გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/3159-16წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.12.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - ღია სააქციო საზოგადოება ,,ს--–-----–---ს-----–---–-- ს---------–--- კ----------–-- ,,ა--------ი’’
წარმომადგენელი - ა-- ბ----–-–---–ი, ჯ--–--- ჩ----------
მოპასუხეები - ა---------ა ,,ბ------–-----–---ის ა---------ის’’ წევრები: 1. ა-–----- დ--------–---ი, 2. კ---- გ----------ი, 3. გ--–- თ----------, 4. ს--- გ-------, 5. ლ--–- ტ------ე, 6. რ------ თ----------, 7. ც---- ფ----–------ე
წარმომადგენლები - ი--- გ--------ე, ლ--–- ტ------ე
დავის საგანი: დავალიანების თანხის და პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე მხარეს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 18377.72 ლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე მხარეს სოლიდარულად, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 55314.77 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 14 ივლისს, მოსარჩელის, ღსს ,,ს--–-----–---ს-----–---–-- ს---------–--- კ----------–-- ,,ა--------ის’’, წარმომადგენლობას საქართველოში ,,ა-------- ჯ--------ს’’(წარმოდგენილი მისი დირექტორის ნ---- ო---------ის სახით), როგორც ,,შემსრულებელს’’ და მეორე მხრივ, ამხანაგობა ,,ბ------–-----–---ის ა---------ას’’ (წარმოდგენილი მისი უფლებამოსილი პირის გ--–- თ----------ს სახით), როგორც ,,დამკვეთს’’ შორის, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შემსრულებელი კომპანია ასრულებდა შეკვეთილ სამუშაოს, კერძოდ, უწევდა 300 მარკიანი ბეტონის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და ადგილზე ჩასხმის მომსახურებას.
დამკვეთმა იკისრა ვალდებულება შემსრულებლისათვის გადაეხადა 1მ3 ბეტონის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და ჩასხმისთვის 135 ლარი დღგ-ს გარეშე.
მოსარჩელის მითითებით, შემსრულებელმა დამკვეთს მიაწოდა ჯამში 123044.90 ლარის მომსახურება, რომლიდანაც 104667.18 ლარი დამკვეთს სრულად აქვს ანაზღაურებული.
დამკვეთს არ გადაუხდია ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი ვალდებულება, დღგ-ს თანხა 18377.72 ლარი, მიუხედავად მათი წერილობითი მოთხოვნისა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ბუღალტრული ბლანკების მიხედვით მოპასუხეთა დავალიანება წარმოშობილია ღსს ,,ს--–-----–---ს-----–---–-- ს---------–--- კ----------–-- ,,ა--------ის’’ მიმართ. მოპასუხე მხარე მართალია არ არის დღგ-ს გადამხდელი და მოსარჩელე მხარემ დაფარა ეს საგადასახადო ვალდებულება, თუმცა ხელშეკრულება მოიცავდა ამ თანხასაც და მასში თანამშრომლის ტექნიკური შეცდომის გამო მოხდა 135 ლარის და არა 159 ლარის დაფიქსირება. რაც იცოდა მოპასუხე მხარემ და მათ აქვთ ვალდებულება სოლიდარულად აანაზღაურონ ეს თანხა, ასევე პირგასამტეხლო 55314.77 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან მათ სრულად აქვთ ვალდებულება შესრულებული. საფუძვლიანიც რომ იყოს პირგასამტეხლოს ოდენობა 1%, წარმოადგენს საკმაოდ მაღალ პირგასამტეხლოს, მისი შემცირება უნდა მოხდეს 0.001%-მდე, თუმცა არც პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი არსებობს.
მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე კვლავ არ ცნეს სარჩელი და დამატებით განმარტეს, რომ სარჩელში მითითებულ შეთანხმებას მხარეებს შორის ადგილი არ ჰქონია. ისინი დათანხმდნენ იმ პირობებს, რაც მითითებული იყო ხელშეკრულებაში, გაზრდილი თანხის შემთხვევაში კი არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას, რადგან ის არ იქნებოდა შესაბამისობაში არსებულ საბაზრო ფასებთან. ამხანაგობის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო ამ ხელშეკრულებაზე თანხმობა, რომელზეც ხელის მოწერა მიანდეს გ--–- თ----------ს. ამხანაგობა და მისი წევრები არ არიან დღგ-ს გადამხდელი და ხელშეკრულებაშიც ვერანაირად ვერ ჩაიწერებოდა - ,,დღგ-ს ჩათვლით’’. თუ მათთვის ცნობილი იქნებოდა, რომ 1კბ.მ-ში იხდიდნენ არა 135 ლარს, არამედ 159 ლარს, ამ პირობით არ დადებდნენ ხელშეკრულებას.
მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 14 ივლისის ხელშეკრულების 3.1 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ფასზე, რომლის მიხედვითაც სამუშაოს ღირებულება 1კუბ.მ 300 მარკიანი ბეტონის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და ჩასხმისთვის განისაზღვრა 135 ლარით დღგ-ს გარეშე. მათ ვალდებულება შეასრულეს სრულად. მთელი წლის მანძილზე მათთვის არ შეუტყობინებიათ ხელშეკრულებაში არსებულ რაიმე უზუსტობაზე, მოსარჩელე მხარემ კორექტირება მოახდინა ერთი წლის შემდეგ, როდესაც მოპასუხეებს უკვე შესრულებული ჰქონდათ ვალდებულება. კერძოდ, იმის შემდეგ, როდესაც მოსარჩელეს მოსთხოვეს საგადასახადო ვალდებულების შესრულება, ამის შემდეგ აღძრეს მათ სარჩელი. დამატებული ღირებულების გადამხდელს თავად მოსარჩელე მხარე წარმოადგენს. ამხანაგობა არაა დღგ-ს გადახდაზე ვალდებული და არც არიან ასეთად რეგისტრირებული. ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა დღგ-ს და პირგასამტეხლოს მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, არის უკანონო, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 06 ივლისს დაფუძნდა ამხანაგობა ,,ბ------–-----–---ის ა---------ა’’, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გ--–- თ----------, ხოლო დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ: ა-–----- დ--------–---ი, კ---- გ----------ი, გ--–- თ----------, ს--- გ-------, ლ--–- ტ------ე, რ------ თ----------, ც---- ფ----–------ე. მათ აიღეს ვალდებულება ქ.ქუთაისში, ვ----------- ქ. #---ში(ს/კოდი 0-----------) მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის თავიანთი შენატანების გაერთიანებისა და ერთობლივად მოქმედების თაობაზე, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამხანაგობაში შეტანილი ქონება წარმოადგენს ამხანაგობის საერთო საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-კრების ოქმი (ს/ფ 188; ტ. 1),-ამხანაგობის ხელშეკრულება (ს/ფ 290-292; ტ.1),-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება
3.1.2. დადგენილია, რომ ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში მიენიჭა გ--–- თ----------ს. ინდივიდუალური ბ------–-----–---ის ა---------ის ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამხანაგობის ხელშეკრულება (ს/ფ 290-292; ტ.1),3.1.3. 2015 წლის 14 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 1კუბ.მ 300 მარკიანი ბეტონის მიწოდება, ტრანსპორტირება და ჩასხმა 135 ლარად (დღგ-ს გარეშე).
ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება განხორციელდება შემსრულებლის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. ხოლო 8.1 პუნქტის თანახმად, ყველა დანაკარგი, რისკები და პასუხისმგებლობა გადადის შემსრულებელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი - 28.09.2018 წ. ს/ფ 140-150; ტ.2);
- 2015 წლის 14 ივლისის ხელშეკრულება (ს/ფ 16-25; ტ.1).
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღსს ,,ს--–-----–---ს-----–---–-- ს---------–--- კ----------–-- ,,ა--------ის’’ ბაზებიდან მიწოდებული მასალის ღირებულება, თუმცა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლოს სხდომის ოქმი - 28.09.2018 წ. ს/ფ 140-150; ტ.2);
-ანგარიშის ბარათი (ტ.1, ს/ფ 26),-მომსახურების ხელშეკრულება (ტ.1,ს/ფ 16-25).
3.1.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გამოწერილი და მოპასუხისათვის წარდგენილი არ ყოფილა ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული იქნებოდა მიწოდებული საქონლის ფასი და დღგ-ს ოდენობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი - 28.09.2018 წ. ს/ფ 140-150; ტ.2)
-ხელშეკრულება (ტ.1, ს/ფ 16-25).
3.1.6. დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ს თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს, მოსარჩელეს (იხ. მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება).
3.1.7. ამხანაგობა ,,ბ------–-----–---ის ა---------ა’’ არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადასახადის გადამხდელად (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ 2015 წლის 14 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული საქონლის ღირებულება მთლიანად დაფარულ იქნა 2015 წლის ნოემბერში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ანგარიშის ბარათი (ს/ფ 26; ტ. 1),-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. მოსარჩელე მხარის მიერ სასაქონლო ზედნადებებში კორექტირება მომხდარია მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, 11.01.1016წ., ხოლო მოსარჩელის მინდობილმა პირმა ვუგარ სულეიმანოვმა კი 2016 წლის 25 თებერვალს მიმართა მოპასუხე მხარეს და მიუთითა, რომ 2015 წლის 14 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგნის ღირებულება შეცდომით იქნა განსაზღვრული 135 ლარად (დღგ-ს გარეშე), შესაბამისად შეცდომით ხდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, რაც გასწორებულ იქნა 2016 წლის 11 იანვარს, რის გამოც მოპასუხე მხარეს ერიცხებოდა დავალიანება 18377.72 ლარის ოდენობით, რომელიც დაფარულ უნდა ყოფილიყო 2016 წლის 20 მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მიმართვა (ს/ფ 168-169; ტ. 1),-ზედნადებები (ს/ფ 27-167; ტ. 1),- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 50-ე, 59-ე, 72-ე, 327-ე, 477-ე მუხლები,-საგადასახადო კოდექსის მე-8, 167-ე, 168-ე, 171-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებები იგივე ფორმით უნდა იქნეს შეტანილი, რა ფორმითაც იურიდიულად წარმოიშვა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადა და წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
სამოქალაქო კოდექსის 327(1-2) მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. (2) არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამავე კოდექსის 477(1-2) მუხლის თანახმად, (1) ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. (2) მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მხარეთა შორის არის ნასყიდობის ურთიერთობა, ხოლო ნასყიდობის საგნის - ბეტონის ფასი ხელშეკრულების არსებითი პირობაა.
6.2. საგადასახადო კოდექსის 8.3 მუხლის მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.
საგადასახადო კოდექსის 167.1-2 მუხლის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება. ამავე კოდექსის დანაწესებით, დღგ-სგან არ არის გათავისუფლებული ნომენკლატურის ,,67555’’ კოდით მითითებული საქონლის (ბეტონის) მიწოდება.
ამდენად, სამშენებლო საქონლის (ბეტონის) მიწოდებისას მიმწოდებელი (მოსარჩელე მხარე) წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ხოლო ამხანაგობა ან/და მისი წევრები, ასეთ შემთხვევაში, არ წარმოადგენენ დღგ-ს გადამხდელს. ამიტომ მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის ფასში (135 ლარი) დღგ-ის გარეშე, წარმოადგენს ნამდვილ პირობას.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 73(ბ) მუხლით, არსებით შეცდომად ითვლება, როცა პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა. ამავე კოდექსის 59.2 მუხლის მიხედვით, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.
საგადასახადო კოდექსის 171(1)-ე მუხლის მიხედვით კი, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დროულად და სრულად იქნა შესრულებული მოპასუხე მხარის მიერ. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოსარჩელე მხარეს არ მიუმართავს მოპასუხისათვის ხელშეკრულებაში არსებული რაიმე ხარვეზის ან შეცდომის თაობაზე.
მოსარჩელის მიერ დღგ-ის გადასახადი გადახდილია.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარის განმარტებას ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასში შეცდომის თაობაზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ განიხილავს მოსარჩელე მხარის მხრიდან გარიგების შინაარსში შეცდომად, რის გამოც მოპასუხე მხარეს დაეკისრებოდა სადავო თანხის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. დასახელებული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, დროულად უნდა შეემჩნია ასეთი ,,შეცდომა’’ ხელშეკრულების საგნის საფასურში, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა მოპასუხისათვის და არა ხელშეკრულების პირობის შესრულების/დასრულების შემდეგ.
სამშენებლო კომპანიები (ამხანაგობები და მათი წევრები) საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად, განთავისუფლებული არიან დღგ-ს გადახდისაგან. ასეთ ვითარებაში მოსარჩელის მიერ დღგ-ს თანხის გადახდის მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსით დადგენილ რეგულაციებს. რის გამოც საფუძველს მოკლებულია ამ თანხის ბ------–-----–---ის ა---------ის წევრებისაგან მიღება.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი (აქცესორული) საშუალება, რომელიც მოვალეს უნდა გადახდეს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ვინაიდან მოპასუხე მხარეს არ აკისრია სადავო თანხის, როგორც ნასყიდობის ფასის ნაწილის, გადახდის ვალდებულება, არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის როგორც დღგ-ს თანხის, ასევე პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 248- 250-ე, 257-ე, 2591, 364-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ღია სააქციო საზოგადოება ,,ს--–-----–---ს-----–---–-- ს---------–--- კ----------–-- ,,ა--------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე