გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.09.2018
საქმის ნომერი
140210117001850415
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210117001850415

საქმე №2/427-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - სს ”ს----------–---------”

წარმომადგენელი - ი-----–- გ-----–-ა

მოპასუხე - ვ------- ლ----–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ვ------- ლ----–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–---------ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 01 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი დავალიანების გადახდა 4855.73 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2242.08 ლარი, სარგებელი - 1515.95 ლარი, პირგასამტეხლო- 1097.7 ლარი. ასევე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი და ყადაღის დადების საფასური - 50 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ”ს----------–---------სა” და სს „პრივატბანკის“ შერწყმა, შესაბამისად სს ”ს----------–---------” წარმოადგენს სს „პრივატბანკის“ უფლებამონაცვლეს.

 

2015 წლის 01 თებერვლს სს „პრივატბანკსა“ და ვ------- ლ----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2242.08 ლარი, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 36 % , პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5 %.

 

მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხისა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება. ვ------- ლ----–---–ის სახელზე არსებული დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს სულ 5005.73 ლარს, რომელიც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ სესხის ძირი თანხის - 1000 ლარისა და მასზე დარიცხული პროცენტი - 500 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ”ს----------–---------სა” და სს „პრივატბანკის“ შერწყმა, შესაბამისად სს ”ს----------–---------” სადავო სამართალურთიერთობაში წარმოადგენს სს „პრივატბანკის“ უფლებამონაცვლეს;

 

3.1.2. 2015 წლის 01 თებერვალს სს „პრივატბანკსა“ და ვ------- ლ----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა 2242.08 ლარი, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 36 % , პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5 %.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები

 

3.2.1 სასამართლო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ რომ 2017 წლის 20 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს სს ”ს----------–---------ს” მიმართ ერიცხება ფულადი დავალიანება, კერძოდ ძირი თანხა - 2242.08 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1515.95 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო- 1097.7 ლარი, ჯამში - 4855.73 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიმართ შესრულებული არა აქვს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ვ------- ლ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ფულადი დავალიანების გადახდის ვალდებულება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 300-ე 301-ე 361-ე, 316-ე, 317-ე, 867-868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 208-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნო, კერძოდ სესხის ძირი თანხისა - 1000 ლარი და 500 ლარი პროცენტის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებით.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი, რასაც ასევე მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნილი როგორც ძირი თანხა, ასევე სარგებელი (პროცენტი) საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 2015 წლის 01 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1097.7 ლარის გადახდის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2015 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1097.70 ლარი, სესხის ძირი თანხისა (2242.08 ლარი) და პროცენტის (1515.95 ლარი) ოდენობასთან მიმართებით არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 200 ლარით, რომლის გადახდაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე მისი დაუსაბუთებლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (3958.03 ლარი), ამასთან მოპასუხემ სარჩელი ცნო - 1500 ლარის ნაწილში, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 74 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზედ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”ს----------–---------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხე ვ------- ლ----–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–---------ს” სასარგებლოდ დაეკისროს ჯამში - 3 958.03 (სამიათას ცხრაასორმოცდათვრამეტი ლარი და სამი თეთრი) ლარის გადახდა.

 

2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.

3. მოპასუხე ვ------- ლ----–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–---------ს” სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 74 (სამოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე