გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.09.2018
საქმის ნომერი
140210017001935893
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017001935893

საქმე №2/713-17

გადაწყვეტილება

საქართველოსსახელით

11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე - მ--–--ზ ჩ--–-----ი, მ--ა ჩ--–-----ი

წარმომადგენელი - თ-----ა ტ-–-–--ე

მოპასუხე - ქ------ნ თ-----–---–ი

წარმომადგენელი - ნ----ა ჯ-----–---–ი

დავისსაგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ 2017 წლის 19 იანვარს გაცემული №1------82 სააღსრულებლო ფურცელი, მ--–--ზ ჩ--–-----ისათვის ქ------ნ თ-----–---–ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 3049 აშშ დოლარისა და სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში. ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი ხსენებული სააღსრულებო ფურცელი იპოეკის საგნის - ქ. გორი, ჩ----–---–-ს ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონების, დაზუსტებული ფართობი 300 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი - 96.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 66.45.3-.130 რეალიზაციის ნაწილში.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 07 ოქტომბერს, მ--–--ზ ჩ--–-----სა და ქ------ნ თ-----–---–ს შორის, სანოტარო წესით, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ--–--ზ ჩ--–-----მა ქ------ნ თ-----–---–ისაგან ისესხა 10000 აშშ დოლარი 6 თვით, ანუ 2015 წლის 07 აპრილამდე, თვეში 3.68% სარგებლით. დადგინდა, რომ სესხი შესაძლებელი იყო დაბრუნებულიყო ვადაზე ადრე, როგორც ერთიანად ისე ნაწილ-ნაწილ. იპოთეკით დაიტვირთა მ--–--ზ ჩ--–-----ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. გორი, ჩ----–---–-ს N5, საკადასტრო კოდი 66.45.3-.130. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილ იქნა სესხის სარგებელი, ასევე სესხის ძირითადი თანხის ნაწილი - 4435 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ 2435 აშშ დოლარი მოპასუხეს თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოურიცხა მ--–--ზ ჩ--–-----ის მეუღელემ - დალი ჩ--–-----მა, 400 აშშ დოლარი ხელზე გადასცა მ--–--ზ ჩ--–-----ის მოყვარემ - ზურაბ ჯოლბორდმა, ხოლო 1600 აშშ დოლარი ასევე ასევე ხელზე გადასცა მ--–--ზ ჩ--–-----ის შვილმა გიორგი ჩ--–-----მა. 2015 წლის 14 დეკემბერს აღნიშნული უძრავი ქონება მ--–--ზ ჩ--–-----მა მიყიდა მ--ა ჩ--–-----ს. 2017 წლის 19 იანვარს ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით კრედიტორია ქ------ნ თ-----–---–ი, ხოლო მოვალეები არიან მ--–--ზ ჩ--–-----ი და მ--ა ჩ--–-----ი, რომლითაც მ--–--ზ ჩ--–-----ს კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს სესხის ძირითადი თანხის 10000 აშშ დოლარის, პირაგასამტეხლოს - 3640 აშშ დოლარის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%, 182 დღეზე გადაანგარიშებით) და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124.36 ლარის გადახდა, რისთვისაც უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია. აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება საქმე N17009294. მ--–--ზ ჩ--–-----ის მიერ სესხის ძირითადი თანხიდან მოპასუხისათვის გადახდილ იქნა 4435 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 5565 აშშ დოლარი, ხოლო სააღსრულებო ფურცლით მას დაკისრებული აქვს 10000 აშშ დოლარის გადახდა. გარდა ამისა, პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული აქვს 10000 აშშ დოლარის 0.2% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე (182 დღის), სულ 3640 აშშ დოლარი, რაც ასევე კანონშეუსაბამოა იმის გათვალისწინებითაც, რომ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის ოდენობა დარჩენილი ძირითადი თანხის ნახევარზე მეტს შეადგენს.

 

მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე დაკონკრეტებუი იქნა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხის მიმართ არსებული ვალდებულების ნაწილი შესრულებულია შემდეგნაირად: მან მოპასუხეს გადაუხადა 4435 აშშ დოლარი, საიდანაც 2435 აშშ დოლარი გადმორიცხული აქვს თურქეთის რესპუბლიკიდან, 1500 აშშ დოლარი, 400 აშშ დოლარი და 100 აშშ დოლარი გადაეცა ხელზე, რომელთა დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 2435 აშშ დოლარის გადარიცხვის ქვითრები, 1500 აშშ დოლარისა და 400 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდის ხელწერილები, ხოლო 100 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებლად უთითებს, რომ აღნიშნული მოპასუხისათვის გადაცემული აქვს ხელწერილის გამორთმევის გარეშე. რაც შეეხება სარგებელს, იგი გადახდილია თავიდანვე, რომელიც თავად მოპასუხე მხარის მიერვეა დადასტურებული ნოტარიუსთან სააღსრულებო ფურცლის ამოწერის დროს (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი 05.10.2018).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიმართ მოსარჩელეებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ შესრულებული, რის გამოც იძულებული გახდა დაეწყო კანონით დადგენილი წესით კუთვნილი თანხების მიღების მიზნით სააღსრულებო წარმოება, ხოლო სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხები არის გაცილებით ნაკლები, რაც შეეძლო მოეთხოვა მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ არ უარყო მოსარჩელის მიერ მისთვის თანხების გადახდის ფაქტი და დამატებით განმარტა, რომ გიორგი ჩ--–-----ს მისგან სესხის სახით ასევე დაიმატა 2000 აშშ დოლარი 5% სარგებლით, რომელიც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით. აღნიშნულ ხელწერილში მართალია არ არის ვადა მითითებული, მაგრამ ამ დროს კანონით ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია 3 თვით და ამ ვარაუდით გიორგი ჩ--–-----ს მისთვის გადასახდელი ჰქონდა 2300 აშშ დოლარი სარგებლიანად. მოსარჩელის მიერ აღებულ სესხს უნდა დარიცხოდა სარგებელი 2208 აშშ დოლარი და აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგის ჩ--–-----ის მთლიანმა სესხმა სარგებლიანად და მოსარჩელის სესხზე დარიცხულმა სარგებელმა ჯამში შეადგინა 4508 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მათზე გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარებოდა გიორგი ჩ--–-----ის სესხი და შემდგომ იფარებოდა მოსარჩელის საკუთარ სესხზე დარიცხული სარგებელი. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცლის ამოწერისას არ მიუთითა სარგებლის თაობაზე. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მის მიერ მოთხოვნილია მხოლოდ 182 ვადაგადაცილებულ დღეზე დათვლილი ჯარიმა, როდესაც მოსარჩელეს აქვს ბევრად მეტი ვადაგადაცილებული დღე, აგრეთვე უცნობია კიდევ რამდენ ხანს გაჭიანურდება აღნიშნული თანხების ამოღების პროცესი და ყოველივე მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე არ უნდა იქნას პირგასამტეხლო შემცირებული და სარჩელს დაკმაყოფილებაზე სრულად უნდა ეთქვას უარი (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი 05.10.2018წ).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 07 ოქტომბერს მ--–--ზ ჩ--–-----სა და ქ------ნ თ-----–---–ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის თანხა განისაზღვრა 10000 ლარით, მოქმედების ვადა 15.04.2015წ, საპროცენტო სარგებელი - თვეში 3.68%, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ--–--ზ ჩ--–-----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ჩ----–---–-ს ქ. N5, საკადასტრო კოდი 66.45.3-.130;

 

3.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 07 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.1.3. 2015 წლის 14 დეკემბერს მ--–--ზ ჩ--–-----მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ჩ----–---–-ს ქ. N5, საკადასტრო კოდი 66.45.3-.130 მიყიდა მ--ა ჩ--–-----ს. დღღეისათვის აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მ--ა ჩ--–-----ის საკუთრების უფლება და მასზედ გავრცელებულია 2014 წლის 7 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 14 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- ამონაწერი სჯარო რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 07 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 19 იანვარს ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი №1------82, რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 10000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო ( 0.2% ) სესხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 182 დღის - 3640 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124.36 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლის მე-10 პუნქტით, კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით განისაზღვრა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 19.01.2017წ. სააღსრულებო ფურცელი № 1------82;

 

3.2.2. 2014 წლის 11 დეკემბრის ხელწერილით დასტურდება, რომ გიორგი ჩ--–-----მა (მოსარჩელე მ--–--ზ ჩ--–-----ის შვილი) ქ------ნ თ-----–---–ისაგან ისესხა 2000 აშშ დოლარი თვეში 5% სარგებლით. თუმცა ზემოხსენებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულის თაობაზე ცვლილება არ განხორციელებულა და ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს დამოუკიდებელ სასესხო ვალდებულებას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 11.12.2014 წლის ხელწერილი;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მ--–--ზ ჩ--–-----ის მიერ 07.10.2014 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის სახით არსებული ფულადი ვალდებულება სრულად შესრულებული არ არის. ამასთან საგულისხმოა რომ სარჩლით სადავოს არ წარმოადგენს მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი თანხების მოპასუხის მიერ მიღება (გარდა მოსარჩელის მიერ მითითებული ხელწერილის გარეშე გადახდილი 100 აშშ დოლარისა).

 

სადავოს წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, თუ უშუალოდ ვის სესხზე იქნა გადახდილი მოსარჩელის მიერ დასახელებული თანხები. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დალი ჩ--–-----ის მიერ ქ------ნ თ-----–---–ისათვის ჩარიცხული თანხებითა (2435 აშშ დოლარი) და ასევე, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ზურაბ ჯოლბორდის მიერ გადაცემული თანხით (400 აშშ დოლარი) დაიფარა არა მ--–--ზ ჩ--–-----ის, არამედ გიორგი ჩ--–-----ის მიერ 2014 წლის 11 დეკემბერის სასესხო ვალდებულება ჯამში 2300 აშშ დოლარის ოდენობით (სესხის ძირი თანხა - 2000 აშშ დოლარი და მასზედ დარიცხული 3 თვის სარგებელი - 300 აშშ დოლარი).

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მის მიერ დასახელებული თანხების კონკრეტულად მისი სასესხო ვალდებულების ძირი თანხის გადახდის დასადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება. აღნიშნულის გამაბათილებლად ვერ მიიჩნევა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილები;

- გადარიცხვის ქვითრები;

- მოწმეთა ჩვენებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეების ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მარიამ ჩაჩუას სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 302-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 429-ე, 430-ე, 623-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა არსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მათ შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ ხდიან მათ შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას და ამ ვალდებულების გამო სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ასევე უდავოა, რომ სესი იყო სარგებლიანი. მსესხებელი, ანუ მოსარჩელე სადავოდ ხდის მისი მხრიდან ვალდებულების ნაწილობივ შესრულებას და ასევე პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მავალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილორივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ასევე, განმარტავს, რომ სამოქალქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, ამავე კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. აღნიშნული მუხლების დეფინიცა მოვალეს აძლევს შესაძლებოლობას თავი დაიცვას იმ სამომავლო რისკისაგან, რაც ვალდებულების შერულების მტკიცების ტვირთით მასზე მოდის. აღნიშნული უფლების გამოყენება, მხარის პრეროგატივაა, თუმცა მტკიცების ტვირვთი კონკრეტული ვალდებულების დადგენილ დროს, ადგილას და შეთანხმებული ოდენობით შერულების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესიდან გამომდინარე ამ ვალდებულების შემსრულებელ პირს აწევს ამ გარემოების სადაოდ გახდომის შემთხვევაში. შესაბამისად სამოქალაქო კანონმდებლობა იძლევა მოვალის დაცვის კონკრეტულ საშაულებებს და ამ უფლების გამოუყენლობა თავად მოვალის რიკს წარმოადგენს.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის შესასრულებელი ვალდებულების მოცულობას.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე თვითონ იყო ვალდებული ზეპირი განმარტებით გადმოცემული არგუმენტები დაესაბუთებინა მყარი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის მიერ კონკრეტული თანხების მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ამ თანხებით იფარებოდა მოსარჩელესა და მოპასუხე მხარეს შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები. სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ დალი ჩ--–-----ის მიერ ქ------ნ თ-----–---–ისათვის ჩარიცხული თანხებითა და ასევე, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ზურაბ ჯოლბორდის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული თანხით (ჯამში 2835 აშშ დოლარი) დაიფარა არა მ--–--ზ ჩ--–-----ის, არამედ გიორგი ჩ--–-----ის მიერ 2014 წლის 11 დეკემბერის სასესხო ვალდებულება ჯამში 2300 აშშ დოლარის ოდენობით (სესხის ძირი თანხა - 2000 აშშ დოლარი და მასზედ დარიცხული 3 თვის სარგებელი - 300 აშშ დოლარი). ამდენად, ამ თანხების სხვაობა 535 აშშ დოლარი (2835-2300) წარმოადგენს გიორგი ჩ--–-----ის ვალში გადახდილ იმ ზედმეტ თანხას, რომელიც უნდა ჩაითვალოს მ--–--ზ ჩ--–-----სა და ქ------ნ თ-----–---–ს შორის არსებული სასესხო ვალდებულების შესრულებად და იგი უნდა გამოაკლდეს სადავო 2017 წლის 19 იანვარს გაცემულ №1------82სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებებლი ვალდებულების სესხის ძირითად თანხას - 10000 აშშ დოლარს. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს 9465 აშშ დოლარით და ამ ნაწილში შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს ხსენებულ სააღსრულებო ფურცელში.

 

6.2. მოსარჩელე სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების მოცულობიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობასაც, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 0.02%-მდე. შესაბამისად, მისი ოდენობა შემცირებული ძირი თანხის (9465 აშშ დოლარი) შესაბამისად, 182 დღეზე დაანგარიშებით უნდა განისაზღვროს 344.53 აშშ დოლარით, ნაცვლად სააღსრულებო ფურცელში მითითებული 3640 აშშ დოლარისა და ამ ნაწილშიც სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.

 

6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის იმ ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც განისაზღვრა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

როგორც უკვე აღინიშნა, მ--–--ზ ჩ--–-----სა და ქ------ნ თ-----–---–ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ. გორში, ჩ----–---–-ს ქუჩა N5-ში მდებარე უძრავი ქონება ს.კ. 66.45.3-.130. (ხელშეკრულების დადების დროისათვის მ--–--ზ ჩ--–-----ის კუთვნილი და ამჟამად მ--ა ჩ--–-----ის კუთვნილი უძრავი ქონება).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლს, რომლის თანახმადაც თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ ნოტარიუსის მიერ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია სცილდება მხარეთა შორის არსებული შეთანხმების ფარგლებს, რა მოთხოვნითაც მოპასუხეს, როგორც იპოთეკარს, უნდა მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორსა (მოპასუხე - ქ------ნ თ-----–---–ი) და მესაკუთრეს (მოსარჩელე - მ--–--ზ ჩ--–-----ი) შორის გაფორმებული 2014 წლის 07 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, კერძოდ მისი მე-8 და მე-9 პუნქტებით, წერილობით განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაციის ფორმა და წესი მესაკუთრის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში სადავო სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა ვალდებულებით დატვირთული ქონების რეალიზაციის ფორმა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია ჯამში 590.88 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ამ დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 296.48 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1 ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ, 2017 წლის 19 იანვარს გაცემული №1------82 სააღსრულებო ფურცელი და შევიდეს მასში შესაბამისი ცვლილება, კერძოდ: სესხის ძირი თანხა შემცირდეს 9465 (ცხრაათას ოთხას სამოცდახუთი) აშშ დოლარამდე, ხოლო პირგასამტეხლო შემცირდეს 344.53 (სამას ორმოცდაოთხი აშშ დოლარი და ორმოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარამდე.

 

2. სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;

 

3. მოპასუხე ქ------ნ თ-----–---–ს მოსარჩელეთა მ--–--ზ ჩ--–-----ისა და მ--ა ჩ--–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული თანხის გადახდა, სულ 396.48 (სამას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე