გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210018002513146
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19164-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - სვ----–----------ა

წარმომადგენელი - მზ-----------–---–ი

მოპასუხე - თა-------------–--ა

წარმომადგენლები - ვა----------–------–---–ი, რე------------–---–ი

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების გამოთხოვა, მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სვ----–----------ასა და თა-------------–--ას შორის 2016 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ½ ნაწილში.

 

1.2. გაუქმდეს სვ----–----------ასა და თა-------------–--ას შორის 2016 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ½ ნაწილში.

 

1.3. სვ----–----------ა ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–------–------------------------------, ს/კ 0--17.13.0--.0--.0--0--, მესაკუთრედ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელე სვ----–----------ას საკუთრებაში ჰქონდა ქ. თბ--–--–----–-------------------ში მდებარე ბინა №4, რომელშიც ჩაწერილია და ცხოვრობს 1990-იანი წლებიდან.

 

2016 წლის ნოემბრის თვეში სვ----–----------ამ გადაწყვიტა, რომ მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ნახევარი ეჩუქებინა თავისი ბიძაშვილის - თა-------------–--ასათვის. შესაბამისად, 2016 წლის 24 ნოემბერს მათ შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 29 ნოემბერს.

 

სარჩელის აღძვრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, სვ----–----------ასათვის ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი ბინის ნახევრის ნაცვლად, თა-------------–--აზე გადაფორმებულ იქნა მთელი ბინა. მან თანხმობა განაცხადა ბინის ნახევრის გაჩუქებაზე, თუმცა ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია მთლიანი ბინა. აღნიშნული შეცდომა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სვ----–----------ას განათლება მიღებული აქვს რუსეთში, რის გამოც არ ფლობს ქართულ ენას. ხელშეკრულება, კი შედგენილი იყო ქართულ ენაზე. როდესაც ეს გარემოება ცნობილი გახდა სვ----–----------ასათვის, იგი დაუკავშირდა თა-------------–--ას და სთხოვა, რომ ბინის მისი კუთვნილი ნახევარი წილი დაებრუნებინა, რაზეც თა-------------–--ამ უარი განაცხადა და უთხრა, რომ მან გენერალური მინდობილობა მისცა თავის ბიძაშვილს (მოსარჩელის ძმას), რომელმაც უნდა გადაიფორმოს ბინა თავის სახელზე.

 

ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2016 წლის 24 ნოემბერს ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონების ½ ნაწილზე დაიდო შეცდომით. კერძოდ, სვ----–----------ას სურდა ბინის ნახევრის გაჩუქება, თუმცა გარიგებაში არასწორად დაფიქსირდა მისი ნება. ამას გარდა, მოპასუხემ დამსაჩუქრებლის მიმართ გამოიჩინა დიდი უმადურობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ თა-------------–--ამ უარი განუცხადა მოსარჩელეს ბინის ნახევრის უკან გადაფორმებაზე. ამასთან, მთლიანი ბინის მოპასუხეზე გადაფორმების შედეგად, გაუარესდა სვ----–----------ას მატერიალური მდგომარეობა, რადგან აღმოჩნდა ბინის გარეშე. მას სხვა ბინა არ გააჩნია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას, სვ----–----------ას სურვილი იყო მთლიანი ბინა ეჩუქებინა თა-------------–--ასათვის, რაც დადასტურებულ იქნა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებით. მოსარჩელისათვის, ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდანვე იყო ცნობილი, რომ თა-------------–--ას მთლიანი ბინა აჩუქა, რაზეც ხელიც მოაწერა და სიტყვიერი თანხმობაც განაცხადა. სვ----–----------ა ფლობს ქართულ ენას და მას სხვა დოკუმენტებიც აქვს შედგენილი და ხელმოწერილი ქართულ ენაზე.

 

მოპასუხე დამატებით განმარტავს, რომ 2017 წლის დასაწყისში სვ----–----------ა დაუკავშირდა თა-------------–--ას და განუცხადა, რომ სურდა ბინის უკან გადაფორმება. თუმცა, იმავე დღეებში თა-------------–--ასათვის ცნობილი გახდა, რომ სადავო ბინა თავდაპირველად იყო სვ----–----------ას დედის - ლი-----------ას საკუთრება, რომელიც სვ----–----------ამ იძულებით წაიყვანა ნოტარიუსთან და საკუთარ თავზე გააცემინა მინდობილობა. შემდეგ კი, იმავე მინდობილობის გამოყენებით, სვ----–----------ამ თავის თავთან გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება, რის გამოც უსიამოვნება მოუვიდა მშობლებთან და მოხუც მშობლებს ნათესავებთან მოუწიათ თავის შეფარება. აღნიშნულის გამო, თა-------------–--ამ განუცხადა სვ----–----------ას, რომ ბინას გადააფორმებდა მხოლოდ მის დედაზე - ლი-----------აზე.

 

მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ სვ----–----------ამ მთლიანი ბინის გაჩუქების თაობაზე იცოდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროიდანვე (2016 წლის 24 ნოემბერი). შესაბამისად, მას აღნიშნული დროიდან, ასევე მას შემდეგ რაც ჩუქების ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (2016 წლის 29 ნოემბერი), უნდა შეეტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ, თუკი ასეთი არსებობდა. ამასთან, 2017 წლის 08 ივნისს, როდესაც სვ----–----------ამ პირადად მოითხოვა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი სადავო უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე, ამ მომენტიდანაც მისთვის კიდევ ერთხელ ცნობილი გახდა შეცილების უფლების თაობაზე, რაზეც შეცილება არ განუხორციელებია კანონით დადგენილ ვადაში. შესაბამისად, ვინაიდან შეცდომით დადებული გარიგების შემთხვევაში, შეცილება უნდა განხორციელდეს შეცილების უფლების შეტყობიდან ერთი თვის ვადაში, რასაც ადგილი არ ჰქონია, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში სარჩელის წარდგენის დღისათვის ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 24 ნოემბერს სვ----–----------ასა და თა-------------–--ას შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სვ----–----------ამ თა-------------–--ას აჩუქა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–---------–------–---------------------------, ს/კ 0--17.13.0--.0--.0--0--. ხელშეკრულება შედგენილ იქნა ქართულ ენაზე.

 

ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თა-------------–--ა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.11.2016წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 26-27);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 24-25; 28-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2017 წლის 10 ივლისს სვ----–----------ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მასსა და თა-------------–--ას შორის 24.11.2016წ. გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებაში დაშვებული შეცდომის გასწორება. კერძოდ, ხელშეკრულებაში მთლიანი ბინის ნაცვლად, ბინის ½ ნაწილის დაფიქსირება და შესაბამისად თა-------------–--აზე ბინის ნახევრის აღრიცხვა. განცხადებაში, ასევე მითითებულია, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს სვ----–----------ამ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–---------–------–---------------------------, ს/კ 0--17.13.0--.0--.0--0--, გააჩუქა თა-------------–--აზე. 24.11.2016წ. ხელშეკრულება შედგა ქართულ ენაზე, რომელზედაც მხარეთა ხელმოწერები დაამოწმა რეგისტრატორმა. ვინაიდან სვ----–----------ას მიღებული აქვს რუსულენოვანი განათლება და არ იცის ქართული წერა-კითხვა, ვერ მიხვდა, რომ ხელშეკრულებაში უძრავი ქონების ნახევრის ნაცვლად, მითითებული იყო მთელი ქონება. რეგისტრატორმა არასწორად დააფიქსირა ხელშეკრულებაში სვ----–----------ას მიერ გამოხატული ნება. ამასთან, არ იქნა შევსებული ხელშეკრულების რუსულენოვანი ვარიანტი. შესაბამისად, ბინის ნახევრის, ნაცვლად თა-------------–--ას სახელზე აღირიცხა მთელი ქონება. რეალურად კი, სვ----–----------ამ გამოხატა ბინის ნახევრის გაჩუქების ნება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის №2----- გადაწყვეტილებით, სვ----–----------ას უარი ეთქვა 2017 წლის 10 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადებაში აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა სასამართლოს განსჯადს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.07.2017წ. განცხადება - რუსულენოვანი და თარგმანი (ს.ფ. 30-34);

- კანცელარიის მიღების ბარათი (იხ. ს.ფ. 35);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.07.2017წ. გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 36-37);

 

3.1.3. სვ----–----------ა (ქორწინებამდელი გვარი - ჯო----) სწავლობდა ქ. ლე----------------------------–----------------- საშუალო სკოლის Xბ კლასში და 1981 წელს დაამთავრა საწარმოს სწავლების სრული კურსი პროფესიით (სპეციალობით) მემანქანე. შესაბამისად, პე--------------–ის სასწავლო-საწარმოო კომბინატის საკვალიფიკაციო კომისიის 05.05.1981წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა პროფესია (სპეციალობა) მემანქანე.

სვ----–----------ა (ქორწინებამდელი გვარი - ჯო----) 1983-1985 წლებში სწავლობდა ლე---------ის №1 სამედიცინო სასწავლებელში. მან დაამთავრა აღნიშნული სასწავლებლის სრული კურსი სპეციალობით - კბილის ტექნიკოსი და სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 29.06.1985წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა კბილის ტექნიკოსის კვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დიპლომი - რუსულენოვანი და თარგმანი (იხ. ს.ფ. 19-20);

- კვალიფიკაციის მინიჭების მოწმობა - რუსულენოვანი და თარგმანი (იხ. ს.ფ. 21-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. სვ----–----------ას ქორწინებამდე გვარი იყო - ჯო----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 23);

 

3.1.5. 2017 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მომართა სვ----–----------ამ და მოითხოვა თა-------------–--ას კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქა-–---------–------–---------------------------, ს/კ 0--17.13.0--.0--.0--0--, ყადაღის დადება. შესაბამისად, ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით, სვ----–----------ას განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თა-------------–--ას აეკრძალა აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

აღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 10 ივლისს სვ----–----------ამ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თა-------------–--ას მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად, თუმცა 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, აღნიშნული სარჩელი დარჩა განუხილველი. შესაბამისად, გაუქმდა 23.06.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.06.2017წ. და 18.10.2017წ. განჩინებები (იხ. ს.ფ.38-45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.6. 2017 წლის 08 ივნისს სვ----–----------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქა-–---------–------–---------------------------, ს/კ 0--17.13.0--.0--.0--0--, ამონაწერის მომზადება. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე ამონაწერი მომზადებულ იქნა იმავე დღეს, 2017 წლის 08 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.06.2017წ. გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 87);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 88-89);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.7. 2016 წლის 08 სექტემბერს სვ----–----------ასა და ლი-----------ას შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლი-----------ამ სვ----–----------ას აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–---------–------–---------------------------, ს/კ 0--17.13.0--.0--.0--0--.

 

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას ლი-----------ა წარმოდგენილი იყო სვ----–----------ას მეშვეობით, 2016 წლის 14 ივლისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას პირადად და როგორც ლი-----------ას წარმომადგენელი, ხელს აწერს სვ----–----------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 08.09.2016წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 84-85);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.8. 2016 წლის 14 ივლისს ლი-----------ას მიერ სვ----–----------ას მიმართ გაცემულ იქნა მინდობილობა, რომელიც გაუქმდა 2017 წლის 14 დეკემბერს. სწორედ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე გაფორმდა ლი-----------ასა და სვ----–----------ას შორის 08.09.2016წ. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მინდობილობა (იხ. ს.ფ. 160-161);

- 08.09.2016წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 84-85);

- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის - ადვოკატ რე------------–---–ის 15.12.2017წ. წერილი (იხ. ს.ფ. 162);

- მხარეთა ახსნა- განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 მაისის ცნობის თანახმად, სვ----–----------ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, სვ----–----------ას რეგისტრაციის ადგილია - თბ--–------–---------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.05.2018წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 157);

- საინფორმაციო ბარათი (იხ. ს.ფ 158-159);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.10. თა-------------–--ას საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქალ---------–----------–-----, მომიჯნავედ, (მშენებარე ფართი) სართული 1, ბინა №2, I ბლოკი, ს/კ 0--18.06.018.0--.0--------; ამავე მისამართზე მდებარე ავტოსადგომი №2 (მშენებარე), ს/კ 0--18.06.018.0--.0--02.0-- და ავტოსადგომი №1 (მშენებარე), ს/კ 0--18.06.018.0--.0--02.00--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 163-1678);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს სვ----–----------ას მითითებას მასზედ, რომ არ ფლობს ქართულ ენას და აღნიშნულის გამო მასსა და თა-------------–--ას შორის ქართულ ენაზე შედგენილ 24.11.2016წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მისთვის უცნობი იყო, რომ ხელს აწერდა არა მისი კუთვნილი უძრავი ქონების ½ ნაწილის (მისი ნების თანახმად), არამედ მთლიანი უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

ამავე დროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია ზემოთ დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი არ ფლობს ქართულ ენას. შესაბამისად, როდესაც მხარეები მივიდნენ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისათვის, სვ----–----------ამ საჯარო რეესტრის წარმომადგენელს განუცხადა, რომ სურდა უძრავი ქონების ½ ნაწილის გაჩუქება, რაზეც საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მას ესმოდა რუსული ენა, მისთვის გასაგები იყო სვ----–----------ას ნება და აქედან გამომდინარე ქართულ ენაზე შედგენილ იქნა დოკუმენტი სადავო უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე. ამდენად, სვ----–----------ამ ხელი მოაწერა აღნიშნულ ხელშეკრულებას და ჩათვალა, რომ ხელი მოაწერა მისი კუთვნილი უძრავი ქონების ½ ნაწილის ჩუქების შესახებ ხელშეკრულებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს კვალიფიკაციის მინიჭების მოწმობა, რომლის თანახმად, სვ----–----------ა (ქორწინებამდელი გვარი - ჯო----) სწავლობდა ქ. ლე----------------------------–---------------------–----–--------–----ბ კლასში და 1981 წელს დაამთავრა საწარმოს სწავლების სრული კურსი პროფესიით მემანქანე; დიპლომი, საიდანაც დასტურდება, რომ სვ----–----------ამ (ქორწინებამდელი გვარი - ჯო----) 1983 წელს ჩააბარა ლე---------ის №1 სამედიცინო სასწავლებელში და 1985 წელს დაამთავრა აღნიშნული სასწავლებლის კურსი სპეციალობით კბილის ტექნიკოსი; საქმეს, ასევე ერთვის სვ----–----------ს მიერ მზ-----------–---–ის მიმართ გაცემული, რუსულ ენაზე შედგენილი რწმუნებულება; ამასთან, სვ----–----------ა სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ იქნა რუსული ენის თარჯიმნის მეშვეობით. ამას გარდა, იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ სვ----–----------ა არ ფლობს ქართულ ენას, მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულ იქნენ რუ--------–--------ა და თა--------–-–---–ი, რომელთაც განაცხადეს, რომ სვ----–----------ასთან საუბრობენ რუსულ ენაზე.

 

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, იგი 25 წელია ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. თბ--–------–---------------------------. შესაბამისად, ასეთ პირობებში, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს რუსულენოვანი განათლება, ვერ იქნება იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ სვ----–----------ა არ ფლობს ქართულ ენას; საქმეზე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სვ----–----------ასა და ლი-----------ას შორის 2016 წლის 08 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე. ამასთან, ხელშეკრულებას ხელს აწერს სვ----–----------ა პირადად, და ასევე როგორც ლი-----------ას წარმომადგენელი, ლი-----------ას მიერ 2016 წლის 14 ივლისს მის მიმართ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან 08.09.2016წ, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდა სვ----–----------ას მეუღლე, რომელმაც მას გადაუთარგმნა ხელშეკრულების შინაარსი, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი თუ რა გარიგებას დებდა ლი-----------ასთან და ამის გამო არ საჭიროებდა თარჯიმანს. თუმცა, აღნიშნული გარემოება, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, სათანადოდ არ არის დადასტურებული სხვა უკეთესი მტკიცებულებით, რის გამოც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული; სასამართლო, ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე, ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც მოპასუხის წარმომადგენლის მიერ დასმულ შეკითხვას მოსარჩელემ ისე გასცა პასუხი, არ დაელოდა თარჯიმნის მიერ კითხვის გადათარგმნას.

 

შესაბამისად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი არ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად, 24.11.2016წ. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას მისთვის უცნობი იყო, რომ ხელს აწერდა არა მისი კუთვნილი უძრავი ქონების ½ ნაწილის, არამედ მთლიანი უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებას. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა აღნიშნული სადავო გარემოებების დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის დასაბუთებულ ვარაუდს მაინც შეუქმნიდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.11.2016წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 26-27);

- დიპლომი - რუსულენოვანი და თარგმანი (იხ. ს.ფ. 19-20);

- კვალიფიკაციის მინიჭების მოწმობა - რუსულენოვანი და თარგმანი (იხ. ს.ფ. 21-22);

- 08.09.2016წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 84-85);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სვ----–----------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 72-73-ე, 79-ე, 529-530-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მოპასუხე აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლით დადგენილ შეცილების ნამდვილობის პირობაზე და უთითებს, რომ სვ----–----------ას კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის შეცდომით დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლო უპირველესყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს მოცემულ დავასთან მიმართებით შეცილების ნამდვილობის საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მაშინ როდესაც მოცემულია 72-80-ე მუხლებით განსაზღვრული არსებითი შეცდომა, გარიგება არ ხდება ავტომატურად ბათილი, არამედ მოითხოვება უფლებამოსილი პირის მიერ მისი შეცილება. შეცილება ხდება ცალმხრივი მიღება სავალდებულო ნების გამოვლენით, რაც გარიგებას ბათილად აქცევს საწყისი მომენტიდან. ეს კონსტრუქცია სამართლებრივად არამხოლოდ იმიტომაა გამართლებული, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში ყოველი მხარე თვითონ არის საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელი და ამასთან ერთად მეორე მხარის გარიგების ნამდვილობისადმი ნდობის პრინციპი უნდა იქნას დაცული, არამედ თვითონ შეცდომაში მყოფი პირიც შესაძლოა დაინტერესებული იყოს გარიგების ნამდვილობის შენარჩუნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლი შეცილების ვადად განსაზღვრავს ერთ თვეს იმ მომენტიდან, როდესაც შეცილებაზე უფლებამოსილი პირი შეიტყობს შეცილების საფუძვლის შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ შეცილების ადრესატი მხარე უთითებს, რომ შეცილების განცხადება ვადის დარღვევით იქნა გაცხადებული, მაშინ მან უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შეცილებაზე უფლებამოსილი პირის მიერ შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტი, ხოლო თავის მხრივ შეცილებაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა დაასაბუთოს შეცილების საფუძვლის არსებობა და დაამტკიცოს, რომ შეცილება ერთი თვის ვადაში განახორციელა. (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I; გვ. 449-ე, 451-ე)

 

ამას გარდა, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ერთ თვიანი ვადა წარმოადგენს მხოლოდ შეცილების ვადას, რაც გულისხმობს იმას, რომ შეცილების უფლების მქონე პირს, შეცილების საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში აქვს მოთხოვნის განხორციელების უფლებამოსილება და არა ხანდაზმულობის ვადას. საცილო გარიგებებში, შეცილების ვადა სარჩელის მატერიალური დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების წინაპირობაა, განსხვავებით ხანდაზმულობის ინსტიტუტისგან, როცა ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაცაა შესაძლებელი, თუკი მოპასუხე არ უთითებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ ფაქტებზე. შესაბამისად, შეცილების უფლების მიმართ მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საერთო ხანდაზმულობის ვადა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეს 10 წლის განმავლობაში აქვს შეცილების უფლება, თუ იგი ამ ვადაში შეიტყობს შეცილების საფუძვლის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელე სვ----–----------ას მიერ დარღვეულია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შეცდომით დადებული გარიგების შეცილების ერთ თვიანი ვადა. კერძოდ, სვ----–----------ას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, შესაბამისად - 2016 წლის 24 ნოემბერს, უარეს შემთხვევაში, კი 2016 წლის 29 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ჩუქების ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, უნდა შეეტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. ამასთან, 2017 წლის 08 ივნისს, როდესაც სვ----–----------ამ მოითხოვა სადავო უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამ მომენტიდან მისთვის კიდევ ერთხელ ცნობილი გახდა შეცილების უფლების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2017 წლის 08 ივნისს სვ----–----------ასათვის ნამდვილად გახდა ცნობილი იმის თაობაზე, რომ 24.11.2016წ. მასსა და თა-------------–--ას შორის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებაში ჩუქების საგნად დაფიქსირებულ იქნა არა სვ----–----------ას კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქა-–---------–------–---------------------------, ს/კ 0--17.13.0--.0--.0--0--, ½ ნაწილი, არამედ მთლიანი უძრავი ქონება, რის საფუძველზეც თა-------------–--ა საჯარო რეესტრში აღრიცხულ იქნა მთლიანი უძრავი ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ.

 

შესაბამისად, თუკი დავუშვებთ, რომ სვ----–----------ასათვის სწორედ ამ დროიდან გახდა ცნობილი შეცილების საფუძვლის თაობაზე, მაშინ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი შეცილების ერთ თვიანი ვადა მოსარჩელის მიერ დარღვეული არ არის, ვინაიდან მან 2017 წლის 23 ივნისს, შესაბამისად ერთ თვიან ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოადგინა განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოითხოვა თა-------------–--ას კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქა-–---------–------–---------------------------, ს/კ 0--17.13.0--.0--.0--0--, ყადაღის დადება. ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით, სვ----–----------ას განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თა-------------–--ას აეკრძალა აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნულის საფუძველზე, კი 2017 წლის 10 ივლისს სვ----–----------ამ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თა-------------–--ას მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად.

 

ზემოთაღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო, ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს შემდეგი:

 

საჯარო რეესტრის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 24.11.2016წ. გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ იქნა 2016 წლის 29 ნოემბერს. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან თა-------------–--ა საჯარო რეესტრში აღრიცხულ იქნა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ხოლო ამ ინფორმაციის მიმართ, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, სასამართლო გონივრულად ვარაუდობს, რომ მას შემდეგ რაც თა-------------–--ა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ - 2016 წლის 29 ნოემბრიდან, სვ----–----------ასათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო შეცილების უფლების თაობაზე. კერძოდ, იმის თაობაზე, რომ მოხდა თა-------------–--ას სახელზე მთლიანი სადავო უძრავი ქონების და არა მისი ½ ნაწილის აღრიცხვა.

 

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად არ იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სვ----–----------ასათვის უცნობი იყო, რომ ხელს აწერდა მთლიანი უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებას (იხ. 3.2.1 პუნქტი), არსებითად მნიშვნელოვანი არ არის მომართა თუ არა მან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ ერთ თვიან ვადაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას. აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. ''მოქმედების ნება'', ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება, ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სვ----–----------ა 24.11.2016წ. ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილის მიმართ გამოხატული ნების არანამდვილობაზე იმის გამო აპელირებს, რომ მის მიერ გამოხატული ნება, შეცდომის საფუძველზე, არასწორად იქნა ასახული ჩუქების ხელშეკრულებაში. ამასთან, ვინაიდან იგი ქართულ ენას არ ფლობს, ვერ შეძლო ქართულ ენაზე შედგენილი ხელშეკრულების გაცნობა და ენდო საჯარო რეესტრის წარმომადგენლის ქმედებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, კი არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა. პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ. პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ. არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-73-ე მუხლებს და ითხოვს 24.11.2016წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ - ½ ნაწილის ბათილად ცნობას, ვინაიდან, მოსარჩელის განმარტებით, მისი ნამდვილი ნება იყო უძრავი ქონების სწორედ ½ ნაწილის გაჩუქება. მთლიან უძრავ ქონებაზე, კი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე, რაც გამოწვეულ იქნა იმით, რომ იგი არ ფლობს ქართულ ენას და ვერ შეძლო ქართულად შედგენილი ხელშეკრულების გაცნობა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ შეცდომა მოცემულია მაშინ, როდესაც პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. სხვანაირად რომ ვთქვათ, შეცდომა არის მხარის მცდარი წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე. შეცდომა ვიწრო გაგებით არ არის მოცემული მაშინ, როდესაც ნების გამომვლენ პირს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე (ignorantia). ფართო გაგებით, წარმოდგენის არქონა შესაძლებელია ასევე შეფასდეს, როგორც შეცდომა. ამასთან, ბაზრის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ყველა სახის შეცდომა ვერ წარმოშობს შეცილების საფუძველს. სსკ-ის 72-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს სწორედ შეცილების იმ შემთხვევებამდე დაყვანა, რომლებშიც არსებითი შეცდომაა მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ შეცდომის ყველა სახე იქნებოდა შეცილების საფუძველი, ეს უარყოფითი შედეგის მომტანი იქნებოდა მხარეთათვის და წინააღმდეგობაში მოვიდოდა pacta sunt servanda-ს (ხელშეკრულება უნდა სრულდებოდეს) პრინციპთან, ვინაიდან მარტივი მიზეზის (შეცდომის) გამო ყველა გარიგების ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენება იქნებოდა შესაძლებელი. არაარსებითი შეცდომის დაშვების რისკი ეკისრება ნების გამომვლენს. (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I; გვ. 411-ე)

 

შეცდომა არსებითია მაშინ, როდესაც შემთხვევის ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის პირი, რომელიც შეცდომით ავლენს ნებას, შემთხვევის ნამდვილი შემადგენლობის ცოდნის შემთხვევაში ნებას საერთოდ არ გამოავლენდა, ან თუ გამოავლენდა, არა ასეთი სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სვ----–----------ა არ ფლობს ქართულ ენას და აღნიშნულის გამო მასსა და თა-------------–--ას შორის ქართულ ენაზე შედგენილ 24.11.2016წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მისთვის უცნობი იყო, რომ ხელს აწერდა არა მისი კუთვნილი უძრავი ქონების ½ ნაწილის (მისი ნების თანახმად), არამედ მთლიანი უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებას.

 

ამასთან, სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალსუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებასაც, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კიდეც რომ გაითვალისწინოს სვ----–----------ას მტკიცება მასზედ, რომ მან გარიგებას შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს საკუთარი უფლების იმგვარად გამოყენებას, რომლითაც დაუშვებლად იზღუდება იმ პირის უფლება, რომელიც წინდაუხედავად გამოვლენილ ნებას დაეყრდნო. მოცემულ შემთხვევაში, სვ----–----------ას მიერ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი, რის შესახებაც იგი, მისივე განმარტებით, ინფორმირებული არ იყო, გამოვლენილი ნების ბათილობის წინაპირობად ვერ განიხილება, ვინაიდან სვ----–----------ას ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა და დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ იგი მართლაც არ გაცნობია ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მის მიერ გამოვლენილ უხეშ გაუფრთხილებლობას. ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითება, რომ მის მიერ ხელშეკრულების გაცნობა ვერ მოხდა ენის არ ცოდნის გამო დაუსაბუთებელია, ვინაიდან თუკი გარიგების ერთ-ერთმა მხარემ არ იცის ენა, რომელზედაც შედგენილია ხელშეკრულება, მაშინ ხელშეკრულება იდება ასევე იმ ენაზეც, რომელიც ამ მხარისათვის მისაღებია, ან ხელშეკრულების დადებისას ეს მხარე წარმოდგენილია თარჯიმნის მეშვეობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება იძულების, მოტყუების, ან შეცდომის საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომლითაც შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერილი დოკუმენტები ბათილად იქნება ცნობილი, იმ მესამე პირთა უფლებების დაუშვებელ ხელყოფას გამოიწვევს, რომლებიც საჯარო რეესტრში გამოვლენილი ნების ნამდვილობას ენდნენ.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ მხარე ენის არ ცოდნის გამო, ხელშეკრულების შინაარსის გაუცნობიერებლად აწერს მას ხელს, არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებულ არსებით შეცდომას, რაც შესაძლოა გახდეს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - სვ----–----------ასა და თა-------------–--ას შორის 2016 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილის, როგორც შეცდომით დადებული გარიგების, ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. მოსარჩელე 24.11.2016წ. ჩუქების ხელშეკრულების დარჩენილი ½ ნაწილის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ დასაჩუქრებულმა დიდი უმადურობა გამოიჩინა მჩუქებლის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

 

ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, ყველაზე ნათლად ასახავს რა სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირს, მჩუქებელისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ, დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა მოცემულ შემთხვევაში ხდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი – მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ თა-------------–--ას მიერ სვ----–----------ას მიმართ დიდი უმადურობა გამოხატულ იქნა შემდეგში: მას შემდეგ, რაც სვ----–----------ამ შეიტყო მისი კუთვნილი მთლიანი უძრავი ქონების თა-------------–--აზე გადაფორმების შესახებ, თა-------------–--ამ, მოთხოვნის მიუხედავად, უარი განუცხადა მოსარჩელეს ბინის ½ ნაწილის უკან დაბრუნებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ განმარტავს, თუ რა შედის უმადურობის ცნებაში. სასამართლო პრაქტიკაში კი მიღებულია, რომ დასაჩუქრებულის უმადურობად ითვლება: ა) არამართლზომიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია მჩუქებლის, მისი ოჯახის წევრის ან აღმავალი და დაღმავალი ნათესავის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივის, ღირსების, თავისუფლების, ან საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ; ბ) განზრახი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მჩუქებლისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებას; გ) კანონით განსაზღვრულ მოვალეობაზე - არჩინოს მჩუქებელი, უარის თქმა და სხვა. (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი; www.gccc.ge; 529-ე მუხლი)

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ განსაკუთრებული უმადურობა შეფასებითი კატეგორიაა, რომლის შეფასება ხდება, როგორც მჩუქებლის მოსაზრებების გათვალისწინებით, ასევე მოსამართლის მიერ იმის შეფასებით, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ, მითითებული გარემოება, რომ თა-------------–--ამ უარი განუცხადა სვ----–----------ას ბინის ½ ნაწილის უკან გადაფორმებაზე, არ შეიძლება შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ „დიდ უმადურობად“, რაც შესაძლოა გახდეს აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

 

6.5. მოსარჩელე 24.11.2016წ. ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილის გაუქმების საფუძვლად, ასევე უთითებს იმ გარემოებას, რომ იგი უძრავი ნივთის გაჩუქების შემდგომ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის, ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, ვინაიდან მას სხვა ბინა, სხვა თავშესაფარი არ გააჩნია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს სვ----–----------ასა და თა-------------–--ას შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სვ----–----------ამ თა-------------–--ას აჩუქა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–---------–------–---------------------------, ს/კ 0--17.13.0--.0--.0--0--. დადგენილია, ასევე, რომ სვ----–----------ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, დღეის მდგომარეობით, არ ირიცხება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სვ----–----------ასათვის ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტიდანვე იყო ცნობილი, რომ მისი კუთვნილი უძრავი ქონების გაჩუქების შემთხვევაში, იგი დარჩებოდა საკუთრების გარეშე, ვინაიდან სხვა ქონება მას არ გააჩნდა. ამასთან, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სვ----–----------ას ნამდვილ ნებას წარმოადგენდა არა მთლიანი უძრავი ქონების, არამედ მისი ½ ნაწილის გაჩუქება. სადავო არაა, ასევე არც ის გარემოება, რომ სვ----–----------ა დღემდე ცხოვრობს და სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით სვ----–----------ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, რომ იგი ჩუქების შემდგომ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის, ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. ამასთან, მოსარჩელეს არ მიუთითებია სხვა ისეთ გარემოებაზე, ასევე არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ იგი აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სვ----–----------ას სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, უძრავი ქონების გამოთხოვისა და სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სვ----–----------ას სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ამასთან, მოპასუხეს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით. თუმცა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდას, მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საჩივარზე ზედმეტად გადახდილი - 50 ლარი.

 

7.2. მოპასუხემ მოითხოვა მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი 1200 ლარიანი სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 93). შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელე სვ----–----------ას მოპასუხე თა-------------–--ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 1200 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, სვ----–----------ას წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სვ----–----------ას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თა-------------–--ას აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბ--–------–---------------------------, 77.0------, ს/კ 0--17.13.0--.0--.0--0--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სვ----–----------ას სარჩელი თა-------------–--ას მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, უძრავი ქონების გამოთხოვისა და სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სვ----–----------ას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თა-------------–--ას (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, ლე-----------------------, 77.0------ საკადასტრო კოდი N0--17.13.0--.0--.0--0--.

 

4. სვ----–----------ას თა-------------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 1200 ლარის გადახდა.

 

5. თა-------------–--ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს რე-------------–---–ის მიერ 2018 წლის 21 მაისს საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №0.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე