუთვნილი მოძრავი ნივთები, ღირებული 2500 ლარად და ზაურ მა----–--ის კუთვნილი უცხოური წარმოების აირის პისტოლეტი, ღირებული 1500 ლარად. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქონება არ აღმოჩნდება, მოპასუხეს დაეკისროს მისი ღირებულება 4000 ლარის ოდენობით.
1.6. მოპასუხე თ---რ ხა------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას და ნ--ო მა----–--ეს საკუთრებაში გადაეცეს ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნ--ო მა----–--ის მამა იყო ზაურ მა----–--ე, რომელიც გარდაიცვალა 2016 წლის 25 ოქტომბერს. მან როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მამის დანაშთ უძრავ-მოძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით, ნოტარიუსს მიმართა 2017 წლის 23 მარტს. ნ--ო მა----–--ისათვის ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის 11 ოქტომბერს, კანონდარღვევით დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თ---რ ხა------ეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ზა------–---–ის ქ. N9, ფართი N2-ის 1/3 ნაწილი - 88.11 კვ.მ (ს.კ. 0------------------) და ფართი N1-ის 4/6-დან 2/6 ნაწილი - 123.11 კვ.მ. (ს.კ. 0------------------). ზაურ მა----–--ეს საკუთრებაში ასევე ერიცხებოდა ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ „ც“ კლასის, სახელმწიფო ნომრით 012, რომელიც ავტოსადგომში არ აღმოჩნდა და სავარაუდოდ გადამალული აქვს თ---რ ხა------ეს. მოსამზადებელ სტადიაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა დამატებით მისთვის ზაურ მა----–--ის კუთვნილი მოძრავი ნივთების გადაცემა, კერძოდ, მისი განმარტებით, 2017 წლის 16 ივნისს ზაურ მა----–--ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, მისმა ყოფილმა მეუღლემ ნახა შემდეგი ნივთები: სარეცხი მანქანა 1 ცალი, ღირებული 400 ლარად; მაცივარი 1 ცალი, ღირებული 400 ლარად; ტელევიზორი 1 ცალი, ღირებული 150 ლარად; პოლონური წარმოების კედელი (ე.წ. სტენკა), კომპლექტში (სერვენდი - 2 ცალი, დივანი - 1 ცალი, სავარძელი - 2 ცალი, ტახტი - 1 ცალი, კარადა - 1 ცალი, სკამი - 5 ცალი) ღირებული 500 ლარად; ხის საწოლი - 2 ცალი, ღირებული 100 ლარად; ხის მრგვალი მაგიდა 1 ცალი, ღირებული 50 ლარად; ხის 6 ცალი სკამი, ღირებული 50 ლარად; ნოხი - გერმანული - 2 ცალი, ღირებული 100 ლარად; ხელნაკეთი გარნიტური - 1 ცალი, ღირებული 100 ლარად; ბროლის ჭაღი ექვს სანთლიანი, ჩეხური - ერთი ცალი -ღირებული 150 ლარად; ბიბლიოთეკა (ქართული პროზის ტოტები და რუსული კლასიკა) 2 თაროზე, ღირებული 100 ლარად; კედლის სარკე ჩუქურთმიანი - 1 ცალი, ღირებული 100 ლარად; ბროლის ჭაღი - ერთნათურიანი - 1 ცალი, ღირებული 50 ლარად; ჯიხვის ყანწი - 2 ცალი, ღირებული 100 ლარად; არყის სერვიზი თევზის ფორმის - 1 ცალი, ღირებული 50 ლარად; ღვინის ოცლიტრიანი 10 ბოცა, ღირებული 100 ლარად, რომლებიც უნდა გადაეცეს პირველი რიგის მემკვიდრეს. ასევე მოპასუხიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ზაურ მა----–--ის კუთვნილი უცხოური წარმოების აირის პისტოლეტი, ღირებული 1500 ლარად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ ნ--ო მა----–--ე დაბადებული 1975 წლის 1 დეკემბერს არის 2016 წლის 25 ოქტომბერს გარდაცვლილი ზაურ მა----–--ის შვილი. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მამის დანაშთ უძრავ-მოძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით, ნოტარიუსს მიმართა 2017 წლის 23 მარტს. 2017 წლის 28 აპრილს მის სახელზე გაიცა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა.
მტკიცებულება:
- დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ. 19);
- გარდაცვალების მოწმობა (იხ.ს.ფ. 20);
- ნ--ო მა----–--ის განცხადება სამკვიდრო მოწმობის მისაღებად (ს.ფ. 21);
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 61);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი“ C180, საიდენტიფიკაციო ნომერი-WDB2030351A344034, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა -DV1068312, სანომრე ნიშანი - ENE012, რეგისტრირებულია ზაურ მა----–--ის სახელზე, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ხელს არ უშლის მოსარჩელეს აღნიშნული ავტომანქანის წაყვანასა და სარგებლობაში, რაც დადასტურდა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით.
მტკიცებულება:
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (იხ.ს.ფ. 30).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2.2. 2016 წლის 11 ოქტომბერს ნოტარიუს ა----ან ჯა--------ის მიერ გაფორმდა უძრავი ნივთის (მდებარე, ქ. ქუთაისი ზა------–---–ის ქ. N9, ფართი N2-ის 1/3 ნაწილი - 88.11 კვ.მ (ს.კ. 0------------------) ჩუქების ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 161176146). სანოტარო აქტში მითითებულია, რომ გამჩუქებელმა ვერ შესძლო სანოტარო ბიუროში მისვლა ავადმყოფობის გამო და ითხოვა სანოტარო მოქმედების შესრულება ბინაზე. აქტში ასევე მითითებულია, რომ ოფისში წინასწარ შედგენილი ჩუქების ხელშეკრულება ყველას თანდასწრებით წაიკითხა ა----ან ჯა--------ემ, მანვე განუმარტა ხელშეკრულების შინაარსი ზაურ მა----–--ეს. შემდგომში ხელშეკრულება გამჩუქებელს წაუკითხა ია მუ-------–იამ, მოწმეთა თანდასწრებით. ხელშეკრულებას ზაურ მა----–--ის თხოვნით და აქტის ყველა მონაწილის თანდასწრებით ხელი მოაწერა ნ--ო ლო-----ემ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა დასაჩუქრებულმა და ყველა მოწმემ. სანოტარო აქტი ხელმოწერილია ნ--ო ლო-----ის (გამჩუქებლის თხოვნით მის ნაცვლად), ია მუ-------–იას (წამკითხველი), გიული ბი---–--შვილის (მოწმე), თ---რი ხა------ის (დასაჩუქრებულის) მიერ. იგივე შინაარსით და წესით არის შედგენილი ჩუქების ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 161175967), უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი ზა------–---–ის ქ. N9, ფართი N1-ის 4/6-დან 2/6 ნაწილი - 123.11 კვ.მ. (ს.კ. 0------------------). არცერთ ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებული არაა, რატომ ვერ შესძლო სანოტარო აქტზე ხელის მოწერა ზაურ მა----–--ემ და რატომ გახდა აუცილებელი გარიგებაზე ხელის მოწერა სხვა პირის, ნ--ო ლო-----ის მიერ.
მტკიცებულება:
- 2016 წლის 11 ოქტომბერის ხელშეკრულებები (იხ.ს.ფ. 22-27).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28-29);
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას, რომ ზაურ მა----–--ემ სანოტარო აქტზე ხელის მოწერა ვერ შესძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგან არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულება. კერძოდ, ზაურ მა----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან, ბოლო ასახავს 2016 წლის 08 ივლისის მდგომარეობას და მასში ძირითადი დიაგნოზის სახით მითითებულია ინსულინით და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით მოწამვლა, გულის მწვავე უკმარისობა. არც თანმხლებ დაავადებებში და არც გართულებებში არ არის მინიშნება ხელის კიდურის მოქმედების შეზღუდვაზე, ან სხვა მიზეზებზე რასაც შეეძლო გამოეწვია ხელმოწერის უნარის დაკარგვა. ასეთი შეზღუდვა არაა მოხსენიებული უფრო ადრე გაცემულ ცნობებშიც. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის მარტის თვეში შედგენილ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის გვერდები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია ხელმოწერილია ზაურ მა----–--ის მიერ.
ასევე დადგენილია, რომ ზაურ მა----–--ე სახელმწიფო ფულად გასაცემელს ღებულობდა საცხოვრებელ სახლში, შესაბამის ჩეკზე აწერდა ხელს. მას პირადად აქვს მიღებული პენსია 2016 წლის 19 ოქტომბერს, ანუ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ჩეკიც ხელმოწერილია მის მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზაურ მა----–--ეს 2016 წლის 14 ივნისს პირადად აქვს ხელი მოწერილი სანოტარო აქტზე -მინდობილობაზე და ამავე წლის ივლისის თვეში შპს „ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის“ დიაბეტის ცენტრში სხვადასხვა სამედიცინო დოკუმენტაციაზე.
მტკიცებულება:
- ჯანმრთელობის ცნობები (იხ.ს.ფ. 31-32);
-სამედიცინო დოკუმენტაცია (იხ.ს.ფ. 62-90);
- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი და ჩეკები (ს.ფ. 91-99);
-სს „ლიბერთი ბანკის“ წერილი (ს.ფ. 186);
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მოპასუხე თ---რ ხა------ის მიერ მითვისებული იქნა ზაურ მა----–--ის კუთვნილი მოძრავი ნივთები, რადგან არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, მოსარჩელე აპელირებს ზაურ მა----–--ის ყოფილი მეუღლის ეთერ დოღონაძის მიერ შედგენილ განცხადებაზე, რომელშიც აღწერილია სადავო უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთები, თუმცა სია შედგენილია 2017 წლის 16 ივნისს, ჩუქების ხელშეკრულება კი გაფორმებულია 2016 წლის 11 ოქტომბერს, შესაბამისად, სასამართლოსათვის უცნობია იმ პერიოდში, როცა უძრავი ქონების მესაკუთრე და მფლობელი იყო თავად ზურაბ მა----–--ე, განკარგა თუ არა მან მითითებული ნივთები, ასევე გაურკვეველია, როგორ იქნა დადგენილი მათი ფასი მოსარჩელის მიერ.
მტკიცებულება:
- ეთერ დოღონაძის განცხადება (იხ.ს.ფ. 105-107);
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა, რომ ზაურ მა----–--ეს არ შეეძლო სანოტარო აქტებზე ხელმოწერა მისი ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო და რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება შეესაბამებოდა მის ნებას, რაც ვერ შესძლო. თავის მხრივ, მოსარჩელემ ვერ დადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მის მიერ მითითებული მოძრავი ნივთები, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაეცა დასაჩუქრებულს და რომ იგი ხელს უშლის ნ--ო მა----–--ეს სამკვიდრო ქონებაში შემავალი ავტომანქანის დაუფლებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ნ--ო მა----–--ის სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასარჩელო მოთხოვნა მოძრავი ნივთების გადაცემის ან მათი ღირებულების ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 59-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე,- მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 11 ოქტომბერს ნოტარიუს ა----ან ჯა--------ის მიერ გაფორმდა უძრავი ნივთის (მდებარე, ქ. ქუთაისი ზა------–---–ის ქ. N9, ფართი N2-ის 1/3 ნაწილი- 88.11 კვ.მ (ს.კ. 0------------------) ჩუქების ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 161176146) და ჩუქების ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 161175967), უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი ზა------–---–ის ქ. N9, ფართი N1-ის 4/6-დან 2/6 ნაწილი - 123.11 კვ.მ. (ს.კ. 0------------------). ორივე ხელშეკრულებაში გამჩუქებელი არის ზაურ მა----–--ე და და დასაჩუქრებული თ---რ ხა------ე. ხელშეკრულებები და შესაბამისად, თ---რ ხა------ის საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. გამჩუქებლის პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა ნ--ო მა----–--ემ სადავო გახადა, სანოტარო აქტი, რომელიც არ არის ხელმოწერილი თავად ზაურ მა----–--ის მიერ. კერძოდ, სანოტარო აქტში მითითებულია, რომ გამჩუქებელმა ვერ შესძლო სანოტარო ბიუროში მისვლა ავადმყოფობის გამო და ითხოვა სანოტარო მოქმედების შესრულება ბინაზე. ოფისში წინასწარ შედგენილი ჩუქების ხელშეკრულება ყველას თანდასწრებით წაიკითხა ა----ან ჯა--------ემ, მანვე განუმარტა ხელშეკრულების შინაარსი ზაურ მა----–--ეს. შემდგომში ხელშეკრულება გამჩუქებელს წაუკითხა ია მუ-------–იამ, მოწმეთა თანდასწრებით. ხელშეკრულებას ზაურ მა----–--ის თხოვნით და აქტის ყველა მონაწილის თანდასწრებით ხელი მოაწერა ნ--ო ლო-----ემ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა დასაჩუქრებულმა და ყველა მოწმემ. სანოტარო აქტი ხელმოწერილია ნ--ო ლო-----ის (გამჩუქებლის თხოვნით მის ნაცვლად), ია მუ-------–იას (წამკითხველი), გიული ბი---–--შვილის (მოწმე), თ---რი ხა------ის (დასაჩუქრებულის) მიერ. არცერთ ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებული არაა, რატომ ვერ შესძლო სანოტარო აქტზე ხელის მოწერა ზაურ მა----–--ემ და რატომ გახდა აუცილებელი გარიგებაზე ხელის მოწერა სხვა პირის, ნ--ო ლო-----ის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლით, იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო ან სხვა მიზეზით არა აქვს შესაძლებლობა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით, იმ მიზეზის აღნიშვნით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია დოკუმენტზე ხელის მოწერა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 29-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილით, სანოტარო აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი, სპეციალისტი) ნოტარიუსის თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს ხელმომწერის სახელსა და გვარს. სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერის შემდეგ სანოტარო აქტს ხელს აწერს ნოტარიუსი. თუ პირს ავადმყოფობის, ან ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია ხელმოწერა, მაგრამ შეუძლია დოკუმენტის წაკითხვა, მის ნაცვლად და მისი თხოვნით დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი, რომელიც უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას. ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე. ნოტარიუსი ვალდებულია დაადგინოს სხვის ნაცვლად ხელმომწერი პირის პირადობა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. ნოტარიუსმა უნდა მიუთითოს პირის მიერ გაცხადებული ის მიზეზი, რის გამოც მას არ შეუძლია ხელმოწერა, აგრეთვე, მის ნაცვლად ხელმომწერი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
ამდენად, ყველა ზემოთმითითებული დანაწესის თანახმად, ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმებისას აუცილებელია მისი მონაწილის მიერ გარიგების დადასტურება ხელმოწერით, გამონაკლისი კანონმდებლის მიერ დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ პირს ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია დოკუმენტზე ხელის მოწერა, თუმცა იმპერატიული მოთხოვნაა, რომ დოკუმენტში მითითებული იყოს ის მიზეზი, რის გამოც პირს არ შეუძლია ხელმოწერა. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, არცერთ ჩუქების ხელშეკრულებაში არაა მითითებული რატომ ვერ შესძლო ზაურ მა----–--ემ დოკუმენტებზე ხელის მოწერა. სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა მოწმეებმა, რომლებიც ესწრებოდნენ სანოტარო აქტის შედგენას, განმარტეს, რომ ზაურ მა----–--ე იწვა, მან პირველად მოაწერა სანოტარო აქტს ხელი, მაგრამ ვინაიდან ნოტარიუსმა ჩათვალა, რომ ხელმოწერა არ იყო კანონის მოთხოვნის შესაბამისად შესრულებული, გამოცვალა აქტი და მეორე აქტს უკვე ხელი მოაწერა სხვა პირმა ზაურ მა----–--ის თხოვნით. ყველა მოწმე განმარტავს, რომ ზაურ მა----–--ემ ავადმყოფობის გამო ვერ მოაწერა ხელი დოკუმენტს, თუმცა მათი განმარტება სასამართლოს არ მიაჩნია საკმარისად სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რადგან აღნიშნული მითითებული უნდა იყოს თავად აქტში. სასამართლო განმარტავს, რომ თუ სანოტარო აქტში, რაიმე მიზეზის გამო, ავადმყოფობის თაობაზე მინიშნება გამორჩენილია, დოკუმენტის შედგენის პერიოდში ავადმყოფობა ან ფიზიკური ნაკლის ქონა, სამედიცინო დოკუმენტაციით მაინც უნდა დასტურდებოდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ზაურ მა----–--ეს ხელი აქვს მოწერილი ჩეკზე, რომლითაც ადასტურებს პენსიის მიღებას, რაც კიდევ უფრო მეტად საეჭვოს ხდის იმ გარემოებას, რომ ზაურ მა----–--ეს არ შეეძლო ხელი მოეწერა სანოტარო აქტზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. უძრავი ქონების მესაკუთრემ კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამოსახატავად უნდა გამოხატოს ნება მასზედ, რომ ქონების საკუთრება გადასცეს დასაჩუქრებულს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები გაფორმებულია წერილობით, თუმცა მათგან არ იკვეთება გამჩუქებლის ნება, რადგან იგი არც გამჩუქებლის ხელმოწერითაა დადასტურებული და არც მათზე ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზია დადგენილი.
ნ--ო მა----–--ემ, რომელიც არის ზაურ მა----–--ის შვილი და მისი პირველი რიგის მემკვიდრე, სადავო გახადა ჩუქების ხელშეკრულებები, რაც სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო, შესაბამისად, მისი სასარჩელო მოთხოვნა მითითებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული უნდა იქნას ზაურ მა----–--ის მემკვიდრე ნ--ო მა----–--ე, შესაბამისად, სადავო უძრავი ქონებაც მესაკუთრედ რეგისტრაციის შემდგომ უნდა გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ახალ მესაკუთრეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე თ---რ ხა------ისაგან მამის კუთვნილი ავტომობილის, რომელიც შედის სამკვიდრო მასაში, ასევე ნაჩუქარ უძრავ ქონებაში განთავსებული და მოსარჩელის უკანონო მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების გადაცემას, მათი არარსებობის შემთხვევაში კი მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, თუმცა ნ--ო მა----–--ემ ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო მოძრავი ნივთების გადაცემა თ---რ ხა------ისათვის, ვერ დადასტურდა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ხელს უძლის მოსარჩელეს ავტომანქანის წაყვანასა და სარგებლობაში, შესაბამისად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1260 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 42 ლარის გადახდა.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა ავტომანქანის და მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში, ნ--ო მა----–--ის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი ავტომანქანის გამოთხოვის სარჩელთან დაკავშირებით და 100 ლარი მოძრავი ნივთების გადაცემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მითითებული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ--ო მა----–--ის შუამდგომლობა და თ---რ ხა------ეს აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებების (ს.კ. 0------------------), (ს.კ. 0------------------) ნებისმიერი ფორმით გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებებით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად ხოლო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თ---რ ხა------ეს (პ/ნ 60001077980) აეკრძალა ზაურ მა----–--ის (პ/ნ 60001098260) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი - ENE012, მარკა-მოდელი - მერსედეს-ბენც C180, ფერი ლურჯი 8/8, გამოშვების წელი 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი -WDB2030351A344034, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1068312 გაცემული 05/08/2013წელს ექსპლუატაცია და განათხოვრება, ასევე დაევალა თ---რ ხა------ეს უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი - ENE012, მარკა-მოდელი - მერსედეს-ბენც C180, ფერი ლურჯი 8/8, გამოშვების წელი 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი -WDB2030351A344034, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1068312 გაცემული 05/08/2013 წელს, განთავსება ქ. ქუთაისში ზარდალიშვილის ქ. N9-ში მდებარე ავტოფარეხში, უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ--ო მა----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ქ. ქუთაისში ზა------–---–ის ქ. N9-ში მდებარე შენობა-ნაგებობები, ფართი N2-ის 1/3 ნაწილი - 88.11 კვ.მ (ს.კ. 0------------------) და ფართი N1-ის 4/6-დან 2/6 ნაწილი -123.11 კვ.მ. (ს.კ. 0------------------) ცნობილი იქნას ნ--ო მა----–--ის საკუთრებად.
1.2. მოპასუხე თ---რ ხა------ე გამოსახლებული იქნას უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. ქუთაისი ზა------–---–ის ქ. N9, ფართი N2-ის 1/3 ნაწილი - 88.11 კვ.მ (ს.კ. 0------------------) და ფართი N1-ის 4/6-დან 2/6 ნაწილი - 123.11 კვ.მ. (ს.კ. 0------------------) და აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ნ--ო მა----–--ეს.
1.3. მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში ნ--ო მა----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე თ---რ ხა------ეს დაეკისროს მოსარჩელის ნ--ო მა----–--ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1260 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 42 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 220 დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. 2017 წლის 30 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ დარჩეს ძალაში.
4. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თ---რ ხა------ეს (პ/ნ 60001077980) აეკრძალა ზაურ მა----–--ის (პ/ნ 60001098260) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი - ENE012, მარკა-მოდელი - მერსედეს-ბენც C180, ფერი ლურჯი 8/8, გამოშვების წელი 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი -WDB2030351A344034, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1068312 გაცემული 05/08/2013წელს ექსპლუატაცია და განათხოვრება ასევე, დაევალა თ---რ ხა------ეს უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი - ENE012, მარკა-მოდელი - მერსედეს-ბენც C180, ფერი ლურჯი 8/8, გამოშვების წელი 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი -WDB2030351A344034, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1068312 გაცემული 05/08/2013 წელს, განთავსება ქ. ქუთაისში ზარდალიშვილის ქ. N9-ში მდებარე ავტოფარეხში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე