გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.12.2018
საქმის ნომერი
330310018002755440
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

საქმე № 3/7705-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ბეჟან ნემსაძე

მოსარჩელე - ა(ა)იპ მ-----–-----------–-------------------------------------–------–----------------ა

წარმომადგენლები - გ--------–-------–---–-, თ------------------, ი-------------–---–-

მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

წარმომადგენლები - ი-------–----–---–-, კ---------------–-–---–-, ნ---------–-–---–-, გ---------------------, ნ-----------–-–---–-, მ-----–-------–----

მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი - ს--–--------------–---–ი

წარმომადგენელი - ა-------–-–---–-

მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი - გ-------–---–---

დავის საგანი - საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - ს--–--------------–---–ის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს - ს--–--------------–---–ს გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია, ამომრჩეველთა მოსყიდვის გამო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს.

 

2.2. მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - ს--–--------------–---–ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და პოზიცია წარმოუდგენია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის პირველი აგვისტოს N-------- განკარგულების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2018 წლის 28 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის პირველი აგვისტოს N-------- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 სექტემბრის N------- განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარდა ს--–--------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 სექტემბრის N------- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეჯამდა, რომელითაც დადგინდა, რომ პირველ ტურში მონაწილე კანდიდატებიდან ვერცერთმა მათგანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა და აუცილებელი იყო მეორე ტურის გამართვა. აღნიშნული ოქმის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ N5 გ-------–---–--- და N48 ს--–--------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.4. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის N-------- განკარგულებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 105-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 2018 წლის 28 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის N-------- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.5. სარჩელს ერთვის ვიდეო მასალა, სადაც აღბეჭდილია სხვადასხვა ტელევიზების მიერ მომზადებული სიუჟეტები, მოქალაქეთათვის საკვები პროდუქტებისა და ტანსაცმლის დარიგებას ფაქტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- CD-R დისკი (ს.ფ. 47).

 

4.6. სარჩელს ერთვის CD დისკი, სადაც აღბეჭდილია არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე და მის მიმდებარედ გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- CD-R დისკი (ს.ფ. 48).

 

4.7. სარჩელს ერთვის ვიდეო მასალა, სადაც აღბეჭდილია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და თბილისის მერის - კახი კალაძის ბრიფინგები, ასევე, აღნიშნულ ბრიფინგებზე სხვადასხვა ტელევიზიების მიერ მომზადებული სიუჟეტები. ასევე აღბეჭდილია სატელევიზიო სიუჟეტი, რომელიც ჩაწერილია არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- DVD-R დისკი (ს.ფ. 49).

 

4.8. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მიერ 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მეორე შუალედური ანგარიში მომზადდა, სადაც მთავრობისა და ფონდი ,,ქართუს“ ერთობლივი ინიციატივა 600 000 მოქალაქისათვის ვალების ჩამოწერის თაობაზე შეფასდა, როგორც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვა. დასკვნაში ასევე ასხულია სხვა შემთხვევები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მეორე შუალედური ანგარიში (ს.ფ. 40-41).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ მ-----–-----------–-------------------------------------–------–----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლები უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.

 

7.2. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს საარჩევნო კოდექსი ადგენს.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა); ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიზანია, რომ დაწესებული შეზღუდვა მოქმედებდეს იმ დროის განმავლობაში, რომელიც მოიცავს არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდს. შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ აკრძალულ ქმედებათა განხორციელება დაუშვებელია არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსი პირს უნარჩუნდება არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის სიტყვასიტყვითი განმარტება იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მუხლში ჩამოთვლილი ქმედებები დაუშვებელია განხორციელდეს ვიდრე არჩევნების საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნდება.

 

7.3. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - ს--–--------------–---–ის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება, ამომრჩეველთა მოსყიდვის გამო. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა საპრეზიდენტო კანდიდატის - ს--–--------------–---–ის სასარგებლოდ, რაც გამოიხატა მასში, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ამომრჩევლებს დაურიგა საკვები პროდუქტები - კარტოფილი, ხახვი, მეორადი ტანსაცმელი და ფულადი თანხა - 15, 20, 30, 50 ლარის ოდენობით. ასევე, მოსარჩელის მოსაზრებით ამომრჩეველთა მოსყიდვა გამოიხატა მასში, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით თბილისის მერის - კახი კალაძისა და პრემიერ-მინისტრის - მამუკა ბახტაძის მიერ ერთი დღის ინტერვალით ჩატარდა ბრიფინგი, სადაც განაცხადეს მთავრობის ინიციატივაზე; კერძოდ, მათ განმარტეს, რომ 600 000 მოქალაქეს ჩამოაწერდნენ ვალს და ამოიღებდნენ ე.წ. ,,შავი სიიდან“. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მათი ქმედება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შეფასდა, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი და განმსაზღვრელი თავისუფალი პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფაა, რისი განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური სამართლებრივი ინსტრუმენტი სწორედ არჩევნებია. სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო უფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. აქტიური საარჩევნო უფლებით დაცული სფერო ერთი მხრივ, გულისხმობს საარჩევნო უფლების მქონე ყოველი პირის ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფას და მის ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებში, ხოლო მეორე მხრივ, იგი ასევე მოიცავს გამოვლენილი ნების დაცვას და განსაკუთრებული, კანონით გათვალისწინებული საგანგებო შემთხვევის გარეშე, მისი გაუქმების დაუშვებლობას.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში ასახულ შემდეგ მსჯელობას: „სახელმწიფოებმა თავიანთი საარჩევნო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით უნდა განსაზღვრონ ქცევა, რომელიც კანონით იკრძალება - მაგალითად, ამომრჩეველთა მოსყიდვა (ფულის ან სხვა სარგებლის შეთავაზება მოქალაქეებისთვის, მათი ხმების მოპოვების მიზნით), საარჩევნო კამპანიის პროცესში ძალადობა და დაშინება, ან ეროვნული, რასობრივი თუ რელიგიური შუღლისა და სიძულვილისკენ მოწოდება (OHCHR 1966: მუხლი 20(2); OSCE/ ODIHR 2015: 23). ეს წესები ნათლად და არაორაზროვნად უნდა იყოს გაწერილი, რათა კანდიდატები მიხვდნენ, რა სახის ქცევა არ მიიჩნევა დარღვევად (International IDEA 2014a: 216); ყველა პირზე, რომელიც გადაცდომას ჩაიდენს, თანასწორად უნდა გავრცელდეს გონივრული სანქციები, რომლებიც ეკისრება დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე; კანდიდატთა დისკვალიფიკაცია დასაშვებია მხოლოდ შეზღუდულ დროში (იქვე). მათ არ უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა მხარდამჭერთა მიერ ჩადენილი დარღვევებისათვის (ვენეციის კომისია 2002: განმარტებითი მოხსენება, § 61)“.

 

საქართველოს კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად უთითებს ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის დადასტურებას. მითითებული ნორმის მიზანია, რომ კანდიდატს არ ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, თუ დადასტურდება მისი მხრიდან ან მისი სახელით ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. ამასთან, აღნიშნული ნორმა ნათლად იძლევა კონკრეტულ ქმედებათა ჩამონათვალს, როდესაც ქმედება შესაძლოა შეფასდეს ამომრჩეველთა მოსყიდვად, რომლის უშუალო მიზანი ამომრჩევლის თავისუფალი ნების ფორმირებაზე ზემოქმედების აკრძალვას უკავშირდება. ამდენად, როგორც საარჩევნო კოდექსით, ისე საერთაშორისო სტანდარტით განმტკიცებული პრინციპით დაუშვებელია სხვათა ქმედების გამო სხვა პირზე პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან, საარჩევნო კოდექსი ადგენს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმებას, როგორც პასუხისმგებლობის ერთგვარ სახეს, სხვა პირთა ქმედების გამო, თუმცა ერთმნიშვნელოვნად აწესებს მაღალ სტანდარტს საარჩევნო კანდიდატსა და განხორციელებულ ქმედებებს შორის უშუალო კავშირის დადასტურებისათვის.

 

მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა საპრეზიდენტო კანდიდატის - ს--–--------------–---–ის სასარგებლოდ, რაც გამოიხატა მასში, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ამომრჩევლებს დაურიგა საკვები პროდუქტები - კარტოფილი, ხახვი, მეორადი ტანსაცმელი, და ფულადი თანხა - 15, 20, 30, 50 ლარის ოდენობით, ასევე დევნილებს პროდუქტი, გაზიარებული ვერ იქნება. სასამართლოს მოსაზრებით საქმეში დაცული ვიდეო თუ ფოტომასალით უტყუარად არ დასტურდება, რომ კონკრეტული მოქმედება უშუალოდ რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად, ამომრჩეველთა თავისუფალი ნების ფორმირებაზე ზემოქმედებისათვის განხორციელდა. ამდენად, მხოლოდ ვარაუდი, რომ შესაძლოა ვიდეომასალაზე ასახული მოქმედებები ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ ხმების მოსაზიდად იქნა განორციელებული, არ ქმნის საპრეზიდენტო კანდიდატის - ს--–--------------–---–ის რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლის მე-15 პუნქტზე, რომლის თანახმად: ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას; ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს), მაჟორიტარ კანდიდატს, მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება. შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს და სხვა უფლებამოსილი პირისთვის ასეთი მოთხოვნის წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს მის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, საარჩევნო სუბიექტის ან მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის, კერძოდ, ხმის მიცემის სანაცვლოდ ამომრჩევლებისათვის საკვები პროდუქტებისა და ფულადი თანხის დარიგების ფაქტი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, 600 000 მოქალაქისათვის ვალის ჩამოწერისა და ე.წ. ,,შავი სიიდან“ ამოღების თაობაზე განცხადებები წარმოადგენს ხელისუფლების ხედვასა და სამომავლო გეგმას. ამასთან, აღნიშნული ინიციატივა არ ქმნის იმის ალბათობას, რომ ზემოქმედებას იქონიებს ამომრჩეველთა ნების გამოხატვაზე კანდიდატის ს--–--------------–---–ის სასარგებლოდ. მითითებული განცხადებაში არ იყო რაიმე პირობა, რომ პროექტი განხორციელდებოდა მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის ს--–--------------–---–ის მხარდამჭერთათვის, ან/და კანდიდატ ს--–--------------–---–ის გამარჯვების შემთხვევაში. მთავრობის ინიციატივა გაჟღერდა არჩევნების მეორე ტურის წინ, თუმცა რაიმე მითითება, რომ აღნიშნული განაცხადი არჩევნებში რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად გაჟღერდა, არც პრემიერ მინისტრისა და არც პარტიის სხვა წარმომადგენლების განცხადებებიდან არ იკვეთება. აღნიშნულ დასკვნას ვერ აბათილებს ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი - ს--–--------------–---–ი საარჩევნო პროცესის დაწყებიდანვე ღიად იყო მხარდაჭერილი ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ, რაც მხარეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს.

 

სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ქმედებები განხორციელებული იყო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად ერთი კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ. ამდენად, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის სათანადოდ დაუდასტურებლობის პირობებში, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა(ა)იპ მ-----–-----------–-------------------------------------–------–----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე